რა არის კამათი? რა მიზანს უნდა ისახავდეს იგი? ადამიანთა ურთიერთობის აუცილებელი ატრიბუტია, თუ არა? უნდა მოვერიდოთ კამათს, თუ პირიქით? ადამიანთა ურთიერთობისთვის უდაოდ სარგებლობის მომტანია, თუ ზიანის მოტანაც შეუძლია?
ყველასათვის ცნობილია დებულება, რომ ...ჭეშმარიტება კამათში იბადებაო. სწორეა ეს დებულება? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე თუ რას ვგულისხმობთ ცნების „კამათი“-ს ქვეშ - ფაქტების, აზრების, არგუმენტების ურთიერთგაზიარებას მოვლენის ჭეშმარიტი ბუნების გარკვევის მიზნით, რაც ორივე მოპაექრე მხარის ძალისხმევით მიიღწევა და ორივესთვის სასარგებლოა, თუ ყოველი ხერხითა და საშუალებით მოპაექრის დამარცხებას საკუთარი მოსაზრების უპირობო გამარჯვებისთვის?
რასაკვირველია, თვითონ ცნების განმარტება სადაო არ არის, სადაოა ხოლმე ამ ცნების გამოყენება ისეთი პროცესის დასახასიათებლად, რომლის დროსაც ადგილი აქვს ადამიანების სიტყვიერ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ასეთი სიტყვიერი დაპირისპირება არ წარმოადგენს კამათს, რადგან მას მიზნათ არა აქვს ჭეშმარიტების დადგენა.
შევეცდები გადმოვცე ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით და მზად ვარ მოვისმინო კრიტიკული აზრი, თუ მსჯელობისას სადმე ლოგიკა მიღალატებს და შეცდომას დავუშვებ.
მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ კამათი შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ისეთ დისპუტს, რომელსაც მიზნად აქვს ჭეშმარიტების დადგენა. სხვა მიზნის შემთხვევაში ადგილი აქვს არაჯანსაღ სიტყვიერ დაპირისპირებას.
1. ჭეშმარიტი კამათის დროს მოკამათე მხარეებს ზუსტად უნდა ჰქონდეთ გააზრებული კამათის საგანი. ამ საკითხში ისინი მტკიცედ უნდა იყვნენ შეთანხმებული და კამათის საგანთან დაკავშირებით გამორიცხული უნდა იყოს ყოველგვარი გაუგებრობა, რაც თავისთავად უნდა გამორიცხავდეს აგრეთვე კამათის სხვა საგანზე გადატანას. ჩვენს სინამდვილეში კი ხშირად, ე.წ. „კამათის“ დროს ერთი მხარე ერთს „უბერავს“, მეორე კი - ვერ გაიგებ რას.
-ააა! კი, არა. მე სხვას ვამბობ...
-ხოო? მეც მანდა ვარ...
-???
2. მოკამათე მხარეებს ერთნაირად უნდა ესმოდეთ და სრული პასუხისმგებლობით უნდა გამოიყენონ ცნებები და ტერმინები, რაიმე (თუნდაც სულ მცირე) გაუგებრობის გამოსარიცხად. შეუძლებელია არა თუ კამათი, არამედ ჩვეულებრივი საუბარიც კი, თუ მოსაუბრეები ერთიდაიგივე ცნებაში განსხვავებულ აზრს გულისხმობენ. სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად იყენებენ ისეთ ცნებებს, რომელთა შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა თუ აქვთ. მაგალითად, ზოგიერთს ჰგონია, რომ ჰაერის ტენიანობა ისეთი ფიზიკური სიდიდეა, რომელიც შეიძლება გრადუსებით გაიზომოს. აღარ მახსოვს, თვით გრადუსი დაზუსტებული იყო თუ არა, კუთხის საზომ გრადუსს გულისხმობდა, ტემპერატურის, თუ კიდევ რაიმე სხვას, რომელიც ჯერ ჩვენთვის ცნობილი არ არის. მართალია ეს შემთხვევა კამათის დროს არ მომხდარა, მაგრამ ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ ჰაიჰარად იყენებენ ცნებებს ადამიანები.
