ქრისტიანული მორალი ეფუძნება ათ მცნებას, რომელთა შორის პირველი ოთხი რელიგიური დატვირთვისაა, ხოლო მომდევნო ექვსი განსაზღვრავს ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანთა საზოგადოებაში თანაცხოვრების ისეთ პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების მშვიდ ცხოვრებას და პიროვნების უსაფრთხო არსებობას.
ათი მცნება
ათი მცნება
- მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
- არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
- არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
- მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
- პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
- არა კაც-ჰკლა.
- არ იმრუშო.
- არ იპარო.
- არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
- არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა
ამ დებულებებმა საუკუნეებს გაუძლო და არა მგონია მომავალშიც შეიცვალოს.
დადგა დრო, როდესაც საზოგადოებამ სრულად გაიაზრა, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე ღირებული არის კონკრეტული პიროვნება, და მისი ინდივიდუალობა მთელი საზოგადოებისთვის ძვირფასია, საზოგადოების განვითარების საწინდარია. ეს გახდა საფუძველი იმისთვის, რომ საზოგადოებაში თანაცხოვრების წესებისა და კანონების დადგენასთან ერთად დიდი მნიშვნელობა მოიპოვა პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების პრინციპების შემუშავებამ.
ერთ-ერთი ძირითადი უფლება ადამიანისა, რომელიც ცივილურ საზოგადოებაში საყოველთაოდ უპირველეს უფლებად არის აღიარებული არის სიცოცხლის უფლება, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შექმნილი საზოგადოებაში ცხოვრების ისეთი პირობები, რომ მის სიცოცხლეს არაფერი არ ემუქრებოდეს. მაშასადამე მორალური კოდექსი და მითუმეტეს კანონები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს პიროვნების სიცოცხლის უფლებასთან.
განვიხილოთ რომელიმე კონკრეტული ვირტუალური მაგალითი, მაგალითად - ქურდობა. ათი მცნების მე-8 მუხლი ღაღადებს: „არ იპარო“. სახელმწიფო კანონმდებლობის სისხლის სამართლის კოდექსშიც შესულია სათანადო მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ სასჯელს ქურდობის დროს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ქურდობისათვის სასჯელის საჭიროებას. მე ქურდულ სამყაროს არ ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ ისინიც იზიარებენ ამ დებულებებს. ქურდების მიერ ქურდობის ფაქტის საგულდაგულო დამალვის მცდელობა ამაზე მიუთითებს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები. მაგრამ ახლა მე თემას გადაუხვიე, რადგანაც ზოგადად ქურდობის განხილვას არ ვაპირებდი. მე მინდა განვიხილო მშიერი ადამიანის მიერ საკვების მოპარვა, ან ტანსაცმლის მოპარვა იმ პირის მიერ, რომელსაც ძალიან სცივა, რადგან მას არა აქვს საჭირო ჩასაცმელი. შიმშილმა ან ყინვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, შეიძლება მისი დაღუპვაც კი გამოიწვიოს.
ზემოთ მოყვანილ მაგალითში ორი ფაქტი ფიქსირდება: ერთი ქურდობა, და მეორე ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამ ვითარების გამო უნდა გავაკეთოთ ერთადერთი სწორი დასკვნა: საზოგადოება ვალდებულია შექმნას ცხოვრების ისეთი პირობები, რომ კონკრეტული პიროვნება არ იყოს მშიერი და ტიტველ-შიშველი. მაშინ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ქურდობას არავინ არ ჩაიდენს და კანონიც არ დადგება დილემის წინაშე - დასაჯოს თუ არ დასაჯოს ქურდი. როგორ შევქმნათ ასეთი პირობები? საზოგადოებას უნდა გააჩნდეს ფონდები იმ პირთა საარსებო მინიმუმით უზრუნველსაყოფად, რომელთაც თვითონ არ შეუძლიათ, ან არ სურთ საკუთარი თავის რჩენა. საზოგადოებამ უნდა უპატრონოს ყველას, ვისაც თვითონ არ შეუძლიათ გამოკვება და მათზე ვერ ან არ ზრუნავენ მათი ოჯახის წევრები. ცხადია ესენი არიან ბავშვები, მოხუცები, ინვალიდები.
