საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ადამიანი მწვერვალია ყოველივე იმისა, რაც შექმნილია სამყაროში. ადამიანი ყველაზე უფრო სრულქმნილი არსებაა. რასაკვირველია, იგი ყველა ცოცხალ არსებას, უპირველეს ყოვლისა, აზროვნებისა და მეტყველების უნარით, ანუ „გონების ძალით“ „ჯაბნის“. მხოლოდ ადამიანს შეუძლია შექმნას ისეთი რამ, რაც უდიდეს ემოციურ ზეგავლენას ახდენს სხვაზე (არა მარტო ადამიანზე, არამედ ყოველ არსებაზე, რომელსაც გრძნობების გამოხატვა მეტ-ნაკლებად შეუძლია). განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს ეს ხელოვნებაში, მაგალითად მუსიკაში. თუ ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, ენდეთ გენიოს რუსთველს:
„...რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,...“
თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ცოდნა ამომწურავი არ არის, უფრო მეტი არ ვიცით, ვიდრე ვიცით. ამიტომ, რა იცი, სინამდვილეში როგორ არის საქმე...
მოკლედ, ასეა თუ ისე, განგებამ უხვად დააჯილდოვა ადამიანი სხვადასხვა ნიჭით და მრავალნი ამ ნიჭს საზოგადოების ესთეტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უხვად იყენებს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, განგებამ უხვად დააჯილდოვა ადამიანი სხვადასხვა ნიჭით და მრავალნი ამ ნიჭს საზოგადოების ესთეტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უხვად იყენებს.
წარმოუდგენელია, რომ ასეთი სრულყოფილი არსებისთვის ბუნებას შესატყვისი გარეგნობა არ მიეცა. მისცა კიდეც, არ დაამადლა, თან გააფრთხილა - თუ გარეგნობას ჯეროვნად არ მოუვლი, სილამაზე სიმახინჯით შეგეცვლებაო.
წლები თავისას შვება, ადამიანის გარეგნობა იცვლება, მაგრამ თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, იგი ყველა ასაკში განსხვავებულ, ასაკის შესატყვის სილამაზეს ინარჩუნებს. თუ ახალგაზრდა ადამიანის ტანის მოქნილობა, ფორმების პროპორციულობა და დახვეწილობა, კანის ელასტიურობა, მოძრაობის პლასტიკა გხიბლავს, მოხუცებული ადამიანის სპეტაკი ჭაღარა, ჭკვიანი, თბილი გამოხედვა და დინჯი მიმოხვრა გაჯადოებს.
ადამიანი მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენს არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობით. მისი იერი, ჰაბიტუსი, სიარულის მანერა, ჟესტიკულაცია ავსებს სილამაზეს, ან პირიქით ძლიერ აფუჭებს შთაბეჭდილებას, ანუ ადამიანის სულიერი სამყარო გარკვეულად აღბეჭდილია მის სახეზე და მჟღავნდება მის მიმოხვრაში. აქედან კი უნდა დავასკვნათ - გარეგნობაზე ზრუნვა სულიერი სამყაროს დახვეწის, გამდიდრების გარეშე სასურველ შედეგს არ მოგვცემს.
ზრუნავს კი ადამიანი თავის გარეგნობაზე? ზოგი ზრუნავს, ზოგი არა. არ ზრუნავენ ძირითადად სიზარმაცის გამო, ან გაუმართლებელი უდარდელობის გამო. საინტერესოა, ვინც ზრუნავს, ან მიაჩნია, რომ ზრუნავს, რას გულისხმობს ზრუნვაში და რა მიზანს ისახავს მისაღწევად? ამ კითხვაზე პასუხების კლასიფიკაცია იძლევა შემდეგ სურათს:
1. ადამიანი ზრუნავს უპირველეს ყოვლისა თავის ჯანმრთელობაზე და ცდილობს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ნიშნავს ზომიერების დაცვას ყველაფერში: ზომიერი გონებრივი და ფიზიკური აქტიობის პერიოდულ (ციკლიურ) მონაცვლეობას ასევე ზომიერ აქტიურ და პასიურ დასვენებასთან, დღის განმავლობაში განაწილებულ ზომიერ კვებას, ზომიერ სპორტულ ვარჯიშებს ტონუსის ამაღლებისა და ფიზიკური წრთობისთვის, ყველა სიტუაციაში პირადი ჰიგიენის უპირობო დაცვას და ა.შ. ასეთი ადამიანი ყოველთვის ფორმაშია, ასწრებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც დაგეგმა, მოძრაობს მსუბუქად, ლაღად, პლასტიკურად. მისი გარეგნობაც მიმზიდველია, არ არის დამახინჯებული მეტისმეტი სიგამხდრით, ან სიმსუქნით, ბევრს მიაჩნია, რომ ასე ცხოვრება ძალიან ძნელია, რადგან იძულებულს გხდის ხშირად უარი თქვა ისეთ რამეზე, რასაც შეუძლია სიამოვნების მონიჭება და გაიძულებს აკეთო ის, რისი გაკეთების ხასიათზე იმ მომენტში არ ხარ. მაგრამ ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია. ის ვინც ასეთი მოწესრიგებული ცხოვრების წესით ცხოვრობს სიამოვნებას იღებს ყველაფრისგან რასაც აკეთებს და არაფერს არ აკეთებს იძულებით.
