გუშინ ერთ-ერთ ბლოგში წავიკითხე აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანად დაბადებას შეიძლება ცხოველად გაჩენა ჯობდეს და მოყვანილი იყო ცხრა მიზეზი, რომლებიც ავტორის შეხედულებით ადასტურებდნენ ამ აზრის ჭეშმარიტებას.
ადამიანი ადამიანად დაიბადა, ცხოველი - ცხოველად, დაბადებით განისაზღვრა მათი ადგილი სამყაროში და ფიქრი იმაზე, რომ რატომ დავიბადე ადამიანადო ზოგადად უაზროა, ხოლო ადამიანთა საზოგადოებისთვის კი უპასუხისმგებლობის უდაო გამოვლინებაა. თუ არ მოგწონთ ადამიანთა რაიმე თვისებები, აზრები თუ მოქმედებები, ცხოველად გარდაქმნას კი ნუ ინატრებთ, არამედ დაუღალავად იზრუნეთ იმაზე, რომ კაცი ადამიანად ჩამოყალიბდეს...
ყველა კაცი ადამიანი არის თუ არა, ამის შესახებ კითხვა დიდმა ილიამ დასვა და მისი აზრი ამ საკითხზე საყოველთაოდაა ცნობილი. მის მიერ დახატული კაცი ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობს. ზემოთ ნახსენებ ბლოგში კი აღწერილია კაცის ქმედებები, რომელსაც ცხოველი არ სჩადის. მაგრამ ეს კაცი ადამიანია?! ნეტარხსენებული ილიას ეს სიტყვები ყველაზე უკეთ შეესაბამება იმ „კაცებს“, და ბატონი ილია, ალბათ, მომცემს უფლებას გამოვიყენო ამ წერილის სათაურად.
ძირითადი განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის არის ის, რომ მათთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა უნარები: ადამიანისთვის ეს არის აზროვნებისა და მეტყველების უნარი, ცხოველისთვის კი – ინსტიქტები. ინსტიქტები იმდენად ძველია, ჩამოყალიბებულია ისე დიდი დროის განმავლობაში, რომ პრაქტიკულად უშეცდომო მოქმედების იმპულსს იძლევა. ამიტომ ცხოველთა მოქმედება ყოველთვის გასაგებია და სწორეა (მორალით შეზღუდული არ არის). ადამიანსაც შეუძლია კონკრეტულ სიტუაციაში ძირითად ინსტიქტებს აყვეს და ისე იმოქმედოს, მაგრამ საქმეში ერთვება აზროვნება, აზროვნების პროდუქტი - მორალი და თუ ინსტიქტით ნაკარნახები მოქმედება წინააღმდეგობაში მოდის მორალურ პრინციპებთან, მაშინ...
ძირითადია ის ინსტიქტები, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენასა და მის გაგრძელებას ემსახურება. ეს ინსტინქტები საერთოა მთელი ცოცხალი სამყაროსთვის. ამ ინსტიქტებით ნაკარნახებ მოქმედებას ცხოველი კრიტიკულად არ აფასებს, მისთვის ეს მოქმედება არის ერთადერთი სწორი გზა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ადამიანი კი იწყებს ფიქრს, პოულობს სიტუაციიდან გამოსვლის რამდენიმე გზას, დგება არჩევანის წინაშე, კრიტიკულად აანალიზებს ამ გზებიდან რომელი არის მორალური თვალსაზრისით ყველაზე უფრო მისაღები, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მოქმედებს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. მაშასადამე, თუ ადამიანთა საზოგადოებამ შეიმუშავა ისეთი მორალური პრინციპები, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლის შენარჩუნებას, ან მის ჩასახვასა და გაგრძელებას, ადამიანთა ცხოვრება შეიძლება ჯოჯოხეთად გადაიქცეს.
სამყარო ისე შეიქმნა, რომ მასში ადამიანს გაცილებით რთული და დიდი პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრების გზა განესაზღვრა. ცხოველს კი თავისი ადგილი აქვს ბუნებაში და ნუ მივაკუთნებთ მას მისთვის არაბუნებრივ ფუნქციებს.
როგორც ჩანს, ადამიანმა ადამიდან დღევანდელობამდე გარკვეული ცვლილებები განიცადა. ბევრი რამ მკვეთრად არც კი შეცვლილა, შეიძლება სულაც არ შეცვლილა, რაღაცამ კი განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. დროთა განმავლობაში ყველაზე მეტად და ყველაზე სწრაფად იცვლებოდა მორალი, ზოგი რამ რაც ძველად ჩვეულებრივი იყო, დღეს მიუღებელია, წარმოუდგენელიც კი არის. მაგალითად, იყო დრო, როდესაც სიკვდილის დასჯა საჯაროდ ტარდებოდა და მის საყურებლად ხალხი ისე მიდიოდა, როგორც დღეს რომელიმე გასართობ შოუზე მიდის. ეს დასკვნა, მგონი სადაო არ არის, და თუ ეს ასეა, მაშასადამე თანამედროვე ადამიანებიც აუცილებლად შეიცვლებიან, შეიცვლება მორალიც. მთავარია ცვლილებებს რა მიმართულება ექნება.
მაშ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორი გვინდა რომ იყოს ადამიანი, რით უნდა განსხვავდებოდეს იგი ცხოველისგან და რაში შეიძლება ჰგავდეს მას. რომელი მორალური პრინციპები უნდა იყოს უცვლელი და რა შეიძლება შეიცვალოს მორალურ კოდექსში...
This comment has been removed by the author.
ReplyDelete