Monday, July 4, 2011

გზა კომუნიზმის მშენებლებიდან კაპიტალისტური ფორმაციის მომხრეობამდე.


გადავწყვიტე გადმოგცეთ ცხოვრების ის სურათი, რაც დარჩა ჩემს მეხსიერებაში, ანუ დაახლოებით 65 წლიანი ისტორია, არა კონკრეტულად ჩემი ცხოვრებისა, არამედ საზოგადოებისა, რომელშიც დავიბადე და ვიცხოვრე. მე არ ვარ ისტორიკოსი, არც რაიმე ინტერესი მქონია გავცნობოდი სპეციალურ ისტორიულ–პუბლიცისტური ხასიათის ლიტერატურას. გადმოქცემთ იმას, რაც დამამახსოვრდა, დამაფიქრა და ჩემებური ანალიზის გაკეთების სურვილი აღმიძვრა, ანუ ეს არის ქართული საზოგადოების რიგითი, ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას ნეიტრალური წევრის მიერ დანახული და აღქმული სურათი. ჩემნაირი, ალბათ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაა. კარგი იქნება, თუ ის პოლიტიკოსები, სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც აქვთ ამბიცია შეაფასონ საზოგადოების განწყობა და განსაზღვრონ მომავალი განვითარების მიმართულება, გაეცნობიან ამ ჩემს და მრავალ სხვათა მსგავს ჩანაწერებს. თუ ჩვენ ცალმხრივად ვუყურებდით მოვლენებს, ან მცდარი წარმოდგენები გვქონდა ფაქტების უცოდინარობის ან  არასწორი ანალიზის გამო, მიუკერძოებლად აგვიხსნან და დაგვანახონ ჭეშმარიტი სურათი. ხოლო თუ ჩათვლიან, რომ ძირითადად სწორედ ვაფასებდით რეალობას, მომავალი პოლიტიკის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი  ჩვენი დამოკიდებულება.     
მე მახსოვს ქართული საზოგადოების ყოფა მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებიდან. ამ პერიოდიდან მოყოლებული დაახლოებით ნახევარი საუკუნის  განმავლობაში ვცხოვრობდით პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში, რომელსაც ჯერ სოციალისტური ერქვა, შემდეგ განვითარებული სოციალიზმი, ბოლოს კი კომუნისტური. სახელმწიფო იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომლის შემადგენლობაში ბოლოს 16 რესპუბლიკა შედიოდა, მათ შორის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაც. კონსტიტუციით ყველა რესპუბლიკა თანასწორუფლებიანი იყო, ითვლებოდა, რომ ყველა რესპუბლიკა  ნებაყოფილობით გაერთიანდა საბჭოთა კავშირში და თვითოეულს კონსტიტუციურად ქონდა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფდა მოქალაქეთა უფასო სამედიცინო მომსახურებას და განათლებას, დასაქმებას სახელმწიფო საწარმოებში და ორგანიზაციებში. შრომის ანაზღაურება და პენსია გამდიდრების საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ იმ სისტემაში ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი იყო. ქალაქებში საცხოვრებელი ფართით ოჯახების უმრავლესობა სახელმწიფოს ხარჯზე იყო უზრუნველყოფილი. სოფლად მოსახლეობა შრომობდა კოლექტიურ მეურნეობებში (ე.წ. კოლმეურნეობა) და სახელმწიფო მეურნეობებში, საიდანაც იღებდა ფულად შემოსავალს, ამასთან ერთად გააჩნდათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, რომელზე მოყვანილი პროდუქტი აკმაყოფილებდა ოჯახის მოთხოვნებს ბოსტნეულზე, ბაღჩეულსა და ხილზე, ყავდათ შინაური ფრინველი და პირუტყვი. მართალია პროდუქტებისა და საქონლის ასორტიმენტი გარკვეულწილად შეზღუდული იყო და ფართო არჩევანის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ ყველა ოჯახს მეტნაკლებად ქონდა ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო ნორმალური ცხოვრებისთვის. გადასახადების ტარიფები იყო დაბალი და ოჯახის შემოსავლის უდიდესი ნაწილი ოჯახშივე იხარჯებოდა. საგრძნობლად დაბალი იყო მთელი რიგი პირველი მოხმარების საქონლისა და პროდუქტის ფასები. მოსახლეობას ქონდა საშუალება მნიშვნელოვანი დრო დაეთმო დასვენებისთვის, სპორტისთვის, გართობისთვის. პრაქტიკულად ყველა ოჯახის კეთილდღეობა წლიდან წლამდე განუწყვეტლივ მაღლდებოდა. ვინაიდან პიროვნებას პირად საკუთრებაში დიდი ქონების დაგროვების ლეგალური საშუალება არ ქონდა, ფული და დიდძალი კერძო საკუთრება არ წარმოადგენდა პრიორიტეტულ ღირებულებას, რომელიც მას განსაკუთრებულ პატივისცემას მოუპოვებდა. სახელის მოხვეჭა და საყოველთაო პატივისცემის დამსახურება ძირითადად მიიღწეოდა შემოქმედებითი საქმიანობით, სამეცნიერო, სახელმწიფო, პარტიული, საზოგადოებრივი მოღვაწეობით, სპორტული წარმატებებით. ქვეყანაში სუფევდა მშვიდობა. საზოგადოებაში გამორიცხული იყო დაპირისპირება პოლიტიკური, ეთნიკური, ქონებრივი ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით. სახელმწიფო მკაცრად იცავდა მის მიერ დადგენილ საზოგადოებრივ წესრიგს.
ერთი შეხედვით, ალბათ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ იდეალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობა ყოფილა დამყარებული, ორიენტირებული ხალხის მასების კეთილდღეობაზე (როგორც ხუმრობით ამბობდნენ ხოლმე „ნამდვილი კომუნიზმი“), სიღატაკე დაძლეული იყო (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში მაინც), თითქმის ყველა შრომისუნარიანი იყო დასაქმებული, საცხოვრებელი ბინა ყველა ოჯახს გააჩნდა, ოჯახში ყველას ქონდა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ბევრს ქონდა საკუთარი ავტომანქანა, აგარაკი. მაგრამ როგორც იტყვიან მედალს ორი მხარე აქვსო.
მეორე მხარე კი რეალურად ასეთი იყო:
1.      საბჭოთა კავშირი სინამდვილეში არ წარმოადგენდა რესპუბლიკების ნებაყოფილობით გაერთიანებას. რუსეთის ძალმომრეობა დავიწყებული არ იყო. იგი ყოველთვის, თვით ბოლო პერიოდშიც კი, მნიშვნელოვნად იგრძნობოდა. მოსკოვი კარნახობდა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებს ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას დანარჩენ მსოფლიოსთან. რუსეთი იყო „უფროსი ძმა“ და „უმცროს ძმებს“ მორჩილად უნდა შეესრულებინათ მისი ყველა მოთხოვნა. მოკლედ „მოძმე“ რესპუბლიკები თავს გრძნობდნენ „რუსეთის იმპერიის“ პროვინციებად. ეს კი შეურაცყოფდა მათ ნაციონალურ თავმოყვარეობას. განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა ეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსა და საქართველოში. კონსტიტუციური უფლება საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ნებაყოფილობითი გასვლის შესახებ სინამდვილეში მითს წარმოადგენდა. ნაციონალური თვითშეგნება და დამოუკიდებლობის სურვილი  მხოლოდ მიძინებული იყო, ან მიძინებულად აჩვენებდა თავს და ელოდა შესაფერის სიტუაციას, რათა დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა.
2.      საბჭოთა სახელმწიფო ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე (უქმნიდა მათ ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს) გარკვეული (მნიშვნელოვანი) პიროვნული შეზღუდვების სანაცვლოდ. საბჭოთა მოქალაქე იყო „ჭანჭიკი“ საერთო სახელმწიფო მანქანისა, რაც მკაცრ ჩარჩოებში აქცევდა მას და ართმევდა პიროვნების ინდივიდუალობის დამახასიათებელ ნიშნებს. დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, ისეთი როგორიც არის პოლიტიკური თავისუფლებები, საბჭოთა მოქალაქეზე არ ვრცელდებოდა. საბჭოთა კავშირში იყო ერთპარტიული სისტემა. კომუნისტური პარტიის გარდა სხვა პარტიების არსებობა დაუშვებელი იყო. შესაბამისად შეზღუდული იყო სიტყვის თავისუფლებაც. კომუნისტური პარტიის და არსებული პოლიტიკური სისტემის კრიტიკა აღქმული იყო როგორც სახელმწიფოს ღალატი, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ აკრძალული იყო კომუნისტური პარტიის შეხედულებებისაგან განსხვავებული აზრის გამოთქმა.
3.          აკრძალული იყო კერძო საკუთრება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა კომერციული სამეურნეო საქმიანობისთვის, რაც ასევე წარმოადგენდა პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას და ადამიანებს ჩანასახშივე უკლავდა სტიმულს, ინტერესს თავისი უნარი, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოემჟღავნებინა ეკონომიკური წარმატების მისაღწევად. საბჭოთა ადამიანი არ შეიძლებოდა ეკონომიკურად თავისუფალი ყოფილიყო. მას მხოლოდ სახელმწიფოსგან შეეძლო მიეღო ეკონომიკური სიკეთე (ისიც გარკვეულ შეზღუდულ, კომუნისტური სახელმწიფოს მიერ დასაშვებად დადგენილ ფარგლებში). საკუთრებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო, ადამიანებმა დაკარეს საზოგადო ქონების მოვლა-პატრონობის ვალდებულების გრძნობა. ხალხი შრომობდა, დოვლათი გროვდებოდა, ამ დოვლათს განკარგავდა სახელმწიფო და ადამიანებს არ ქონდა იმის შეგრძნება, რომ იგი იყო თანამონაწილე  ამ დოვლათის შექმნის და შესაბამისად მისი თანამფლობელი. სახელმწიფო აღქმული იყო როგორც ხალხისგან ცალკე მდგომი სუბიექტი და ხალხი სრულ სახელმწიფო მორჩილებაში უნდა ყოფილიყო.  