2. რათა ჩაითვალოს კარგი გარეგნობის მქონედ, ადამიანს (განსაკუთრებით, მანდილოსანს) მიაჩნია, რომ უნდა იყოს გამხდარი და ამ მიზნის მისაღწევად იყენებს ერთადერთ ხერხს - დიეტას, უფრო სწორედ - შიმშილს. იგი გარკვეული დროის განმავლობაში თითქმის არ იკვებება, ან უკეთეს შემთხვევაში დღეში ერთხელ ჭამს. ზოგი მიზანს აღწევს - წონაში მნიშვნელოვნად იკლებს (მაგრამ საკითხავია, ინარჩუნებს თუ არა ჯანმრთელობას და ენერგიას). ასეთ ადამიანებს, კარგი იქნება თუ შევახსენებთ, რომ ზედმეტი სიგამხდრე თავისთავად სილამაზის გარანტი არ არის. ლამაზია თხელი აღნაგობის ქალის ტანი და არა ისე გამხდარისა, რომელსაც გამოკვეთილად უჩანს ძვლები, ხოლო ზედმეტად გამხდარი მამაკაცი სიბრალულის გრძნობას უფრო აღძრავს, ვიდრე მოგანიჭებს სილამაზის ჭვრეტით გამოწვეულ სიამოვნებას. რასაკვირველია, ჭარბი წონა ნეგატიურად მოქმედებს გარეგნობაზე (სხვათაშორის, არც ჯანმრთელობას უხდება) და საჭირო ხდება წონის დაკლებაზე ზრუნვა, მაგრამ უმჯობესია ამას მიაღწიოთ არა უჭმელობით, არამედ მეტი ფიზიკური აქტიობით.
3. ადამიანები (განსაკუთრებით ქალები) ცდილობენ გაილამაზონ თავი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით, ამ ბოლო დროს ბევრი მათგანი პლასტიკური ქირურგიის მეშვეობითაც კი იცვლის გარეგნობას. გარეგნობის გალამაზება მისასალმებელია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის კოსმეტიკის და პლატიკური ქირურგიის გამოყენებითაც. მთავარია მიღებული შედეგი და არა გამოყენებული საშუალება, და არ უნდა ჩანდეს, რომ გალამაზება ხელოვნური გზით არის მიღწეული. ჩვენს სინამდვილეში კი, ხშირად მანდილოსანი ისეა „მოთხუპნული“, რომ დაგებადება კითხვა - ამ ქალბატონს სახის გალამაზება სურდა, თუ იმის ჩვენება არსენალში რა კოსმეტიკური საშუალებები გააჩნია. გალამაზების მიზნით პლასტიკური ქირურგიის გამოყენების მიზანი უნდა იყოს ბუნებრივად არსებული ხარვეზის აღმოფხვრა და არა გარეგნობის ისე შეცვლა, რომ სხვას მიგამსგავსონ. ამ ბოლო დროს კი, მრავალი მანდილოსნის ტუჩ-ცხვირი ერთ თარგზე გამოჭრილს გავს. ქალბატონებს ხშირად ისიც ავიწყდებათ, რომ სილამაზის პირველი აუცილებელი პირობა ნაკვთების პროპორციულობაა და მკერდის ზედმეტად გაზრდით უფრო იმახინჯებენ სხეულს.
4. გარეგნობის გალამაზებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩაცმულობას. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც ტანსაცმელს მხოლოდ გარემოს ზეგავლენისგან დაცვის (მაგალითად ცივ ამინდში სიცივისგან, ხოლო მცხუნვარე მზიან ამინდში კი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის) ფუნქცია ჰქონდა. კარგა ხანია რაც ადამიანებმა ტანსაცმელს გარეგნობის გალამაზების ფუნქციაც შესძინეს. ტანსაცმლის ვარგისიანობის ძირითადი კრიტერიუმებია - სხეულის ტემპერატურული რეჟიმის ეფექტური შენარჩუნება, მოხერხებულობა, გამძლეობა, მომხიბვლელობა, ფასი. შესაძლოა სხვა კრიტერიუმებიც არსებობს, მაგრამ ჩემის აზრით ძირითადია ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები. ბუნებრივად ჩამოყალიბდა ტანსაცმლის რამდენიმე კატეგორია:
· გამოსასვლელი - მთავარია იყოს მომხიბვლელი და ძვირფასი. დასაშვებია მომხიბლვლელობა მოხერხებულობის იგნორირებით იყოს მიღწეული.
