2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილება სამოქალაქო კოდექსში და ამ ცვლილებით მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რელიგიასთან თანაბარ პირობებში ჩააყენა „საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად“.
ერთი შეხედვით აღნიშნული ცვლილება ყოველმხრივ შეესაბამება საქართველოს კურსს ევროპული ღირებულებებისკენ და დემოკრატიის პრინციპებთან სრულ თანხმობაშია. მიუხედავად ამისა ეს საკანონმდებლო ცვლილება ქართული საზოგადოების უმრავლესობამ აღიქვა გამოკვეთილად უარყოფითად. რაშია საქმე? რა არის ამ ცვლილების უარყოფითი შეფასების მიზეზი?
ჩემის აზრით ორი ძირითადი მიზეზი არსებობს - ერთი წმინდა მსოფლმხედველური, მეორე კი - პროცედურული ხასიათის, თუმცა ორივე მიზეზი ღრმად პრინციპულია და ნათლად მიგვანიშნებს საქართველოს მომავალში არასასურველ ტენდენციებზე.
ჩაუფიქრდეთ ორივე მიზეზს ცალცალკე.
განვიხილოთ ჯერ მეორე მიზეზი - პროცედურული ხასიათის მიზეზად მე ჩავთვალე პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილების გაუმართლებლად დაჩქარებულად მიღება. არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც აუცილებელია კანონმდებლობაში სწრაფად ცვლილების შეტანა, მაგალითად საომარი ვითარების, ფართომასშტაბიანი სტიქიური უბედურების, ან სხვა მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს. საბედნიეროდ ჩვენი ქვეყანა ამჟამად ასეთ ვითარებაში არ იმყოფებოდა. მაშ როგორ შეიძლება აიხსნას პარლამენტის ასეთი ქმედება? იგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობამ აირჩია ისეთი პარლამენტი (ან პარლამენტი არჩევის შემდეგ პერიოდში საოცრად შეიცვალა), რომელსაც სრულიად არ აინტერესებს ამა თუ იმ საკითხზე სხვა პოლიტიკური ძალების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თვით მთლიანად საზოგადოების უმრავლესობის აზრი და ვოლუნტარისტულად იღებს გადაწყვეტილებებს. ამრიგად დისკუსიის გარეშე, ერთ დღეში საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება მიუთითებს ჩვენს საპარლამენტო საქმიანობაში უაღრესად პრინციპული ხასიათის მქონე ნაკლზე.
პირველი მიზეზი - ამ მიზეზს მე ვუწოდე მსოფლმხედველური ხასიათის მიზეზი. მოგახსენებთ, რას ვგულისხმობდი. ადამიანთა საზოგადოება ჩანასახის სახით ყალიბდება და შემდგომ ვითარდება გარკვეულ ისტორიულ ვითარებაში. მას უყალიბდება გენეტიკური თუ შემდგომ შეძენილი თვისებების, მორალური პრინციპების ერთობლიობა, რაც განსაზღვრავს მის ყოფას, ცხოვრების წესს, ადამიანთა მენტალიტეტს და ამ საზოგადოების წევრის იდენტობის მაჩვენებელია. დროთა განმავლობაში შესაძლებელია იდენტობის რომელიმე ნიშნის ცვლილება, მაგრამ იდენტობის ის ნიშნები, რომლებიც შენარჩუნებული იყო ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ის ნიშნები, რომლებმაც საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნა იდენტობა, არის ამ საზოგადოებისთვის პრიორიტეტული. ქართული საზოგადოებისთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა ქართული იდენტობის დამცველი და დღევანდლამდე შემნარჩუნებელი მსოფლმხედველური ნიშანია. ამ დებულების აღიარება სავსებით არ აკნინებს სხვა აღმსარებლობის მქონე, თვით ათეისტ ქართველთა როლს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მათ ქართული საზოგადოების განვითარებაში თავისი წვლილის შეტანის საშუალება იმიტომ ქონდათ, რომ მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული შემოინახა ის, რასაც დღესაც ქართველობას ვუწოდებთ. ცხოვრება იცვლება, საზოგადოება ვითარდება, მის ცხოვრებაში თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი დოზით იკიდებს ფეხს დემოკრატიული პრინციპები. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს დემოკრატიზაცია გუშინ არ დაწყებულა და ხვალ არ დამთავრდება. ეს პროცესია, შესაძლოა დაუსრულებელიც კი, ვინაიდან დემოკრატიზაციის გზაზე ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი თვითონ წარმოშობს ახალ მოთხოვნებს, რომელთა შესაძლო არსებობის შესახებ მანამდე არც კი გვიფიქრია. ასეთი ვითარების გამო შესაძლებელია იდენტობის ახლად წარმოქმნილი ნიშანი დროებით წინააღმდეგობაშიც კი მოვიდეს, რომელიმე ძველ , დამკვიდრებულ ნიშანთან. ამიტომ საზოგადოება დგება არჩევანის წინაშე - რას მიანიჭოს უპირატესობა, რა ჩათვალოს პრიორიტეტულად. ჩემის აზრით ქართული საზოგადოებისთვის უდავოდ პრიორიტეტულია მართლმადიდებლური ქრისტიანობა და თუ კი დღეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არის მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მრევლი მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული დემოკრატიული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის მის პრიორიტეტულ მსოფლმხედველურ კრედოსთან, პარლამენტს აუცილებლად მხედველობაში უნდა მიეღო ეს გარემოება. დემოკრატიული პრინციპების ვოლუნტარისტული გზით დამკვიდრება სარგებლობას არ მოუტანს საზოგადოებას, საჭიროა საზოგადოების შემზადება ასეთი, ერთი შეხედვით მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან „წინააღმდეგობაში“ მოსული დემოკრატიული ნორმის მიღებისთვის. ასეთ შემზადებას კი გააზრებული, მუხლჩაუხრელი, სისტემური ხასიათის შრომა სჭირდება. ჩვენი სულსწრაფი პარლამენტი კი ასეთი შრომისთვის მზად არ აღმოჩნდა.
No comments:
Post a Comment