შეიძლება სხვა მრავალი ნეგატიური მხარეც გააჩნდა მაშინდელ ყოფას, მაგრამ ჩემის აზრით მთავარი იყო ნაციონალური, პოლიტიკური და პიროვნების უფლებების შეზღუდვები.
არსებული სოციალურ-პოლიტიკური წყობის დადებით და უარყოფით მხარეებს შორის თანაფარდობა მთელი ამ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთნაირი არ იყო. რაც დრო გადიოდა ადამიანები უარყოფითი ტენდენციების წვლილს უფრო მძაფრად გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩამოყალიბებულიყო საბჭოთა ადამიანი და ერთიანი საბჭოთა ხალხი, მან ეს ვერ შეძლო. პირიქით, რაც უფრო მეტ ღონისძიებებს ატარებდა ამ მიმართულებით, მით უფრო იზრდებოდა „უმცროს ძმებში“ საბჭოთა სახელმწიფოსადმი გაუცხოება და ეროვნული თვითშეგნების ამაღლება. საბჭოთა კავშირის ძლიერებას მხოლოდ ძლიერი სამხედრო-ტექნიკური კომპლექსი უზრუნველყოფდა. ამ კომპლექსის განვითარებისთვის სახელმწიფო სახსრებს არ იშურებდა. ძალისმიერი მეთოდებით იგი არა მარტო საბჭოთა კავშირის ერთიანობას, არამედ ე.წ. სოციალისტურ ბანაკსაც ინარჩუნებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო სამხედრო ძალის გამოყენება უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში. საბჭოთა კავშირი არაპირდაპირი გზით იყო ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების ომებში კორეასა და ვიეტნამში. ხოლო 1979 წლიდან მთელი ათი წელი გაატარა ავღანეთის ომში.
დაზუსტებით არ ვიცი სხვა რესპუბლიკებში რა მდგომარეობა იყო, ამიტომ გავიხსენებ მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. 50-იან და 60-იან წლებში  საბჭოური ღირებულებებისადმი პატივისცემა და საბჭოთა ცხოვრების სტილის უპირატესობის აღიარება გაბატონებულია ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილში. მართალია 1956 წელს მოხდა მეტად მნიშვნელოვანი კონფლიქტი ქართულ ეროვნულ თვითშეგნებასა და საბჭოთა სახელმწიფოებრივ პრინციპებს შორის,  მაგრამ ეს დაპირისპირება სახელმწიფომ მკაცრად აღკვეცა და საზოგადოებრივი ცხოვრება მის მიერ დადგენილ კალაპოტში მიმართა. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ 1956 წლის დაპირისპირების მაპროვოცირებელი იყო სტალინის პიროვნებისადმი დამოკიდებულება და არა ქართული ეროვნული სახელმწიფოს შექმნის სახალხო სურვილი და მზადყოფნა. 50-იანი და 60-იანი წლების საქართველო განვითარდა, გაძლიერდა, თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში. დაფასებული იყო ნიჭიერება, განათლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა. ამ პერიოდის სულისკვეთება კარგად ჩანს ქართულ მხატვრულ ფილმებში: „ჩვენი ეზო“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „საბუდარელი ჭაბუკი“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, „კეთილი ადამიანები“. მართალია ამ ფილმებში საკმაოდ მძლავრია პროპაგანდისტური ელემენტი, მაგრამ ისინი საკმაოდ რეალურად ასახავდნენ იმ დროინდელ ყოფას.
70-იანი და 80-იანი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. „რკინის ფარდა“, რომლითაც საბჭოთა სახელმწიფოს მოსახლეობა გამოყოფილი იყო დანარჩენი მსოფლიოსგან თანდათან დაეშვა. ადამიანთა სულ უფრო მეტი და მეტი მასებისთვის ხელმისწვდომი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი სხვა ქვეყნებში. გერმანულ ორ სახელმწიფოში ხალხის ცხოვრების დონის შედარება სოციალისტური წყობის უპირატესობის მითს ანგრევდა. შეიცვალა ადმიანების დამოკიდებულება ქონებისადმი, ფულისადმი. თუ ადრე გავრცელებული იყო მორალი „ფული ხელის ჭუჭყია“, ახლა იგი თანდათან შეიცვალა  და დამკვიდრდა შეხედულება, რომ „ფული ყველაფერია, ფულით ყველაფერს მიაღწევ“. ბევრი ფულის დაგროვება ცხოვრების მიზანი გახდა. ვინაიდან საბჭოთა სახელმწიფოს კანონმდებლობაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, დიდი „ფულის შოვნა“ კანონიერი გზით კვლავ შეუძლებელი იყო, შეიქმნა  „შავი“ (ფარული) ეკონომიკა, ჩამოყალიბდა „საქმოსანთა“ კატეგორია, რომლებიც უდაოდ ნიჭიერი ბიზნესმენები იყვნენ და შეეძლოთ წარმატებული მენეჯმენტის განხორციელება, მაგრამ ყოველივე ამას ახორციელებდნენ არალეგალურად, ვინაიდან კანონმდებლობით მათი საქმიანობა აკრძალული იყო და ისინი დამნაშავეებად მოიაზრებოდნენ. ასეთმა პირობებმა ხელი შეუწყო კორუპციის საყოველთაოდ გავრცელებას. თავდაპირველად დამკვიდრდა პროტექციონიზმი და თანდათან იგი ტრანსფორმირდა კორუფციაში. ყველაზე მნიშვნელოვნად შეირყა დამოკიდებულება განათლებისადმი. სწავლა რთული და ძნელი პროცესია, საკმაოდ მძიმე შრომა სჭირდება და ადამიანისგან მოითხოვს სულიერი ძალების მაქსიმალურად დაძაბვას, ხოლო თუ შესაბამისი ნიჭიც არ მოგდევს, მაშინ ჭეშმარიტი ცოდნის მიღების პროცესი ჯოჯოხეთად გადაგექცევა. ხოდა, რა საჭიროა თავის მოკვლა ცოდნის შესაძენად, როცა „ფულით შეიძლება ყველაფრის მიღწევა“. აი ასეთმა მორალმა მოიკიდა ფეხი საზოგადოებაში და ყველა შემდგომი უბედურების სათავე გახდა. ახალგაზრდების მიზანი გახდა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომის მიღება და არა პროფესიული ცოდნის დაუფლება. თუკი დიპლომის მიღება ცოდნის გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა, რატომ უნდა დაეხარჯათ  სტუდენტური ცხოვრების უმშვენიერესი წლები ამ მძიმე შრომაზე? (რასაკვირველია, ეს ყველაზე არ ითქმის. მაშინაც იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი ქონდათ და  მათთვის სწავლის პროცესი სასიამოვნო და საინტერესო იყო.) შეიქმნა ვითარება, რომელიც „შემოსავლიანი“ თანამდებობების დაუმსახურებლად დაკავების საშუალებას იძლეოდა, უფრო სწორედ „დაუმსახურებლად“ ვერაფერსაც ვერ მიაღწევდი, მაგრამ დამსახურებად განათლება, საქმის ცოდნა და გამოცდილება კი არ ითვლებოდა, არამედ ქრთამის ოდენობა. ცხადია, კომუნისტური პარტიის წევრობა მნიშვნელოვან უპირატესობას იძლეოდა სასურველი თანამდებობის დაკავებისთვის. ამიტომ მომრავლდა კომუნისტურ პარტიაში ანგარებით და არა მსოფლმხედველობის გამო გაწევრიანებულთა რაოდენობა, რაც გახდა კომპარტიის დაუძლურების, კორუფციის ჭაობში ჩაფლობის მიზეზი. საოცარია, მაგრამ ხელოვნების, მეცნიერების წინსვლა  და მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტში არ შეწყვეტილა. როგორც ჩანს ამ კუთხით ნიჭის გამოვლენა ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ. შეიქმნა კინოშედევრები, მაგრამ ვერ ვიხსენებ ამ პერიოდის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების რეალისტურად ამსახველ ფილმებს. ერთადერთი „როცა აყვავდა ნუში“ მახსენდება, სადაც უკვე ჩანს, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად დაშვებულია ტყუილი. მართალია 80-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირის ეკრანებზე გაუშვეს თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“, რომელიც 1984 წელს იყო გადაღებული, მაგრამ მანამდე საზოგადოება აშკარად არა თუ არ გამოხატავდა პროტესტს, არამედ ეს პერიოდი საყოველთაო კეთილდეობის პერიოდად იყო მიჩნეული. საბედნიეროდ ამ დაწყებული დეგრადაციის წლებშიც გამოვლინდა ქართველი ხალხის მიძინებული ეროვნული თვითშეგნება და ავიცდინეთ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაკარგვის რეალური საშიშროება. 1978 წელს ქართველი ერი წინაღუდგა საკავშირო ხელისუფლების მცდელობას საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენის გამოცხადებას, რაც ავტომატურად გულისხმობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციიდან ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ამოღებას.
