Saturday, March 5, 2011

დავწერო, თუ არ დავწერო?

5 მარტი 2011 წელი.
სურვილი იმისა, რომ ქაღალდზე გადმომეტანა ფიქრები, რომლებიც გამუდმებით მიტრიალებნენ გონებაში, კარგა ხანია გამიჩნდა. მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო ამ სურვილს დღემდე არ ავყევი.
მიზეზი I. როგორც წესი, ამ სურვილს წარმოშობდა რაიმე მოვლენა, ან ვინმეს მიერ წარმოთქმული ფრაზა, რომლებიც დამაფიქრებდა და ათასნაირ აზრებს (საკმაოდ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოს) წარმოშობდა ჩემს გაღიზიანებულ გონებაში. აღგზნებული ტვინი ეძებდა სწორ დასკვნას. ხან პოულობდა (მეგონა, რომ პოულობდა, მეგონა იმიტომ, რომ არც თუ იშვიათად, მოგვიანებით იგივე მოვლენის გაანალიზებით სხვა დასკვნამდე მივსულვარ), ხანაც კი ვერ პოულობდა და კითხვა დროებით უპასუხოდ რჩებოდა. მოდი აღვწერ ყოველივეს, რაც გავიფიქრე ამ მოვლენასთან, თუ წარმოთქმულ ფრაზასთან დაკავშირებით. მაგრამ გამახსენდებოდა, რომ არა ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე მიფიქრია გუშინ, გუშინწინ, იმის წინ... და არ დამიწერია, რატომ უნდა დავწერო ახლა?
მიზეზი II. ყოველივე იმაზე, რაზეც მე მიფიქრია, ჩემამდე უფიქრია ჩემზე უფრო ბრძენ ადამიანებს და შთამბეჭდავადაც გადმოუციათ მათი ნააზრევი პუბლიცისტურ ან მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ახლაც და მომავალშიც იქნებიან ადამიანები, რომელთაც ჩემზე უკეთ შეუძლიათ დაწერონ იმის შესახებ, რაზეც შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი. მაშ, მე რატომ უნდა დავწერო?
არსებობდა მესამე, მართალია უსუსური, სიზარმაცით ნაკარნახევი, მაგრამ მაინც რეალური მიზეზი - მოუცლელობა.
... მოკლედ, დავწერო, თუ არ დავწერო?
... როგორც იქნა ვიპოვე პასუხი ამ კითხვაზე.
...საზოგადოებისთვის საინტერესოა კონკრეტული ადამიანის, პიროვნების დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენისადმი, მისი პიროვნული შეფასება მოვლენისა. კონკრეტულ ადამიანთა ერთობლიობა მაშინაა საზოგადოება, თუ ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს მოუსმინონ, შეუძლიათ დასაშვებად მიიჩნიონ საზოგადოების ნებისმიერი წევრის აზრი და ამავე დროს აზრთა შეჯერების გზით შეარჩიონ საზოგადოებრივი თანაცხოვრების ისეთი წესი და კანონი, რომელიც მოცემულ პერიოდში ყველაზე უკეთ იძლევა საზოგადოების ჰარმონიული განვითარების საშუალებას. საზოგადოების განვითარების მომდევნო ეტაპზე საჭირო ხდება საზოგადოებრივი თანაცხოვრების დამკვიდრებულ წესებსა (ტრადიციებში)  და კანონებში გარკვეული ცვლილებების შეტანა, ცხადია ისეთი ცვლილებებისა, რომლებიც ჰარმონიულ განვითარებას ხელს უწყობენ და არა  ისეთებისა, რომლებიც ხელს უშლიან, აფერხებენ, ან კიდევ უარესი,  უკან სწევენ საზოგადოებას.
