Friday, March 11, 2011

ქალისა და კაცის შესახებ...

სამყაროში - ობიექტურ რეალობასა თუ ჩვენს შეგრძნებებსა, წარმოდგენებსა და შეფასებებში ყველაფერი ( ან თითქმის ყველაფერი) წყვილ-წყვილად არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია დადებითი და უარყოფითი ელექტრული მუხტის არსებობა. სკოლაში ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების, ზოგადად მატერიისა და ანტიმატერიის შესახებაც კი ესაუბრებიან მოსწავლეებს. ცოცხალ ორგანიზმებში მდედრისა და მამრის არსებობა ეჭვს არ იწვევს. სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველაფერი დაწყვილებულია, ერთმანეთის გარეშე მათი არსებობა წარმოუდგენელია. თუ არ გინახავს სიკეთე, ვერ გაიგებ რა არის ბოროტება, და პირიქით. რათა ამ წყვილებისთვის სახელების შერჩევა გაადვილებულიყო ადამიანებმა მარტივი გამოსავალი იპოვეს და წყვილში ერთ-ერთის სახელს დაუმატეს წინსართი „ანტი“ მეორე მეწყვილეს სახელის დასადგენად.  ზოგადად „ანტი“ საწინააღმდეგოს, დაპირისპირებულის აღმნიშვნელია. რატომ გამოიყენეს ადამიანებმა ეს წინსართი წყვილში ერთ-ერთი მეწყვილეს სახელისთვის. ხომ არ ფიქრობენ, რომ მეწყვილეებს შორის აუცილებლად დაპირისპირება უნდა არსებობდეს?  მეტად პოპულარული და საკმაოდ დასაბუთებული თეორიაც კი არსებობს, რომლის მიხედვითაც სამყაროს განვითარების მიზეზია დაპირისპირებულთა ერთიანობა და ბრძოლა.
განსაკუთრებულია მდედრისა და მამრის წყვილი. არის კი ეს წყვილი ისეთი, რომ მეწყვილეებს შორის დაპირისპირება უნდა არსებობდეს. ზოგადად დაპირისპირება წარმოიშვება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ინტერესების შეუთანხმებლობას. მდედრსა და მამრს კი საერთო ინტერესი აქვთ, ეს არის შთამომავლობის შექმნის, დაცვის და განვითარების ინტერესი. ეს ინტერესი არის მუდმივი და ძირითადი, განმსაზღვრელი მათი არსებობისა და ყველა სხვა ინტერესი, რომელთა გამოც შეიძლება მათ შორის წარმოიშვას წინააღმდეგობა დროებითია, წარმავალია და ძირითად ინტერესთან შედარებით იმდენად უმნიშვნელოა, რომ გავლენას არ ახდენს მათ ერთიანობაზე. განსხვავებით ნაწილაკისა და მისი მეწყვილე ანტინაწილაკის შეერთებისა, რაც ანიჰილაციით მთავრდება (ისინი გაქრებიან, გარდაიქმნებიან გამოსხივების ენერგიაში) მდედრისა და მამრის „შეერთება“ სიცოცხლის გაგრძელების საწინდარია. ქალი და კაცი ადამიანთა მოდგმის მდედრი და მამრია და ზემოთ თქმული მათაც სრულად შეეხება.
ქალი და კაცი ბუნებაში გარდაუვალი აუცილებლობით შეიქმნა, დაუშვებელია (შეუძლებელია) რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება. მეტისმეტად მიამიტურია ბიბლიური წარმოდგენა იმის შესახებ, რომ პირველი ქალი პირველი კაცის ნეკნიდან შეიქმნა. (ბიბლიაში ეს ნაწილი ალბათ კაცის დაწერილია და რატომღაც მას სურდა კაცის უპირატესობის ჩვენება ქალთან შედარებით). მაგრამ ამ წყვილის ძირითადი ინტერესის რეალიზაციისთვის (გამრავლებისთვის) ქალი და კაცი ერთმანეთის სრული კოპიო არ არის. მიუხედავად იმის, რომ ორივე ადამიანია, მათ შორის არის ბიოლოგიური განსხვავება და ეს განსხვავება განაპირობებს მათ ფუნქციას სიცოცხლის გამრავლების, გაგრძელების ციკლში (ამ განსხვავებებს არ ჩამოვთვლი, საზოგადოებისთვის ალბათ ისინი ცნობილია). ეს განსხვავებები არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მომავალი თაობის ჩასახვისა და ამ ქვეყნად მოვლინებისთვის. სხვა ყველაფერში კაცი და ქალი იდენტურია. მაგალითად თავის ტვინი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, როგორც მეცნიერები ამბობენ მათ ერთნაირი აქვთ.