ახალი ეტაპი დაიწყო 80-იანი წლების შუა პერიოდიდან, რომელიც ე.წ. „პერესტროიკის“ სახელითაა ცნობილი. 1986 წლის ჩერნობილის ტრაგედიამ მთელ მსოფლიოს, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უშუალოდ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას თვალსაჩინოდ დაანახა საბჭოთა სახელმწიფოს არაჰუმანური ხასიათი, სახელმწიფოს მზადყოფნა გაეწირა საკუთარი ხალხი და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა. კომუნისტური პარტიის ცენტრალური ხელმძღვანელობის მცდელობა, როგორმე ამოეთრიათ ჭაობში ჩაფლული საბჭოთა კავშირი უშედეგო აღმოჩნდა. უშედეგო აღმოჩნდა იმის გამო, რომ ვერ გათვალეს თავიანთი გადაწყვეტილების შედეგები, ხელიდან გაუშვეს ქვეყნის მართვის სადავეები და პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება პრაქტიკულად თვითდინებით განვითარდა. საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო ეკონომიკურ შეჯიბრს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ქვეყნის ხელმძღვანელობას, მთლიანად მოსახლეობას ნათლად გააზრებულიც კი არ ქონდა, თუ რისი მიღწევა სურდა. როცა მიზანი გამოკვეთილი არ არის, მიზნის მიღწევის გზებზე ლაპარაკიც უაზროა. ერთადერთი ის იგრძნობოდა, რომ ასე საბჭოთა კავშირის არსებობა შეუძლებელი იყო. მაგრამ რადგან უცნობი იყო ქვეყნის ტრანსფორმაცია რა მიმართულებით უნდა წასულიყო, დაიწყო ყველაფერი ძველის ნგრევა. თავდაპირველად საკავშირო ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ პროცესს წინაღდგომოდა ძველი, გამოცდილი, ძალისმიერი მეთოდებით. ამის მაგალითი იყო 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედია (ეს ტრაგედია ერთადერთი არ ყოფილა. მსგავსი სისხლისღვრა სხვაგანაც მოხდა). მაგრამ სახელმწიფოს ასეთმა რეაქციამ უფრო დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა. საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს მაღალ ჩინოსნებს აწყობდაც კიდეც ქვეყნის დაშლა სტიქიურად, იურიდიულად ყოველმხრივ გააზრებისა და შეთანხმების გარეშე, რადგან ასეთ შემთხვევაში საშუალება ეძლეოდათ უპრობლემოდ მიეთვისებინათ კომპარტიისა და სახელმწიფოს ფინანსური სახსრები. მოკლედ, საბჭოთა კავშირი დაიშალა სტიქიურად, დაჩქარებულად, გაუაზრებლად, მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველომ მიიღო ნანატრი დამოუკიდებლობა. მართალია, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა  უფრო ადრე (1991 წლის 9 აპრილი), ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად დადასტურდა (1991 წლის 26 დეკემბერი), მაგრამ ფაქტია, რომ საქართველომ დამოუკიდებლობას მიაღწია საბჭოთა კავშირის ღრმა,  შეუქცევადი კრიზისის გამო. განმეორდა ის, რაც შედეგად მოყვა მეფის რუსეთის დამხობასა და რუსეთის იმპერიის დაშლას. ამ თვალსაზრისით 1918 და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობები ძალიან გავს ერთმანეთს.
მე უკვე აღვნიშნე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მოხდა მომავალზე სერიოზული, ჭკვიანური დაფიქრების გარეშე. იყო თუ არა საქართველო დამოუკიდებლობისთვის მზად, ამ კითხვას არავინ არ სვავდა. ამ კითხვის დასმას არც ქონდა აზრი. ვინმეს რომ ეთქვა არ ვართო მზად, რა, უარს ვიტყოდით დამოუკიდებლობაზე? ცხადია, არ ვიტყოდით. მთავარი იყო დამოუკიდებლობის მოპოვება და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ხომ „გვაქვს ბორჯომის წყალი, მარტო მისგან მიღებული შემოსავლით შეიძლება ცხოვრება“. ასეთი იყო განწყობა.
ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია, რომელიც ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი იყო, და ავტომატურად ჩაითვალა ასევე ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერად. იმის გამო, რომ დისიდენტობიდან პოლიტიკაში მოსულ მოღვაწეებს არ ეყოთ ცოდნა, ჭკუა და გამოცდილება, მათ ვერ შეძლეს ახლად დაბადებული ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების სწორი გზის გამოძებნა. არც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი აღმოჩნდა ბრძენი, ხოლო დანარჩენი პასიური ნაწილი ჩუმად ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესებს, ალბათ, იმის გამო, რომ არც მათ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ და შეცდომების დაშვებას აარიდეს თავი. ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებულმა პოლიტიკურმა შეცდომებმა ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილი გახლიჩა, რასაც შედეგად მოყვა სამოქალაქო ომი, მთელი თავისი უსამართლობითა და სისასტიკით.
ასე იყო თუ ისე, პირველი პრეზიდენტი გააძევეს და საქართველოში უმაღლეს ხელისუფლად კვლავ დაბრუნდა ედუარ შევარდნაძე. იგი გამჭრიახ, გამოცდილ პოლიტიკოსად ითვლებოდა და საზოგადოებას იმედი ქონდა, რომ მოახერხებდა მდგომარეობის გამოსწორებას. მაგრამ მასაც მოუვიდა საბედისწერო შეცდომა, რის გამოც ოფიციალურად დაიწყო ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთი ფაქტობრივად გამოეყო საქართველოს. ქართული მოსახლეობა აფხაზეთიდან გამოძევებული იქნა და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად გადაიქცა. არ ვიცი, რიგითი მოსახლეობაც გამოაძევეს, თუ შეშინებულებმა თვითონ დატოვეს საკუთარი კარმიდამო, მაგრამ ფაქტია, რომ დაახლოებით 250 ათასი ლტოლვილის მამაპაპისეული სახლ-კარი კანონიერი მფლობელების მიერ მიტოვებული აღმოჩნდა. საბოლოოდ მაინც მოხერხდა შეიარაღებული დაპირისპირებების აღკვეთა.
იმ დროინდელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებაში ჩავარდა. დაიხურა და გაპარტახდა სახელმწიფო საწარმოები და ორგანიზაციები. უამრავი ხალხი დარჩა უმუშევარი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. უფრო მეტიც, ხალხმა დაკარგა ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული დანაზოგი, რომელიც მაშინდელ შემნახველ სალაროებში ქონდათ შეტანილი. ფული გაუფასურდა, იგი შეცვალა კუპონებმა და მილიონ კუპონს „კაპიკის ფასი“ ქონდა. ძირითადი საკვები პროდუქტი - პური შეზღუდული რაოდენობით ტალონებით გაიცემოდა. ხალხი დღის უმეტეს ნაწილს სურსათის რიგებში ატარებდა. ქვეყანა ჩაბნელდა - არ იყო ელექტროენერგია, ზამთარს გათბობის გარეშე ვატარებდით.  მოკლედ მეტად მძიმე ეკონომიკური ვითარება შეიქმნა. სურსათის მოსაპოვებლად ადამიანები  ყიდდნენ ყველაფერს, რაც ადრე ათეული წლების შრომით ქონდათ ოჯახში შეძენილი. გავრცელდა ქურდობა და ყაჩაღობა. გაიძარცვა და გაჩანაგდა სახელმწიფო საწარმოები. საუკეთესო მოწყობილობა-დანადგარები ჯართის სახით კაპიკებად გაქონდათ საზღვარგარეთ. ის რაც მთელი ხალხის ქონებას წარმოადგენდა უპრობლემოდ მიითვისეს პიროვნებებმა, რომელთაც აღმოაჩნდათ „მღვრიე წყალში თევზის ჭერის“ განსაკუთრებული უნარი. მართალია მოგვიანებით მოსახლეობას დაურიგეს ე.წ. ვაუჩერები, რომლებიც განსაზღვრავდა თითოეული მოქალაქის წილს საერთო სახალხო ქონებაში, მაგრამ ამ დროისთვის სახალხო ქონების მითვისება, გაფლანგვა და გაპარტახება უკვე თითქმის დასრულებული იყო და ვაუჩერის ნომინალური ღირებულება მიზერული გახდა (ადრე ამ ოდენობის ფულს, „ჯიბის ფულს“ უწოდებდნენ და დანახარჯის დათვლისას მხედველობაშიც კი არ იღებდნენ).
მშვიდობის დამყარებას შედეგად მაინც მოყვა ეკონომიკური მდგომარეობის მეტ-ნაკლები გაუმჯობესება. შემოღებული იქნა ახალი ქართული ვალუტა. დაიწყეს ხელფასების გაცემა. პურზე საბარათო სისტემა გაუქმდა. თანდათან დაიწყო პრივატიზაციის პროცესი. ამოძრავდა კერძო ბიზნესი. მოკლედ დაიწყო სოციალისტური ეკონომიკური ურთიერთობებიდან კაპიტალისტურზე გადასვლის პროცესი. ასე იყო, თუ ისე 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა გარკვეული ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ საერთო სავალალო მდგომარეობას ჯერ-ჯერობით საშველი არ უჩანდა. მომრავლდა მათხოვრები, მათ შორის ბავშვები. (მე კარგად მახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. მაშინაც თბილისი გაივსო მათხოვრებით, მაგრამ მათ შორის მე არ მინახავს ქართველი მათხოვარი, ყველა იყო ჩამოსული ომით გადამწვარ-გაჩანაგებული რესპუბლიკებიდან.) მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთო ვაჭრობაში (უფრო სწორედ ყიდვა-გაყიდვაში, რასაც კომუნისტების დროს სპეკულაციას უწოდებდნენ). ასეთ ვითარებასთან უკეთ შეგუების უნარი აღმოაჩნდათ ქალებს, კაცებმა ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ ტრესს. ოჯახის მოვლა-პატრონობის (გამოკვების) ტვირთი გადავიდა „სუსტი სქესის“ მხრებზე. ბევრმა მამაკაცმა ვერ იპოვა თავისი ადგილი ეკონომიკური ურთიერთობების ახალ სისტემაში, დარჩა უმუშევარი და უსაქმობისგან მიეძალა ალკოგოლსა და ნარკოტიკებს. თანდათან ვშორდებით რუსეთს და ვეხუტებით ამერიკას. ძირითადად ვცხოვრობთ საზღვარგარეთული დახმარებითა და ინვესტიციებით. საზღვარგარეთიდან მიღებული კრედიტები ისევ საზღვარგარეთული საქონლის შემოტანაზე იხარჯება. სოფლის მეურნეობის პროდუქციაც კი თითქმის უმეტესად საზღვარგარეთიდან შემოდის. ქართული სოფელი გაჩანაგდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თბილისისკენ დაიძრა, სადაც აღებ-მიცემობის საშუალება იყო. თბილისის ბაზრების, მეტროს სადგურებისა და სხვა ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების მიმდებარე ტერიტორიები სახელდახელოდ გადაიქცა ბაზრობებად. გასაყიდად გამოტანილი იყო ყველაფერი. ერთმანეთის გვერდით, პირდაპირ მიწაზე გაფენილ ცელოფნებზე ეყარა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მისი ნაწილები და სასურსათო პროდუქტები. ყველგან სუფევდა ანტისანიტარია.