· ყოველდღიური - მთავარია იყოს მოხერხებული, ტანზე კარგად მორგებული, გამძლე და იაფი.
· სპორტული - სპეციფიკური ტანსაცმელია, მორგებული კონკრეტულ სპორტის სახეობაზე და იმის მიხედვით თუ ვინ იყენებს, აქვს ან გამოსასვლელის, ან ყოველდღიურის ნიშნები.
· სამუშაო - სპეციფიკური ტანსაცმელია, მორგებული კონკრეტულ პროფესიაზე. მისთვისაც მთავარია იყოს მოხერხებული, ტანზე კარგად მორგებული, გამძლე და იაფი.
ტანსაცმელი ტანზე კარგად მორგებულად უნდა ჩავთვალოთ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეფექტურად ფარავს სხეულის დეფექტებს და წარმოაჩენს ლამაზ ნაკვთებს. ამიტომაც ის რაც ერთს უხდება, შეიძლება მეორეს არ მოუხდეს, და პირიქით. ყოვლად დაუშვებელია მოდური ტანმაცმლის ხმარება, თუ კი იგი არ გიხდება. მაგალითად, ქალებისთვის მოდური გახდა შარვალი. შარვალი მართლაც მოხერხებული ჩასაცმელია და უაზრობაა არ გამოიყენონ ქალებმა, მაგრამ გაუგებარია, რა აიძულებს ზოგიერთ ქალს, ჩაიცვას ისეთი მოდელის შარვალი, რომელიც უშნოდ გამოკვეთავს მის (მაპატიეთ გამოთქმისთვის) ჩამოკიდებულ ზორბა უკანალსა და უზომოდ მსხვილ მოკლე ბარძაყებს? ანდა, რატომ იცმევს გულმოღეღილ ჩასაცმელს მეტისმეტად გამხდარი ქალი, რომელსაც უშნოდ ამოჩრილი აქვს ლავიწის ძვლები?
როგორც აღვნიშნეთ, ბუნებრივად წარმოიშვა ტანსაცმლის რამდენიმე კატეგორია. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტანსაცმლის გამოყენება ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაციის შესაბამისად ყოველნაირად გამართლებული იყო (ეკონომიკური თვალსაზრისით, ესთეტიკის, მოხერხებულობის მიხედვით). დღევანდელობამ სხვა ტენდენციები წარმოშვა (მაგალითად, ერთიდაიგივე ფეხსაცმლით, ე.წ. „ბოტასებით“, დადიან თეატრში წარმოდგენაზე და თამაშობენ ფეხბურთს სპორტულ მოედანზე, ან ე.წ. „ჯინსებში“ გამოწყობილი დროს ატარებენ ბუნების წიაღში პიკნიკზე და ესწრებიან ისეთ სერიოზულ სხდომას, როგორიც არის პარლამენტის პლენარული სხდომა).
მოდას ჩაცმულობაზე საზოგადოებას კარნახობენ სპეციალისტები, რომლებსაც ტანსაცმლის დიზაინერებს უწოდებენ. პერიოდულად (საკმაოდ ხშირად) ეწყობა მოდის ჩვენებები (ე.წ. „ფეშენშოუები“), სადაც ზედმეტად გამხდარი, მკაცრად ერთი სიმაღლის მოდელები გამოდიან პოდიუმზე სხვადასხვა სამოსელის საჩვენებლად. ეს მოდელები ისეთი დაბღვერილი სახით გვიყურებენ და ისეთი უცნაური სტილით მოაბიჯებენ, რომ ჩასაცმელს ნორმალურად ვერც კი დაინახავ.
მოკლედ, როგორ შევინარჩუნოთ ის ბუნებრივი სილამაზე, რომლითაც დაგვაჯილდოვა განგებამ, ან როგორ გავილამაზოთ საკუთარი გარეგნობა, თუ რაღაც მიზეზების გამო არ მოგვწონს - აი თავსატეხი, რომელიც ადამიანებმა თვითონ მოიგონეს, რათა გაირთულონ საკუთარი ცხოვრება. მაგრამ ამის გარეშე ხომ ცხოვრება თავის მიმზიდველობას დაკარგავდა?!
No comments:
Post a Comment