Monday, July 4, 2011

გზა კომუნიზმის მშენებლებიდან კაპიტალისტური ფორმაციის მომხრეობამდე.


გადავწყვიტე გადმოგცეთ ცხოვრების ის სურათი, რაც დარჩა ჩემს მეხსიერებაში, ანუ დაახლოებით 65 წლიანი ისტორია, არა კონკრეტულად ჩემი ცხოვრებისა, არამედ საზოგადოებისა, რომელშიც დავიბადე და ვიცხოვრე. მე არ ვარ ისტორიკოსი, არც რაიმე ინტერესი მქონია გავცნობოდი სპეციალურ ისტორიულ–პუბლიცისტური ხასიათის ლიტერატურას. გადმოქცემთ იმას, რაც დამამახსოვრდა, დამაფიქრა და ჩემებური ანალიზის გაკეთების სურვილი აღმიძვრა, ანუ ეს არის ქართული საზოგადოების რიგითი, ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას ნეიტრალური წევრის მიერ დანახული და აღქმული სურათი. ჩემნაირი, ალბათ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაა. კარგი იქნება, თუ ის პოლიტიკოსები, სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც აქვთ ამბიცია შეაფასონ საზოგადოების განწყობა და განსაზღვრონ მომავალი განვითარების მიმართულება, გაეცნობიან ამ ჩემს და მრავალ სხვათა მსგავს ჩანაწერებს. თუ ჩვენ ცალმხრივად ვუყურებდით მოვლენებს, ან მცდარი წარმოდგენები გვქონდა ფაქტების უცოდინარობის ან  არასწორი ანალიზის გამო, მიუკერძოებლად აგვიხსნან და დაგვანახონ ჭეშმარიტი სურათი. ხოლო თუ ჩათვლიან, რომ ძირითადად სწორედ ვაფასებდით რეალობას, მომავალი პოლიტიკის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი  ჩვენი დამოკიდებულება.     
მე მახსოვს ქართული საზოგადოების ყოფა მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებიდან. ამ პერიოდიდან მოყოლებული დაახლოებით ნახევარი საუკუნის  განმავლობაში ვცხოვრობდით პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში, რომელსაც ჯერ სოციალისტური ერქვა, შემდეგ განვითარებული სოციალიზმი, ბოლოს კი კომუნისტური. სახელმწიფო იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომლის შემადგენლობაში ბოლოს 16 რესპუბლიკა შედიოდა, მათ შორის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაც. კონსტიტუციით ყველა რესპუბლიკა თანასწორუფლებიანი იყო, ითვლებოდა, რომ ყველა რესპუბლიკა  ნებაყოფილობით გაერთიანდა საბჭოთა კავშირში და თვითოეულს კონსტიტუციურად ქონდა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფდა მოქალაქეთა უფასო სამედიცინო მომსახურებას და განათლებას, დასაქმებას სახელმწიფო საწარმოებში და ორგანიზაციებში. შრომის ანაზღაურება და პენსია გამდიდრების საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ იმ სისტემაში ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი იყო. ქალაქებში საცხოვრებელი ფართით ოჯახების უმრავლესობა სახელმწიფოს ხარჯზე იყო უზრუნველყოფილი. სოფლად მოსახლეობა შრომობდა კოლექტიურ მეურნეობებში (ე.წ. კოლმეურნეობა) და სახელმწიფო მეურნეობებში, საიდანაც იღებდა ფულად შემოსავალს, ამასთან ერთად გააჩნდათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, რომელზე მოყვანილი პროდუქტი აკმაყოფილებდა ოჯახის მოთხოვნებს ბოსტნეულზე, ბაღჩეულსა და ხილზე, ყავდათ შინაური ფრინველი და პირუტყვი. მართალია პროდუქტებისა და საქონლის ასორტიმენტი გარკვეულწილად შეზღუდული იყო და ფართო არჩევანის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ ყველა ოჯახს მეტნაკლებად ქონდა ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო ნორმალური ცხოვრებისთვის. გადასახადების ტარიფები იყო დაბალი და ოჯახის შემოსავლის უდიდესი ნაწილი ოჯახშივე იხარჯებოდა. საგრძნობლად დაბალი იყო მთელი რიგი პირველი მოხმარების საქონლისა და პროდუქტის ფასები. მოსახლეობას ქონდა საშუალება მნიშვნელოვანი დრო დაეთმო დასვენებისთვის, სპორტისთვის, გართობისთვის. პრაქტიკულად ყველა ოჯახის კეთილდღეობა წლიდან წლამდე განუწყვეტლივ მაღლდებოდა. ვინაიდან პიროვნებას პირად საკუთრებაში დიდი ქონების დაგროვების ლეგალური საშუალება არ ქონდა, ფული და დიდძალი კერძო საკუთრება არ წარმოადგენდა პრიორიტეტულ ღირებულებას, რომელიც მას განსაკუთრებულ პატივისცემას მოუპოვებდა. სახელის მოხვეჭა და საყოველთაო პატივისცემის დამსახურება ძირითადად მიიღწეოდა შემოქმედებითი საქმიანობით, სამეცნიერო, სახელმწიფო, პარტიული, საზოგადოებრივი მოღვაწეობით, სპორტული წარმატებებით. ქვეყანაში სუფევდა მშვიდობა. საზოგადოებაში გამორიცხული იყო დაპირისპირება პოლიტიკური, ეთნიკური, ქონებრივი ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით. სახელმწიფო მკაცრად იცავდა მის მიერ დადგენილ საზოგადოებრივ წესრიგს.
