Monday, July 25, 2011

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.


გავრცელებულია შეხედულება, რომ  ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხი საქართველოსთვის ახალია, რომ ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში დაიწყო ამ საკითხებზე  სერიოზულად მსჯელობა. ჩემის აზრით ეს შეხედულება მართალი არის ნაწილობრივ და ის, რაც ადრე განხილვის საგანს არ წარმოადგენდა, გამომდინარეობდა ზოგადად საკუთრებისადმი კომუნისტურ წარსულში არსებული დამოკიდებულებიდან.
კომუნისტურ საზოგადოებაში ინტელექტუალური საკუთრების ცნება აქტუალური არ იყო, აქტუალური იყო ინტელექტუალური შრომის შედეგად შექმნილი პროდუქციის ავტორობა და საავტორო უფლებები საკმაოდ ეფექტურად იყო დაცული. სხვისი შემოქმედებითი შრომის ნაყოფის მითვისება, მის ავტორად თავის გასაღება პლაგიატობად იწოდებოდა და მეტად სამარცხვინო ქმედებად ითვლებოდა. მაშინაც აქტიურად მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ახორციელებდნენ დაპატენტებას, საავტორო უფლებების დადგენას, დარეგისტრირებული იყო უბრალო რაციონალიზატორული წინადადებებიც კი. ასე რომ ავტორობას ვერავინ ვერ წაგართმევდათ.
მეორე საკითხია, როგორ ხდებოდა თქვენი ინტელექტუალური შრომით შექმნილი პროდუქციის გამოყენება. კომუნისტური სახელმწიფო თვლიდა, რომ ადამიანთა შრომით შექმნილი ნებისმიერი სახის პროდუქცია წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, პროდუქციის შემქმნელებმა მიიღეს შრომის ანაზღაურება ხელფასის (ჰონორარის) სახით და ავტორობის აღიარების გარდა მეტი სხვა უფლება ამ პროდუქციაზე მათ არ აქვთ. ასე რომ, თუ მაგალითად, რომელიმე კომპოზიტორის შემოქმედების ნაყოფი მრავალგზის ჟღერდა სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში, იგი მხოლოდ მადლიერი უნდა ყოფილიყო, რომ მისი შემოქმედება პოპულარობით სარგებლობდა. ასეთ პირობებში ვერავინ ვერ დაავალდებულებდა კონცერტის ორგანიზატორებს, ან მუსიკალური ნაწარმოების შემსრულებელს მიეღო შესაბამისი ნებართვა შესრულებული ნაწარმოების ავტორისგან (ან მისი მემკვიდრისგან), და გაენაწილებინა მისთვის მიღებული შემოსავალი.
სოციალისტური ეკონომიკის სისტემიდან ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გადასვლამ სახელმწიფოს ჩამოართვა ადამიანთა ინტელექტუალური საკუთრების ფლობისა და განკარგვის უფლება და დაუბრუნა იგი ნამდვილ მეპატრონეს. სამწუხაროდ მეპატრონე უცბად ვერ მიეჩვია იმ აზრს, რომ იგი საკუთრების მფლობელია და არ იცის როგორ მიიღოს შემოსავალი სხვების მიერ მისი საკუთრების გამოყენებიდან. არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ ქართველებმა ნამდვილად უანგაროდ იციან (ყოველ შემთხვევაში, იცოდნენ) საკუთარი რესურსების სხვებისთვის გაცემა-განათხოვება (არ გითხოვებიათ მეზობლისთვის ინსტრუმენტი, ხელსაწყო ან რაიმე სხვა ნივთი, რომელიც შესაძლოა აღარც კი დაუბრუნებიათ თქვენთვის  და გამოყენებული იქნა რაიმე სახის შემოსავლის მისაღებად?), ხო და, რა გასაკვირია, რომ დღემდე ავტორს აზრადაც არ მოსვლია მისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით მიღებული შემოსავლიდან წილის მოთხოვნა. მით უმეტეს, რომ ინტელექტუალური საკუთრებისადმი ასეთი ახალი დამოკიდებულება მოითხოვს რუტინულ შრომას - ზუსტ აღრიცხვას და გამოყენების ფაქტის დამტკიცებას. აი, როგორც იტყვიან, აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეფექტურად მომუშავე სტრუქტურები, რომლებიც ზუსტად დაადგენენ რომელი ავტორის ინტელექტუალური საკუთრება როდის, სად, რამდენჯერ და ვის მიერ იქნა გამოყენებული შემოსავლის მისაღებად და რა ოდენობის შემოსავალი იქნა მიღებული. ქართველი კანონმდებლები ამაყობენ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში თანამედროვე (ევროპული კრიტერიუმების შესაბამის)  დონეზე არის ასახული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები. ძალიან კარგი, მაგრამ ეს კანონმდებლობა უსარგებლო, გამოუსადეგარი იქნება, თუ არ მოხერხდა ის აღრიცხვა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი კომპიუტერული მონაცემთა ბაზების შექმნა, ამ ბაზების უწყვეტი, სისტემატური განახლება და ეფექტური ადმინისტრირება. საბედნიეროდ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. საჭიროა მხოლოდ სურვილი, დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა გაერთიანება, ფინანსური რესურსების მოძიება, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტთა შემოკრება და საპატენტო და სალიცენზიო სამსახურებისთვის ამ ახალი მოვალეობის დაკისრება (რასაკვირველია, შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფით).    

Tuesday, July 19, 2011

დანაშაული და სასჯელი.