მიუხედავად ამისა, ქალსა და კაცს შორის განსხვავება ყველგან იგრძნობა. განსხვავებულია მაგალითად მათი ფიზიკური შესაძლებლობები. კაცების რეკორდები სპორტის ნებისმიერ სახეობებში გაცილებით მაღალი დონისაა ქალების რეკორდებთან შედარებით. თუმცა ჩემი დაკვირვებით ქალი უფრო გამძლეა, ვიდრე კაცი. ხშირად მინახავს, რომ როდესაც პატარა ბავშვს უნდა, რომ იგი ხელში აიყვანონ, მამა ცოტა ხნით აიყვანს და სწრაფად გადაულოცავს დედას და მერე მთელი დრო ბავშვს დედა ატარებს. უფრო ხშირად მინახავს როგორი დატვირთულები მიდიან ფეხით სახლში დიასახლისები, მამაკაცები კი ნაკლებად. რასაკვირველია, კაცი უფრო ძლიერია, მას შეუძლია ასწიოს ტვირთი, რომელსაც ქალი ვერც კი დაძრავს, მაგრამ ქალს შეუძლია შედარებით მცირე ტვირთი ატაროს უფრო დიდხანს, ვიდრე კაცს. როგორც ჩანს, ზოგადად მათ ერთნაირი ენერგია გააჩნიათ და განსხვავდებიან ამ ენერგიის ხარჯვის სიჩქარით, ანუ  როგორც ფიზიკოსები იტყვიან - სიმძლავრით. თუ ფიზიკურ შესაძლებლობებში შეიმჩნევა გარკვეული განსხვავება, ამას ვერ ვიტყვით გონებრივ შესაძლებლობებზე. მართალია, რაოდენობრივი თვალსაზრისით უფრო მეტი მნიშვნელოვანი შედეგი გონებრივი შრომისა კაცებს ეკუთვნით, მაგრამ ეს, ალბათ, სხვა მიზეზებით არის განპირობებული და კაცთა გონებრივ უპირატესობაზე არ მიუთითებს. ასევე მართალია, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ არსებობს ე.წ. „ქალური ლოგიკა“, რომელიც ლოგიკის ზოგად კანონებს არ შეესაბამება და კაცებისთვის ხშირად გაუგებარია, მაგრამ ეს კაცების პრობლემაა და სავსებით არ აკნინებს ქალებს.
ასეა თუ ისე, ქალსა და კაცს შორის ობიექტური განსხვავება არსებობს და ეს ასეც უნდა იყოს. ისინი ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან ჰარმონიას. რა არის ამაში ცუდი? რატომ უნდა დაემგვანონ ისინი ერთმანეთს? ამ ბოლო დროს არც თუ იშვიათად ძნელია გაარჩიო ზოგიერთი სუბიექტი ქალია, თუ კაცი. ზოგიერთი ქალი ცდილობს ყველაფერში მიბაძოს კაცს (მაგალითად, შტანგისტები,  სხვადასხვა ორთაბრძოლების მონაწილეები და რა ვიცი, კიდევ რა „არაქალური“ საქმიანობით დაკავებულები). ხოლო ფილმებში ხომ აუცილებელი გახდა პერსონაჟად ისეთი ქალის გამოყვანა, რომელიც არა თუ ჩამორჩება კაცს სისასტიკეში, მოწინააღმდეგის დაჩაგვრაში და თვით ადამიანის მოკვლაშიც კი, არამედ სჯობნის კიდეც მას. არ მესმის, რაში სჭირდებად ეს ქალებს? არც კაცები აკლებენ და მათ შორისაც მომრავლნენ ისეთები, რომლებიც ცდილობენ ქალებად წარმოგვიდგნენ. ორივე მისწრაფება, თუ მიდრეკილება არაბუნებრივია, პათოლოგიურია და ადამიანთა მოდგმის განვითარებას არაფრით არ უწყობს ხელს.
