ქრისტიანული მორალი ეფუძნება ათ მცნებას, რომელთა შორის პირველი ოთხი რელიგიური დატვირთვისაა, ხოლო მომდევნო ექვსი განსაზღვრავს ადამიანთა საზოგადოებაში თანაცხოვრების ისეთ პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების მშვიდ ცხოვრებას და პიროვნების უსაფრთხო არსებობას. ამ დებულებებმა საუკუნეებს გაუძლო და არა მგონია მომავალშიც შეიცვალოს.
დადგა დრო, როდესაც საზოგადოებამ სრულად გაიაზრა, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე ღირებული არის კონკრეტული პიროვნება, და მისი ინდივიდუალობა მთელი საზოგადოებისთვის ძვირფასია, საზოგადოების განვითარების საწინდარია. ეს გახდა საფუძველი იმისთვის, რომ საზოგადოებაში თანაცხოვრების წესებისა და კანონების დადგენასთან ერთად დიდი მნიშვნელობა მოიპოვა პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების პრინციპების შემუშავებამ.
ერთ-ერთი ძირითადი უფლება ადამიანისა, რომელიც ცივილურ საზოგადოებაში საყოველთაოდ უპირველეს უფლებად არის აღიარებული არის სიცოცხლის უფლება, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შექმნილი საზოგადოებაში ცხოვრების ისეთი პირობები, რომ მის სიცოცხლეს არაფერი არ ემუქრებოდეს. მაშასადამე მორალური კოდექსი და მითუმეტეს კანონები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს პიროვნების სიცოცხლის უფლებასთან.
განვიხილოთ რომელიმე კონკრეტული ვირტუალური მაგალითი; მაგალითად - ქურდობა. ათი მცნების მე-8 მუხლი ღაღადებს: „არ იპარო“. სახელმწიფო კანონმდებლობის სისხლის სამართლის კოდექსშიც შესულია სათანადო მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ სასჯელს ქურდობის დროს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ქურდობისათვის სასჯელის საჭიროებას. ჩვენი კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში განვიხილოთ მშიერი ადამიანის მიერ საკვების მოპარვა, ან ტანსაცმლის მოპარვა იმ პირის მიერ, რომელსაც ძალიან სცივა, რადგან მას არა აქვს საჭირო ჩასაცმელი. შიმშილმა ან ყინვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, შეიძლება მისი დაღუპვაც კი გამოიწვიოს.
ზემოთ მოყვანილ მაგალითში ორი ფაქტი ფიქსირდება: ერთი ქურდობა, და მეორე ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში პირობების წარმოქმნა. ამ ვითარების გამო უნდა გავაკეთოთ სწორი დასკვნა: სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ცხოვრების ისეთი პირობები, რომ კონკრეტული პიროვნება არ იყოს მშიერი და ტიტველ-შიშველი. მაშინ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ქურდობას არავინ არ ჩაიდენს და კანონიც არ დადგება დილემის წინაშე - დასაჯოს თუ არ დასაჯოს ქურდი.
ზემოთ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მორალური კოდექსი და მითუმეტეს კანონები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს პიროვნების სიცოცხლის უფლებასთან, ზოგადია და ეხება არა მხოლოდ ქურდობას, ან სიცოცხლის უფლებას, არამედ ზოგადად საზოგადოებისა და კონკრეტული პიროვნების ურთიერთობის ყველა ასპექტს.
ამიტომ, არასანქცირებული მიტინგის დაშლის კანონით დადგენილი უფლება ვერ გაამართლებს ადამიანთა მსხვერპლს. ასეთი ქმედება არა თუ არ წარმოადგენს კანონის დაცვას, არამედ ყველაზე მძიმე დანაშაულია.
შესაძლოა, ვინმე შემომედავოს¸ რომ მიტინგის დაშლას მიზნად არ ჰქონდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, რომ რაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევის ბრალია. კი ბატონო, შეიძლება დაგეთანხმოთ კიდეც, მაგრამ რამდენჯერ უნდა განმეორდეს ასეთი „ტრაგიკული შემთხვევები“, რომ სახელმწიფომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი არ არის მიტინგის დაშლა, საჭიროა საზოგადოებაში რეალურად არსებულ განსხვავებულ შეხედულებებზე საჯარო მსჯელობა და საზოგადოების ყველა შეხედულების მქონე ჯგუფების თანამონაწილეობით ისეთი კონსენსუსის მოძებნა, რაც ამ ეტაპზე გამოსადეგი იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის. თუ სახელმწიფო ამას შეძლებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება იმის თქმა, რომ „სახელმწიფო შედგა“.
No comments:
Post a Comment