პლაგიატობაში ნუ ჩამომართმევთ, რომ XIX საუკუნის უდიდესი რუსი მწერლის საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოების სათაურის გამოყენება გავბედე. სხვა გზა არ მაქვს, ვინაიდან დანაშაულზე და სასჯელზე მინდა ვისაუბრო და ამ წერილს უკეთესი სათაური ვერ მოვუძებნე. იმედია, პატივცემულ დოსტოევსკის ეს სათაური დაპატენტებული არ აქვს. მე სამართლისმცოდნეობის სპეციალისტი არ ვარ და ამ საკითხზე იმიტომ ვწერ, რომ სპეციალისტებმა იცოდნენ რა შეხედულების არის რიგითი მოქალაქე და გადაწყვიტონ როგორ მოგვაწოდონ პოპულარულად ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გვაკლია, რათა საჭირო კორექტირები შეიტანონ ჩვენს შეხედულებებში. ამ საკითხებზე ვიკიპედიაში პოპულარული სტატიების გამოქვეყნება დიდ სამსახურს გაუწევს საზოგადოებას.
რას თვლის საზოგადოება დანაშაულად? აბსოლუტურია, თუ არა დანაშაული, ანუ არის ქმედება, რომელიც ყოველთვის და ყველას მიერ ითვლებოდა დანაშაულად? ვის აქვს უფლება და მოვალეობა შეაფასოს ადამიანის ქმედება და ჩათვალოს, რომ ეს ქმედება არის დანაშაული? როგორია საზოგადოების რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე? უნდა დაისაჯოს თუ არა დანაშაულის ჩამდენი? როგორი უნდა იყოს სასჯელი? ვინ უნდა შეუფარდოს ჩადენილ დანაშაულს ადეკვატური სასჯელი?
არა ნაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა დამოკიდებულება აქვს დანაშაულთან თვით დამნაშავეს. მიაჩნია თუ არა მას, რომ იგი დანაშაულს ჩადის? თუ მიაჩნია და მზად არის სასჯელისთვის, რატომ ჩადის დანაშაულს?
დანაშაულის რომელიმე კონკრეტული შემთხვევის განხილვა არ უნდა იყოს მეტისმეტად რთული, ვინაიდან ჩადენილი ქმედება უკვე ჩათვლილია დანაშაულად და დანაშაულის ჩადენისა და განხილვის მომენტებისთვის სათანადო კანონმდებლობა საზოგადოებას დადგენილი აქვს. საკმარისია მხოლოდ ობიექტური მტკიცებულებების მოპოვება და შესაბამისად დამტკიცება იმისა, რომ ეჭვმიტანილი არის თუ არ არის დამნაშავე მომხდარ დანაშაულში.  რთულია იმის განსაზღვრა, თუ ზოგადად რა უნდა ჩაითვალოს დანაშაულად და რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს.
დანაშაული განმარტებულია როგორც საზოგადოებრივად საშიში, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც კანონი სასჯელით ემუქრება. ზოგადად, ალბათ, დანაშაულად ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ისეთი ქმედება, რომელსაც ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის, ან თუნდაც  ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის. მაგრამ ამ დებულებაში შემოვიდა ცნება „ზიანი“, რომელიც ასევე საჭიროებს განმარტებას. რასაკვირველია, მთელ რიგ სიტუაციებში ადამიანისთვის მიყენებული ზიანი იმდენად თვალსაჩინოა, რომ კითხვებს არ ბადებს, მაგრამ არც თუ იშვიათად მიყენებული ზიანი ადამიანისთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდება ხოლმე. უბრალო ორი მაგალითი, ორივე მაგალითში კაცი სადარბაზოს კიბით ადის ზევით, მას აედევნა ქურდი და ჩაარტყა თავში რაიმე ბლაგვი საგანი. კაცმა გონება დაკარგა. ქურდმა გაუჩხრიკა ჯიბეები, ვერაფერი მოსაპარი ვერ იპოვა, ერთი მაგრად შეუკურთხა და კიბეებზე მიგდებული მიატოვა. ცოტა ხნის შემდეგ მეზობლებმა ნახეს კიბეზე წაქცეული კაცი, გამოუძახეს სასწრაფოს. აღმოჩნდა რომ დაზარალებულს აქვს ტვინის შერყევა. შემთხვევის აღწერით ეს ორი მაგალითი აქამდე ზუსტად ერთნაირია, ანუ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს ადამიანისთვის ზიანის მიყენებას. ახლა მათ შორის განსხვავების შესახებ. პირველ შემთხვევაში კაცი ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში, მეორე შემთხვევაში კი კაცი ადიოდა სახურავზე, რათა იქიდან გადმომხტარიყო და თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. ამრიგად მეორე შემთხვევაში ქურდის მიერ მიყენებულმა ზიანმა გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე. ამხელა ისტორიის  შეთხზვა დამჭირდა იმის საჩვენებლად, რომ ერთიდაიგივე ქმედებას საბოლოო ჯამში შეიძლება ერთ შემთხვევაში ზიანი მოჰქონდეს, სხვა შემთხვევაში კი - სარგებლობა.
მაშასადამე, მარტო იმის დადგენა ზიანის მომტანია თუ არა ქმედება, არ არის საკმარისი ამ ქმედების დანაშაულად ჩასათვლელად. ზემოთ მოყვანილ ორივე მაგალითში ქურდი დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემთხვევაში მისი ქმედებით თვითმკვლელობა თავიდან იქნა აცილებული. საქმე იმაშია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ქმედების მოტივაციას. ქურდის ქმედების მოტივი კი ორივე შემთხვევაში ერთნაირი იყო - მას სურდა მსხვერპლის გაძარცვა.
მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც დანაშაული ხდება შემთხვევითაც, მოტივის გარეშე. მაგალითად ავტომანქანის მძღოლმა შემთხვევით დააჯახა მანქანა ფეხით მოსიარულეს. მას სულაც არ უნდოდა ვინმესთვის ზიანის მიყენება. მაგრამ მან დაარღვია დადგენილი წესები (არ დაუთმო გზა ფეხითმოსიარულეს) და ამიტომ ითვლება დამნაშავედ.
მაშასადამე ცალკე არც ქმედების შედეგი და არც მოტივი არ არის საკმარისი ქმედების დანაშაულად იდენტიფიცირებისთვის. თუ მოტივის გარეშე (შემთხვევით, როგორც წინა მაგალითში) იქნა ჩადენილი ზიანის მომტანი ქმედება, ეს ქმედება ჩაითვლება დანაშაულად, თუ ხდება საზოგადოებაში დადგენილი კანონის, წესის დარღვევა. მაგრამ ეს ხომ აშკარა ტავტოლოგიაა, რადგან გამოდის, რომ ერთის მხრივ კანონი კრძალავს დანაშაულს, და მეორეს მხრივ დანაშაულად ითვლება ის, რაც აკრძალულია კანონით. დანაშაულის ზემოთ მოყვანილ განმარტებაშიც ეს ტავტოლოგია სახეზეა. ამიტომაც ვთვლი, რომ დანაშაულის ეს განმარტება სრულყოფილი არ არის. გარდა ამისა, ამ განმარტებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ რიგითმა მოქალაქემ არ ჩაიდინოს დანაშაული, მან ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს კანონები. ასეთი ცოდნა კი მოქალაქეებს არ აქვთ და ვერც მოვთხოვთ, რომ ჰქონდეთ.  ე.ი. შეიძლება მოქალაქემ ისე ჩაიდინოს დანაშაული, არც კი იცოდეს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი.
ადამიანთა საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი განვითარების განმავლობაში დანაშაულის შესახებ შეხედულებები მნიშვნელოვნად იცვლებოდა. მაგალითად კაცის კვლა დანაშაულად ყოველთვის არ ითვლებოდა. საყოველთაოდ ცნობილია გლადიატორთა შერკინებები, მოგვიანებით შუასაუკუნეების რაინდების ტურნირები, კიდევ უფრო მოგვიანებით დუელები, რომლებიც ლეტალური შედეგით მთავრდებოდა. ამჟამად კაცის კვლა, რაც ქრისტიანული მორალით ყოველთვის დაუშვებელი იყო, საყოველთაოდ ითვლება დანაშაულად. თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ კანონმდებლობით დაშვებულია სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯა (პიროვნების მიერ კაცის კვლა დანაშაულია, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იგივე ქმედება კი სამართალდამცველ აქტად ითვლება. საოცარი არ არის!?). არაფერს ვამბობ საომარ მოქმედებებზე, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროში XXI საუკუნეშიც კი წარმოებს და ხშირ შემთხვევაში მასობრივად იწვევს სამოქალაქო მოსახლეობის დაღუპვას. ხოლო ტერორისტული აქტები დღევანდელობის თანმდევი მოვლენა გახდა.
სხვა ტიპის მაგალითები: ნარკოტიკების მოხმარება ითვლება დანაშაულად. აქ დანაშაულის ნიშნები იმაში ჩანს, რომ ამ ქმედებას დიდი ზიანი მოაქვს კონკრეტულად ნარკოტიკის მომხმარებლისთვის და ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის, ვინაიდან ნარკომანია ეპიდემიასავით ვრცელდება. ასევე საზიანოა ლოთობა, მაგრამ ლოთობის გამო არავის აძლევენ პასუხისგებაში. ახლა ყველამ იცის, თუ რა ზიანის მომტანია თამბაქოს მოწევა, მაგრამ მწევლების დაპატიმრება არავის მოუვა აზრად. რასაკვირველია, ლოთებსა და მწეველებზე ვრცელდება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად აკრძალულია ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ან აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, მაგრამ თუ ლოთი ან მწეველი არ არღვევს დადგენილ წესებს, იმისთვის რომ ალკოჰოლი მიიღო, ან თამბაქო მოწია, არავინ არ ისჯება, მაშინ როდესაც ნარკოტიკის მიღება უკვე დასჯადი ქმედებაა, მიუხედავად იმისა ნარკოტიკმიღებული პირი სანიმუშოდ იქცევა და არავითარ საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევს, თუ პირიქით.   
მოკლედ, რა არის დანაშაული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეტად რთული აღმოჩნდა. საზოგადოებამ თავისი განვითარების ყოველ ეტაპზე უნდა განსაღვროს ადამიანთა როგორ ქმედებებს შეუძლია მოუტანოს ზიანი საზოგადოების განვითარებას, რა უშლის ხელს საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალურ, მშვიდობიან, მოწესრიგებულ, აღმშენებლობით მიმდინარეობას, ამავდროულად მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს საზოგადოების წევრის, პიროვნების, ინდივიდის თავისუფლების უმთავრესი პრინციპები და ისე უნდა დაადგინოს საზოგადოებრივი თანაცხოვრების წესები და მართლწესრიგის დამცველი კანონები. აუცილებელია დაცული იყოს ოპტიმალური თანაფარდობა საზოგადოებრივი თანაცხოვრების კანონებსა და პიროვნების თავისუფლებას შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შედგება საზოგადოებრივი კონსენსუსი და აღმოჩნდება, რომ ან დადგენილი კანონები ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგს, ან პიროვნებები იმდენად ზედმეტად შეზღუდული იქნებიან კანონებით, რომ ყოველთვის ეცდებიან გვერდი აუარონ კანონს.