დადგა XXI საუკუნე. სურვილი გვაქვს გავხდეთ ევროპული თანამეგობრობის წევრი. დიდ იმედებს ვამყარებთ „ნატო“-ზე, გვწამს, რომ მხოლოდ ის არის  ერთადერთი გარანტი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშვიდობიანი მშენებლობისა. დეკლარირებული გვაქვს დემოკრატიული ღირებულებები. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არის საყოველთაო კეთილდღეობის საფუძველი. მაგრამ მენტალურად ჯერ კიდევ ღრმად ვართ ჩარჩენილი სოციალისტურ წარსულში. ყველაფერს ვითხოვთ სახელმწიფოსგან. ადამიანები თავისუფალ პიროვნებებად ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, არ შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით მიხედონ საკუთარ ოჯახს. უბრალო მაგალითი, წვიმის დროს წყალი ჩამოსდის ჭერიდან, უნადგურდება ბინა, ავეჯი, ის კი იმის მაგივრად, რომ სახურავზე ავიდეს და შეაკეთოს დაზიანება, უმოქმედოთ ზის და ელოდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ერთადერთი რაც კარგად ავითვისეთ, არის სიტყვის თავისუფლება. მოიხსნა ცენზურა ბეჭდვით პრესასა და ტელევიზიაზე. სამწუხაროდ დემოკრატიის ეს შენაძენიც ვერ იქნა ეფექტურად გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. პირიქით, გარკვეულ წილად ხელი შეუწყო უზნეობის, ძალადობის მომრავლებას.
ქვეყნის სტაბილურობა კარგია, როცა განვითარების მაღალ საფეხურზე ხარ, არ გაწუხებს ეკონომიკური პრობლემები, არ არის დარღვეული სახელმწიფოს ერთიანობა, წინ ნათელი ჰორიზონტი ჩანს და საშუალება გაქვს მტკიცე, გამოზომილი ნაბიჯებით იარო პროგრესის გზაზე. დამყაყებული, კორუფციაში ჩაფლული, უპერსპექტივო სტაბილური მდგომარეობის ატანა კი შეუძლებელია. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში (მაშინდელ მმართველ პარტიაში - მოქალაქეთა კავშირში) გამოჩნდნენ ახალგაზრდული ძალები, რომლებიც არ შეეგუენ არსებულ მდგომარეობას, გამოიყენეს მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, ჩაშალეს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა (არ მისცეს პრეზიდენტს სხდომის გახსნის საშუალება) და აიძულეს ედუარდ შევარდნაძე გადამდგარიყო პრეზიდენტის პოსტიდან. არ ვიცი, რამდენად მწვავე იყო დაპირისპირება და პრეზიდენტს რომ არ მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება, დაიღვრებოდა თუ არა ძმათა სისხლი, მაგრამ პრეზიდენტი გადადგა და ყველაფერი უსისხლოდ დასრულდა. მოხდა მშვიდობიანი, ე.წ. „ვარდების“ რევოლუცია (2003 წლის ნოემბერი). „ვარდების“ რევოლუციას სამი გამოკვეთილი ლიდერი ყავდა - მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე და მათ გაინაწილეს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები: სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ჟვანია პრემიერ-მინისტრი, ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი, იმდენად აღსავსე ურთიერთსაპირისპირო, თითქმის ერთმანეთის გამომრიცხავი სწორი, სასიკეთო და მცდარი, საზიანო გადაწყვეტილებებითა და ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებით მიღებული პოზიტიურ-ნეგატიური შედეგებით, რომ ამ პერიოდის გააზრებული შეფასება მხოლოდ შორეულ მომავალში იქნება შესაძლებელი. დღევანდელი გადასახედიდან კი გამოკვეთილად ჩანს შემდეგი:
დადებითი
·         სახელმწიფო სამსახურების მომსახურება შეუდარებლად გაუმჯობესდა, ამოიძირკვა კორუპცია, რომელიც ადრე სახელმწიფოს ამ რგოლში გაბატონებული იყო. დაინერგა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები.
·         გაიზარდა სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა ხელფასი.
·         მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ეს ითქმის ავტომაგისტრალებზე.
·         გაუმჯობესდა მთელი რიგი ქალაქებისა და დაბების იერსახე, ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, სასმელი წყლით მომარაგება. გარემონტდა ძველი და აშენდა ახალი შენობები. გაუმჯობესდა შიდა გზები, თანდათან მოწესრიგებული ხდება ტრანსპორტის მოძრაობა.
·         გაუმჯობესდა ტურისტული ბაზები. ამაღლდა ტურისტთა მომსახურების დონე.
·         დაფასდა ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგია, ამაღლდა ღვინის წარმოების კუტურა, მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნილება მაღალხარისხოვან ქართულ ღვინოზე.
·         დაინერგა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი სახელმწიფო გამოცდები.
უარყოფითი
·         სახელმწიფომ ვერ მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. დაუშვა დიპლომატიური ხასიათის შეცდომები, ჩათრეული იქნა რუსეთთან უთანასწორო ომში, რომელიც საქართველოსთვის სავალალოდ დამთავრდა.
·         მრავალპარტიულობა მხოლოდ სიტყვიერად არის დეკლარირებული, პრაქტიკულად კი ჩამოყალიბებულია ერთპარტიული სისტემა. ე.წ. „ოპონენტური პარტიები“ სინამდვილეში კონკრეტული ლიდერების გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფებია, რომელთაც ერთმანეთისგან ასხვავებს ლიდერის პიროვნება და არა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის პროგრამა. დემოკრატიულმა განვითარებამ კურსი იცვალა და ავტორიტარული რეჟიმის ნიშნები შეიძინა. ჩამოყალიბდა პოლიციური სახელმწიფო.
·         უმუშევარია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ნაწილს აქვს დროებითი შემოსავალი. ისინიც კი, რომელთაც აქვთ სამსახური, გამუდმებით სამსახურის დაკარგვის შიშს განიცდიან. „ავადსახსენებელი კომუნისტური წარსულისგან“ განსხვავებით, როდესაც მომავალი ნორმალური ცხოვრება ყველას გარანტირებული ქონდა, ახლა მოსახლეობის უმრავლესობა ხვალინდელ დღეს შიშით შეყურებს.
·         მოსახლეობაში ვერ დამკვიდრდა სამართლიანობის განცდა. ნდობას არ იმსახურებს სასამართლო. კანონმორჩილება მიღწეულია კანონდამცველი სტრუქტურების შიშით და არა კანონმდებლობის სამართლიანობის შეგნებით.  კანონები იქმნება არა საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგებისთვის, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ადმინისტრირების გაადვილების მიზნით.
·         ყალიბდება ეკონომიკური სისტემა ველური კაპიტალიზმის დამახასიათებელი ნიშნებით. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების შიდა წყაროებიდან მნიშვნელოვანი წვლილი მოდის საჯარიმო სანქციებზე, საპროცესო გარიგებებზე, მოკლედ, არასაწარმოო ხასიათის შემოსავლებზე. ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მეტად დიდ რისკთან არის დაკავშირებული კერძო ბიზნესის წამოწყება. ხშირ შემთხვევაში ასეთ მცდელობას მოსდევს გაკოტრება და ბიზნესში დაბანდებული სახსრების სრულად დაკარგვა. არც თუ იშვიათად ასეთ დღეში ვარდება არა მარტო წვრილი და საშუალო ბიზნესი, არამედ მსხვილი კორპორაციებიც კი. შედარებით განვითარდა მხოლოდ საბანკო ბიზნესი.
·         პრაქტიკულად მოისპო მეურნეობის მთელი რიგი დარგები, რომლებიც განვითარებული იყო საბჭოთა საქართველოში. ჩაკვდა მსუბუქი მრეწველობა, არადა იყო დრო, როდესაც ქართული აბრეშუმის ნაწარმი და მაუდ-კამვოლის პროდუქცია დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა. იგივე ითქმის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ წარმოებაზეც.
·         ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ მოუტანია განათლების რეფორმას და ძნელია იმის ცალსახად თქმა, რომ სწორი მიმართულება გვაქვს არჩეული.
·         განათლების რეფორმისგან განსხვავებით, რომლის შედეგების გამოვლენას დრო სჭირდება, მყისიერი შედეგი უნდა გამოეღო რეფორმას სამედიცინო სფეროში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ვერ გრძნობს, რომ მისი ჯანმრთელობის დაცვაზე ვინმე ზრუნავს. არა და ქვეყნისთვის რა შეიძლება იყოს მისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უფრო ძვირფასი?  მოსახლეობის უმრავლესობა არ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს სათანადო სახსრების უქონლობის გამო. ხოლო როდესაც იძულებულია, რომ მიმართოს, უკვე გვიანია და ის, რისი გამოსწორებაც სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებებით იქნებოდა შესაძლებელი, სავალალო შედეგით მთავრდება.