ერთი შეხედვით, ალბათ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ იდეალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობა ყოფილა დამყარებული, ორიენტირებული ხალხის მასების კეთილდღეობაზე (როგორც ხუმრობით ამბობდნენ ხოლმე „ნამდვილი კომუნიზმი“), სიღატაკე დაძლეული იყო (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში მაინც), თითქმის ყველა შრომისუნარიანი იყო დასაქმებული, საცხოვრებელი ბინა ყველა ოჯახს გააჩნდა, ოჯახში ყველას ქონდა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ბევრს ქონდა საკუთარი ავტომანქანა, აგარაკი. მაგრამ როგორც იტყვიან მედალს ორი მხარე აქვსო.
მეორე მხარე კი რეალურად ასეთი იყო:
1.      საბჭოთა კავშირი სინამდვილეში არ წარმოადგენდა რესპუბლიკების ნებაყოფილობით გაერთიანებას. რუსეთის ძალმომრეობა დავიწყებული არ იყო. იგი ყოველთვის, თვით ბოლო პერიოდშიც კი, მნიშვნელოვნად იგრძნობოდა. მოსკოვი კარნახობდა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებს ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას დანარჩენ მსოფლიოსთან. რუსეთი იყო „უფროსი ძმა“ და „უმცროს ძმებს“ მორჩილად უნდა შეესრულებინათ მისი ყველა მოთხოვნა. მოკლედ „მოძმე“ რესპუბლიკები თავს გრძნობდნენ „რუსეთის იმპერიის“ პროვინციებად. ეს კი შეურაცყოფდა მათ ნაციონალურ თავმოყვარეობას. განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა ეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსა და საქართველოში. კონსტიტუციური უფლება საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ნებაყოფილობითი გასვლის შესახებ სინამდვილეში მითს წარმოადგენდა. ნაციონალური თვითშეგნება და დამოუკიდებლობის სურვილი  მხოლოდ მიძინებული იყო, ან მიძინებულად აჩვენებდა თავს და ელოდა შესაფერის სიტუაციას, რათა დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა.
2.      საბჭოთა სახელმწიფო ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე (უქმნიდა მათ ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს) გარკვეული (მნიშვნელოვანი) პიროვნული შეზღუდვების სანაცვლოდ. საბჭოთა მოქალაქე იყო „ჭანჭიკი“ საერთო სახელმწიფო მანქანისა, რაც მკაცრ ჩარჩოებში აქცევდა მას და ართმევდა პიროვნების ინდივიდუალობის დამახასიათებელ ნიშნებს. დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, ისეთი როგორიც არის პოლიტიკური თავისუფლებები, საბჭოთა მოქალაქეზე არ ვრცელდებოდა. საბჭოთა კავშირში იყო ერთპარტიული სისტემა. კომუნისტური პარტიის გარდა სხვა პარტიების არსებობა დაუშვებელი იყო. შესაბამისად შეზღუდული იყო სიტყვის თავისუფლებაც. კომუნისტური პარტიის და არსებული პოლიტიკური სისტემის კრიტიკა აღქმული იყო როგორც სახელმწიფოს ღალატი, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ აკრძალული იყო კომუნისტური პარტიის შეხედულებებისაგან განსხვავებული აზრის გამოთქმა.
3.          აკრძალული იყო კერძო საკუთრება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა კომერციული სამეურნეო საქმიანობისთვის, რაც ასევე წარმოადგენდა პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას და ადამიანებს ჩანასახშივე უკლავდა სტიმულს, ინტერესს თავისი უნარი, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოემჟღავნებინა ეკონომიკური წარმატების მისაღწევად. საბჭოთა ადამიანი არ შეიძლებოდა ეკონომიკურად თავისუფალი ყოფილიყო. მას მხოლოდ სახელმწიფოსგან შეეძლო მიეღო ეკონომიკური სიკეთე (ისიც გარკვეულ შეზღუდულ, კომუნისტური სახელმწიფოს მიერ დასაშვებად დადგენილ ფარგლებში). საკუთრებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო, ადამიანებმა დაკარეს საზოგადო ქონების მოვლა-პატრონობის ვალდებულების გრძნობა. ხალხი შრომობდა, დოვლათი გროვდებოდა, ამ დოვლათს განკარგავდა სახელმწიფო და ადამიანებს არ ქონდა იმის შეგრძნება, რომ იგი იყო თანამონაწილე  ამ დოვლათის შექმნის და შესაბამისად მისი თანამფლობელი. სახელმწიფო აღქმული იყო როგორც ხალხისგან ცალკე მდგომი სუბიექტი და ხალხი სრულ სახელმწიფო მორჩილებაში უნდა ყოფილიყო.  
შეიძლება სხვა მრავალი ნეგატიური მხარეც გააჩნდა მაშინდელ ყოფას, მაგრამ ჩემის აზრით მთავარი იყო ნაციონალური, პოლიტიკური და პიროვნების უფლებების შეზღუდვები.
არსებული სოციალურ-პოლიტიკური წყობის დადებით და უარყოფით მხარეებს შორის თანაფარდობა მთელი ამ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთნაირი არ იყო. რაც დრო გადიოდა ადამიანები უარყოფითი ტენდენციების წვლილს უფრო მძაფრად გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩამოყალიბებულიყო საბჭოთა ადამიანი და ერთიანი საბჭოთა ხალხი, მან ეს ვერ შეძლო. პირიქით, რაც უფრო მეტ ღონისძიებებს ატარებდა ამ მიმართულებით, მით უფრო იზრდებოდა „უმცროს ძმებში“ საბჭოთა სახელმწიფოსადმი გაუცხოება და ეროვნული თვითშეგნების ამაღლება. საბჭოთა კავშირის ძლიერებას მხოლოდ ძლიერი სამხედრო-ტექნიკური კომპლექსი უზრუნველყოფდა. ამ კომპლექსის განვითარებისთვის სახელმწიფო სახსრებს არ იშურებდა. ძალისმიერი მეთოდებით იგი არა მარტო საბჭოთა კავშირის ერთიანობას, არამედ ე.წ. სოციალისტურ ბანაკსაც ინარჩუნებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო სამხედრო ძალის გამოყენება უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში. საბჭოთა კავშირი არაპირდაპირი გზით იყო ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების ომებში კორეასა და ვიეტნამში. ხოლო 1979 წლიდან მთელი ათი წელი გაატარა ავღანეთის ომში.