მოდი, ჯერჯერობით თავი დავანებოთ პათოლოგიებს და ვისაუბროთ ნორმალურ, ჩვეულებრივ ადამიანებზე. ადამიანზე უფრო სრულყოფილი, დახვეწილი, ლამაზი არსება ბუნებაში არ მეგულება. საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ლამაზი და მშვიდი, ან გოროზი და მკაცრი პეიზაჟი, ან ცხოველის, ფრინველის, თუნდაც ქვეწარმავლის გრაციოზული მოძრაობა, მაგრამ ლამაზი ადამიანის სხეული, მისი მეტყველი სახე ყველაფერს ჯობია (განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ქალია. შესაძლოა ეს ჩემთვის არის „განსაკუთრებით“, ალბათ იმიტომ, რომ კაცი ვარ, თუმცა ვაღიარებ, რომ მამაკაცის ზომიერად დაკუნთული სხეული და მისი სახის ვაჟკაცური გამომეტყველებაც მომაჯადოებელია. მიუხედავად იმისა, რომ მოქანდაკეთა დიდი უმრავლესობა კაცია, მათ შემოქმედებაში  ქალისა და კაცის ქანდაკებები თითქმის თანაბარი რაოდენობით გვხვდება). თუ ამ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, მაშინ ასეთი ადამიანის მარტო ცქერა აღარ გაკმაყოფილებს და მასთან ურთიერთობის დაუოკებელი სურვილი გიჩნდება. საბედნიეროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სამყაროს აღქმით და ამიტომ როგორც იტყვიან „ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს კი...“ , საბედნიეროდ იმიტომ ვთქვი, რომ აღნიშნულის გამო კონკურენცია მცირდება და ყველას (ან თითქმის ყველას) უჩნდება შანსი იპოვოს თავისი გულის სწორი. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ კაცს იზიდავს ქალი, ხოლო ქალს კაცი და ეს ისევე ბუნებრივია, როგორც საპირისპირო ნიშნის მუხტების მიზიდვა ელექტროობაში. აღნიშნულის გამო ადამიანები (განსაკუთრებით ქალები) ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე, ზრუნავენ ინტელექტის ამაღლებაზე (ვფიქრობ, ძირითადად იმ მიზნით, რომ მოსაწონი იყვნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლისთვის, თუმცა რასაკვირველია, არ უნდა გამოვრიცხოთ  მათი სურვილი კეთილშობილების მწვერვალის მიღწევისა ).
მაშ დავრჩეთ ისეთები როგორც ბუნებამ გაგვაჩინა და ერთმანეთს პატივი ვცეთ სწორედ იმისთვის, რომ ბუნებრივები ვართ, ვცდილობთ ჩვენში განვავითაროთ, გავაკეთილშობილოთ, გავალამაზოთ ის, რისვისაც და როგორიც გავჩნდით და ვირწმუნოთ, რომ არაბუნებრივი, გაუაზრებლად მოგონილი, ფუნქციონალურად უსარგებლო ცვლილება ვერ გაამდიდრებს ჩვენს ყოფას. მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უცვლელად დავტოვოთ.
მოდით დავფიქრდეთ იმაზე, რა არის შესაცვლელი.
გამოვიდეთ იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა სარგებლობს ერთნაირი უფლებებით. ცხადია, ქალსა და კაცს შორის არსებული განსხვავების გამო რიგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქალებისთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება, მაგალითად, ქალების უფლებები ორსულობის დროს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, კაცების მიმართ დისკრიმინაციას არ ნიშნავს. კაცებსაც რომ შეეძლოთ ორსულობა, ორსულთა უფლებები მათზეც გავრცელდებოდა. მაშასადამე, იქნებ ჯობდეს შესაბამის კანონში სულაც არ იყოს ნახსენები ქალი და სუბიექტი, რომელზედაც ვრცელდება ეს კანონი იყოს ორსული ადამიანი? თუ ამ აზრს განვაზოგადებთ და ყველაფერს ასე მივუდგებით, მაშინ საერთოდ არ იქნება საჭირო ქალთა ცალკე გამოყოფა და ქალი და კაცი ყოველთვის და ყველაფერში თანასწორი იქნება.