·         სახელმწიფოს ყურადღების გარეთ დარჩა მეცნიერება. არა და საქართველოს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი გააჩნდა ყოველთვის, რაც განპირობებული იყო სამეცნიერო საქმიანობის პრესტიჟულობით, დაფასებით, ქართველების მიდრეკილებით ცოდნის შეძენისა და სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისადმი. ასეთი ვითარების გამო მრავალი მაღალი რანგის ქართველი მეცნიერი მოღვაწეობს საზღვარგარეთ. გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები საერთო საკაცობრიო კუთვნილებას წარმოადგენს და რაღა საქართველომ უნდა გაიღოს სახსრები ამ მიღწევებისთვის,  მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მეცნიერების მიღწევებიც წარმოადგენს პროდუქტს, რომლის გაყიდვა შეიძლება. თუ კი შენს მოქალაქეებს კარგად შეუძლიათ აკეთონ ის, რისი გაყიდვაც შეიძლება, რატომ არ უნდა შეუწყო ხელი? უმჯობესია ყველანი ხელზე მოსამსახურეებად გადავიქცეთ და ტურისტების მომსახურებით მოვახერხოთ ცხოვრება? განსაკუთრებით გული მწყდება იმაზე, რომ საქართველოს სრულად შეეძლო განევითარებინა კომპიუტერული ტექნიკის წარმოება და ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. საქართველოში არის დარიშხანის საბადოები, ფუნქციონირებდა სამეცნიერო-ტექნიკური დაწესებულება „მიონი“, სადაც დამუშავებული და ათვისებული ქონდათ ნახევარგამტარული კრისტალების აგების (აშენების) ტექნოლოგია, ანუ შეეძლოთ მიკროპროცესორების შექმნა, თბილისში მუშაობდა მმართველ-გამომთვლელი ელექტრონული მანქანების ქარხანა, რომლის პროდუქცია საზღვარგარეთ იგზავნებოდა და გამოყენებული იყო პროგრამულად მართული ჩარხების მშენებლობაში. ასეთი ჩარხმშენებელი ქარხანა თბილისშიც იყო. საქართველოში იყო  მსოფლიო მასშტაბის ძლიერი მათემატიკური სკოლა, თბილისში მუშაობს ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მოკლედ არსებობდა ყველა პირობა კომპიუტერული ტექნიკის წარმოების სრული ციკლის გასამართავად. ჩვენ კი ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენეთ.
კიდევ მრავალი გამოუყენებელი შესაძლებლობების ჩამოთვლა შეიძლება, ალბათ. მე, ერთმა კონკრეტულმა მოქალაქემ, ცხადია ბევრი რამ არ ვიცი. სხვებმა შეავსონ ის, რაც მე გამომრჩა.
თუ არ დავკონკრეტდებით და ზოგად ტენდენციას ჩაუფიქრდებით, დავინახავთ, რომ იკვეთება ქართული იდენტობის დამახასიათებელი დადებითი თვისებების ამოძირკვის საშიში ტენდენცია, ყოველმხრივ იზღუდება მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავების შესაძლებლობა. პრიორიტეტად მიჩნეულია საქართველოს ტერიტორიის გადაქცევა უცხოელთათვის მოსაწონ, სასიამოვნო ადგილად, ხოლო მოსახლეობისა კი ამ უცხოელთა მომსახურე პერსონალად. ევროპასთან და  ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპირობო დაკავშირება და რუსეთთან ხიდების დაწვა თვითმიზანი არ უნდა იყოს. მიზანი არის საქართველოს კეთილდღეობა და გარე სამყაროსთან ურთიერთობა, დასავლური ღირებულებების დამკვიდრება არის ამ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტი. ხელისუფლებას ალბათ გულწრფელად სჯერა, რომ რასაც აკეთებს საქართველოს საკეთილდღეოდ აკეთებს, ალბათ გალამაზებულ ქალაქებში გავლისას ან პომპეზურ გასართობ ღონისძიებებზე დასწრებისას, სიამოვნების, სიხარულისა და სიამაყის გრძნობა ეუფლება.  ალბათ იგივეს გრძნობს მოქალაქეთა ის ნაწილიც, რომელსაც არ აწუხებს ეკონომიკური პრობლემები და რომლისთვისაც „ცხოვრება მშვენიერია“.  მაგრამ, დაფიქრდით ხელისუფალნო, მარტო თქვენთვის ხომ არ გაალამაზეთ გარემო? ხომ არ დაუკარგეთ მოსახლეობის უმრავლესობას ცხოვრების მშვენიერების აღქმის უნარი? როდესაც უამრავი სასიცოცხლო პრობლემა გიღრღნის ტვინს, გარემო ფერმკრთალდება, სინანულის ცრემლსა და აგრესიის სურვილს უფრო იწვევს, ვიდრე მშვენიერებით აღტაცებას. დროა ხელისუფლების ყველა მცდელობა მიმართული იყოს მთელი მოსახლეობის (და არა მხოლოდ მისი მცირე ნაწილის) კეთილდღეობის ამაღლებისკენ. ჯერჯერობით კი ხელისუფლების ძირითადი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა. მერწმუნეთ რომ, თუ მოსახლეობას ზრუნვას არ მოაკლებთ, ხელისუფლებას სპეციალური ზრუნვის გარეშეც შეინარჩუნებთ.

Saturday, June 25, 2011

ქართული კლავიატურა.

ქართულენოვანი მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად იყენებს კომპიუტერს. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქართულ ტექსტს ინგლისური ასოებით წერს. ეს ვითარება განსაკუთრებით თვალში საცემია სოციალურ ქსელებში.  თავი დავანებოთ იმას, რომ ასე დაწერილი ტექსტი ძნელი წასაკითხია. მთავარია ის, რომ იგი გამოხატავს აგდებულ, უპატივცემულო დამოკიდებულებას ქართული ენისადმი და კულტურის დაბალი დონის მაჩვენებელია. საკვირველია, მაგრამ ასე წერს მრავალი განათლებული ადამიანიც კი, რომელთაც უკულტურობას ნამდვილად ვერ დასწამებ. მაშასადამე მიზეზი სხვაა, როგორც ჩანს მათ არ აქვთ დაყენებული საკუთარ კომპიუტერზე მათთვის მოსახერხებელი ქართულენოვანი კლავიატურის დრაივერი და არც იციან როგორ დააყენონ. საკვირველია, რატომ არ აქცევენ ამ ვითარებას ყურადღებას კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები?
იძულებული ვარ მე ავიღო  ეს ვალდებულება და შეძლებისდაგვარად ავუხსნა მკითხველს, როგორ უნდა მოიქცეს, რომ ქართული ტექსტი ქართული ასოებით დაწეროს.
თანამედროვე კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა ტექსტების შესაქმნელად გამოყენებული იქნეს მსოფლიოში ცნობილი ყველა ალფაბეტი. საკმაოდ მარტივია მულტილინგვური ტექსტის დაწერაც კი. საჭიროა კომპიუტერზე დაყენებული იყოს ყველა იმ ენის შესაბამისი კლავიატურის დრაივერი, რომელთა გამოყენება სჭირდება მომხმარებელს. თანამედროვე ოპერაციულ სისტემებში გათვალისწინებულია ასეთი დრაივერები. საჭიროა მხოლოდ მათი დაყენება. ინგლისური ოპერაციული სისტემის ინსტოლაციის დროს ავტომატურად დგება მხოლოდ ინგლისურენოვანი დრაივერი. სხვა დრაივერების დაყენება მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. თუ რამდენიმე დრაივერია დაყენებული, მაშინ Toolbars (დესკტორზე სულ ქვედა ზოლში, მარჯვენა მხარეს) აუცილებლად გამოჩნდება ინგლისური ენის დრაივერის ჩართვის მაჩვენებელი პიქტოგრამა EN,  თუ მასზე მაუსით დააწკაპუნებთ, გაიხსნება Language bar და გამოჩნდება კომპიუტერზე დაყენებული სხვა დრაივერების პიქტოგრამებიც. თუ მათ შორის არის KA, ე.ი. ქართული კლავიატურის დრაივერიც ყოფილა დაყენებული. 
თუ ეს დრაივერი ოპერაციული სისტემის სტანდარტული ქართულენოვანი კლავიატურის დრაივერია, მაშინ კლავიატურაზე ქართული ასოების განლაგება შეესაბამება ქართული საბეჭდი მანქანის კლავიატურის განლაგებას. ასე რომ ის პიროვნებები, რომლებიც მიჩვეული იყვნენ ქართული საბეჭდი მანქანის გამოყენებას, თავისუფლად გამოიყენებენ ამ დრაივერს. სამწუხაროდ, კომპიუტერის ქართველ მომხმარებელთა უმრავლესობა მიჩვეულია ქართული ტექსტის აკრეფას კლავიატურით, რომელზეც ქართული ასოები ძირითადად ემთხვევა 26 ინგლისურ ასოს, დანარჩენი 7 ასოსთვის კი გამოყენებულია პირობითად არჩეული ინგლისური მთავრული 7 ასო. ბევრი უკვე ისე მიეჩვია კომპიუტერის კლავიატურაზე ქართული ასოების ამდაგვარ განლაგებას, რომ არ სურს სტანდარტულ ქართულ კლავიატურაზე გადართვა. მათთვის ამ სიტუაციიდან გამოსავალია ან არსებულ ქართულ დრაივერზე ასოების განლაგების მათთვის სასურველი სახით შეცვლა, ან ახალი სპეციალურად ინგლისური განლაგების მქონე ქართული დრაივერის დაყენება. არსებობს შესაბამისი პროგრამა, რომლის ინსტოლაციით იქმნება ინგლისური განლაგების მქონე ქართული დრაივერი (ILGEU.msi - Keyboard Layout Creator, English Layout). ზოგიერთი მიჩვეულია რუსული ასოების განლაგების მქონე ქართული დრაივერის გამოყენებას (შესაბამისი პროგრამაც შექმნილია ILGRU.msi - Keyboard Layout Creator, Russian Layout). ამ დრაივერების საინსტოლაციო პროგრამების გადმოწერა შეიძლება ინტერნეტ მისამართიდან http://www.codexserver.com/ILKBD.aspx
მას შემდეგ რაც დააინსტოლირებთ თქვენთვის სასურველ დრაივერს,  Start-დან (დესკტორზე სულ ქვედა ზოლში, უკიდურესად მარცხენა მხარეს) შეხვალთ Control Panel-ში. აირჩევთ Regional and Language…, შემდეგ - Languages და ბოლოს - Details… გამოვა ქვემოთ სურათზე ნაჩვენები ფანჯარა.