დაზუსტებით არ ვიცი სხვა რესპუბლიკებში რა მდგომარეობა იყო, ამიტომ გავიხსენებ მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. 50-იან და 60-იან წლებში  საბჭოური ღირებულებებისადმი პატივისცემა და საბჭოთა ცხოვრების სტილის უპირატესობის აღიარება გაბატონებულია ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილში. მართალია 1956 წელს მოხდა მეტად მნიშვნელოვანი კონფლიქტი ქართულ ეროვნულ თვითშეგნებასა და საბჭოთა სახელმწიფოებრივ პრინციპებს შორის,  მაგრამ ეს დაპირისპირება სახელმწიფომ მკაცრად აღკვეცა და საზოგადოებრივი ცხოვრება მის მიერ დადგენილ კალაპოტში მიმართა. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ 1956 წლის დაპირისპირების მაპროვოცირებელი იყო სტალინის პიროვნებისადმი დამოკიდებულება და არა ქართული ეროვნული სახელმწიფოს შექმნის სახალხო სურვილი და მზადყოფნა. 50-იანი და 60-იანი წლების საქართველო განვითარდა, გაძლიერდა, თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში. დაფასებული იყო ნიჭიერება, განათლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა. ამ პერიოდის სულისკვეთება კარგად ჩანს ქართულ მხატვრულ ფილმებში: „ჩვენი ეზო“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „საბუდარელი ჭაბუკი“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, „კეთილი ადამიანები“. მართალია ამ ფილმებში საკმაოდ მძლავრია პროპაგანდისტური ელემენტი, მაგრამ ისინი საკმაოდ რეალურად ასახავდნენ იმ დროინდელ ყოფას.
70-იანი და 80-იანი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. „რკინის ფარდა“, რომლითაც საბჭოთა სახელმწიფოს მოსახლეობა გამოყოფილი იყო დანარჩენი მსოფლიოსგან თანდათან დაეშვა. ადამიანთა სულ უფრო მეტი და მეტი მასებისთვის ხელმისწვდომი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი სხვა ქვეყნებში. გერმანულ ორ სახელმწიფოში ხალხის ცხოვრების დონის შედარება სოციალისტური წყობის უპირატესობის მითს ანგრევდა. შეიცვალა ადმიანების დამოკიდებულება ქონებისადმი, ფულისადმი. თუ ადრე გავრცელებული იყო მორალი „ფული ხელის ჭუჭყია“, ახლა იგი თანდათან შეიცვალა  და დამკვიდრდა შეხედულება, რომ „ფული ყველაფერია, ფულით ყველაფერს მიაღწევ“. ბევრი ფულის დაგროვება ცხოვრების მიზანი გახდა. ვინაიდან საბჭოთა სახელმწიფოს კანონმდებლობაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, დიდი „ფულის შოვნა“ კანონიერი გზით კვლავ შეუძლებელი იყო, შეიქმნა  „შავი“ (ფარული) ეკონომიკა, ჩამოყალიბდა „საქმოსანთა“ კატეგორია, რომლებიც უდაოდ ნიჭიერი ბიზნესმენები იყვნენ და შეეძლოთ წარმატებული მენეჯმენტის განხორციელება, მაგრამ ყოველივე ამას ახორციელებდნენ არალეგალურად, ვინაიდან კანონმდებლობით მათი საქმიანობა აკრძალული იყო და ისინი დამნაშავეებად მოიაზრებოდნენ. ასეთმა პირობებმა ხელი შეუწყო კორუპციის საყოველთაოდ გავრცელებას. თავდაპირველად დამკვიდრდა პროტექციონიზმი და თანდათან იგი ტრანსფორმირდა კორუფციაში. ყველაზე მნიშვნელოვნად შეირყა დამოკიდებულება განათლებისადმი. სწავლა რთული და ძნელი პროცესია, საკმაოდ მძიმე შრომა სჭირდება და ადამიანისგან მოითხოვს სულიერი ძალების მაქსიმალურად დაძაბვას, ხოლო თუ შესაბამისი ნიჭიც არ მოგდევს, მაშინ ჭეშმარიტი ცოდნის მიღების პროცესი ჯოჯოხეთად გადაგექცევა. ხოდა, რა საჭიროა თავის მოკვლა ცოდნის შესაძენად, როცა „ფულით შეიძლება ყველაფრის მიღწევა“. აი ასეთმა მორალმა მოიკიდა ფეხი საზოგადოებაში და ყველა შემდგომი უბედურების სათავე გახდა. ახალგაზრდების მიზანი გახდა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომის მიღება და არა პროფესიული ცოდნის დაუფლება. თუკი დიპლომის მიღება ცოდნის გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა, რატომ უნდა დაეხარჯათ  სტუდენტური ცხოვრების უმშვენიერესი წლები ამ მძიმე შრომაზე? (რასაკვირველია, ეს ყველაზე არ ითქმის. მაშინაც იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი ქონდათ და  მათთვის სწავლის პროცესი სასიამოვნო და საინტერესო იყო.) შეიქმნა ვითარება, რომელიც „შემოსავლიანი“ თანამდებობების დაუმსახურებლად დაკავების საშუალებას იძლეოდა, უფრო სწორედ „დაუმსახურებლად“ ვერაფერსაც ვერ მიაღწევდი, მაგრამ დამსახურებად განათლება, საქმის ცოდნა და გამოცდილება კი არ ითვლებოდა, არამედ ქრთამის ოდენობა. ცხადია, კომუნისტური პარტიის წევრობა მნიშვნელოვან უპირატესობას იძლეოდა სასურველი თანამდებობის დაკავებისთვის. ამიტომ მომრავლდა კომუნისტურ პარტიაში ანგარებით და არა მსოფლმხედველობის გამო გაწევრიანებულთა რაოდენობა, რაც გახდა კომპარტიის დაუძლურების, კორუფციის ჭაობში ჩაფლობის მიზეზი. საოცარია, მაგრამ ხელოვნების, მეცნიერების წინსვლა  და მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტში არ შეწყვეტილა. როგორც ჩანს ამ კუთხით ნიჭის გამოვლენა ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ. შეიქმნა კინოშედევრები, მაგრამ ვერ ვიხსენებ ამ პერიოდის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების რეალისტურად ამსახველ ფილმებს. ერთადერთი „როცა აყვავდა ნუში“ მახსენდება, სადაც უკვე ჩანს, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად დაშვებულია ტყუილი. მართალია 80-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირის ეკრანებზე გაუშვეს თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“, რომელიც 1984 წელს იყო გადაღებული, მაგრამ მანამდე საზოგადოება აშკარად არა თუ არ გამოხატავდა პროტესტს, არამედ ეს პერიოდი საყოველთაო კეთილდეობის პერიოდად იყო მიჩნეული. საბედნიეროდ ამ დაწყებული დეგრადაციის წლებშიც გამოვლინდა ქართველი ხალხის მიძინებული ეროვნული თვითშეგნება და ავიცდინეთ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაკარგვის რეალური საშიშროება. 1978 წელს ქართველი ერი წინაღუდგა საკავშირო ხელისუფლების მცდელობას საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენის გამოცხადებას, რაც ავტომატურად გულისხმობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციიდან ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ამოღებას.
ახალი ეტაპი დაიწყო 80-იანი წლების შუა პერიოდიდან, რომელიც ე.წ. „პერესტროიკის“ სახელითაა ცნობილი. 1986 წლის ჩერნობილის ტრაგედიამ მთელ მსოფლიოს, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უშუალოდ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას თვალსაჩინოდ დაანახა საბჭოთა სახელმწიფოს არაჰუმანური ხასიათი, სახელმწიფოს მზადყოფნა გაეწირა საკუთარი ხალხი და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა. კომუნისტური პარტიის ცენტრალური ხელმძღვანელობის მცდელობა, როგორმე ამოეთრიათ ჭაობში ჩაფლული საბჭოთა კავშირი უშედეგო აღმოჩნდა. უშედეგო აღმოჩნდა იმის გამო, რომ ვერ გათვალეს თავიანთი გადაწყვეტილების შედეგები, ხელიდან გაუშვეს ქვეყნის მართვის სადავეები და პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება პრაქტიკულად თვითდინებით განვითარდა. საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო ეკონომიკურ შეჯიბრს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ქვეყნის ხელმძღვანელობას, მთლიანად მოსახლეობას ნათლად გააზრებულიც კი არ ქონდა, თუ რისი მიღწევა სურდა. როცა მიზანი გამოკვეთილი არ არის, მიზნის მიღწევის გზებზე ლაპარაკიც უაზროა. ერთადერთი ის იგრძნობოდა, რომ ასე საბჭოთა კავშირის არსებობა შეუძლებელი იყო. მაგრამ რადგან უცნობი იყო ქვეყნის ტრანსფორმაცია რა მიმართულებით უნდა წასულიყო, დაიწყო ყველაფერი ძველის ნგრევა. თავდაპირველად საკავშირო ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ პროცესს წინაღდგომოდა ძველი, გამოცდილი, ძალისმიერი მეთოდებით. ამის მაგალითი იყო 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედია (ეს ტრაგედია ერთადერთი არ ყოფილა. მსგავსი სისხლისღვრა სხვაგანაც მოხდა). მაგრამ სახელმწიფოს ასეთმა რეაქციამ უფრო დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა. საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს მაღალ ჩინოსნებს აწყობდაც კიდეც ქვეყნის დაშლა სტიქიურად, იურიდიულად ყოველმხრივ გააზრებისა და შეთანხმების გარეშე, რადგან ასეთ შემთხვევაში საშუალება ეძლეოდათ უპრობლემოდ მიეთვისებინათ კომპარტიისა და სახელმწიფოს ფინანსური სახსრები. მოკლედ, საბჭოთა კავშირი დაიშალა სტიქიურად, დაჩქარებულად, გაუაზრებლად, მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველომ მიიღო ნანატრი დამოუკიდებლობა. მართალია, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა  უფრო ადრე (1991 წლის 9 აპრილი), ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად დადასტურდა (1991 წლის 26 დეკემბერი), მაგრამ ფაქტია, რომ საქართველომ დამოუკიდებლობას მიაღწია საბჭოთა კავშირის ღრმა,  შეუქცევადი კრიზისის გამო. განმეორდა ის, რაც შედეგად მოყვა მეფის რუსეთის დამხობასა და რუსეთის იმპერიის დაშლას. ამ თვალსაზრისით 1918 და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობები ძალიან გავს ერთმანეთს.