როგორ გაითვალისწინებს საზოგადოება კონკრეტული პიროვნების აზრს, თუ მან ეს აზრი არ გამოთქვა და თავისი მეხსიერების ჯურღმულებში საიდუმლოდ შეინახა? ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ მარტო არჩევნებში მონაწილეობით და იმის იმედით, რომ შენი არჩეული ხელისუფლება მოგიგვარებს ყველა პრობლემას და საზოგადოებას განვითარების საშუალებას შეუქმნის, ფონს ვერ გავალთ. საჭიროა მოქალაქეობრივი აქტიობა, საჯაროდ საკუთარი აზრის გამოხატვა, უპირველეს ყოვლისა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, და არა განსხვავებულ აზრთან დაპირისპირების, მიზნით. განსხვავებული აზრების „ჭიდილი“ საჭიროა (აუცილებელიც კია), და საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოება თვითონ, კონსენსუსის გზით მივიდეს ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მოცემულ ეტაპზე ყველაზე მეტად სასარგებლო იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის. ცხადია, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების რომელიმე ჯგუფისთვის (ჯგუფებისთვის)  შესაძლოა იყოს არასასურველი, მაგრამ მიუღებელი არ უნდა იყოს. მიუღებელი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნება, თუ ეს ჯგუფი (ჯგუფები) აქტიურ მონაწილეობას იღებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისთვის სრულად სასურველ შედეგს  ვერ მიაღწია იმის გამო, რომ უმცირესობაში აღმოჩნდა, მაგრამ დარწმუნდა, რომ უმრავლესობამ ყურადღებით განიხილა მათი მოსაზრება და კონსენსუსის პირობებში ეს აისახა კიდეც.
როგორც ჩანს, საზოგადოებაში ყოველთვის იქნება კონკრეტული პიროვნებები, ადამიანთა ჯგუფი (ჯგუფები), რომლებიც არ არიან კმაყოფილი არსებული სიტუაციით. მაგრამ მთლიანად საზოგადოებისთვის ეს არა თუ საზიანო, არამედ სასარგებლო, საჭიროც კი არის, ვინაიდან პროგრესი სიტუაციის კრიტიკული გაანალიზების გარეშე წარმოუდგენელია. უკმაყოფილო ადამიანთა არსებობა კი კრიტიკული ანალიზის წყაროა. თუ ადამიანთა ეს ჯგუფი ეძებს და პოულობს კონსტრუქციულ გზებს საზოგადოების განვითარების მოცემულ ეტაპზე, მაშინ იგი რეალურ ოპოზიციურ ძალად მოგვევლინება, თანდათან იკრებს მომხრეებს, ქმნის უმრავლესობას და ასე ახერხებს საზოგადობრივი ცხოვრების მისი შეხედულებების შესაბამისად შეცვლას.
საზოგადოების წევრობა მარტივი არ არის. ვალდებული ხარ (არც თუ იშვიათად, იძულებულიც კი) დაემორჩილო საზოგადოებრივი თანაცხოვრების წესს. ეს წესები და კანონები ზღუდავს შენს პიროვნულ თავისუფლებას, მაგრამ ისინი ამავე დროს იცავს შენს პიროვნებას. და თუ შენ გინდა იყო ამ საზოგადოების წევრი, უნდა დაიცვა ეს წესები და კანონები. საკუთარი უფლებების რეალიზების დროს უპირველეს ყოვლისა უნდა გაუფრთხილდე საზოგადოების სხვა წევრების უფლებებს. უფლებები და მოვალეობები - აი საზოგადოებაში ცხოვრების აუცილებელი ქვაკუთხედი. არ მოგწონს რომელიმე წესი, კანონი? მიგაჩნია, რომ არ შეესაბამება არსებულ რეალობას? მოიმხრე საზოგადოების უმრავლესობა და ასე შეცვალე ისინი. მაგრამ ვიდრე შენი დაწუნებული წესები, კანონები მოქმედებენ, კეთილი ინებე და შეასრულე ისინი და მოითხოვე, რომ ასევე შეასრულოს ყველამ. სხვა გზა არ არსებობს, ადამიანი ვერ გაემიჯნება საზოგადოებას, ვინაიდან იგი სოციალური არსებაა და როგორი უნიკალური პიროვნებაც არ უნდა იყოს, საზოგადოების გარეშე მას სიცოცხლე არ შეუძლია. მისი უნიკალურობა სწორედაც რომ საზოგადოებაში ვლინდება.