საზოგადოება ქმნის სპეციალურ ორგანოს, რომლის დანიშნულებაა კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ანუ კანონების შემუშავება და მიღება. ჩვენთან ეს ორგანოა საქართველოს პარლამენტი. იგი არჩევითი ორგანოა და ქვეყნის ცხოვრებაში მისი როლიდან გამომდინარე, გასაგებია თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯერ ერთი, ამომრჩევლებისთვის (ანუ პრაქტიკულად მთელი საზოგადოებისთვის) პარლამენტის დანიშნულებისა და როლის განმარტებას, და მეორეც, პარლამენტის არჩევნების ობიექტურად ჩატარებას. ზოგადად მორალი, კონკრეტულად კი ცხოვრებისეული რეალობა კარნახობს პარლამენტს თუ როგორი კანონები უნდა იყოს მიღებული. თუმცა შეცდომების დაშვებიდან პარლამენტი დაზღვეული არ არის. ამიტომაც პარლამენტის წევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე. შესაბამის პატივისცემასა და დაფასებას სწორედ ეს პასუხისმგებლობა განაპირობებს. მიკვირს, როგორ უძლებენ ამხელა პასუხისმგებლობას ის ადამიანები, რომლებიც ზედიზედ რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრები არიან და აქვთ სურვილი მომავალშიც საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ. პარლამენტის წევრობა ხომ საზოგადოების წინაშე ყველაზე რთული და მძიმე ვალდებულების მოხდაა. ხოლო თუ ეს ასე არ არის, მიკვირს რატომ ეგუება საზოგადოება ასეთ ვითარებას.
საზოგადოება ასევე ქმნის სპეციალურ სამსახურს - სასამართლოს, რომელმაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს ჩადენილი ქმედება არის თუ არა პარლამენტის მიერ დადგენილი კანონებით განსაზღვრული დანაშაული და განსაზღვროს სასჯელის ზომა. სასამართლო ვერ ჩათვლის დანაშაულად ქმედებას, თუ ამ ქმედებას „კანონი სასჯელით არ ემუქრება“. (ის, რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია.) თუმცა ასეთ გაურკვეველ ვითარებაში სასამართლო ცდილობს მოძებნოს პრეცედენტი და ანალოგიით მიიღოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი გადაწყვეტილება. ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც ხდება სასამართლოს მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრა არის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სამართლიანობა. თუ სასამართლო თავის საქმიანობაში თავისუფალი არ არის და იძულებულია იხელმძღვანელოს ვისიმე ინტერესებით (უარეს შემთხვევაში - პირდაპირი დირექტივებით), მაშინ უმეტეს შემთხვევაში სამართლიანობის პრინციპი ირღვევა და სასამართლო საზოგადოების ნდობას კარგავს. ასეთი სასამართლოს პირობებში მოქალაქეები კანონმორჩილნი სამართალდამცავი ორგანოების შიშით ხდებიან და არა კანონის პატივისცემის გამო. ანუ კანონმორჩილებას პოლიციური ზედამხედველობა უზრუნველყოფს და არა მოქალაქეთა შეგნება.
რატომ მიდის ადამიანი დანაშაულზე? (გამოვრიცხოთ შემთხვევით ჩადენილი დანაშაული და ვისაუბროთ შეგნებულად ჩადენილზე). ნუთუ მის ბუნებაში თავიდანვე ჩადებულია დანაშაულის ჩადენისადმი მიდრეკილება? თუ ცხოვრებისეული სირთულებები აიძულებს მას დაარღვიოს დადგენილი კანონი? ან იქნებ არ ეთანხმება დადგენილ წესრიგს და კანონის დარღვევა მისი პროტესტის გამოხატულებაა?  რთულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მე რატომღაც მგონია, რომ მარტო დანაშაულის ჩამდენი არ არის დამნაშავე. თუ, როგორც იტყვიან, კრიმინოგენული სიტუაცია გამძაფრებულია, მიზეზი აუცილებლად თვით საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ, საზოგადოებას რაღაც მნიშვნელოვანი გამორჩა მხედველობიდან და ვერ მოახერხა საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალიზება. ასეთ არეულ სიტუაციაში ადამიანი კარგავს მორალით ნაკარნახევ მუხრუჭებს, თავს უფლებას აძლევს აყვეს ქვენა გრძნობებს, არაფრად აგდებს სხვების ინტერესებს და თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მზად არის მიმართოს ნებისმიერ საშუალებას, თვით კანონსაწინააღმდეგოსაც კი. მართლწესრიგისადმი ასეთი დამოკიდებულება, როგორც მავნე ვირუსი, სწრაფად ვრცელდება საზოგადოებაში და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისადმი პრინციპულად შეურიგებელი ადამიანები ახერხებენ კანონმორჩილების შენარჩუნებას.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით საზოგადოება ქმნის სპეციალურ სტრუქტურას - პოლიციას. პოლიციის დანიშნულება არის მოქალაქის უფლებების დაცვა ნებისმიერი სახის ხელყოფისაგან. ცხადია აქ უპირველეს ყოვლისა იგულისხმება მოქალაქის სიცოცხლის უფლება. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქის ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან აღკვეთილი უნდა იყოს. პოლიცია ასევე ვალდებულია დაიცვას მოქალაქის ქონებრივი უფლებები და აგრეთვე უზრუნველყოს პიროვნების სხვა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების ხელშეუხებლობა. სამწუხაროდ ჩვენს პოლიციას მოქალაქეთა უფლებების დაცვის მოვალეობასთან ერთად ეკისრება სახელმწიფო ინტერესების დაცვაც, და როგორც წესი, პოლიცია უპირატესობას ამ ფუნქციას ანიჭებს, ამიტომ იგი ხშირად მოქალაქის არა თუ დამცველი, არამედ მისი უფლებების პირდაპირი შემლახველის როლში გვევლინება. მაგალითად, საპროტესტო აქციების დროს პოლიცია აქციის ნორმალურად ჩატარების უზრუნველყოფის ნაცვლად აქციის დამრბევის როლში გამოდის. პოლიციის მოვალეობას მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა უნდა წარმოადგენდეს. პოლიცია მუნიციპალური სტრუქტურა უნდა იყოს. სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის არსებობს სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და ჯარი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემს მიერ დასმული კითხვების უმრავლესობა პასუხგაუცემელი დარჩა. ჩვენი საზოგადოების რიგითი წევრი, რომელიც ამ საკითხების სპეციალისტი არ არის, ცხადია დამაკმაყოფილებლად ვერ უპასუხებდა ამ კითხვებს. სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოება მათგან მოელის ამომწურავ კომპეტენტურ ახსნა-განმარტებებს.