მე უკვე აღვნიშნე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მოხდა მომავალზე სერიოზული, ჭკვიანური დაფიქრების გარეშე. იყო თუ არა საქართველო დამოუკიდებლობისთვის მზად, ამ კითხვას არავინ არ სვავდა. ამ კითხვის დასმას არც ქონდა აზრი. ვინმეს რომ ეთქვა არ ვართო მზად, რა, უარს ვიტყოდით დამოუკიდებლობაზე? ცხადია, არ ვიტყოდით. მთავარი იყო დამოუკიდებლობის მოპოვება და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ხომ „გვაქვს ბორჯომის წყალი, მარტო მისგან მიღებული შემოსავლით შეიძლება ცხოვრება“. ასეთი იყო განწყობა.
ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია, რომელიც ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი იყო, და ავტომატურად ჩაითვალა ასევე ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერად. იმის გამო, რომ დისიდენტობიდან პოლიტიკაში მოსულ მოღვაწეებს არ ეყოთ ცოდნა, ჭკუა და გამოცდილება, მათ ვერ შეძლეს ახლად დაბადებული ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების სწორი გზის გამოძებნა. არც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი აღმოჩნდა ბრძენი, ხოლო დანარჩენი პასიური ნაწილი ჩუმად ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესებს, ალბათ, იმის გამო, რომ არც მათ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ და შეცდომების დაშვებას აარიდეს თავი. ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებულმა პოლიტიკურმა შეცდომებმა ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილი გახლიჩა, რასაც შედეგად მოყვა სამოქალაქო ომი, მთელი თავისი უსამართლობითა და სისასტიკით.
ასე იყო თუ ისე, პირველი პრეზიდენტი გააძევეს და საქართველოში უმაღლეს ხელისუფლად კვლავ დაბრუნდა ედუარ შევარდნაძე. იგი გამჭრიახ, გამოცდილ პოლიტიკოსად ითვლებოდა და საზოგადოებას იმედი ქონდა, რომ მოახერხებდა მდგომარეობის გამოსწორებას. მაგრამ მასაც მოუვიდა საბედისწერო შეცდომა, რის გამოც ოფიციალურად დაიწყო ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთი ფაქტობრივად გამოეყო საქართველოს. ქართული მოსახლეობა აფხაზეთიდან გამოძევებული იქნა და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად გადაიქცა. არ ვიცი, რიგითი მოსახლეობაც გამოაძევეს, თუ შეშინებულებმა თვითონ დატოვეს საკუთარი კარმიდამო, მაგრამ ფაქტია, რომ დაახლოებით 250 ათასი ლტოლვილის მამაპაპისეული სახლ-კარი კანონიერი მფლობელების მიერ მიტოვებული აღმოჩნდა. საბოლოოდ მაინც მოხერხდა შეიარაღებული დაპირისპირებების აღკვეთა.
იმ დროინდელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებაში ჩავარდა. დაიხურა და გაპარტახდა სახელმწიფო საწარმოები და ორგანიზაციები. უამრავი ხალხი დარჩა უმუშევარი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. უფრო მეტიც, ხალხმა დაკარგა ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული დანაზოგი, რომელიც მაშინდელ შემნახველ სალაროებში ქონდათ შეტანილი. ფული გაუფასურდა, იგი შეცვალა კუპონებმა და მილიონ კუპონს „კაპიკის ფასი“ ქონდა. ძირითადი საკვები პროდუქტი - პური შეზღუდული რაოდენობით ტალონებით გაიცემოდა. ხალხი დღის უმეტეს ნაწილს სურსათის რიგებში ატარებდა. ქვეყანა ჩაბნელდა - არ იყო ელექტროენერგია, ზამთარს გათბობის გარეშე ვატარებდით.  მოკლედ მეტად მძიმე ეკონომიკური ვითარება შეიქმნა. სურსათის მოსაპოვებლად ადამიანები  ყიდდნენ ყველაფერს, რაც ადრე ათეული წლების შრომით ქონდათ ოჯახში შეძენილი. გავრცელდა ქურდობა და ყაჩაღობა. გაიძარცვა და გაჩანაგდა სახელმწიფო საწარმოები. საუკეთესო მოწყობილობა-დანადგარები ჯართის სახით კაპიკებად გაქონდათ საზღვარგარეთ. ის რაც მთელი ხალხის ქონებას წარმოადგენდა უპრობლემოდ მიითვისეს პიროვნებებმა, რომელთაც აღმოაჩნდათ „მღვრიე წყალში თევზის ჭერის“ განსაკუთრებული უნარი. მართალია მოგვიანებით მოსახლეობას დაურიგეს ე.წ. ვაუჩერები, რომლებიც განსაზღვრავდა თითოეული მოქალაქის წილს საერთო სახალხო ქონებაში, მაგრამ ამ დროისთვის სახალხო ქონების მითვისება, გაფლანგვა და გაპარტახება უკვე თითქმის დასრულებული იყო და ვაუჩერის ნომინალური ღირებულება მიზერული გახდა (ადრე ამ ოდენობის ფულს, „ჯიბის ფულს“ უწოდებდნენ და დანახარჯის დათვლისას მხედველობაშიც კი არ იღებდნენ).