ამ ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ძალადობის მსხვერპლთა დაცვას. რატომღაც ისეა გამოყვანილი, რომ ყოველთვის მოძალადეა კაცი და მსხვერპლია ქალი, ან მოძალადეა მშობელი (მათ შორის დედაც) და მსხვერპლია ბავშვი. შესაძლოა სტატისტიკურად უმრავლესობას ასეთი ფაქტები წარმოადგენენ, მაგრამ ეს სტატისტიკური შედეგი ხომ წინასწარვე განსაზღვრულია, ვინაიდან კვლევის საგანს ძირითადად ასეთი ხასიათის ფაქტები წარმოადგენდნენ. რომ გამოეკვლიათ ზოგადად, უფრო ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა, მაგალითად, საბავშვო ბაღში ბავშვების თამაშის დროს, ან სკოლაში, ან ციხეში, ნებისმიერ სხვა ადგილას, რა, ვერ იპოვიდნენ შესაბამის ფაქტებს? მაშასადამე აქცენტის გაკეთება საჭირო იმაზე კი არ არის, რომ ქმარმა დაჩაგრა ცოლი, არამედ იმაზე, რომ ჩვენს სინამდვილეში ზოგადად მრავლად აქვს ადგილი ძალადობას და საზოგადოება უნდა განეწყოს ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მოძალადე (საზოგადოების ეს განწყობა განსაკუთრებით მძაფრი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული უსამართლო ძალადობის ფაქტის მიმართ). არ არის სწორი ქალების გამოყოფა, როგორც ძალადობის მსხვერპლისა. არანაკლებ და შესაძლოა უფრო მძიმე ძალადობის მსხვერპლი ხდება ხშირად კაციც. ამრიგად არც ამ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანთა დაყოფა ქალებად და კაცებად.
რამდენიმე სიტყვა „ქალური“ და „კაცური“ პროფესიების შესახებ. ზოგადად პროფესიების ამდაგვარი დაყოფა, რასაკვირველია მიუღებელია. ქალსაც და კაცსაც აქვს უფლება აირჩიოს ნებისმიერი პროფესია. მაგრამ რეალურად მაინც არსებობს სამუშაოთა სახეობები, რომლებსაც არ ასრულებენ ქალები, ასევეა კაცებისთვისაც. მაგალითად, მე არ გამიგონია, რომ  ქალი მეშახტედ მუშაობდეს. ასევე არ მინახავს, რომ კაცი მანიკურის კეთებით ირჩენდეს თავს. რა მოხდა მერე? რა აუცილებელია, რომ ქალი იყოს მეშახტე, ან კაცი იყოს მანიკურის გამკეთებელი? სამწუხარო ის არის, რომ ზოგიერთ პროფესიაში, სადაც თანაბრად საჭიროა ქალისა და კაცის შრომა, მთელი ტვირთი ქალების მხრებზე გადავიდა და კაცი თანდათან ჩამოშორდა ამ პროფესიას. მხედველობაში მაქვს სკოლის პედაგოგის პროფესია. სკოლაში პედაგოგთა დიდი უმრავლესობა ქალებია, დარღვეულია ბალანსი, რომელიც სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი აღზრდისთვის აუცილებელი იყო. შესაძლებელია, რომ თანამედროვე სკოლის სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედაც ამ ბალანსის დარღვევაა.
