Sunday, March 13, 2011

სწავლა, სწავლა და სწავლა...

როგორც ხვდებით, მინდა ვისაუბრო განათლებაზე. სათაურად კი შევარჩიე „პროლეტარიატის დიდი ბელადის“ - ლენინის სიტყვები, არა იმიტომ, რომ როგორც ახლა იტყვიან, მისი ფანი ვარ, არამედ უბრალოდ ხაზი  გავუსვი იმ აზრს, რომ სწავლა ხანგძლივი, მუდმივი პროცესია, ადამიანი სწავლობს დაბადების დღიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
სწავლა ბუნებრივი პროცესია, რაც ნიშნავს რომ, სწავლის სურვილი ბუნებრივად იბადება და ამ პროცესში არავინ რომ არც ჩაერიოს, ადამიანი თავისითაც ისწავლის ბევრ რამეს, ყოველ შემთხვევაში იმას მაინც, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ ასე ცხოვრობს და სწავლობს ნებისმიერი ცოცხალი არსება, მაგალითად რომელიმე ცხოველი. ადამიანი კი ძირითადად იმით განსხვავდება ცხოველისაგან, რომ იგი აზროვნებს, მეტყველებს და რაც მთავარია გეგმავს თავის მომავალს, წინასწარ აზრობრივად განსაზღვრავს შესაძლო სიტუაციებს და იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს უნარი კი მას გამოუმუშავდა ადამიანთა მოდგმის ხანგძლივი არსებობის განმავლობაში ცოდნის დაგროვებით, მომავალი თაობისათვის მისი შენახვითა და გადაცემით. შეიძლება, ვინმე შემეკამათოს და მოიტანოს უამრავი მაგალითი ცხოველთა ცხოვრებიდან, რომლებიც გვიჩვენებენ როგორ ასწავლიან, მაგალითად ლომები, თავიანთ ლეკვებს სიცოცხლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. რასაკვირველია, ეს ოპონენტი რაღაც აზრით მართალი იქნება, მაგრამ მე მაინც გამოვყოფ ადამიანს იმის გამო, რომ ცოდნის შეძენისა და დაგროვების სურვილი მას არა მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების გამო უჩნდება, არამედ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და რაც მთავარია, ზოგადად შემეცნებითი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ცოდნა ადამიანისთვის მისი სულიერი სამყაროს გამდიდრების, მისი ინტელექტის ამაღლების წყაროა.
   როგორც ვთქვით, სწავლა ხანგძლივი (დაუსრულებელი) პროცესია. რასაკვირველია, ეს პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთნაირი ინტენსიობით არ მიმდინარეობს. დაბადებისას ბავშვის ტვინში მეხსიერების „უჯრედები“, თუ ასეთები უკვე არსებობს, ძირითადად ცარიელია (მე აქ კომპიუტერის მეხსიერების ანალოგიით ვხმარობ სიტყვას „უჯრედი“, თავის ტვინში რა არის პასუხისმგებელი მეხსიერებაზე, მით უფრო  როგორ ხდება რაიმე ინფორმაციის დამახსოვრება, მე არ ვიცი. მკითხველმა უნდა მაპატიოს ეს უცოდინარობა, რადგან ამჯერად მსჯელობის ძირითად საგანს ტვინი არ წარმოადგენს). ბავშვი იზრდება, იზრდება მისი ტვინი და მასში სწრაფად გროვდება ინფორმაცია. ცხადია ადამიანის ცხოვრების ამ პერიოდში ცოდნის დაგროვება შედარებით ადვილია და სწრაფად მიმდინარეობს. დროთა განმავლობაში ადამიანი ზრდასრული ხდება, მან უკვე საკმაოდ ბევრი იცის და მის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც მის მიერ დაგროვებული ცოდნა ეწინააღმდეგება ახალი ცოდნის მიღებას. (იმის გამო, რომ „ჭურჭელი გაივსო და მეტი აღარ ეტევა“, ან იმიტომ, რომ ახალი უარყოფს ძველს და წინააღმდეგობაში მოდის უკვე დაგროვილ ცოდნასთან). თუ ადამიანი ინარჩუნებს უნარს გაანალიზოს მის მიერ უკვე მიღებული ცოდნა, შეადაროს ახალ ფაქტებს და შეცვალოს, გააახლოს თავისი წარმოდგენები სამყაროს შესახებ , მაშინ იგი არ ბერდება (ასაკის მიუხედავად) და წარმატებით აგრძელებს ცოდნის დაგროვებას. ამრიგად, საბაზისო ცოდნის შეძენის პერიოდი ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდია და რაც უფრო საფუძვლიანია ამ დროს მიღებული ცოდნა, მით უფრო „ჭკვიანურად“ აზროვნებს ადამიანი და შესაბამისად მით უფრო ხანგძლივად ინარჩუნებს იგი ახალი ცოდნით ინტელექტის გამდიდრების უნარს.
ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ზრუნავს შთამომავლობაზე. ამ კუთხით ადამიანი განსაკუთრებით გამოირჩევა და პირმშოზე ზრუნვას მისი ზრდასრული ასაკის მიღწევის შემდეგაც აგრძელებს. შთამომავლობაზე ზრუნვის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა. რასაკვირველია შვილების გამოკვებას, ჩაცმა-დახურვას თავის მნიშვნელობას ვერ დავუკარგავთ, ეს აუცილებელია, მაგრამ შთამომავლობის წინაშე სრულად ვალმოხდილი ის მშობლებია, რომლებმაც შეძლეს შვილებისთვის კარგი აღზრდა-განათლების მიცემა.
შთამომავლობის აღზრდა-განათლება იმდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომ ადამიანებმა  ამისთვის შექმნეს სპეციალური დაწესებულებები  და მოიფიქრეს განათლების სისტემები, რომლებიც მათი აზრით ყველაზე ეფექტურად წარმართავს ამ სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესს.             
 განათლების ეს სისტემები თავისი ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატორულია, შედეგს საკმაოდ გვიან იძლევა, ამიტომ მისი შემუშავება მეტად ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა. ცხოვრებაში არასწორი განათლების სისტემის დანერგვას ისეთი შედეგი მოჰყვება, რომ მთელი თაობა, შესაძლოა მომდევნო თაობაც კი, არ იქნება მზად გააგრძელოს საზოგადოების ნორმალური განვითარების გზა. ამიტომ ცხადია, რომ განათლების სისტემა უნდა შეიმუშაოს საზოგადოების ყველაზე მეტად ერუდირებულმა, განათლებულმა, ინტელექტუალურმა ნაწილმა, რომელიც ამავდროულად სრულად გრძნობს მთელს პასუხისმგებლობას და რომელსაც კარგად აქვს შესწავლილი ეს პრობლემა. ყოვლად დაუშვებელია ეს საკითხები გადაწყვიტონ დილეტანტებმა, მით უფრო თანამდებობის პირებმა, რომელთაც შესაბამისი თანამდებობა, როგორც წესი, დროებით უკავიათ შექმნილი პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე.
 სისტემა რასაკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ პედაგოგმა კარგად ასწავლოს და მოსწავლემ ადვილად ისწავლოს. აღზრდა-განათლების პროცესის მთავარი სუბიექტები კი მოსწავლე და მასწავლებელია.
ბავშვი სკოლაში მისვლამდე იზრდება ან მხოლოდ ოჯახურ გარემოში, ან შესაძლოა საბავშვო ბაღშიც დაჰყავთ. სკოლამდელი აღზრდის ძირითადი დანიშნულებაა მოამზადოს ბავშვი გარე სამყაროსთან (მათ შორის სხვა ბავშვებთან და უფროსებთან) ურთიერთობისთვის. (მე აქ არ ვიხილავ ბავშვის ორგანიზმის ფიზიკურად გაძლიერებას, შემზადებას იმისთვის რომ მომავალში გაუძლოს მოსალოდნელ ფიზიკურ დატვირთვებს. ეს თავისთავად ცხადია, უაღრესად მნიშვნელოვანია).  რა უნდა ჩავუნერგოთ თავიდანვე ბავშვს იმისთვის რომ იგი მზად იყოს სამყაროსთან ხალისიანი, ინტერესით სავსე ურთიერთობისთვის? ჩემის აზრით უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად:
1. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს არ განუვითარდეს უსაფუძვლო შიშის გრძნობა, უსაფუძვლო შიში შევუცვალოთ ინტერესით შიშის გამომწვევი ფაქტორის მიმართ. აქ ზომიერების დაცვა არის საჭირო. ზოგადად შიში ორგანიზმის დაცვის ფუნქციას წარმოადგენს და შიშის გრძნობა ადამიანმა არ უნდა დაკარგოს, მაგრამ ამავე დროს უნდა კარგად მიხვდეს რა არის შიშის გამომწვევი მიზეზი, შესძლოს დაძლიოს შიში და იმოქმედოს ისე, რომ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ზიანი. გაუაზრებლად უშიშრად ჩართვა სახიფათო პროცესში არ არის საუკეთესო გამოსავალი.
2. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს ქონდეს სურვილი სხვებს უჩვენოს თუ რა შეუძლია მას, როგორი ახალი რამ ისწავლა, რაც ცოტა ხნის წინ არ იცოდა. ამ პროცესმა მას სიამოვნება უნდა აგრძნობინოს. ამავე დროს უნდა შევაჩვიოთ ყურადღებით და ინტერესით დააკვირდეს სხვა ბავშვების მოქმედებებს და ვაგრძნობინოთ ჩვენ, უფროსებს რა მოგვეწონა და რა არა. ძალდატანება აბსოლუტურად გამორიცხულია. მხოლოდ უდიდესი მოთმინებითა და მონდომებით შეიძლება ამ მიზნის მიღწევა.
3. უნდა შევაჩვიოთ დამოუკიდებლად მიღოს გადაწყვეტილება და შეასრულოს მიღებული გადაწყვეტილება. ცხადია, თავდაპირველად უმარტივესი სიტუაცია უნდა შევუქმნათ დამოუკიდებელი მოქმედებისთვის და შეიძლება თანდათან და თანმიმდევრულად გავართულოთ სიტუაციები.
4. ყოველმხრივ უნდა ავარიდოთ და დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან. პატარა ასაკში ძნელია ახსნა იმისა, თუ რატომ არის ძალადობა მავნე, და რათა ძალადობამ დაღი არ დაასვას მის ფსიქიკას, უმჯობესია ბავშვი საერთოდ მოვარიდოთ მას. თუ წინა სამ ამოცანას წარმატებით გადავჭრით, მაშინ იგი ასევე წარმატებით გაუმკლავდება იმ სახის ძალადობებს, რომელიც შეიძლება მის მიმართ გამოიყენოს მისსავე ასაკის ბავშმა და თან გაუმკლავდება ისე, რომ მის ფსიქიკას ზიანი არ მიადგება.
შეიძლება კიდევ არის ისეთი რამ, რაც საჭიროა გათვალისწინებული იქნეს სკოლამდელი ბავშვის აღზრდისთვის. ვინც თვლის, რომ მე რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა, გთხოვთ გვითხრათ. ამ საკითხზე ყველას აზრი ძვირფასია საზოგადოებისთვის.
სკოლამდელი აღზრდის შემდეგ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი აღზრდა-განათლებისა - სკოლის პერიოდი. ამ პერიოდში საზოგადოება გაცილებით უფრო ღრმად ერთვება მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, ვიდრე ამას ადგილი აქვს სკოლამდელ აღზრდაში. სასკოლო ასაკში ოჯახთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება სკოლა, ზოგიერთ შემთხვევაში (ხოლო უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში ალბათ უმეტეს შემთხვევაშიც) ოჯახის როლი მინიმუმამდე დაეცა და მოსწავლის აღზრდა-განათლების წარმართვა მთლიანად სკოლას დაეკისრა. დაირღვა ის ბალანსი, რომელიც არსებობდა და რომლის დროსაც აღზრდა-განათლების კუთხით ოჯახი და სკოლა ერთმანეთს ავსებდა და აკონტროლებდა. აღნიშნული ვითარების გამო განსაკუთრებით გაიზარდა მასწავლებლის როლი და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.
მასწავლებელი სასწავლო პროცესის მთავარი ფიგურა ყოველთვის იყო. ძველად, როცა ასე საყოველთაო არ იყო სასკოლო განათლების მიღება, მასწავლებლობას კისრულობნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც სათანადო ცოდნასათან ერთად პედაგოგობის ნიჭი, მისწრაფება ჰქონდათ. როდესაც სასკოლო განათლება საყოველთაო გახდა, განსაკუთრებით როცა სავალდებულო გახდა სრული საშუალო განათლების მიღება, საჭირო გახდა მასწავლებელთა რაოდენობის მკვეთრი გაზრდა. თავდაპირველად სკოლებში  ჯერ კიდევ  საკმარისი რაოდენობით იყვნენ მოწოდებით პედაგოგები და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სკოლაში სამუშაოდ განაწილებული ახალგაზრდა მასწავლებლებს ყავდათ მაგალითის მიმცემნი. თანდათან სკოლებში მომრავლდენ მასწავლებლები, რომლებიც უმაღლესი სასწავლების დამთავრების შემდეგ სკოლაში მასწავლებლად მიდიოდნენ არა პედაგოგობის მისწრაფების გამო, არამედ იმიტომ, რომ სხვა სამსახურს ვერ პოულობდნენ. მახსოვს უკვე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული საუკეთესო კურსდამთავრებულებს სამუშაოდ ანაწილებდნენ სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში, ხოლო სკოლაში მასწავლებლად კი ძირითადად უშვებდნენ სუსტ სტუდენტებს. ამასთან ერთად, თუ მოწოდებით პედაგოგის პროფესიონალიზმზე დაბალი ხელფასი არ ახდენდა გავლენას, „ახალი ყაიდის ძალად მასწავლებლები“ მათი შრომის ანაზღაურების „პროპორციულად“ ახორციელებდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობას. სკოლაში მამაკაც პედაგოგთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა, ხოლო რაოდენობა ქალებისა, რომელთაც სკოლაში მუშაობა იმიტომ უნდოდათ, რომ სახლში დიასახლისებად არ დარჩენილიყვნენ, საგრძნობლად გაიზარდა. ყოველივე ამან გამოიწვია სკოლის კურსდამთავრებულთა ცოდნის დონის დაქვეითება. უმაღლესი სასწავლებლები გაივსო ნაკლებად მომზადებული პირველკურსელებით, შედეგად აქაც დაეცა მოთხოვნის დონე და მივიღეთ არასათანადო დონის ახალგაზრდა სპეციალისტები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სკოლას დაუბრუნდა უკვე მასწავლებლებად. მოკლედ როგორც იტყვიან დაიწყო „ჯაჭვური რეაქცია“.   საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლაში მოსწავლე აღარც კი სწავლობს და იმ სასკოლო საგნებში, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით ითვლება მისთვის პრიორიტეტულად, ემზადება რეპეტიტორებთან. ამ კრიტერიუმს კი წარმოადგენს უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი. ამრიგად სკოლის დანიშნულება ტრანსფორმირდა და ახალგაზრდისთვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიცემის ნაცვლად გადაიქცა ფარატინა ქაღალდის - ატესტატის დადგენილ ვადაში გაცემის მოვალეობად. ძველად ამ დოკუმენტს სიმწიფის ატესტატი ეწოდებოდა, არ ვიცი, ახლაც ასე ჰქვია თუ არა, მაგრამ ამგვარად მიღებული დოკუმენტი რომ სიმწიფეს ვერ დაადასტურებს, დარწმუნებული ვარ.
ეს სავალალო მდგომარეობა, რასაკვირველია ზოგადსტატისტიკურ გასაშუალებულ სურათს შეესაბამება. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს უაღრესად განათლებული ბავშვები, შეიძლება ითქვას ასაკის შეუფერებლად განათლებულიც კი, მაგრამ ეს ჩვენი განათლების სისტემის, მისი მნიშვნელოვანი რგოლის - საშუალო სკოლის დამსახურება არ არის. ეს ფაქტი უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რომ ვისაც ძლიერ წყურია სწავლა, ის ამას როგორმე მოახერხებს. მაგრამ ასეთი ახალგაზრდები ხომ უმცირესობას წარმოადგენენ, დანარჩენი უმრავლესობის უფლება - მიიღონ ნორმალური განათლება კი დარღვეულია.
ამ სიტუაციის წარმოშობისა და დამკვიდრების მიზეზები ჩვენმა საზოგადოებამ თავის თავში უნდა ეძებოს. ჩემის აზრით ეს მიზეზებია:
1. მშობელთა სურვილი, რომ მათი შვილების მომავალი ცხოვრება იყოს ია-ვარდით მოფენილი, რომ მათ არ მოუწიოთ მძიმე შრომა და ბრძოლა საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის. ეს სურვილი სავსებით გასაგებია და როგორ შეიძლება მის გამო რაიმე საძრახისი ითქვას მშობლებზე.   მაგრამ ამ სურვილის რეალიზაციის დროს იბადება უამრავი მაგრამ... აღმოჩნდა, რომ სწავლა ადვილი არ არის. საჭიროა სისტემატური, დაძაბული შრომა ცოდნის მისაღებად. მათ შვილს კი უჭირს, არ უნდა ენერგიის დახარჯვა, ან უბრალოდ ნიჭი არ ყოფნის. იმის ნაცვლად, რომ დაეხმარონ შვილს მისთვის ყველაზე ოპტიმალური ცხოვრების გზის პოვნაში, ისეთისა სადაც იგი ყველაზე უკეთ და ადვილად გამოავლენდა თავის უნარს და შრომა მისთვის სასიამოვნო და შემოქმედებითი პროცესი იქნებოდა, ეს მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილმა დაუმსახურებლად მიიღოს რომელიმე   „პრესტიჟული“ სპეციალობის დიპლომი, თითქოს დიპლომი უცილობლად უზრუნველყოფს გარანტირებულ კეთილდღეობას.
2. საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება პროფესიებისადმი. ჩვენში ძალიან გავრცელებულია პროფესიების დაყოფა „პრესტიჟულ“ და „არაპრესტიჟულ“ პროფესიებად. საზოგადოებას კი ნორმალური ცხოვრებისთვის ყველა პროფესია სჭირდება, და აქედან გამომდინარე ყველა პროფესიის ადამიანი იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას, იმიტომ რომ იგი ასრულებს საზოგადოებისთვის საჭირო საქმეს. ყველამ უნდა აირჩიოს ის საქმიანობა, რომელსაც იგი თავისი ცოდნიდან და უნარიდან გამომდინარე ყველაზე უკეთ შეასრულებს. ზოგიერთს კი (ეს ზოგიერთი არც ისე ცოტაა) მანდამაინც უნდა იყოს „პრესტიჟული“ პროფესიის წარმომადგენელი და ავიწყდება, რომ სჯობს იყოს რომელიმე თუნდაც „არაპრესტიჟული“ დარგის კარგი სპეციალისტი, ვიდრე ცუდი სპეციალისტი „პრესტიჟულ“  სპეციალობაში.
3. საზოგადოების ფასეულობათა სისტემაში ისეთმა ღირებულებებმა შემოაღწია, რომლებიც ჯერჯერობით ბოლომდე გააზრებული და როგორც იტყვიან შესისლხორცებული არ გვაქვს, ამიტომ ბევრ რამეს მიბაძვით, და რაც კიდევ უარესია, მხოლოდ საჩვენებლად, „შოუსა“ და „პიარისთვის“ ვაკეთებთ და არა ადამიანთა ნამდვილი კეთილდღეობისთვის. ეს მავნე ზეგავლენას ახდენს მოზარდებზე და ხელს უშლის მათი აღზრდა-განათლების საქმეს.   
მოკლედ, ჩვენს მენტალიტეტში რაღაც-რაღაცეები შესაცვლელი გვაქვს. მაგალითად, სავსებით გაუმართლებელი და არაპრაქტიკულია საზოგადოების განწყობა, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა მიიღოს უმაღლესი განათლება. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მზად უნდა იყოს შრომითი საქმიანობისთვის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, ნაწილმა უნდა აითვისოს რაიმე პრაქტიკული პროფესია, საჭირო სამეურნეო საქმიანობისთვის ან მომსახურების სფეროსთვის, და მხოლოდ იმ ნაწილმა, რომელსაც აქვს შესაბამისი ნიჭი და სურვილი გაიღრმავოს ცოდნა, უნდა გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საშუალო სკოლაში სათანადო დონეზე წარიმართება სასწავლო პროცესი. ხოლო რაც შეეხება საყოველთაო უმაღლეს განათლებას, იგი, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის „მავნებელი“ არ არის, თუკი ჭეშმარიტად განათლების მიღების მიზნით განხორციელდება. ვერავითარი ღონისძიებები, მანდატურთა სამსახურის შემოღების მსგავსი, ვერ უშველის სკოლას, თუ ვერ მოხერხდა სკოლაში ჭეშმარიტი პედაგოგის დაბრუნება (პედაგოგის და არა მხოლოდ თანამდებობით მასწავლებლის).  მანდატურთა სამსახურმა, რასაკვირველია, სკოლაში წესრიგის დაცვას ხელი შეუწყო, მაგრამ ამ ტიპის სამსახური სწავლების ხარისხის ამაღლების გარანტიას არ იძლევა და მენტალიტეტში ამტკიცებს ადამიანის თვისებას შეასრულოს დადგენილი წესები მხოლოდ იმიტომ, რომ მას ფხიზელი თვალი უთვალთვალებს. სკოლას სჭირდება ჭეშმარიტი პედაგოგი, და მანდატურის გარეშეც  ავტომატურად დამყარდება სასწავლო პროცესისთვის საჭირო წესრიგი.
ამჯერად უმაღლესი განათლების შესახებ არაფერს ვიტყვი, ვინაიდან განათლების სისტემის ძირითადი ნაკლი ცუდი სასკოლო განათლებაა, და უმაღლეს სასწავლებლის პრობლემებს  ვერ მოვაგვარებთ, თუ უპირველესად სკოლას არ მოვუარეთ.
ბოდიშს ვუხდი საშუალო სკოლის პედაგოგებს, რომლებიც არ იმსახურებენ იმ შეფასებებს, რაც ზოგადად განათლების თანამედროვე  მდგომარეობით არის განპირობებული. ისინიც რომ არ გვყავდეს მდგომარეობის გამოსწორების იმედსაც დავკარგავდით.

No comments:

Post a Comment