მოვლენის როგორი აღწერა ითვლება ობიექტურად? შეიძლება თუ არა, რომ სუბიექტი იყოს ობიექტური? ვის შეუძლია განსაზღვროს იბიექტურია, თუ არ არის ობიექტური კონკრეტული მოვლენის კონკრეტული შეფასება?
მე ფილოსოფოსი არ ვარ და არ ვაპირებ ამ საკითხის ფილოსოფიური ასპექტების განხილვას, არც იმის თხრობას ვაპირებ, თუ როგორ განიხილავდნენ მას მსოფლიოს უდიდესი ფილოსოფოსები. უბრალოდ მინდა გესაუბროთ, როგორც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, რათა მან (საზოგადოებამ) იცოდეს მისი რიგითი წევრის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ძნელად მოიძებნება ადამიანთა შორის ურთიერთობაში ისეთი ქმედება, რომელიც არაობიექტურ მოქცევაზე უფრო ძლიერ ნეგატიურ განწყობას ქმნის. არაობიექტური მოქცევა თრგუნავს ადამიანს, აკარგვინებს სამართლიანობის გრძნობას, განაწყობს აგრესიულად, მოკლედ წარმოშობს ახალ სირთულეებს.
ობიექტური მოვლენა სუბიექტის წარმოსახვის პროდუქტი არ არის. იგი რეალურად ხდება და მისი აღწერისას პირველწყარო არიან ის სუბიექტები, რომლებიც შეესწრნენ ამ მოვლენას. ერთიდაიგივე მოვლენის სხვადასხვა სუბიექტის მიერ აღწერა ადვილი შესაძლებელია ყველა ნიუანსში არ დაემთხვეს ერთმანეთს, უფრო მეტიც, შეიძლება მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც კი იყოს. ეს განსხვავება არ არის მანდამაინც იმით გამოწვეული, რომ რომელიმე სუბიექტს სურს სინამდვილის დამახინჯება. განსხვავება სავსებით ბუნებრივადაც შეიძლება წარმოიშვას, იმის გამო, რომ სხვადასხვა სუბიექტი სხვადასხვა რაკურსით აკვირდებოდა მოვლენას, თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება მოვლენის სხვადასხვა ასპექტს მიაქცია, ერთს ერთი მომენტი გამოეპარა, მეორეს კი სხვა და ა.შ. ამიტომ თითოეული სუბიექტის მონაყოლი შესაძლებელია, რომ მოვლენის ობიექტურ სურათს არ იძლეოდეს. მოვლენის ობიექტური აღწერა შესაძლებელია მხოლოდ მოვლენის ყველა დამკვირვებლის ჩვენების მიუკერძოებული შეჯერებით. იგივე ითქმის იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე დამკვირვებელი ადამიანი კი არ არის, არამედ მაგალითად, ვიდეოთვალია. მაშასადამე მთავარი კრიტერიუმი მოვლენის სხვადასხვა კუთხით მიუკერძოებლად განხილვაა.
როგორც წესი, ადამიანი მხოლოდ მოვლენის აღწერით არ შემოიფარგლება და იგი ცდილობს გადმოგვცეს მოვლენის მისეული შეფასებაც. შეფასება, რასაკვირველია სუბიექტურია, იგი გამოხატავს სუბიექტის დამოკიდებულებას მოვლენისადმი. ამიტომ შეფასებებში მეტია არაობიექტურობის რისკი. თუმცა ჭკვიანი, ლოგიკურად მოაზროვნე, მიუკერძოებული ადამიანის შეფასება ობიექტურობის გაცილებით მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ასე, რომ თუ რომელიმე პროცესის შესახებ საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ, უმჯობესია „ჭკვიანი, ლოგიკურად მოაზროვნე, მიუკერძოებული“ ადამიანის შეფასება გაიზიაროთ. მაგრამ „ჭკვიანი, ლოგიკურად მოაზროვნე, მიუკერძოებული“ - ესენიც ხომ შეფასებითი კატეგორიებია. ზოგს მაჩნია, რომ ამ თვისებებით დაჯილდოებულია ერთი სუბიექტი (ან ადამიანთა ჯგუფი), სხვებს კი განსხვავებული აზრი აქვს. თქვენ ვის მიემხრობით? არჩევანის წინაშე დგახართ. არჩევანის სისწორე კი ძლიერ არის დამოკიდებული თქვენი ჭკუის გამჭრიახობასა და განათლების (ცოდნის) დონეზე. მაგრამ თუ ჭკუა გიჭრით და საკმარისი ცოდნაც გაქვთ, მაშინ საკუთარი აზრიც გექნებათ. უმჯობესია გაგაჩნდეთ საკუთარი აზრი. მოვლენის შეფასებებიც (ისევე როგორც მოვლენის, როგორც შემდგარი ფაქტის აღწერა) ყოველმხრივ შეჯერებულად, მიუკერძოებლად და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის სრული შეგნებით უნდა იყოს განხილული. ამრიგად, მოვლენის შეფასების ობიექტურობის დადგენა ჭკვიან, ლოგიკურად მოაზროვნე, მიუკერძოებულ და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საზოგადოებისთვის მათი აზრი უფრო მისაღები უნდა იყოს.
