Tuesday, July 19, 2011

დანაშაული და სასჯელი.

პლაგიატობაში ნუ ჩამომართმევთ, რომ XIX საუკუნის უდიდესი რუსი მწერლის საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოების სათაურის გამოყენება გავბედე. სხვა გზა არ მაქვს, ვინაიდან დანაშაულზე და სასჯელზე მინდა ვისაუბრო და ამ წერილს უკეთესი სათაური ვერ მოვუძებნე. იმედია, პატივცემულ დოსტოევსკის ეს სათაური დაპატენტებული არ აქვს. მე სამართლისმცოდნეობის სპეციალისტი არ ვარ და ამ საკითხზე იმიტომ ვწერ, რომ სპეციალისტებმა იცოდნენ რა შეხედულების არის რიგითი მოქალაქე და გადაწყვიტონ როგორ მოგვაწოდონ პოპულარულად ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გვაკლია, რათა საჭირო კორექტირები შეიტანონ ჩვენს შეხედულებებში. ამ საკითხებზე ვიკიპედიაში პოპულარული სტატიების გამოქვეყნება დიდ სამსახურს გაუწევს საზოგადოებას.
რას თვლის საზოგადოება დანაშაულად? აბსოლუტურია, თუ არა დანაშაული, ანუ არის ქმედება, რომელიც ყოველთვის და ყველას მიერ ითვლებოდა დანაშაულად? ვის აქვს უფლება და მოვალეობა შეაფასოს ადამიანის ქმედება და ჩათვალოს, რომ ეს ქმედება არის დანაშაული? როგორია საზოგადოების რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე? უნდა დაისაჯოს თუ არა დანაშაულის ჩამდენი? როგორი უნდა იყოს სასჯელი? ვინ უნდა შეუფარდოს ჩადენილ დანაშაულს ადეკვატური სასჯელი?
არა ნაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა დამოკიდებულება აქვს დანაშაულთან თვით დამნაშავეს. მიაჩნია თუ არა მას, რომ იგი დანაშაულს ჩადის? თუ მიაჩნია და მზად არის სასჯელისთვის, რატომ ჩადის დანაშაულს?
დანაშაულის რომელიმე კონკრეტული შემთხვევის განხილვა არ უნდა იყოს მეტისმეტად რთული, ვინაიდან ჩადენილი ქმედება უკვე ჩათვლილია დანაშაულად და დანაშაულის ჩადენისა და განხილვის მომენტებისთვის სათანადო კანონმდებლობა საზოგადოებას დადგენილი აქვს. საკმარისია მხოლოდ ობიექტური მტკიცებულებების მოპოვება და შესაბამისად დამტკიცება იმისა, რომ ეჭვმიტანილი არის თუ არ არის დამნაშავე მომხდარ დანაშაულში.  რთულია იმის განსაზღვრა, თუ ზოგადად რა უნდა ჩაითვალოს დანაშაულად და რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს.
დანაშაული განმარტებულია როგორც საზოგადოებრივად საშიში, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც კანონი სასჯელით ემუქრება. ზოგადად, ალბათ, დანაშაულად ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ისეთი ქმედება, რომელსაც ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის, ან თუნდაც  ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის. მაგრამ ამ დებულებაში შემოვიდა ცნება „ზიანი“, რომელიც ასევე საჭიროებს განმარტებას. რასაკვირველია, მთელ რიგ სიტუაციებში ადამიანისთვის მიყენებული ზიანი იმდენად თვალსაჩინოა, რომ კითხვებს არ ბადებს, მაგრამ არც თუ იშვიათად მიყენებული ზიანი ადამიანისთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდება ხოლმე. უბრალო ორი მაგალითი, ორივე მაგალითში კაცი სადარბაზოს კიბით ადის ზევით, მას აედევნა ქურდი და ჩაარტყა თავში რაიმე ბლაგვი საგანი. კაცმა გონება დაკარგა. ქურდმა გაუჩხრიკა ჯიბეები, ვერაფერი მოსაპარი ვერ იპოვა, ერთი მაგრად შეუკურთხა და კიბეებზე მიგდებული მიატოვა. ცოტა ხნის შემდეგ მეზობლებმა ნახეს კიბეზე წაქცეული კაცი, გამოუძახეს სასწრაფოს. აღმოჩნდა რომ დაზარალებულს აქვს ტვინის შერყევა. შემთხვევის აღწერით ეს ორი მაგალითი აქამდე ზუსტად ერთნაირია, ანუ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს ადამიანისთვის ზიანის მიყენებას. ახლა მათ შორის განსხვავების შესახებ. პირველ შემთხვევაში კაცი ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში, მეორე შემთხვევაში კი კაცი ადიოდა სახურავზე, რათა იქიდან გადმომხტარიყო და თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. ამრიგად მეორე შემთხვევაში ქურდის მიერ მიყენებულმა ზიანმა გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე. ამხელა ისტორიის  შეთხზვა დამჭირდა იმის საჩვენებლად, რომ ერთიდაიგივე ქმედებას საბოლოო ჯამში შეიძლება ერთ შემთხვევაში ზიანი მოჰქონდეს, სხვა შემთხვევაში კი - სარგებლობა.