3. კამათის დროს, მოკამათეებმა თავისი მოსაზრების სისწორის დასადასტურებლად, რასაკვირველია, უნდა გამოიყენონ რიცხვითი მონაცემები, მაგრამ ამ მონაცემების სიზუსტე მრავალგზის შემოწმებული უნდა იყოს. სწორი რიცხვითი მონაცემები სწორი დასკვნების გაკეთების საწინდარია. ჩვენს სინამდვილეში კი უმრავლესობა მეტისმეტად თავისუფლად იყენებს რიცხვებს. განსაკუთრებით თავისუფლად ეკიდებიან პროცენტებს. პროცენტებს იყენებენ იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მისი გამოანგარიშება არ ხდება, მაგრამ მაინც „დააბრახებენ“: ...საზოგადოების 90%-ზე მეტმა ... ესა და ესაო. მათ 90% უბრალოდ სიტყვა „უმრავლესობის“ ან „ბევრის“ შემცვლელი ჰგონიათ და სულაც არ აწუხებთ ის, მართლა 90%-ია თუ არა „საზოგადოების ეს ნაწილი“.
4. მოკამათე მხარე კამათში ჭეშმარიტებას უნდა ეძებდეს, და თუ მოწინააღმდეგე მას აპოვნინებს მის მოსაზრებებში შეცდომას, იგი მადლიერი უნდა დარჩეს მისი და შესაბამისად საჭირო კორექტირებიც შეიტანოს თავის შეხედულებებში. ჩვენს სინამდვილეში კი, არც თუ იშვიათად, ადამიანები ვერ იტანენ, როდესაც შეცდომაზე მიუთითებენ, და მადლიერების ნაცვლად ღვარძლით ივსებიან. თუმცა ისიც ხშირია, როდესაც ვინმეს შეცდომის შესახებ საუბრობენ არა კეთილგანწყობილად, იმ მიზნით, რომ დაეხმარონ, არამედ იმიტომ, რომ უნდათ ნიშნის მოგებით გააშავონ მოწინააღმდეგე.
5. კამათის კონსტრუქციულად წარმართვისთვის აუცილებელია, რომ მოკამათე მხარეებმა ყურადღებით და სრული ინტერესით მოუსმინონ ერთმანეთს, მისცენ ერთმანეთს საშუალება ბოლომდე ჩამოაყალიბონ საკუთარი თეზისები. ჩვენს სინამდვილეში კი სამწუხაროდ ხშირად ასე არ ხდება, დინჯი, ბრძნული საუბრის ნაცვლად ადგილი აქვს ხმამაღალ ემოციურ გამოსვლებს ერთმანეთის გაქილიკების მიზნით (რბილად რომ ვთქვა).
განსაკუთრებით ამაზრზენია ზოგიერთი ჟურნალისტის მოქმედება საკამათო სიტუაციების რეპორტაჟის დროს. ჟურნალისტი იმის ნაცვლად, რომ შეეცადოს ობიექტურად წარმოაჩინოს კამათის პერიპეტიები და ამით ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას, იგი ერთ-ერთი მხარის აგიტატორის როლში გამოდის, ცდილობს დაუსვას მეორე მხარეს პროვოკაციული შეკითხვები, უხეში ზეწოლით აიძულოს, რომ წამოსცდეს ამ კითხვებზე ისეთი პასუხი, რომლის ხელზე დახვევა იქნება შესაძლებელი და აღარ აძლევს საშუალებას, ბოლომდე გამოთქვას საკამათო საკითხზე თავისი მოსაზრება.
მიუხედავად იმისა, რომ კამათი ყოველთვის არ ასრულებს თავის დანიშნულებას და არ ემსახურება ჭეშმარიტების დადგენას, მის გარეშე საზოგადოების წინსვლა წარმოუდგენელია. თუმც კამათს ზოგჯერ თან ახლავს მთელი რიგი უსიამოვნებები და დაზუსტებულად არავინ არ იცის ეს ზოგჯერ როდის მოხდება, მისთვის თავის არიდება მაინც არ არის გამართლებული. ისიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კამათის გამართვისთვის დროის სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კამათი საზიანო მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუ იგი არასწორად შერჩეულ დროს გაიმართა. სხვა შემთხვევაში კი კამათი ყოველთვის სასარგებლოა როგორც მთლიანად საზოგადოებისთვის, ისე კონკრეტული პიროვნებისთვისაც.
ასე რომ, ვიკამათოთ ჭეშმარიტების დასადგენად! და იმედი ვიქონიოთ, რომ კამათის კულტურის ამაღლებაც მოხდება და კამათში დამარცხებას ტრაგედიად კი არ აღვიქვამთ, არამედ გულწრფელად გავიხარებთ, რომ მივაგენით ჭეშმარიტებას.
No comments:
Post a Comment