უნდა ენების ჩამონათვალში დაამატოთ Georgian (თუკი იგი არ არსებობს) და Keyboard layout/IME: -ში ჩასვათ თქვენი არჩეული დრაივერი. თუ ჩამონათვალში Georgian უკვე არსებობს, მაშინ მხოლოდ არსებული Keyboard layout/IME უნდა შეცვალოთ თქვენთვის სასურველით.
ერთი რამ კი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ოპერაციული სისტემა იყენებს საერთაშორისო სტანდარტულ ფონტებს, რომლებიც უნიკოდებზეა აგებული, ამიტომ თუ ძველი ინერციით იყენებთ არასტანდარტულ ფონტებს (მაგალითად - აკადნუსხურს, ან მსგავსს) ან ქართულ, არასაერთაშორისო ფონტებს (მაგალითად - გეო_აკადემიურს და მისთანებს), მაშინ ვისაც ეს ფონტები თავის კომპიუტერზე სპეციალურად დაყენებული არ აქვს, იგი ვერ დაინახავს თქვენს მიერ დაწერილ ქართულ ასოებს. ამიტომ დროა მივეჩვიოთ სტანდარტული საერთაშორისო უნიკოდების გამოყენებას, და თქვენს მიერ ქართულად დაწერილს ქართული ასოებით დაინახავს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მომხმარებელი. 

„დასუფთავების გადასახადის“ შესახებ.


თბილისის საკრებულომ მიიღო მერიის წინადადება „დასუფთავების გადასახადის“ დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით დაანგარიშების შესახებ და გაიმართა დიდი პოლემიკა იმასთან დაკავშირებით, სამართლიანია თუ არა ეს გადაწყვეტილება.
მეც, როგორც თბილისის რიგითმა მოქალაქემ, მინდა გამოვთქვა ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა არ მომწონს ტერმინი „დასუფთავების გადასახადი“. ქალაქის დასუფთავების სამსახური ეწევა მომსახურებას და ქალაქის მოსახლეობა ვოლუნტარისტულად კი არ უნდა დაიბეგროს „დასუფთავების გადასახადით“, იმის გამო, რომ მერიას ასეთი სამსახური აქვს,  არამედ უნდა გადაიხადოს გაწეული მომსახურების ღირებულება.
საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრდა ერთადერთი სწორი და სამართლიანი წესი საქონლის/მომსახურების ღირებულების განსაზღვრისა. ეს წესი გულისხმობს, რომ უპირველეს ყოვლისა დადგენილი უნდა იქნეს საქონლის/მომსახურების რაოდენობრივი ერთეული და ამ ერთეულის ფასი. შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქონლის/მომსახურების რაოდენობის განსაზღვრა დადგენილ ერთეულებში და ერთეულის ფასზე გამრავლებით მიიღება ღირებულება.
მომსახურების ღირებულების განსაზღვრის ამ წესს თბილისში აკმაყოფილებს მხოლოდ დახარჯული ელექტროენერგიისა  და მოხმარებული გაზის ღირებულებების განსაზღვრა. ყველა იხდის ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენების მიხედვით, ანუ იხდის მის მიერ რეალურად დახარჯული ელექტროენერგიის და გაზის ღირებულებას. გიჭირს ფინანსურად? ნუ დახარჯავ იმდენს, რომ ვერ გადაიხდო. თუ სახელმწიფოს აქვს სურვილი და შეუძლია შეეხიდოს ასეთ გაჭირვებულ ხალხს, მხოლოდ მათთვის ტარიფის შემცირებაზე კი არ უნდა იზრუნოს, არამედ უნდა ფინანსურად დაეხმაროს გაჭირვებულებს, რომ შეძლონ უფრო მეტი ელექტროენერგიის ან გაზის მოხმარება. ადამიანთა კატეგორიების მიხედვით მომსახურების დიფერენცირებული ტარიფის შემოღება სამართლიანობის პრინციპს არღვევს.
კომუნალური მომსახურების სხვა სახეებისთვის ღირებულების განსაზღვრის წესი უსამართლოა. (გამონაკლისს წარმოადგენს მოხმარებული წყლის ღირებულების განსაზღვრა მათთვის, ვისაც წყლის მრიცხველი აქვს). უსამართლოა იმის გამო, რომ ეფუძნება არა პირდაპირ მომსახურების ოდენობის განსაზღვრას, არამედ რომელიმე სხვა პარამეტრთან პროპორციულ დამოკიდებულებას, რაც შესაძლოა ზოგადად, სწორ გასაშუალებულ შედეგს იძლევა, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვნად მცდარი იყოს, როგორც ნაკლებობის, ისე მეტობის მიმართულებით. მომსახურების გადამხდელი კი თბილისის გასაშუალებული მოქალაქე კი არ არის, არამედ სწორედაც ის კონკრეტული მოქალაქეები, რომელთაგან ზოგიერთს ზედმეტს ახდევინებენ, ზოგიერთს კი ნაკლებს. ამიტომაც არის ასეთი მეთოდები არასამართლიანი.
გახსოვთ ალბათ დრო, როდესაც კომუნისტების დროს დაყენებული ელექტრომრიცხველები მოშალეს და ელექტროენერგიის ღირებულებას ბინაში ოთახების რაოდენობის მიხედვით ანგარიშობდნენ. ვიღაც „გენიოსი“ მოხელე თვლიდა, რომ ბინაში თუ ხუთი ოთახია, იქ ხუთჯერ მეტი ელექტროენერგიის მოხმარება ხდება, ვიდრე ერთოთახიან ბინაში. რეალურად კი, ისეთი გაჭირვება იყო, რომ ხუთ ოთახიანი ბინის მაცხოვრებლებიც ერთ ოთახში იყვნენ შეყუჟულნი.
ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მოხმარების აღრიცხვა პრინციპში შესაძლებელია სათანადო ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებით. როგორ განვსაზღვროთ დასუფთავების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება? არავინ არ დადგება დილით და არ დაიწყებს მაცხოვრებელთა მიერ გამოტანილი ნაგვის აწონვას. ასე რომ ამ მომსახურების ოდენობის განსაზღვრის სამართლიანი მეთოდის შემუშავება ჯერჯერობით შეუძლებელია. რასაკვირველია, არასამართლიანია მომსახურების ღირებულების განსაზღვრა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვითაც. ერთი შეხედვით, თითქოს ნაგვის ოდენობა ოჯახის წევრთა რაოდენობის პროპორციული უნდა იყოს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთ მცირეწევრიან ოჯახს უფრო მეტი ნაგავი უგროვდებოდეს, ვიდრე უფრო მრავალწევრიან ოჯახს. ასევე არასამართლიანია დასუფთავების ღირებულების მიბმა მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. ადვილი შესაძლებელია, რომ ოჯახი ხმარობდეს ბევრ ელექტროენერგიას და ამავე დროს უგროვდებოდეს მცირე ნაგავი. მერიის მოსაზრება, რომ რადგან გაჭირვებული ხალხი ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და ამიტომ ნაკლები ექნება „დასუფთავების გადასახადი“ უნდა აღვიქვათ როგორც სამართლიანობის დამკვიდრება, მცდარია. ალბათ მერიის წარმომადგენელი შემეკამათება და ხაზს გაუსვავს იმას, რომ ლაპარაკია სოციალურ სამართლიანობაზე (სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილს აქვს შეღავათი) და არა იმ გაგებით, რაც ზოგადად იგულისხმება სამართლიანობაში. მაგრამ ეს დემაგოგიაა, შეუძლებელია, რომ ნაწილი (სოციალური სამართლიანობა) ზოგადთან (სამართლიანობა) წინააღმდეგობაში მოდიოდეს. არ ვუარყობ, რომ უაღრესად გაჭირვებულებისთვის გადახდის ასეთი სისტემა მომგებიანი იქნება, მაგრამ ეს სოციალური სამართლიანობა კი არ არის, არამედ სოციალური დახმარებაა. არც სოციალური დახმარების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასეთი დახმარება შეიძლება გაწეული იყოს ისე, რომ არც სამართლიანობა დაირღვეს. მერიის გადაწყვეტილება კი „დასუფთავების გადასახადის“ დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით დაანგარიშების თაობაზე ნამდვილად სამართლიანობის დარღვევაა, თუმცა არც მანამდე არსებული მეთოდი იყო სამართლიანი, უბრალოდ ერთი, უფრო საეჭვო პარამეტრებზე (ოჯახის წევრთა რაოდენობა) დაფუძნებული მეთოდი იცვლება იგივე, მაგრამ უფრო სარწმუნო პარამეტრებზე (მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა) დაფუძნებული მეთოდით.  იმ შემთხვევაშიც კი თუ დავეთანხმებით ასეთ მეთოდურ ცვლილებას, საკამათო უნდა გამხდარიყო დასუფთავების ფასი მიბმული ელექტროენერგიის ერთეულზე. რატომ ღირს 1 კვტ ელექტროენერგიის ექვივალენტი დასუფთავების მომსახურება 5 თეთრი (თუ არ ვცდები დღგ-ს გარეშე)? იქნებ 3 თეთრიც საკმარისია? ან  იქნებ 8 თეთრიც არ ყოფნის? ამაზე არა თუ ვინმე დაობს, ამ კითხვას არც სვავენ. ოპოზიცია მომხრეა შენარჩუნებული იყოს დასუფთავების მომსახურების ღირებულების განსაზღვრის ძველი წესი, რადგან  ცდილობს ამით აიძულოს ხელისუფლება სწორედ დათვალოს მოსახლეობა (ძირითადი მიზანია ამომრჩეველთა რაოდენობის დაზუსტება). ალბათ ფიქრობს, რომ თუ მიღწეული იქნება ეს ძირითადი მიზანი, უსამართლობაზე თვალის დახუჭვა გამართლებული იქნება.