მშვიდობის დამყარებას შედეგად მაინც მოყვა ეკონომიკური მდგომარეობის მეტ-ნაკლები გაუმჯობესება. შემოღებული იქნა ახალი ქართული ვალუტა. დაიწყეს ხელფასების გაცემა. პურზე საბარათო სისტემა გაუქმდა. თანდათან დაიწყო პრივატიზაციის პროცესი. ამოძრავდა კერძო ბიზნესი. მოკლედ დაიწყო სოციალისტური ეკონომიკური ურთიერთობებიდან კაპიტალისტურზე გადასვლის პროცესი. ასე იყო, თუ ისე 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა გარკვეული ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ საერთო სავალალო მდგომარეობას ჯერ-ჯერობით საშველი არ უჩანდა. მომრავლდა მათხოვრები, მათ შორის ბავშვები. (მე კარგად მახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. მაშინაც თბილისი გაივსო მათხოვრებით, მაგრამ მათ შორის მე არ მინახავს ქართველი მათხოვარი, ყველა იყო ჩამოსული ომით გადამწვარ-გაჩანაგებული რესპუბლიკებიდან.) მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთო ვაჭრობაში (უფრო სწორედ ყიდვა-გაყიდვაში, რასაც კომუნისტების დროს სპეკულაციას უწოდებდნენ). ასეთ ვითარებასთან უკეთ შეგუების უნარი აღმოაჩნდათ ქალებს, კაცებმა ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ ტრესს. ოჯახის მოვლა-პატრონობის (გამოკვების) ტვირთი გადავიდა „სუსტი სქესის“ მხრებზე. ბევრმა მამაკაცმა ვერ იპოვა თავისი ადგილი ეკონომიკური ურთიერთობების ახალ სისტემაში, დარჩა უმუშევარი და უსაქმობისგან მიეძალა ალკოგოლსა და ნარკოტიკებს. თანდათან ვშორდებით რუსეთს და ვეხუტებით ამერიკას. ძირითადად ვცხოვრობთ საზღვარგარეთული დახმარებითა და ინვესტიციებით. საზღვარგარეთიდან მიღებული კრედიტები ისევ საზღვარგარეთული საქონლის შემოტანაზე იხარჯება. სოფლის მეურნეობის პროდუქციაც კი თითქმის უმეტესად საზღვარგარეთიდან შემოდის. ქართული სოფელი გაჩანაგდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თბილისისკენ დაიძრა, სადაც აღებ-მიცემობის საშუალება იყო. თბილისის ბაზრების, მეტროს სადგურებისა და სხვა ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების მიმდებარე ტერიტორიები სახელდახელოდ გადაიქცა ბაზრობებად. გასაყიდად გამოტანილი იყო ყველაფერი. ერთმანეთის გვერდით, პირდაპირ მიწაზე გაფენილ ცელოფნებზე ეყარა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მისი ნაწილები და სასურსათო პროდუქტები. ყველგან სუფევდა ანტისანიტარია.
დადგა XXI საუკუნე. სურვილი გვაქვს გავხდეთ ევროპული თანამეგობრობის წევრი. დიდ იმედებს ვამყარებთ „ნატო“-ზე, გვწამს, რომ მხოლოდ ის არის  ერთადერთი გარანტი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშვიდობიანი მშენებლობისა. დეკლარირებული გვაქვს დემოკრატიული ღირებულებები. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არის საყოველთაო კეთილდღეობის საფუძველი. მაგრამ მენტალურად ჯერ კიდევ ღრმად ვართ ჩარჩენილი სოციალისტურ წარსულში. ყველაფერს ვითხოვთ სახელმწიფოსგან. ადამიანები თავისუფალ პიროვნებებად ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, არ შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით მიხედონ საკუთარ ოჯახს. უბრალო მაგალითი, წვიმის დროს წყალი ჩამოსდის ჭერიდან, უნადგურდება ბინა, ავეჯი, ის კი იმის მაგივრად, რომ სახურავზე ავიდეს და შეაკეთოს დაზიანება, უმოქმედოთ ზის და ელოდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ერთადერთი რაც კარგად ავითვისეთ, არის სიტყვის თავისუფლება. მოიხსნა ცენზურა ბეჭდვით პრესასა და ტელევიზიაზე. სამწუხაროდ დემოკრატიის ეს შენაძენიც ვერ იქნა ეფექტურად გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. პირიქით, გარკვეულ წილად ხელი შეუწყო უზნეობის, ძალადობის მომრავლებას.
ქვეყნის სტაბილურობა კარგია, როცა განვითარების მაღალ საფეხურზე ხარ, არ გაწუხებს ეკონომიკური პრობლემები, არ არის დარღვეული სახელმწიფოს ერთიანობა, წინ ნათელი ჰორიზონტი ჩანს და საშუალება გაქვს მტკიცე, გამოზომილი ნაბიჯებით იარო პროგრესის გზაზე. დამყაყებული, კორუფციაში ჩაფლული, უპერსპექტივო სტაბილური მდგომარეობის ატანა კი შეუძლებელია. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში (მაშინდელ მმართველ პარტიაში - მოქალაქეთა კავშირში) გამოჩნდნენ ახალგაზრდული ძალები, რომლებიც არ შეეგუენ არსებულ მდგომარეობას, გამოიყენეს მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, ჩაშალეს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა (არ მისცეს პრეზიდენტს სხდომის გახსნის საშუალება) და აიძულეს ედუარდ შევარდნაძე გადამდგარიყო პრეზიდენტის პოსტიდან. არ ვიცი, რამდენად მწვავე იყო დაპირისპირება და პრეზიდენტს რომ არ მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება, დაიღვრებოდა თუ არა ძმათა სისხლი, მაგრამ პრეზიდენტი გადადგა და ყველაფერი უსისხლოდ დასრულდა. მოხდა მშვიდობიანი, ე.წ. „ვარდების“ რევოლუცია (2003 წლის ნოემბერი). „ვარდების“ რევოლუციას სამი გამოკვეთილი ლიდერი ყავდა - მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე და მათ გაინაწილეს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები: სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ჟვანია პრემიერ-მინისტრი, ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი, იმდენად აღსავსე ურთიერთსაპირისპირო, თითქმის ერთმანეთის გამომრიცხავი სწორი, სასიკეთო და მცდარი, საზიანო გადაწყვეტილებებითა და ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებით მიღებული პოზიტიურ-ნეგატიური შედეგებით, რომ ამ პერიოდის გააზრებული შეფასება მხოლოდ შორეულ მომავალში იქნება შესაძლებელი. დღევანდელი გადასახედიდან კი გამოკვეთილად ჩანს შემდეგი:
დადებითი
·         სახელმწიფო სამსახურების მომსახურება შეუდარებლად გაუმჯობესდა, ამოიძირკვა კორუპცია, რომელიც ადრე სახელმწიფოს ამ რგოლში გაბატონებული იყო. დაინერგა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები.