Saturday, July 9, 2011

პრიორიტეტების განსაზღვრა.

2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილება სამოქალაქო კოდექსში და ამ ცვლილებით მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რელიგიასთან თანაბარ პირობებში ჩააყენა „საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად“.
ერთი შეხედვით აღნიშნული ცვლილება ყოველმხრივ შეესაბამება საქართველოს კურსს ევროპული ღირებულებებისკენ და დემოკრატიის პრინციპებთან სრულ თანხმობაშია. მიუხედავად ამისა ეს საკანონმდებლო ცვლილება ქართული საზოგადოების უმრავლესობამ აღიქვა გამოკვეთილად უარყოფითად. რაშია საქმე? რა არის ამ ცვლილების უარყოფითი შეფასების მიზეზი?
ჩემის აზრით ორი ძირითადი მიზეზი არსებობს - ერთი წმინდა მსოფლმხედველური, მეორე კი - პროცედურული ხასიათის, თუმცა ორივე მიზეზი ღრმად პრინციპულია და ნათლად მიგვანიშნებს საქართველოს მომავალში არასასურველ ტენდენციებზე.
ჩაუფიქრდეთ ორივე მიზეზს ცალცალკე.
განვიხილოთ ჯერ მეორე მიზეზი - პროცედურული ხასიათის მიზეზად მე ჩავთვალე პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილების გაუმართლებლად დაჩქარებულად მიღება. არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც აუცილებელია კანონმდებლობაში სწრაფად ცვლილების შეტანა, მაგალითად საომარი ვითარების, ფართომასშტაბიანი სტიქიური უბედურების, ან სხვა მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს. საბედნიეროდ ჩვენი ქვეყანა ამჟამად ასეთ ვითარებაში არ იმყოფებოდა. მაშ როგორ შეიძლება აიხსნას პარლამენტის ასეთი ქმედება? იგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობამ აირჩია ისეთი პარლამენტი (ან პარლამენტი არჩევის შემდეგ პერიოდში საოცრად შეიცვალა), რომელსაც სრულიად არ აინტერესებს ამა თუ იმ საკითხზე სხვა პოლიტიკური ძალების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თვით მთლიანად საზოგადოების უმრავლესობის აზრი და ვოლუნტარისტულად იღებს გადაწყვეტილებებს. ამრიგად დისკუსიის გარეშე, ერთ დღეში საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება მიუთითებს ჩვენს საპარლამენტო საქმიანობაში  უაღრესად პრინციპული ხასიათის მქონე ნაკლზე.