მე არც მერიის წარმომადგენელი ვარ და არც ოპოზიციის წევრი. ამიტომ ვერ მივემხრობი ვერც ერთ უსამართლო მეთოდს. ჩემის აზრით, ის რომ მერიას არ შეუძლია ზუსტად აღრიცხოს გაწეული მომსახურების ოდენობა, არ აძლევს მას უფლებას მომსახურების ანაზღაურების ამოსაღებად გამოიყენოს რომელიმე ტიპის უსამართლო მეთოდი. ასეთ ვითარებაში თითოეულ მოქალაქეს კი არ უნდა გადაახდევინოს უსამართლოდ დადგენილი ღირებულება, არამედ მერიის ბიუჯეტში უნდა განსაზღვროს მუხლი ქალაქის ამ ტიპის მომსახურების ჯამური ანაზღაურებისთვის. როგორ მოიძებნოს სახსრები ბიუჯეტის ამ მუხლის დასაფინანსებლად, აი ეს არის ქალაქის საკრებულოს გადასაწყვეტი, და არა ის, თუ როგორ შეიცვალოს ერთი უვარგისი მეთოდი მეორე ასევე უვარგისით.  

Sunday, May 29, 2011

ერთხელ კიდევ მორალისა და კანონმდებლობის საფუძვლების შესახებ.

ქრისტიანული მორალი ეფუძნება ათ მცნებას, რომელთა შორის პირველი ოთხი რელიგიური დატვირთვისაა, ხოლო მომდევნო ექვსი განსაზღვრავს ადამიანთა საზოგადოებაში თანაცხოვრების ისეთ პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების მშვიდ ცხოვრებას და პიროვნების უსაფრთხო არსებობასამ დებულებებმა საუკუნეებს გაუძლო და არა მგონია მომავალშიც შეიცვალოს.
დადგა დრო, როდესაც საზოგადოებამ სრულად გაიაზრა, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე ღირებული არის კონკრეტული პიროვნება, და მისი ინდივიდუალობა მთელი საზოგადოებისთვის ძვირფასია, საზოგადოების განვითარების საწინდარია. ეს გახდა საფუძველი იმისთვის, რომ საზოგადოებაში თანაცხოვრების წესებისა და კანონების დადგენასთან ერთად დიდი მნიშვნელობა მოიპოვა პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების პრინციპების შემუშავებამ.
ერთ-ერთი ძირითადი უფლება ადამიანისა, რომელიც ცივილურ საზოგადოებაში საყოველთაოდ უპირველეს უფლებად არის აღიარებული არის სიცოცხლის უფლება, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შექმნილი საზოგადოებაში ცხოვრების ისეთი პირობები, რომ მის სიცოცხლეს არაფერი არ ემუქრებოდესმაშასადამე მორალური კოდექსი და მითუმეტეს კანონები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ წინააღმდეგობაში არ  მოდიოდეს პიროვნების სიცოცხლის უფლებასთან.
განვიხილოთ რომელიმე კონკრეტული ვირტუალური მაგალითი; მაგალითად - ქურდობა. ათი მცნების მე-8 მუხლი ღაღადებს: „არ იპარო“. სახელმწიფო კანონმდებლობის სისხლის სამართლის კოდექსშიც შესულია სათანადო მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ სასჯელს ქურდობის დროს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ქურდობისათვის სასჯელის საჭიროებას. ჩვენი კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში განვიხილოთ მშიერი ადამიანის მიერ საკვების მოპარვა, ან ტანსაცმლის მოპარვა იმ პირის მიერ, რომელსაც ძალიან სცივა, რადგან მას არა აქვს საჭირო ჩასაცმელი. შიმშილმა ან ყინვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, შეიძლება მისი დაღუპვაც კი გამოიწვიოს.
ზემოთ მოყვანილ მაგალითში ორი ფაქტი ფიქსირდება: ერთი ქურდობა, და მეორე ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში პირობების წარმოქმნა. ამ ვითარების გამო უნდა გავაკეთოთ სწორი დასკვნასახელმწიფო ვალდებულია შექმნას ცხოვრების ისეთი პირობები, რომ კონკრეტული პიროვნება არ იყოს მშიერი და ტიტველ-შიშველიმაშინ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ქურდობას არავინ არ ჩაიდენს და კანონიც არ დადგება დილემის წინაშე - დასაჯოს თუ არ დასაჯოს ქურდი.
ზემოთ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მორალური კოდექსი და მითუმეტეს კანონები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ წინააღმდეგობაში არ  მოდიოდეს პიროვნების სიცოცხლის უფლებასთან, ზოგადია და ეხება არა მხოლოდ ქურდობას, ან  სიცოცხლის უფლებას, არამედ ზოგადად საზოგადოებისა და კონკრეტული პიროვნების ურთიერთობის ყველა ასპექტს.
ამიტომ, არასანქცირებული მიტინგის დაშლის კანონით დადგენილი უფლება ვერ გაამართლებს ადამიანთა მსხვერპლს. ასეთი ქმედება არა თუ არ წარმოადგენს კანონის დაცვას, არამედ ყველაზე მძიმე დანაშაულია.
შესაძლოა, ვინმე შემომედავოს¸ რომ მიტინგის დაშლას მიზნად არ ჰქონდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, რომ რაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევის ბრალია. კი ბატონო, შეიძლება დაგეთანხმოთ კიდეც, მაგრამ რამდენჯერ უნდა განმეორდეს ასეთიტრაგიკული შემთხვევები“, რომ სახელმწიფომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაშექმნილი კრიზისიდან გამოსავალი არ არის მიტინგის დაშლა, საჭიროა საზოგადოებაში რეალურად არსებულ განსხვავებულ შეხედულებებზე საჯარო მსჯელობა და საზოგადოების ყველა შეხედულების მქონე ჯგუფების თანამონაწილეობით ისეთი კონსენსუსის მოძებნა, რაც ამ ეტაპზე გამოსადეგი იქნება მთლიანად საზოგადოებისთვისთუ სახელმწიფო ამას შეძლებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება იმის თქმა, რომსახელმწიფო შედგა“.

Thursday, April 14, 2011

გარეგნობის შესახებ...

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ადამიანი მწვერვალია ყოველივე იმისა, რაც შექმნილია სამყაროში. ადამიანი ყველაზე უფრო სრულქმნილი არსებაა. რასაკვირველია, იგი ყველა ცოცხალ არსებას, უპირველეს ყოვლისა, აზროვნებისა და მეტყველების უნარით, ანუ „გონების ძალით“ „ჯაბნის“. მხოლოდ ადამიანს შეუძლია შექმნას ისეთი რამ, რაც უდიდეს ემოციურ ზეგავლენას ახდენს სხვაზე (არა მარტო ადამიანზე, არამედ ყოველ არსებაზე, რომელსაც გრძნობების გამოხატვა მეტ-ნაკლებად შეუძლია). განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს ეს ხელოვნებაში, მაგალითად მუსიკაში. თუ ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, ენდეთ გენიოს რუსთველს:
„...რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,...“
თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ცოდნა ამომწურავი არ არის, უფრო მეტი არ ვიცით, ვიდრე ვიცით. ამიტომ, რა იცი, სინამდვილეში როგორ არის საქმე...
მოკლედ, ასეა თუ ისე, განგებამ უხვად დააჯილდოვა ადამიანი სხვადასხვა ნიჭით და მრავალნი ამ ნიჭს საზოგადოების ესთეტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უხვად იყენებს.
 წარმოუდგენელია, რომ ასეთი სრულყოფილი არსებისთვის ბუნებას შესატყვისი გარეგნობა არ მიეცა. მისცა კიდეც, არ დაამადლა, თან გააფრთხილა - თუ გარეგნობას ჯეროვნად არ მოუვლი, სილამაზე სიმახინჯით შეგეცვლებაო.
წლები თავისას შვება, ადამიანის გარეგნობა იცვლება, მაგრამ თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, იგი ყველა ასაკში განსხვავებულ, ასაკის შესატყვის სილამაზეს ინარჩუნებს. თუ ახალგაზრდა ადამიანის ტანის მოქნილობა, ფორმების პროპორციულობა და დახვეწილობა, კანის ელასტიურობა, მოძრაობის პლასტიკა გხიბლავს, მოხუცებული ადამიანის სპეტაკი ჭაღარა, ჭკვიანი, თბილი გამოხედვა და დინჯი მიმოხვრა  გაჯადოებს.
ადამიანი მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენს არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობით. მისი იერი, ჰაბიტუსი, სიარულის მანერა, ჟესტიკულაცია ავსებს სილამაზეს, ან პირიქით ძლიერ აფუჭებს შთაბეჭდილებას, ანუ ადამიანის სულიერი სამყარო გარკვეულად აღბეჭდილია მის სახეზე და მჟღავნდება მის მიმოხვრაში. აქედან კი უნდა დავასკვნათ - გარეგნობაზე ზრუნვა სულიერი სამყაროს დახვეწის, გამდიდრების გარეშე სასურველ შედეგს არ მოგვცემს.