 ის, რაც ზემოთ დავწერე, ალბათ საყოველთაოდ ცნობილი საფუძვლებია დემოკრატიისა, მე კი პოლიტოლოგი არ ვარ და ალბათ ამ საკითხზე არც უნდა დამეწერა. მაგრამ მე მინდა ასეთ საზოგადოებაში  ვიცხოვრო და არ მეთქვა ეს საზოგადოებისთვის?
საზოგადოებრივი ცხოვრება მრავალფეროვანია. პოლიტიკა მხოლოდ ერთი ნაწილია ადამიანთა მოღვაწეობისა, თანაც ისეთი ნაწილი, რომელიც ადამიანებს მხოლოდ იმისთვის დასჭირდათ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება გარკვეულ კალაპოტში მიმართონ. ჩემის აზრით ადამიანთა მოღვაწეობის უამრავი სხვა უფრო ღირებული სფეროები არსებობს, რომლებმაც ადამიანთა განვითარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს. ეს არის ხელოვნება (მისი ყველა სახის გამოვლინება, განსაკუთრებით მუსიკა,  ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა და მხატვრული სიტყვა. პოეზიას და პროზას, თუ კი იგი სამყაროს, მოვლენას ისე მხატვრულად აღწერს, რომ ხელშესახებად თვალწინ წარმოგიდგება აღწერილი, მე აგრეთვე ხელოვნებას მივაკუთვნებ, მიუხედავათ იმისა, რომ ზოგადად ლიტერატურა ცალკე განიხილება), მეცნიერება (სამყაროს შემეცნების, ცოდნის გაღრმავების დაუოკებელი სურვილის რეალიზება) და რელიგია (ადამიანის სულიერი ცხოვრების წარმართვის მცდელობა და საშუალება). ისე, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ადამიანთა არსებობისთვის არის საჭირო, პატივსაცემია, დასაფასებელია და ადამიანი ბედნიერია, როდესაც ვინმეს მისი შრომის შედეგი გამოადგება. სამოქალაქო საზოგადოებისათვის არ არსებობს ადამიანთა მოღვაწეობის არც ერთი სფერო, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება არ იყოს.
ყოველდღიურად ხდება დიდი თუ მცირე მოვლენები, მნიშვნელოვანი მთელი საზოგადოებისთვის, თუ ისეთი, რომელმაც მხოლოდ ერთი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, და მათი აღწერა, ამ მოვლენებისადმი პიროვნული დამოკიდებულების გადმოცემა საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.
ამ აზრებმა გააბათილა ის მიზეზები, რომელთა გამოც აქამდე თავს ვიკავებდი. (თან ახლა, მოუცლელობას ნამდვილად ვეღარ დავიწუწუნებ).    
დიახ, თუ ადამიანს გაუჩნდა წერის სურვილი, მან უნდა დაწეროს. ეს უპირველეს ყოვლისა საჭიროა პირადად მისთვის, და შესაძლოა გამოადგეს სხვასაც. მთავარია, გულწრფელად გადმოსცეს ის, რასაც გრძნობს. მაგრამ შეგვიძლია თუ არა ვიყოთ გულწრფელი? ხანდახან კი არა, ყოველთვის? არც თუ იშვიათად ადამიანი ამბობს იმას, ან იქცევა ისე, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს სხვაზე. თავისთავად ადამიანის სურვილი იმისა, რომ სხვის თვალში გამოჩნდეს საუკეთესო თვისებებით შემკულ, ჭკვიან, ერუდირებულ, კეთილ, ძლიერ (და ა.შ.) პიროვნებად, რასაკვირველია კარგია, მაგრამ ჭეშმარიტად კარგია იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს გულწრფელობა. თვალთმაქცობა (გნებავთ სხვების, გნებავთ საკუთარი თავის წინაშე)  სულიერად დამღუპველია. უმჯობესია, ჩვენ თვითონ შევიცნოთ საკუთარი თავი და სხვებმაც აღგვიქმნან ისეთი, როგორიცა ვართ. მაშინ ჩვენი ურთიერთობა გარე სამყაროსთან იქნება ალალი და ცხოვრებაში ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ, თანაც მხოლოდ ისეთს, რომელთა გამოსწორება შესაძლებელია. ვეცდები ვიყო გულწრფელი...

No comments:

Post a Comment