პირველი მიზეზი - ამ მიზეზს მე ვუწოდე მსოფლმხედველური ხასიათის მიზეზი. მოგახსენებთ, რას ვგულისხმობდი. ადამიანთა საზოგადოება ჩანასახის სახით ყალიბდება და შემდგომ ვითარდება გარკვეულ ისტორიულ ვითარებაში. მას უყალიბდება გენეტიკური თუ შემდგომ შეძენილი თვისებების, მორალური პრინციპების ერთობლიობა, რაც განსაზღვრავს მის ყოფას, ცხოვრების წესს, ადამიანთა მენტალიტეტს და ამ საზოგადოების წევრის იდენტობის მაჩვენებელია. დროთა განმავლობაში შესაძლებელია იდენტობის რომელიმე ნიშნის ცვლილება, მაგრამ იდენტობის ის ნიშნები, რომლებიც შენარჩუნებული იყო ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ის ნიშნები, რომლებმაც საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნა იდენტობა, არის ამ საზოგადოებისთვის პრიორიტეტული. ქართული საზოგადოებისთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა ქართული იდენტობის დამცველი და დღევანდლამდე შემნარჩუნებელი მსოფლმხედველური ნიშანია. ამ დებულების აღიარება სავსებით არ აკნინებს სხვა აღმსარებლობის მქონე, თვით ათეისტ ქართველთა როლს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მათ ქართული საზოგადოების განვითარებაში თავისი წვლილის შეტანის საშუალება იმიტომ ქონდათ, რომ მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული შემოინახა ის, რასაც დღესაც ქართველობას ვუწოდებთ. ცხოვრება იცვლება, საზოგადოება ვითარდება, მის ცხოვრებაში თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი დოზით იკიდებს ფეხს დემოკრატიული პრინციპები. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს დემოკრატიზაცია გუშინ არ დაწყებულა და ხვალ არ დამთავრდება. ეს პროცესია, შესაძლოა დაუსრულებელიც კი, ვინაიდან დემოკრატიზაციის გზაზე ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი თვითონ წარმოშობს ახალ მოთხოვნებს, რომელთა შესაძლო არსებობის შესახებ მანამდე არც კი გვიფიქრია. ასეთი ვითარების გამო შესაძლებელია იდენტობის ახლად წარმოქმნილი ნიშანი დროებით წინააღმდეგობაშიც კი მოვიდეს, რომელიმე ძველ , დამკვიდრებულ ნიშანთან. ამიტომ საზოგადოება დგება არჩევანის წინაშე - რას მიანიჭოს უპირატესობა, რა ჩათვალოს პრიორიტეტულად. ჩემის აზრით ქართული საზოგადოებისთვის უდავოდ პრიორიტეტულია მართლმადიდებლური ქრისტიანობა და თუ კი დღეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არის  მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მრევლი მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული დემოკრატიული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის მის პრიორიტეტულ მსოფლმხედველურ კრედოსთან, პარლამენტს აუცილებლად მხედველობაში უნდა მიეღო ეს გარემოება. დემოკრატიული პრინციპების ვოლუნტარისტული გზით დამკვიდრება სარგებლობას არ მოუტანს საზოგადოებას, საჭიროა საზოგადოების შემზადება ასეთი, ერთი შეხედვით მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან „წინააღმდეგობაში“  მოსული დემოკრატიული ნორმის მიღებისთვის. ასეთ შემზადებას კი გააზრებული, მუხლჩაუხრელი, სისტემური ხასიათის შრომა სჭირდება. ჩვენი სულსწრაფი პარლამენტი კი ასეთი შრომისთვის მზად არ აღმოჩნდა.      

Monday, July 4, 2011

გზა კომუნიზმის მშენებლებიდან კაპიტალისტური ფორმაციის მომხრეობამდე.


გადავწყვიტე გადმოგცეთ ცხოვრების ის სურათი, რაც დარჩა ჩემს მეხსიერებაში, ანუ დაახლოებით 65 წლიანი ისტორია, არა კონკრეტულად ჩემი ცხოვრებისა, არამედ საზოგადოებისა, რომელშიც დავიბადე და ვიცხოვრე. მე არ ვარ ისტორიკოსი, არც რაიმე ინტერესი მქონია გავცნობოდი სპეციალურ ისტორიულ–პუბლიცისტური ხასიათის ლიტერატურას. გადმოქცემთ იმას, რაც დამამახსოვრდა, დამაფიქრა და ჩემებური ანალიზის გაკეთების სურვილი აღმიძვრა, ანუ ეს არის ქართული საზოგადოების რიგითი, ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას ნეიტრალური წევრის მიერ დანახული და აღქმული სურათი. ჩემნაირი, ალბათ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაა. კარგი იქნება, თუ ის პოლიტიკოსები, სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც აქვთ ამბიცია შეაფასონ საზოგადოების განწყობა და განსაზღვრონ მომავალი განვითარების მიმართულება, გაეცნობიან ამ ჩემს და მრავალ სხვათა მსგავს ჩანაწერებს. თუ ჩვენ ცალმხრივად ვუყურებდით მოვლენებს, ან მცდარი წარმოდგენები გვქონდა ფაქტების უცოდინარობის ან  არასწორი ანალიზის გამო, მიუკერძოებლად აგვიხსნან და დაგვანახონ ჭეშმარიტი სურათი. ხოლო თუ ჩათვლიან, რომ ძირითადად სწორედ ვაფასებდით რეალობას, მომავალი პოლიტიკის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი  ჩვენი დამოკიდებულება.     