მაშასადამე, მარტო იმის დადგენა ზიანის მომტანია თუ არა ქმედება, არ არის საკმარისი ამ ქმედების დანაშაულად ჩასათვლელად. ზემოთ მოყვანილ ორივე მაგალითში ქურდი დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემთხვევაში მისი ქმედებით თვითმკვლელობა თავიდან იქნა აცილებული. საქმე იმაშია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ქმედების მოტივაციას. ქურდის ქმედების მოტივი კი ორივე შემთხვევაში ერთნაირი იყო - მას სურდა მსხვერპლის გაძარცვა.
მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც დანაშაული ხდება შემთხვევითაც, მოტივის გარეშე. მაგალითად ავტომანქანის მძღოლმა შემთხვევით დააჯახა მანქანა ფეხით მოსიარულეს. მას სულაც არ უნდოდა ვინმესთვის ზიანის მიყენება. მაგრამ მან დაარღვია დადგენილი წესები (არ დაუთმო გზა ფეხითმოსიარულეს) და ამიტომ ითვლება დამნაშავედ.
მაშასადამე ცალკე არც ქმედების შედეგი და არც მოტივი არ არის საკმარისი ქმედების დანაშაულად იდენტიფიცირებისთვის. თუ მოტივის გარეშე (შემთხვევით, როგორც წინა მაგალითში) იქნა ჩადენილი ზიანის მომტანი ქმედება, ეს ქმედება ჩაითვლება დანაშაულად, თუ ხდება საზოგადოებაში დადგენილი კანონის, წესის დარღვევა. მაგრამ ეს ხომ აშკარა ტავტოლოგიაა, რადგან გამოდის, რომ ერთის მხრივ კანონი კრძალავს დანაშაულს, და მეორეს მხრივ დანაშაულად ითვლება ის, რაც აკრძალულია კანონით. დანაშაულის ზემოთ მოყვანილ განმარტებაშიც ეს ტავტოლოგია სახეზეა. ამიტომაც ვთვლი, რომ დანაშაულის ეს განმარტება სრულყოფილი არ არის. გარდა ამისა, ამ განმარტებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ რიგითმა მოქალაქემ არ ჩაიდინოს დანაშაული, მან ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს კანონები. ასეთი ცოდნა კი მოქალაქეებს არ აქვთ და ვერც მოვთხოვთ, რომ ჰქონდეთ.  ე.ი. შეიძლება მოქალაქემ ისე ჩაიდინოს დანაშაული, არც კი იცოდეს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი.
ადამიანთა საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი განვითარების განმავლობაში დანაშაულის შესახებ შეხედულებები მნიშვნელოვნად იცვლებოდა. მაგალითად კაცის კვლა დანაშაულად ყოველთვის არ ითვლებოდა. საყოველთაოდ ცნობილია გლადიატორთა შერკინებები, მოგვიანებით შუასაუკუნეების რაინდების ტურნირები, კიდევ უფრო მოგვიანებით დუელები, რომლებიც ლეტალური შედეგით მთავრდებოდა. ამჟამად კაცის კვლა, რაც ქრისტიანული მორალით ყოველთვის დაუშვებელი იყო, საყოველთაოდ ითვლება დანაშაულად. თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ კანონმდებლობით დაშვებულია სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯა (პიროვნების მიერ კაცის კვლა დანაშაულია, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იგივე ქმედება კი სამართალდამცველ აქტად ითვლება. საოცარი არ არის!?). არაფერს ვამბობ საომარ მოქმედებებზე, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროში XXI საუკუნეშიც კი წარმოებს და ხშირ შემთხვევაში მასობრივად იწვევს სამოქალაქო მოსახლეობის დაღუპვას. ხოლო ტერორისტული აქტები დღევანდელობის თანმდევი მოვლენა გახდა.