·         გაიზარდა სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა ხელფასი.
·         მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ეს ითქმის ავტომაგისტრალებზე.
·         გაუმჯობესდა მთელი რიგი ქალაქებისა და დაბების იერსახე, ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, სასმელი წყლით მომარაგება. გარემონტდა ძველი და აშენდა ახალი შენობები. გაუმჯობესდა შიდა გზები, თანდათან მოწესრიგებული ხდება ტრანსპორტის მოძრაობა.
·         გაუმჯობესდა ტურისტული ბაზები. ამაღლდა ტურისტთა მომსახურების დონე.
·         დაფასდა ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგია, ამაღლდა ღვინის წარმოების კუტურა, მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნილება მაღალხარისხოვან ქართულ ღვინოზე.
·         დაინერგა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი სახელმწიფო გამოცდები.
უარყოფითი
·         სახელმწიფომ ვერ მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. დაუშვა დიპლომატიური ხასიათის შეცდომები, ჩათრეული იქნა რუსეთთან უთანასწორო ომში, რომელიც საქართველოსთვის სავალალოდ დამთავრდა.
·         მრავალპარტიულობა მხოლოდ სიტყვიერად არის დეკლარირებული, პრაქტიკულად კი ჩამოყალიბებულია ერთპარტიული სისტემა. ე.წ. „ოპონენტური პარტიები“ სინამდვილეში კონკრეტული ლიდერების გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფებია, რომელთაც ერთმანეთისგან ასხვავებს ლიდერის პიროვნება და არა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის პროგრამა. დემოკრატიულმა განვითარებამ კურსი იცვალა და ავტორიტარული რეჟიმის ნიშნები შეიძინა. ჩამოყალიბდა პოლიციური სახელმწიფო.
·         უმუშევარია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ნაწილს აქვს დროებითი შემოსავალი. ისინიც კი, რომელთაც აქვთ სამსახური, გამუდმებით სამსახურის დაკარგვის შიშს განიცდიან. „ავადსახსენებელი კომუნისტური წარსულისგან“ განსხვავებით, როდესაც მომავალი ნორმალური ცხოვრება ყველას გარანტირებული ქონდა, ახლა მოსახლეობის უმრავლესობა ხვალინდელ დღეს შიშით შეყურებს.
·         მოსახლეობაში ვერ დამკვიდრდა სამართლიანობის განცდა. ნდობას არ იმსახურებს სასამართლო. კანონმორჩილება მიღწეულია კანონდამცველი სტრუქტურების შიშით და არა კანონმდებლობის სამართლიანობის შეგნებით.  კანონები იქმნება არა საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგებისთვის, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ადმინისტრირების გაადვილების მიზნით.
·         ყალიბდება ეკონომიკური სისტემა ველური კაპიტალიზმის დამახასიათებელი ნიშნებით. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების შიდა წყაროებიდან მნიშვნელოვანი წვლილი მოდის საჯარიმო სანქციებზე, საპროცესო გარიგებებზე, მოკლედ, არასაწარმოო ხასიათის შემოსავლებზე. ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მეტად დიდ რისკთან არის დაკავშირებული კერძო ბიზნესის წამოწყება. ხშირ შემთხვევაში ასეთ მცდელობას მოსდევს გაკოტრება და ბიზნესში დაბანდებული სახსრების სრულად დაკარგვა. არც თუ იშვიათად ასეთ დღეში ვარდება არა მარტო წვრილი და საშუალო ბიზნესი, არამედ მსხვილი კორპორაციებიც კი. შედარებით განვითარდა მხოლოდ საბანკო ბიზნესი.
·         პრაქტიკულად მოისპო მეურნეობის მთელი რიგი დარგები, რომლებიც განვითარებული იყო საბჭოთა საქართველოში. ჩაკვდა მსუბუქი მრეწველობა, არადა იყო დრო, როდესაც ქართული აბრეშუმის ნაწარმი და მაუდ-კამვოლის პროდუქცია დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა. იგივე ითქმის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ წარმოებაზეც.
·         ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ მოუტანია განათლების რეფორმას და ძნელია იმის ცალსახად თქმა, რომ სწორი მიმართულება გვაქვს არჩეული.
·         განათლების რეფორმისგან განსხვავებით, რომლის შედეგების გამოვლენას დრო სჭირდება, მყისიერი შედეგი უნდა გამოეღო რეფორმას სამედიცინო სფეროში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ვერ გრძნობს, რომ მისი ჯანმრთელობის დაცვაზე ვინმე ზრუნავს. არა და ქვეყნისთვის რა შეიძლება იყოს მისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უფრო ძვირფასი?  მოსახლეობის უმრავლესობა არ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს სათანადო სახსრების უქონლობის გამო. ხოლო როდესაც იძულებულია, რომ მიმართოს, უკვე გვიანია და ის, რისი გამოსწორებაც სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებებით იქნებოდა შესაძლებელი, სავალალო შედეგით მთავრდება.