ზრუნავს კი ადამიანი თავის გარეგნობაზე? ზოგი ზრუნავს, ზოგი არა. არ ზრუნავენ ძირითადად სიზარმაცის გამო, ან გაუმართლებელი უდარდელობის გამო. საინტერესოა, ვინც ზრუნავს, ან მიაჩნია, რომ ზრუნავს, რას გულისხმობს ზრუნვაში და რა მიზანს ისახავს მისაღწევად? ამ კითხვაზე პასუხების კლასიფიკაცია იძლევა შემდეგ სურათს:
1. ადამიანი ზრუნავს უპირველეს ყოვლისა თავის ჯანმრთელობაზე და ცდილობს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ნიშნავს ზომიერების დაცვას ყველაფერში: ზომიერი გონებრივი და ფიზიკური აქტიობის პერიოდულ (ციკლიურ) მონაცვლეობას  ასევე ზომიერ აქტიურ და პასიურ დასვენებასთან, დღის განმავლობაში განაწილებულ ზომიერ კვებას, ზომიერ სპორტულ ვარჯიშებს ტონუსის ამაღლებისა და ფიზიკური წრთობისთვის, ყველა სიტუაციაში პირადი ჰიგიენის უპირობო დაცვას და ა.შ. ასეთი ადამიანი ყოველთვის ფორმაშია, ასწრებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც დაგეგმა, მოძრაობს მსუბუქად, ლაღად, პლასტიკურად. მისი გარეგნობაც მიმზიდველია, არ არის დამახინჯებული მეტისმეტი სიგამხდრით, ან სიმსუქნით, ბევრს მიაჩნია, რომ ასე ცხოვრება ძალიან ძნელია, რადგან იძულებულს გხდის ხშირად უარი თქვა ისეთ რამეზე, რასაც შეუძლია სიამოვნების მონიჭება და გაიძულებს აკეთო ის, რისი გაკეთების ხასიათზე იმ მომენტში არ ხარ. მაგრამ ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია. ის ვინც ასეთი მოწესრიგებული ცხოვრების წესით ცხოვრობს სიამოვნებას იღებს ყველაფრისგან რასაც აკეთებს და არაფერს არ აკეთებს იძულებით.
 2. რათა ჩაითვალოს კარგი გარეგნობის მქონედ, ადამიანს (განსაკუთრებით, მანდილოსანს) მიაჩნია, რომ უნდა იყოს გამხდარი და ამ მიზნის მისაღწევად იყენებს ერთადერთ ხერხს - დიეტას, უფრო სწორედ - შიმშილს. იგი გარკვეული დროის განმავლობაში თითქმის არ იკვებება, ან უკეთეს შემთხვევაში დღეში ერთხელ ჭამს. ზოგი მიზანს აღწევს - წონაში მნიშვნელოვნად იკლებს (მაგრამ საკითხავია, ინარჩუნებს თუ არა ჯანმრთელობას და ენერგიას). ასეთ ადამიანებს, კარგი იქნება თუ შევახსენებთ, რომ ზედმეტი სიგამხდრე თავისთავად სილამაზის გარანტი არ არის. ლამაზია თხელი აღნაგობის ქალის ტანი და არა ისე გამხდარისა, რომელსაც გამოკვეთილად უჩანს ძვლები, ხოლო ზედმეტად გამხდარი მამაკაცი სიბრალულის გრძნობას უფრო აღძრავს, ვიდრე მოგანიჭებს სილამაზის ჭვრეტით გამოწვეულ სიამოვნებას. რასაკვირველია, ჭარბი წონა ნეგატიურად მოქმედებს გარეგნობაზე (სხვათაშორის, არც ჯანმრთელობას უხდება) და საჭირო ხდება წონის დაკლებაზე ზრუნვა, მაგრამ უმჯობესია ამას მიაღწიოთ არა უჭმელობით, არამედ მეტი ფიზიკური აქტიობით.
3. ადამიანები (განსაკუთრებით ქალები) ცდილობენ გაილამაზონ თავი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით, ამ ბოლო დროს ბევრი მათგანი პლასტიკური ქირურგიის მეშვეობითაც კი იცვლის გარეგნობას. გარეგნობის გალამაზება მისასალმებელია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის კოსმეტიკის და პლატიკური ქირურგიის გამოყენებითაც. მთავარია მიღებული შედეგი და არა გამოყენებული საშუალება, და არ უნდა ჩანდეს, რომ გალამაზება ხელოვნური გზით არის მიღწეული. ჩვენს სინამდვილეში კი, ხშირად მანდილოსანი ისეა „მოთხუპნული“, რომ დაგებადება კითხვა - ამ ქალბატონს სახის გალამაზება სურდა, თუ იმის ჩვენება არსენალში რა კოსმეტიკური საშუალებები გააჩნია. გალამაზების მიზნით პლასტიკური ქირურგიის გამოყენების მიზანი უნდა იყოს ბუნებრივად არსებული ხარვეზის აღმოფხვრა და არა გარეგნობის ისე შეცვლა, რომ სხვას მიგამსგავსონ. ამ ბოლო დროს კი, მრავალი მანდილოსნის ტუჩ-ცხვირი ერთ თარგზე გამოჭრილს გავს. ქალბატონებს ხშირად ისიც ავიწყდებათ, რომ სილამაზის პირველი აუცილებელი პირობა ნაკვთების პროპორციულობაა და მკერდის ზედმეტად გაზრდით უფრო იმახინჯებენ სხეულს.
4. გარეგნობის გალამაზებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩაცმულობას. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც ტანსაცმელს მხოლოდ გარემოს ზეგავლენისგან დაცვის  (მაგალითად ცივ ამინდში სიცივისგან, ხოლო მცხუნვარე მზიან ამინდში კი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის) ფუნქცია ჰქონდა. კარგა ხანია რაც ადამიანებმა ტანსაცმელს გარეგნობის გალამაზების ფუნქციაც შესძინეს. ტანსაცმლის ვარგისიანობის ძირითადი კრიტერიუმებია - სხეულის ტემპერატურული რეჟიმის ეფექტური შენარჩუნება, მოხერხებულობა, გამძლეობა,  მომხიბვლელობა, ფასი. შესაძლოა სხვა კრიტერიუმებიც არსებობს, მაგრამ ჩემის აზრით ძირითადია ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები. ბუნებრივად ჩამოყალიბდა ტანსაცმლის რამდენიმე კატეგორია:
·      გამოსასვლელი - მთავარია იყოს მომხიბვლელი და ძვირფასი. დასაშვებია მომხიბლვლელობა მოხერხებულობის იგნორირებით  იყოს მიღწეული.
·      ყოველდღიური - მთავარია იყოს მოხერხებული, ტანზე კარგად მორგებული, გამძლე  და იაფი.
·      სპორტული - სპეციფიკური ტანსაცმელია, მორგებული კონკრეტულ სპორტის სახეობაზე და იმის მიხედვით თუ ვინ იყენებს, აქვს ან გამოსასვლელის, ან ყოველდღიურის ნიშნები.
·      სამუშაო - სპეციფიკური ტანსაცმელია, მორგებული კონკრეტულ პროფესიაზე. მისთვისაც მთავარია იყოს მოხერხებული, ტანზე კარგად მორგებული, გამძლე  და იაფი.
ტანსაცმელი ტანზე კარგად მორგებულად უნდა ჩავთვალოთ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეფექტურად ფარავს სხეულის დეფექტებს და წარმოაჩენს ლამაზ ნაკვთებს. ამიტომაც ის რაც ერთს უხდება, შეიძლება მეორეს არ მოუხდეს, და პირიქით. ყოვლად დაუშვებელია მოდური ტანმაცმლის ხმარება, თუ კი იგი არ გიხდება. მაგალითად, ქალებისთვის მოდური გახდა შარვალი. შარვალი მართლაც მოხერხებული ჩასაცმელია და უაზრობაა  არ გამოიყენონ ქალებმა, მაგრამ გაუგებარია, რა აიძულებს ზოგიერთ ქალს, ჩაიცვას ისეთი მოდელის შარვალი, რომელიც უშნოდ გამოკვეთავს მის (მაპატიეთ გამოთქმისთვის) ჩამოკიდებულ ზორბა უკანალსა და უზომოდ მსხვილ მოკლე ბარძაყებს? ანდა, რატომ იცმევს გულმოღეღილ ჩასაცმელს მეტისმეტად გამხდარი ქალი, რომელსაც უშნოდ ამოჩრილი აქვს ლავიწის ძვლები?
როგორც აღვნიშნეთ, ბუნებრივად წარმოიშვა ტანსაცმლის რამდენიმე კატეგორია. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტანსაცმლის გამოყენება ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაციის შესაბამისად ყოველნაირად გამართლებული იყო (ეკონომიკური თვალსაზრისით, ესთეტიკის, მოხერხებულობის მიხედვით). დღევანდელობამ სხვა ტენდენციები წარმოშვა (მაგალითად, ერთიდაიგივე ფეხსაცმლით, ე.წ. „ბოტასებით“, დადიან თეატრში წარმოდგენაზე და თამაშობენ ფეხბურთს სპორტულ მოედანზე, ან ე.წ. „ჯინსებში“ გამოწყობილი დროს ატარებენ ბუნების წიაღში პიკნიკზე და ესწრებიან ისეთ სერიოზულ სხდომას, როგორიც არის პარლამენტის პლენარული სხდომა).
მოდას ჩაცმულობაზე საზოგადოებას კარნახობენ სპეციალისტები, რომლებსაც ტანსაცმლის დიზაინერებს უწოდებენ. პერიოდულად (საკმაოდ ხშირად) ეწყობა მოდის ჩვენებები (ე.წ. „ფეშენშოუები“), სადაც ზედმეტად გამხდარი, მკაცრად ერთი სიმაღლის მოდელები გამოდიან პოდიუმზე სხვადასხვა სამოსელის საჩვენებლად. ეს მოდელები ისეთი დაბღვერილი სახით გვიყურებენ და ისეთი უცნაური სტილით მოაბიჯებენ, რომ ჩასაცმელს ნორმალურად ვერც კი დაინახავ.
მოკლედ, როგორ შევინარჩუნოთ ის ბუნებრივი სილამაზე, რომლითაც დაგვაჯილდოვა განგებამ, ან როგორ გავილამაზოთ საკუთარი გარეგნობა, თუ რაღაც მიზეზების გამო არ მოგვწონს - აი თავსატეხი, რომელიც ადამიანებმა თვითონ მოიგონეს, რათა გაირთულონ საკუთარი ცხოვრება. მაგრამ ამის გარეშე ხომ ცხოვრება თავის მიმზიდველობას დაკარგავდა?!