სხვა ტიპის მაგალითები: ნარკოტიკების მოხმარება ითვლება დანაშაულად. აქ დანაშაულის ნიშნები იმაში ჩანს, რომ ამ ქმედებას დიდი ზიანი მოაქვს კონკრეტულად ნარკოტიკის მომხმარებლისთვის და ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის, ვინაიდან ნარკომანია ეპიდემიასავით ვრცელდება. ასევე საზიანოა ლოთობა, მაგრამ ლოთობის გამო არავის აძლევენ პასუხისგებაში. ახლა ყველამ იცის, თუ რა ზიანის მომტანია თამბაქოს მოწევა, მაგრამ მწევლების დაპატიმრება არავის მოუვა აზრად. რასაკვირველია, ლოთებსა და მწეველებზე ვრცელდება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად აკრძალულია ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ან აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, მაგრამ თუ ლოთი ან მწეველი არ არღვევს დადგენილ წესებს, იმისთვის რომ ალკოჰოლი მიიღო, ან თამბაქო მოწია, არავინ არ ისჯება, მაშინ როდესაც ნარკოტიკის მიღება უკვე დასჯადი ქმედებაა, მიუხედავად იმისა ნარკოტიკმიღებული პირი სანიმუშოდ იქცევა და არავითარ საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევს, თუ პირიქით.   
მოკლედ, რა არის დანაშაული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეტად რთული აღმოჩნდა. საზოგადოებამ თავისი განვითარების ყოველ ეტაპზე უნდა განსაღვროს ადამიანთა როგორ ქმედებებს შეუძლია მოუტანოს ზიანი საზოგადოების განვითარებას, რა უშლის ხელს საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალურ, მშვიდობიან, მოწესრიგებულ, აღმშენებლობით მიმდინარეობას, ამავდროულად მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს საზოგადოების წევრის, პიროვნების, ინდივიდის თავისუფლების უმთავრესი პრინციპები და ისე უნდა დაადგინოს საზოგადოებრივი თანაცხოვრების წესები და მართლწესრიგის დამცველი კანონები. აუცილებელია დაცული იყოს ოპტიმალური თანაფარდობა საზოგადოებრივი თანაცხოვრების კანონებსა და პიროვნების თავისუფლებას შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შედგება საზოგადოებრივი კონსენსუსი და აღმოჩნდება, რომ ან დადგენილი კანონები ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგს, ან პიროვნებები იმდენად ზედმეტად შეზღუდული იქნებიან კანონებით, რომ ყოველთვის ეცდებიან გვერდი აუარონ კანონს.
საზოგადოება ქმნის სპეციალურ ორგანოს, რომლის დანიშნულებაა კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ანუ კანონების შემუშავება და მიღება. ჩვენთან ეს ორგანოა საქართველოს პარლამენტი. იგი არჩევითი ორგანოა და ქვეყნის ცხოვრებაში მისი როლიდან გამომდინარე, გასაგებია თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯერ ერთი, ამომრჩევლებისთვის (ანუ პრაქტიკულად მთელი საზოგადოებისთვის) პარლამენტის დანიშნულებისა და როლის განმარტებას, და მეორეც, პარლამენტის არჩევნების ობიექტურად ჩატარებას. ზოგადად მორალი, კონკრეტულად კი ცხოვრებისეული რეალობა კარნახობს პარლამენტს თუ როგორი კანონები უნდა იყოს მიღებული. თუმცა შეცდომების დაშვებიდან პარლამენტი დაზღვეული არ არის. ამიტომაც პარლამენტის წევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე. შესაბამის პატივისცემასა და დაფასებას სწორედ ეს პასუხისმგებლობა განაპირობებს. მიკვირს, როგორ უძლებენ ამხელა პასუხისმგებლობას ის ადამიანები, რომლებიც ზედიზედ რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრები არიან და აქვთ სურვილი მომავალშიც საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ. პარლამენტის წევრობა ხომ საზოგადოების წინაშე ყველაზე რთული და მძიმე ვალდებულების მოხდაა. ხოლო თუ ეს ასე არ არის, მიკვირს რატომ ეგუება საზოგადოება ასეთ ვითარებას.