ჩვენს სინამდვილეში, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ იმ კატეგორიის ადამიანებზე ზრუნვა, რომელთა შესახებ ზემოთ ვსაუბრობდით, სახელმწიფოს მოვალეობაა. რასაკვირველია ეს აზრი სწორეა. ადამიანთა შრომით იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტი და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს სათანადო მუხლები გაჭირვებულთა მოვლა-პატრონობისთვის. მას შემდეგ, რაც რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც ბედნიერება ხვდა წილად და ანაზღაურებული სამუშაო აქვს, გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, უმეტეს შემთხვევაში რჩება მხოლოდ საკუთარი ოჯახის სარჩენი მინიმალური სახსრები. ასე რომ ბიუჯეტში მის მიერ შეტანილი წვლილით მას სრულად აქვს მოხდილი გაჭირვებულთა დახმარების საზოგადოებრივი ვალდებულება. მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში უკვე საკმაო რაოდენობით არის შეძლებულ მოქალაქეთა ფენა, რომლებსაც თანდათან უგროვდება ჭარბი შემოსავლები და სამწუხაროდ ხშირად მათი ხარჯვა განცვიფრებას იწვევს, როდესაც კონტექტიდან ამოვარდნილი არ არის საზოგადოების უმრავლესობის მდგომარეობა. ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის შეძლებულთა ფენაში უნდა დამკვიდრდეს მორალი: დაეხმარე მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. მაშინ მთლიანად საზოგადოებაშიც ბუნებრივად ფეხს მოიკიდებს მორალი, რომლის მიხედვითაც საზოგადოების შეძლებულ ფენას მიაგებენ სათანადო პატივისცემას.
მინახავს სატელევიზიო გადაცემები, რომლებშიც ნაჩვენები იყო სახელმწიფო მოხელეების, რომელიმე პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების სტუმრობა ბავშთა სახლებში ან მოხუცებულთა თავშესაფრებში და მათთვის გადაცემული საჩუქრები. რასაკვირველია ეს კარგია, მაგრამ პრობლემას იგი არ წყვეტს, რადგან ყველა ასეთი აქცია ერთჯერადია და არა სისტემატური, გეგმიური ღონისძიება. როგორც ზემოთ ვთქვი, საჭიროა სისტემატურად განახლებადი მიზნობრივი ფონდების შექმნა და გაჭირვებულთა სისტემატური და არა ეპიზოდური დახმარება. რადგან ამ ტიპის სატელევიზიო გადაცემებზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა ჟურნალისტებს უსაყვედურო იმის გამო, რომ მათი გადაცემიდან ხშირად ისე ჩანს, რომ თითქოს ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელემ საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები „ჩამოარიგა“ და მისი მადლიერი უნდა იყოს დასაჩუქრებულებიც და ჩვენ მაყურებლებიც ვალდებული ვართ სათანადოთ შევაფასოთ მისი დამსახურება საზოგადოების წინაშე. სინამდვილეში კი ეს საჩუქრები ჩვენი საერთო სახსრებით არის შეძენილი და სახელმწიფო მოხელე ცდილობს საკუთარი პიარისთვის გამოიყენოს აღნიშნული სტუმრობა.
ზემოთ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მორალური კოდექსი და მითუმეტეს კანონები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს პიროვნების სიცოცხლის უფლებასთან, ზოგადია და ეხება არა მხოლოდ ქურდობას, ან სიცოცხლის უფლებას, არამედ ზოგადად საზოგადოებისა და კონკრეტული პიროვნების ურთიერთობის ყველა ასპექტს.
No comments:
Post a Comment