მინდა განსაკუთრებით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რისთვის არის საჭირო ობიექტურობა? მარტო მშრალი ობიექტურობა, ადამიანური თანაგრძნობის და მიმტევებლობის გარეშე სასარგებლოა საზოგადოებისთვის? უფრო ბედნიერს ხდის ადამიანებს? რატომ არის, რომ ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ობიექტურობა საკმაოდ ხშირად ირღვეოდა, თავს უკეთ გრძნობდნენ ჩამოსახლებულები ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არაობიექტურობა თითქმის გამორიცხულია? მაგრამ, ყველაფერი იცვლება და სამწუხაროდ, ცვლილებები ყოველთვის არ არის მიმართული უკეთესობისკენ. ვცდილობთ გადმოვიღოთ დასავლეთის ცხოვრების წესი, მაგრამ ამას ვაკეთებთ უსისტემოდ, გაუაზრებლად, ზედაპირულად. ამავე დროს ვკარგავთ იმას, რითაც გამორჩეული და საინტერესო ვიყავით. ხოდა, „ჭეშმარიტი ობიექტურობის“ ნაცვლად ფეხს იკიდებს „გულქვა ობიექტურობა“, რომლის მიზანი სულაც არ არის სამართლიანი საზოგადოების მშენებლობა.
გულქვა ობიექტურობის ერთი მაგალითი: თბილისის ერთ-ერთმა მოქალაქემ სრულად გადაიხადა ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი და აღარ ეყო თანხა „ნაგვის“ გადასახადის მთლიანად გადასახდელად - 15 ლარის ნაცვლად გადაიხადა 12 ლარი. ამის გამო მას შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. როდესაც მოქალაქემ გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ელექტროენერგიის გათიშვის გამო, „ობიექტურმა“ მერიის მოხელემ მას „დიდაქტიკური ტონით აუხსნა“, რომ „თელასის“ წარმომადგენლები სწორედ მოიქცნენ, ვინაიდან დაიცვეს ახალი დადგენილი წესი. (ნეტავ ასე იცავდნენ ყოველთვის და ყველგან დადგენილ წესსა და კანონს.)
საოცარია „თელასის“, როგორც კომერციული კომპანის მოქმედება - კომერციული თვალსაზრისით „თელასი“ დაინტერესებულია, რომ მომხმარებლებს მეტი ელექტროენერგია მიაწოდოს. სინათლის გათიშვით მისი შემოსავალი მცირდება, ის კი მიდის ამ ზარალზე სხვა კომერციული სტრუქტურის „შემოსავლებზე ზრუნვის“ გამო. საქმე იმაშია, რომ კომერციულ მიზანშეწონილობაზე აღარავინ ფიქრობს, როდესაც ხელისუფლებისგან მიღებული აქვს ბრძანება შეასრულოს ესა თუ ის განკარგულება. აი ეს კი ნამდვილად ობიექტური შეფასებაა ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობისა.
ჭეშმარიტი ობიექტურობის გარეშე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ჭეშმარიტი ობიექტურობა გულისხმობს საკითხის, კონკრეტული ფაქტის, მოვლენის, პროცესის ყოველმხრივ სიღრმისეულად გამოკვლევას სწორი, სამართლიანი, ადამიანთა კეთილდღეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად.
No comments:
Post a Comment