საზოგადოება ასევე ქმნის სპეციალურ სამსახურს - სასამართლოს, რომელმაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს ჩადენილი ქმედება არის თუ არა პარლამენტის მიერ დადგენილი კანონებით განსაზღვრული დანაშაული და განსაზღვროს სასჯელის ზომა. სასამართლო ვერ ჩათვლის დანაშაულად ქმედებას, თუ ამ ქმედებას „კანონი სასჯელით არ ემუქრება“. (ის, რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია.) თუმცა ასეთ გაურკვეველ ვითარებაში სასამართლო ცდილობს მოძებნოს პრეცედენტი და ანალოგიით მიიღოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი გადაწყვეტილება. ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც ხდება სასამართლოს მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრა არის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სამართლიანობა. თუ სასამართლო თავის საქმიანობაში თავისუფალი არ არის და იძულებულია იხელმძღვანელოს ვისიმე ინტერესებით (უარეს შემთხვევაში - პირდაპირი დირექტივებით), მაშინ უმეტეს შემთხვევაში სამართლიანობის პრინციპი ირღვევა და სასამართლო საზოგადოების ნდობას კარგავს. ასეთი სასამართლოს პირობებში მოქალაქეები კანონმორჩილნი სამართალდამცავი ორგანოების შიშით ხდებიან და არა კანონის პატივისცემის გამო. ანუ კანონმორჩილებას პოლიციური ზედამხედველობა უზრუნველყოფს და არა მოქალაქეთა შეგნება.
რატომ მიდის ადამიანი დანაშაულზე? (გამოვრიცხოთ შემთხვევით ჩადენილი დანაშაული და ვისაუბროთ შეგნებულად ჩადენილზე). ნუთუ მის ბუნებაში თავიდანვე ჩადებულია დანაშაულის ჩადენისადმი მიდრეკილება? თუ ცხოვრებისეული სირთულებები აიძულებს მას დაარღვიოს დადგენილი კანონი? ან იქნებ არ ეთანხმება დადგენილ წესრიგს და კანონის დარღვევა მისი პროტესტის გამოხატულებაა?  რთულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მე რატომღაც მგონია, რომ მარტო დანაშაულის ჩამდენი არ არის დამნაშავე. თუ, როგორც იტყვიან, კრიმინოგენული სიტუაცია გამძაფრებულია, მიზეზი აუცილებლად თვით საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ, საზოგადოებას რაღაც მნიშვნელოვანი გამორჩა მხედველობიდან და ვერ მოახერხა საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალიზება. ასეთ არეულ სიტუაციაში ადამიანი კარგავს მორალით ნაკარნახევ მუხრუჭებს, თავს უფლებას აძლევს აყვეს ქვენა გრძნობებს, არაფრად აგდებს სხვების ინტერესებს და თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მზად არის მიმართოს ნებისმიერ საშუალებას, თვით კანონსაწინააღმდეგოსაც კი. მართლწესრიგისადმი ასეთი დამოკიდებულება, როგორც მავნე ვირუსი, სწრაფად ვრცელდება საზოგადოებაში და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისადმი პრინციპულად შეურიგებელი ადამიანები ახერხებენ კანონმორჩილების შენარჩუნებას.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით საზოგადოება ქმნის სპეციალურ სტრუქტურას - პოლიციას. პოლიციის დანიშნულება არის მოქალაქის უფლებების დაცვა ნებისმიერი სახის ხელყოფისაგან. ცხადია აქ უპირველეს ყოვლისა იგულისხმება მოქალაქის სიცოცხლის უფლება. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქის ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან აღკვეთილი უნდა იყოს. პოლიცია ასევე ვალდებულია დაიცვას მოქალაქის ქონებრივი უფლებები და აგრეთვე უზრუნველყოს პიროვნების სხვა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების ხელშეუხებლობა. სამწუხაროდ ჩვენს პოლიციას მოქალაქეთა უფლებების დაცვის მოვალეობასთან ერთად ეკისრება სახელმწიფო ინტერესების დაცვაც, და როგორც წესი, პოლიცია უპირატესობას ამ ფუნქციას ანიჭებს, ამიტომ იგი ხშირად მოქალაქის არა თუ დამცველი, არამედ მისი უფლებების პირდაპირი შემლახველის როლში გვევლინება. მაგალითად, საპროტესტო აქციების დროს პოლიცია აქციის ნორმალურად ჩატარების უზრუნველყოფის ნაცვლად აქციის დამრბევის როლში გამოდის. პოლიციის მოვალეობას მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა უნდა წარმოადგენდეს. პოლიცია მუნიციპალური სტრუქტურა უნდა იყოს. სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის არსებობს სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და ჯარი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემს მიერ დასმული კითხვების უმრავლესობა პასუხგაუცემელი დარჩა. ჩვენი საზოგადოების რიგითი წევრი, რომელიც ამ საკითხების სპეციალისტი არ არის, ცხადია დამაკმაყოფილებლად ვერ უპასუხებდა ამ კითხვებს. სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოება მათგან მოელის ამომწურავ კომპეტენტურ ახსნა-განმარტებებს.

No comments:

Post a Comment