გავრცელებულია შეხედულება, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხი საქართველოსთვის ახალია, რომ ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში დაიწყო ამ საკითხებზე სერიოზულად მსჯელობა. ჩემის აზრით ეს შეხედულება მართალი არის ნაწილობრივ და ის, რაც ადრე განხილვის საგანს არ წარმოადგენდა, გამომდინარეობდა ზოგადად საკუთრებისადმი კომუნისტურ წარსულში არსებული დამოკიდებულებიდან.
კომუნისტურ საზოგადოებაში ინტელექტუალური საკუთრების ცნება აქტუალური არ იყო, აქტუალური იყო ინტელექტუალური შრომის შედეგად შექმნილი პროდუქციის ავტორობა და საავტორო უფლებები საკმაოდ ეფექტურად იყო დაცული. სხვისი შემოქმედებითი შრომის ნაყოფის მითვისება, მის ავტორად თავის გასაღება პლაგიატობად იწოდებოდა და მეტად სამარცხვინო ქმედებად ითვლებოდა. მაშინაც აქტიურად მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ახორციელებდნენ დაპატენტებას, საავტორო უფლებების დადგენას, დარეგისტრირებული იყო უბრალო რაციონალიზატორული წინადადებებიც კი. ასე რომ ავტორობას ვერავინ ვერ წაგართმევდათ.
მეორე საკითხია, როგორ ხდებოდა თქვენი ინტელექტუალური შრომით შექმნილი პროდუქციის გამოყენება. კომუნისტური სახელმწიფო თვლიდა, რომ ადამიანთა შრომით შექმნილი ნებისმიერი სახის პროდუქცია წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, პროდუქციის შემქმნელებმა მიიღეს შრომის ანაზღაურება ხელფასის (ჰონორარის) სახით და ავტორობის აღიარების გარდა მეტი სხვა უფლება ამ პროდუქციაზე მათ არ აქვთ. ასე რომ, თუ მაგალითად, რომელიმე კომპოზიტორის შემოქმედების ნაყოფი მრავალგზის ჟღერდა სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში, იგი მხოლოდ მადლიერი უნდა ყოფილიყო, რომ მისი შემოქმედება პოპულარობით სარგებლობდა. ასეთ პირობებში ვერავინ ვერ დაავალდებულებდა კონცერტის ორგანიზატორებს, ან მუსიკალური ნაწარმოების შემსრულებელს მიეღო შესაბამისი ნებართვა შესრულებული ნაწარმოების ავტორისგან (ან მისი მემკვიდრისგან), და გაენაწილებინა მისთვის მიღებული შემოსავალი.
სოციალისტური ეკონომიკის სისტემიდან ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გადასვლამ სახელმწიფოს ჩამოართვა ადამიანთა ინტელექტუალური საკუთრების ფლობისა და განკარგვის უფლება და დაუბრუნა იგი ნამდვილ მეპატრონეს. სამწუხაროდ მეპატრონე უცბად ვერ მიეჩვია იმ აზრს, რომ იგი საკუთრების მფლობელია და არ იცის როგორ მიიღოს შემოსავალი სხვების მიერ მისი საკუთრების გამოყენებიდან. არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ ქართველებმა ნამდვილად უანგაროდ იციან (ყოველ შემთხვევაში, იცოდნენ) საკუთარი რესურსების სხვებისთვის გაცემა-განათხოვება (არ გითხოვებიათ მეზობლისთვის ინსტრუმენტი, ხელსაწყო ან რაიმე სხვა ნივთი, რომელიც შესაძლოა აღარც კი დაუბრუნებიათ თქვენთვის და გამოყენებული იქნა რაიმე სახის შემოსავლის მისაღებად?), ხო და, რა გასაკვირია, რომ დღემდე ავტორს აზრადაც არ მოსვლია მისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით მიღებული შემოსავლიდან წილის მოთხოვნა. მით უმეტეს, რომ ინტელექტუალური საკუთრებისადმი ასეთი ახალი დამოკიდებულება მოითხოვს რუტინულ შრომას - ზუსტ აღრიცხვას და გამოყენების ფაქტის დამტკიცებას. აი, როგორც იტყვიან, აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეფექტურად მომუშავე სტრუქტურები, რომლებიც ზუსტად დაადგენენ რომელი ავტორის ინტელექტუალური საკუთრება როდის, სად, რამდენჯერ და ვის მიერ იქნა გამოყენებული შემოსავლის მისაღებად და რა ოდენობის შემოსავალი იქნა მიღებული. ქართველი კანონმდებლები ამაყობენ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში თანამედროვე (ევროპული კრიტერიუმების შესაბამის) დონეზე არის ასახული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები. ძალიან კარგი, მაგრამ ეს კანონმდებლობა უსარგებლო, გამოუსადეგარი იქნება, თუ არ მოხერხდა ის აღრიცხვა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი კომპიუტერული მონაცემთა ბაზების შექმნა, ამ ბაზების უწყვეტი, სისტემატური განახლება და ეფექტური ადმინისტრირება. საბედნიეროდ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. საჭიროა მხოლოდ სურვილი, დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა გაერთიანება, ფინანსური რესურსების მოძიება, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტთა შემოკრება და საპატენტო და სალიცენზიო სამსახურებისთვის ამ ახალი მოვალეობის დაკისრება (რასაკვირველია, შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფით).
No comments:
Post a Comment