მე მახსოვს ქართული საზოგადოების ყოფა მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებიდან. ამ პერიოდიდან მოყოლებული დაახლოებით ნახევარი საუკუნის  განმავლობაში ვცხოვრობდით პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში, რომელსაც ჯერ სოციალისტური ერქვა, შემდეგ განვითარებული სოციალიზმი, ბოლოს კი კომუნისტური. სახელმწიფო იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომლის შემადგენლობაში ბოლოს 16 რესპუბლიკა შედიოდა, მათ შორის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაც. კონსტიტუციით ყველა რესპუბლიკა თანასწორუფლებიანი იყო, ითვლებოდა, რომ ყველა რესპუბლიკა  ნებაყოფილობით გაერთიანდა საბჭოთა კავშირში და თვითოეულს კონსტიტუციურად ქონდა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფდა მოქალაქეთა უფასო სამედიცინო მომსახურებას და განათლებას, დასაქმებას სახელმწიფო საწარმოებში და ორგანიზაციებში. შრომის ანაზღაურება და პენსია გამდიდრების საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ იმ სისტემაში ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი იყო. ქალაქებში საცხოვრებელი ფართით ოჯახების უმრავლესობა სახელმწიფოს ხარჯზე იყო უზრუნველყოფილი. სოფლად მოსახლეობა შრომობდა კოლექტიურ მეურნეობებში (ე.წ. კოლმეურნეობა) და სახელმწიფო მეურნეობებში, საიდანაც იღებდა ფულად შემოსავალს, ამასთან ერთად გააჩნდათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, რომელზე მოყვანილი პროდუქტი აკმაყოფილებდა ოჯახის მოთხოვნებს ბოსტნეულზე, ბაღჩეულსა და ხილზე, ყავდათ შინაური ფრინველი და პირუტყვი. მართალია პროდუქტებისა და საქონლის ასორტიმენტი გარკვეულწილად შეზღუდული იყო და ფართო არჩევანის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ ყველა ოჯახს მეტნაკლებად ქონდა ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო ნორმალური ცხოვრებისთვის. გადასახადების ტარიფები იყო დაბალი და ოჯახის შემოსავლის უდიდესი ნაწილი ოჯახშივე იხარჯებოდა. საგრძნობლად დაბალი იყო მთელი რიგი პირველი მოხმარების საქონლისა და პროდუქტის ფასები. მოსახლეობას ქონდა საშუალება მნიშვნელოვანი დრო დაეთმო დასვენებისთვის, სპორტისთვის, გართობისთვის. პრაქტიკულად ყველა ოჯახის კეთილდღეობა წლიდან წლამდე განუწყვეტლივ მაღლდებოდა. ვინაიდან პიროვნებას პირად საკუთრებაში დიდი ქონების დაგროვების ლეგალური საშუალება არ ქონდა, ფული და დიდძალი კერძო საკუთრება არ წარმოადგენდა პრიორიტეტულ ღირებულებას, რომელიც მას განსაკუთრებულ პატივისცემას მოუპოვებდა. სახელის მოხვეჭა და საყოველთაო პატივისცემის დამსახურება ძირითადად მიიღწეოდა შემოქმედებითი საქმიანობით, სამეცნიერო, სახელმწიფო, პარტიული, საზოგადოებრივი მოღვაწეობით, სპორტული წარმატებებით. ქვეყანაში სუფევდა მშვიდობა. საზოგადოებაში გამორიცხული იყო დაპირისპირება პოლიტიკური, ეთნიკური, ქონებრივი ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით. სახელმწიფო მკაცრად იცავდა მის მიერ დადგენილ საზოგადოებრივ წესრიგს.
ერთი შეხედვით, ალბათ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ იდეალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობა ყოფილა დამყარებული, ორიენტირებული ხალხის მასების კეთილდღეობაზე (როგორც ხუმრობით ამბობდნენ ხოლმე „ნამდვილი კომუნიზმი“), სიღატაკე დაძლეული იყო (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში მაინც), თითქმის ყველა შრომისუნარიანი იყო დასაქმებული, საცხოვრებელი ბინა ყველა ოჯახს გააჩნდა, ოჯახში ყველას ქონდა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ბევრს ქონდა საკუთარი ავტომანქანა, აგარაკი. მაგრამ როგორც იტყვიან მედალს ორი მხარე აქვსო.
მეორე მხარე კი რეალურად ასეთი იყო:
1.      საბჭოთა კავშირი სინამდვილეში არ წარმოადგენდა რესპუბლიკების ნებაყოფილობით გაერთიანებას. რუსეთის ძალმომრეობა დავიწყებული არ იყო. იგი ყოველთვის, თვით ბოლო პერიოდშიც კი, მნიშვნელოვნად იგრძნობოდა. მოსკოვი კარნახობდა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებს ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას დანარჩენ მსოფლიოსთან. რუსეთი იყო „უფროსი ძმა“ და „უმცროს ძმებს“ მორჩილად უნდა შეესრულებინათ მისი ყველა მოთხოვნა. მოკლედ „მოძმე“ რესპუბლიკები თავს გრძნობდნენ „რუსეთის იმპერიის“ პროვინციებად. ეს კი შეურაცყოფდა მათ ნაციონალურ თავმოყვარეობას. განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა ეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსა და საქართველოში. კონსტიტუციური უფლება საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ნებაყოფილობითი გასვლის შესახებ სინამდვილეში მითს წარმოადგენდა. ნაციონალური თვითშეგნება და დამოუკიდებლობის სურვილი  მხოლოდ მიძინებული იყო, ან მიძინებულად აჩვენებდა თავს და ელოდა შესაფერის სიტუაციას, რათა დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა.
2.      საბჭოთა სახელმწიფო ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე (უქმნიდა მათ ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს) გარკვეული (მნიშვნელოვანი) პიროვნული შეზღუდვების სანაცვლოდ. საბჭოთა მოქალაქე იყო „ჭანჭიკი“ საერთო სახელმწიფო მანქანისა, რაც მკაცრ ჩარჩოებში აქცევდა მას და ართმევდა პიროვნების ინდივიდუალობის დამახასიათებელ ნიშნებს. დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, ისეთი როგორიც არის პოლიტიკური თავისუფლებები, საბჭოთა მოქალაქეზე არ ვრცელდებოდა. საბჭოთა კავშირში იყო ერთპარტიული სისტემა. კომუნისტური პარტიის გარდა სხვა პარტიების არსებობა დაუშვებელი იყო. შესაბამისად შეზღუდული იყო სიტყვის თავისუფლებაც. კომუნისტური პარტიის და არსებული პოლიტიკური სისტემის კრიტიკა აღქმული იყო როგორც სახელმწიფოს ღალატი, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ აკრძალული იყო კომუნისტური პარტიის შეხედულებებისაგან განსხვავებული აზრის გამოთქმა.
