თბილისის საკრებულომ მიიღო მერიის წინადადება „დასუფთავების გადასახადის“ დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით დაანგარიშების შესახებ და გაიმართა დიდი პოლემიკა იმასთან დაკავშირებით, სამართლიანია თუ არა ეს გადაწყვეტილება.
მეც, როგორც თბილისის რიგითმა მოქალაქემ, მინდა გამოვთქვა ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა არ მომწონს ტერმინი „დასუფთავების გადასახადი“. ქალაქის დასუფთავების სამსახური ეწევა მომსახურებას და ქალაქის მოსახლეობა ვოლუნტარისტულად კი არ უნდა დაიბეგროს „დასუფთავების გადასახადით“, იმის გამო, რომ მერიას ასეთი სამსახური აქვს, არამედ უნდა გადაიხადოს გაწეული მომსახურების ღირებულება.
საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრდა ერთადერთი სწორი და სამართლიანი წესი საქონლის/მომსახურების ღირებულების განსაზღვრისა. ეს წესი გულისხმობს, რომ უპირველეს ყოვლისა დადგენილი უნდა იქნეს საქონლის/მომსახურების რაოდენობრივი ერთეული და ამ ერთეულის ფასი. შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქონლის/მომსახურების რაოდენობის განსაზღვრა დადგენილ ერთეულებში და ერთეულის ფასზე გამრავლებით მიიღება ღირებულება.
მომსახურების ღირებულების განსაზღვრის ამ წესს თბილისში აკმაყოფილებს მხოლოდ დახარჯული ელექტროენერგიისა და მოხმარებული გაზის ღირებულებების განსაზღვრა. ყველა იხდის ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენების მიხედვით, ანუ იხდის მის მიერ რეალურად დახარჯული ელექტროენერგიის და გაზის ღირებულებას. გიჭირს ფინანსურად? ნუ დახარჯავ იმდენს, რომ ვერ გადაიხდო. თუ სახელმწიფოს აქვს სურვილი და შეუძლია შეეხიდოს ასეთ გაჭირვებულ ხალხს, მხოლოდ მათთვის ტარიფის შემცირებაზე კი არ უნდა იზრუნოს, არამედ უნდა ფინანსურად დაეხმაროს გაჭირვებულებს, რომ შეძლონ უფრო მეტი ელექტროენერგიის ან გაზის მოხმარება. ადამიანთა კატეგორიების მიხედვით მომსახურების დიფერენცირებული ტარიფის შემოღება სამართლიანობის პრინციპს არღვევს.
კომუნალური მომსახურების სხვა სახეებისთვის ღირებულების განსაზღვრის წესი უსამართლოა. (გამონაკლისს წარმოადგენს მოხმარებული წყლის ღირებულების განსაზღვრა მათთვის, ვისაც წყლის მრიცხველი აქვს). უსამართლოა იმის გამო, რომ ეფუძნება არა პირდაპირ მომსახურების ოდენობის განსაზღვრას, არამედ რომელიმე სხვა პარამეტრთან პროპორციულ დამოკიდებულებას, რაც შესაძლოა ზოგადად, სწორ გასაშუალებულ შედეგს იძლევა, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვნად მცდარი იყოს, როგორც ნაკლებობის, ისე მეტობის მიმართულებით. მომსახურების გადამხდელი კი თბილისის გასაშუალებული მოქალაქე კი არ არის, არამედ სწორედაც ის კონკრეტული მოქალაქეები, რომელთაგან ზოგიერთს ზედმეტს ახდევინებენ, ზოგიერთს კი ნაკლებს. ამიტომაც არის ასეთი მეთოდები არასამართლიანი.
გახსოვთ ალბათ დრო, როდესაც კომუნისტების დროს დაყენებული ელექტრომრიცხველები მოშალეს და ელექტროენერგიის ღირებულებას ბინაში ოთახების რაოდენობის მიხედვით ანგარიშობდნენ. ვიღაც „გენიოსი“ მოხელე თვლიდა, რომ ბინაში თუ ხუთი ოთახია, იქ ხუთჯერ მეტი ელექტროენერგიის მოხმარება ხდება, ვიდრე ერთოთახიან ბინაში. რეალურად კი, ისეთი გაჭირვება იყო, რომ ხუთ ოთახიანი ბინის მაცხოვრებლებიც ერთ ოთახში იყვნენ შეყუჟულნი.
ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მოხმარების აღრიცხვა პრინციპში შესაძლებელია სათანადო ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებით. როგორ განვსაზღვროთ დასუფთავების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება? არავინ არ დადგება დილით და არ დაიწყებს მაცხოვრებელთა მიერ გამოტანილი ნაგვის აწონვას. ასე რომ ამ მომსახურების ოდენობის განსაზღვრის სამართლიანი მეთოდის შემუშავება ჯერჯერობით შეუძლებელია. რასაკვირველია, არასამართლიანია მომსახურების ღირებულების განსაზღვრა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვითაც. ერთი შეხედვით, თითქოს ნაგვის ოდენობა ოჯახის წევრთა რაოდენობის პროპორციული უნდა იყოს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთ მცირეწევრიან ოჯახს უფრო მეტი ნაგავი უგროვდებოდეს, ვიდრე უფრო მრავალწევრიან ოჯახს. ასევე არასამართლიანია დასუფთავების ღირებულების მიბმა მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. ადვილი შესაძლებელია, რომ ოჯახი ხმარობდეს ბევრ ელექტროენერგიას და ამავე დროს უგროვდებოდეს მცირე ნაგავი. მერიის მოსაზრება, რომ რადგან გაჭირვებული ხალხი ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და ამიტომ ნაკლები ექნება „დასუფთავების გადასახადი“ უნდა აღვიქვათ როგორც სამართლიანობის დამკვიდრება, მცდარია. ალბათ მერიის წარმომადგენელი შემეკამათება და ხაზს გაუსვავს იმას, რომ ლაპარაკია სოციალურ სამართლიანობაზე (სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილს აქვს შეღავათი) და არა იმ გაგებით, რაც ზოგადად იგულისხმება სამართლიანობაში. მაგრამ ეს დემაგოგიაა, შეუძლებელია, რომ ნაწილი (სოციალური სამართლიანობა) ზოგადთან (სამართლიანობა) წინააღმდეგობაში მოდიოდეს. არ ვუარყობ, რომ უაღრესად გაჭირვებულებისთვის გადახდის ასეთი სისტემა მომგებიანი იქნება, მაგრამ ეს სოციალური სამართლიანობა კი არ არის, არამედ სოციალური დახმარებაა. არც სოციალური დახმარების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასეთი დახმარება შეიძლება გაწეული იყოს ისე, რომ არც სამართლიანობა დაირღვეს. მერიის გადაწყვეტილება კი „დასუფთავების გადასახადის“ დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით დაანგარიშების თაობაზე ნამდვილად სამართლიანობის დარღვევაა, თუმცა არც მანამდე არსებული მეთოდი იყო სამართლიანი, უბრალოდ ერთი, უფრო საეჭვო პარამეტრებზე (ოჯახის წევრთა რაოდენობა) დაფუძნებული მეთოდი იცვლება იგივე, მაგრამ უფრო სარწმუნო პარამეტრებზე (მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა) დაფუძნებული მეთოდით. იმ შემთხვევაშიც კი თუ დავეთანხმებით ასეთ მეთოდურ ცვლილებას, საკამათო უნდა გამხდარიყო დასუფთავების ფასი მიბმული ელექტროენერგიის ერთეულზე. რატომ ღირს 1 კვტ ელექტროენერგიის ექვივალენტი დასუფთავების მომსახურება 5 თეთრი (თუ არ ვცდები დღგ-ს გარეშე)? იქნებ 3 თეთრიც საკმარისია? ან იქნებ 8 თეთრიც არ ყოფნის? ამაზე არა თუ ვინმე დაობს, ამ კითხვას არც სვავენ. ოპოზიცია მომხრეა შენარჩუნებული იყოს დასუფთავების მომსახურების ღირებულების განსაზღვრის ძველი წესი, რადგან ცდილობს ამით აიძულოს ხელისუფლება სწორედ დათვალოს მოსახლეობა (ძირითადი მიზანია ამომრჩეველთა რაოდენობის დაზუსტება). ალბათ ფიქრობს, რომ თუ მიღწეული იქნება ეს ძირითადი მიზანი, უსამართლობაზე თვალის დახუჭვა გამართლებული იქნება.
მე არც მერიის წარმომადგენელი ვარ და არც ოპოზიციის წევრი. ამიტომ ვერ მივემხრობი ვერც ერთ უსამართლო მეთოდს. ჩემის აზრით, ის რომ მერიას არ შეუძლია ზუსტად აღრიცხოს გაწეული მომსახურების ოდენობა, არ აძლევს მას უფლებას მომსახურების ანაზღაურების ამოსაღებად გამოიყენოს რომელიმე ტიპის უსამართლო მეთოდი. ასეთ ვითარებაში თითოეულ მოქალაქეს კი არ უნდა გადაახდევინოს უსამართლოდ დადგენილი ღირებულება, არამედ მერიის ბიუჯეტში უნდა განსაზღვროს მუხლი ქალაქის ამ ტიპის მომსახურების ჯამური ანაზღაურებისთვის. როგორ მოიძებნოს სახსრები ბიუჯეტის ამ მუხლის დასაფინანსებლად, აი ეს არის ქალაქის საკრებულოს გადასაწყვეტი, და არა ის, თუ როგორ შეიცვალოს ერთი უვარგისი მეთოდი მეორე ასევე უვარგისით.
No comments:
Post a Comment