როგორც ცხოვრებამ გვიჩვენა, ზოგადად ქალი მამაკაცზე უფრო სიცოცხლისუნარიანია და გაჭირვებას მეტად უძალიანდება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, და ძალიან ხშირად დღემდე, ქალის თავდადებულმა შრომამ გადაარჩინა მრავალი ოჯახი ჩვენში. ოჯახის მთელი ტვირთი მათ „სუსტ“ მხრებზე გადანაწილდა და ისინიც ოჯახისადმი საოცარი ერთგულებით ეწევიან ჭაპანს, მაშინ როდესაც სასოწარკვეთილი კაცები ალკოჰოლით იყუჩებენ გრძნობებს. ეს არანორმალური, არაბუნებრივი მდგომარეობაა. კაცი ყოველთვის იყო ოჯახის მზრუნველი მამა, მისი იმედი ყოველთვის ჰქონდა ოჯახის წევრებს, და კაცთა გარკვეული ნაწილის დღევანდელი მდგომარეობა მძიმე სინანულის გრძნობას ბადებს. შეუძლებელია ასეთ ვითარებასთან შეგუება. ჩვენი საზოგადოება უდიდეს დანაკარგებს განიცდის იმის გამო, რომ სათანადოდ არ არის გამოყენებული კაცის შესაძლებლობები. სამწუხაროდ არ ჩანს, რომ ახლო მომავალში ამ მიმართულებით მდგომარეობა გამოსწორდება, ვინაიდან ყველგან ვხედავთ, რომ მოზარდებში აქტიურობით მხოლოდ გოგონები გამოირჩევიან, ათ აქტიურ გოგონაზე შეიძლება ერთი ბიჭი მოდიოდეს. ასეთი თანაფარდობა გოგონებისა და ბიჭების საერთო რაოდენობაში, რასაკვირველია, არ არის. ესეც ალბათ იმის გამოა, რომ ოჯახში კაცის როლი დაეცა. ბავშვები ყოველივე ამას ყურადღებით  აკვირდებიან. გოგონებს გამოაქვთ დასკვნა, რომ საჭიროა მომავალი ცხოვრებისთვის კარგად მოემზადონ, ბიჭები კი ვეღარ ხედავენ მამისგან კაცურ მაგალითს და ზედმეტად მოკრძალებული, უფრო უარესი, ცხოვრებისადმი ინდიფერენტული იზრდებიან. საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქალსა და კაცს შორის აღსდგეს ფუნქციების ისეთი განაწილება, რომელიც ყველაზე ეფექტურია. ისევე როგორც ყველაფერში, აქაც საჭიროა ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნება. ოპტიმალური ბალანსი გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საშუალება აკეთოს ის, რითიც ყველაზე მეტი სარგებლობა მოაქვს საზოგადოებისთვის. იგივე ითქმის კონკრეტულ ოჯახზეც. არ არსებობს ოჯახში „ქალისა“ და „კაცის“ საქმე. მეუღლეებმა ფუნქციები ისე უნდა გადაინაწილონ, რომ მოუწიოთ იმის კეთება, რაც უკეთ შეუძლიათ და რითიც მეტი სარგებლობა მოაქვთ ოჯახისთვის, რასაკვირველია, საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეხიდონ ერთმანეთს და შეცვალონ კიდეც ერთმანეთი. მაგალითად, ქმარი თუ პროფესიით მზარეულია, ხოლო ცოლი კი, ვთქვათ, ფინანსისტი, გაუგებარია ოჯახში სადილი რატომ უნდა მოამზადოს ცოლმა, ხოლო ოჯახის ფინანსები კი გაანაწილოს ქმარმა? თუ მეუღლეებს შესწევთ უნარი ყოველმხრივ გაანალიზონ საკუთარი შესაძლებლობები და ურთიერთშეთანხმებით იპოვონ საკუთარ ოჯახში ფუნქციების ოპტიმალური განაწილების სქემა, მაშინ მათი ოჯახი ერთ-ერთი წარმატებული და სამაგალითო იქნება. თუ ეს უნარი არ შესწევთ, მაშინ უმჯობესია ტრადიციულად დადგენილი წესებით იცხოვრონ, ვინაიდან ამ წესების ჩამოყალიბება და განვითარება ადამიანთა მოდგმის დასაბამიდან ხდება და ასეთი ოჯახისათვისის ის ყველაზე უფრო გამოსადეგია.
მოკლედ მე ყოველნაირად ვცდილობ დავასაბუთო, რომ უფლებრივი თვალსაზრისით,  საზოგადოებაში თანაცხოვრების წესებისა და კანონების მიხედვით არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის, ორივე საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრია, მათ შორის არსებული განსხვავება ბუნებრივია, არ ანიჭებს რაიმე უპირატესობას ქალს ან კაცს და მთლიანად საზოგადოებისთვის სასარგებლო და აუცილებელია. თუ ჩვენი მენტალიტეტი სხვა შეხედულებებს გვკარნახობს, უნდა შევცვალოთ მენტალიტეტი.

No comments:

Post a Comment