·         სახელმწიფოს ყურადღების გარეთ დარჩა მეცნიერება. არა და საქართველოს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი გააჩნდა ყოველთვის, რაც განპირობებული იყო სამეცნიერო საქმიანობის პრესტიჟულობით, დაფასებით, ქართველების მიდრეკილებით ცოდნის შეძენისა და სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისადმი. ასეთი ვითარების გამო მრავალი მაღალი რანგის ქართველი მეცნიერი მოღვაწეობს საზღვარგარეთ. გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები საერთო საკაცობრიო კუთვნილებას წარმოადგენს და რაღა საქართველომ უნდა გაიღოს სახსრები ამ მიღწევებისთვის,  მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მეცნიერების მიღწევებიც წარმოადგენს პროდუქტს, რომლის გაყიდვა შეიძლება. თუ კი შენს მოქალაქეებს კარგად შეუძლიათ აკეთონ ის, რისი გაყიდვაც შეიძლება, რატომ არ უნდა შეუწყო ხელი? უმჯობესია ყველანი ხელზე მოსამსახურეებად გადავიქცეთ და ტურისტების მომსახურებით მოვახერხოთ ცხოვრება? განსაკუთრებით გული მწყდება იმაზე, რომ საქართველოს სრულად შეეძლო განევითარებინა კომპიუტერული ტექნიკის წარმოება და ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. საქართველოში არის დარიშხანის საბადოები, ფუნქციონირებდა სამეცნიერო-ტექნიკური დაწესებულება „მიონი“, სადაც დამუშავებული და ათვისებული ქონდათ ნახევარგამტარული კრისტალების აგების (აშენების) ტექნოლოგია, ანუ შეეძლოთ მიკროპროცესორების შექმნა, თბილისში მუშაობდა მმართველ-გამომთვლელი ელექტრონული მანქანების ქარხანა, რომლის პროდუქცია საზღვარგარეთ იგზავნებოდა და გამოყენებული იყო პროგრამულად მართული ჩარხების მშენებლობაში. ასეთი ჩარხმშენებელი ქარხანა თბილისშიც იყო. საქართველოში იყო  მსოფლიო მასშტაბის ძლიერი მათემატიკური სკოლა, თბილისში მუშაობს ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მოკლედ არსებობდა ყველა პირობა კომპიუტერული ტექნიკის წარმოების სრული ციკლის გასამართავად. ჩვენ კი ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენეთ.
კიდევ მრავალი გამოუყენებელი შესაძლებლობების ჩამოთვლა შეიძლება, ალბათ. მე, ერთმა კონკრეტულმა მოქალაქემ, ცხადია ბევრი რამ არ ვიცი. სხვებმა შეავსონ ის, რაც მე გამომრჩა.
თუ არ დავკონკრეტდებით და ზოგად ტენდენციას ჩაუფიქრდებით, დავინახავთ, რომ იკვეთება ქართული იდენტობის დამახასიათებელი დადებითი თვისებების ამოძირკვის საშიში ტენდენცია, ყოველმხრივ იზღუდება მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავების შესაძლებლობა. პრიორიტეტად მიჩნეულია საქართველოს ტერიტორიის გადაქცევა უცხოელთათვის მოსაწონ, სასიამოვნო ადგილად, ხოლო მოსახლეობისა კი ამ უცხოელთა მომსახურე პერსონალად. ევროპასთან და  ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპირობო დაკავშირება და რუსეთთან ხიდების დაწვა თვითმიზანი არ უნდა იყოს. მიზანი არის საქართველოს კეთილდღეობა და გარე სამყაროსთან ურთიერთობა, დასავლური ღირებულებების დამკვიდრება არის ამ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტი. ხელისუფლებას ალბათ გულწრფელად სჯერა, რომ რასაც აკეთებს საქართველოს საკეთილდღეოდ აკეთებს, ალბათ გალამაზებულ ქალაქებში გავლისას ან პომპეზურ გასართობ ღონისძიებებზე დასწრებისას, სიამოვნების, სიხარულისა და სიამაყის გრძნობა ეუფლება.  ალბათ იგივეს გრძნობს მოქალაქეთა ის ნაწილიც, რომელსაც არ აწუხებს ეკონომიკური პრობლემები და რომლისთვისაც „ცხოვრება მშვენიერია“.  მაგრამ, დაფიქრდით ხელისუფალნო, მარტო თქვენთვის ხომ არ გაალამაზეთ გარემო? ხომ არ დაუკარგეთ მოსახლეობის უმრავლესობას ცხოვრების მშვენიერების აღქმის უნარი? როდესაც უამრავი სასიცოცხლო პრობლემა გიღრღნის ტვინს, გარემო ფერმკრთალდება, სინანულის ცრემლსა და აგრესიის სურვილს უფრო იწვევს, ვიდრე მშვენიერებით აღტაცებას. დროა ხელისუფლების ყველა მცდელობა მიმართული იყოს მთელი მოსახლეობის (და არა მხოლოდ მისი მცირე ნაწილის) კეთილდღეობის ამაღლებისკენ. ჯერჯერობით კი ხელისუფლების ძირითადი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა. მერწმუნეთ რომ, თუ მოსახლეობას ზრუნვას არ მოაკლებთ, ხელისუფლებას სპეციალური ზრუნვის გარეშეც შეინარჩუნებთ.

No comments:

Post a Comment