3.          აკრძალული იყო კერძო საკუთრება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა კომერციული სამეურნეო საქმიანობისთვის, რაც ასევე წარმოადგენდა პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას და ადამიანებს ჩანასახშივე უკლავდა სტიმულს, ინტერესს თავისი უნარი, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოემჟღავნებინა ეკონომიკური წარმატების მისაღწევად. საბჭოთა ადამიანი არ შეიძლებოდა ეკონომიკურად თავისუფალი ყოფილიყო. მას მხოლოდ სახელმწიფოსგან შეეძლო მიეღო ეკონომიკური სიკეთე (ისიც გარკვეულ შეზღუდულ, კომუნისტური სახელმწიფოს მიერ დასაშვებად დადგენილ ფარგლებში). საკუთრებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო, ადამიანებმა დაკარეს საზოგადო ქონების მოვლა-პატრონობის ვალდებულების გრძნობა. ხალხი შრომობდა, დოვლათი გროვდებოდა, ამ დოვლათს განკარგავდა სახელმწიფო და ადამიანებს არ ქონდა იმის შეგრძნება, რომ იგი იყო თანამონაწილე  ამ დოვლათის შექმნის და შესაბამისად მისი თანამფლობელი. სახელმწიფო აღქმული იყო როგორც ხალხისგან ცალკე მდგომი სუბიექტი და ხალხი სრულ სახელმწიფო მორჩილებაში უნდა ყოფილიყო.  
შეიძლება სხვა მრავალი ნეგატიური მხარეც გააჩნდა მაშინდელ ყოფას, მაგრამ ჩემის აზრით მთავარი იყო ნაციონალური, პოლიტიკური და პიროვნების უფლებების შეზღუდვები.
არსებული სოციალურ-პოლიტიკური წყობის დადებით და უარყოფით მხარეებს შორის თანაფარდობა მთელი ამ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთნაირი არ იყო. რაც დრო გადიოდა ადამიანები უარყოფითი ტენდენციების წვლილს უფრო მძაფრად გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩამოყალიბებულიყო საბჭოთა ადამიანი და ერთიანი საბჭოთა ხალხი, მან ეს ვერ შეძლო. პირიქით, რაც უფრო მეტ ღონისძიებებს ატარებდა ამ მიმართულებით, მით უფრო იზრდებოდა „უმცროს ძმებში“ საბჭოთა სახელმწიფოსადმი გაუცხოება და ეროვნული თვითშეგნების ამაღლება. საბჭოთა კავშირის ძლიერებას მხოლოდ ძლიერი სამხედრო-ტექნიკური კომპლექსი უზრუნველყოფდა. ამ კომპლექსის განვითარებისთვის სახელმწიფო სახსრებს არ იშურებდა. ძალისმიერი მეთოდებით იგი არა მარტო საბჭოთა კავშირის ერთიანობას, არამედ ე.წ. სოციალისტურ ბანაკსაც ინარჩუნებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო სამხედრო ძალის გამოყენება უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში. საბჭოთა კავშირი არაპირდაპირი გზით იყო ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების ომებში კორეასა და ვიეტნამში. ხოლო 1979 წლიდან მთელი ათი წელი გაატარა ავღანეთის ომში.
დაზუსტებით არ ვიცი სხვა რესპუბლიკებში რა მდგომარეობა იყო, ამიტომ გავიხსენებ მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. 50-იან და 60-იან წლებში  საბჭოური ღირებულებებისადმი პატივისცემა და საბჭოთა ცხოვრების სტილის უპირატესობის აღიარება გაბატონებულია ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილში. მართალია 1956 წელს მოხდა მეტად მნიშვნელოვანი კონფლიქტი ქართულ ეროვნულ თვითშეგნებასა და საბჭოთა სახელმწიფოებრივ პრინციპებს შორის,  მაგრამ ეს დაპირისპირება სახელმწიფომ მკაცრად აღკვეცა და საზოგადოებრივი ცხოვრება მის მიერ დადგენილ კალაპოტში მიმართა. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ 1956 წლის დაპირისპირების მაპროვოცირებელი იყო სტალინის პიროვნებისადმი დამოკიდებულება და არა ქართული ეროვნული სახელმწიფოს შექმნის სახალხო სურვილი და მზადყოფნა. 50-იანი და 60-იანი წლების საქართველო განვითარდა, გაძლიერდა, თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში. დაფასებული იყო ნიჭიერება, განათლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა. ამ პერიოდის სულისკვეთება კარგად ჩანს ქართულ მხატვრულ ფილმებში: „ჩვენი ეზო“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „საბუდარელი ჭაბუკი“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, „კეთილი ადამიანები“. მართალია ამ ფილმებში საკმაოდ მძლავრია პროპაგანდისტური ელემენტი, მაგრამ ისინი საკმაოდ რეალურად ასახავდნენ იმ დროინდელ ყოფას.
70-იანი და 80-იანი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. „რკინის ფარდა“, რომლითაც საბჭოთა სახელმწიფოს მოსახლეობა გამოყოფილი იყო დანარჩენი მსოფლიოსგან თანდათან დაეშვა. ადამიანთა სულ უფრო მეტი და მეტი მასებისთვის ხელმისწვდომი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი სხვა ქვეყნებში. გერმანულ ორ სახელმწიფოში ხალხის ცხოვრების დონის შედარება სოციალისტური წყობის უპირატესობის მითს ანგრევდა. შეიცვალა ადმიანების დამოკიდებულება ქონებისადმი, ფულისადმი. თუ ადრე გავრცელებული იყო მორალი „ფული ხელის ჭუჭყია“, ახლა იგი თანდათან შეიცვალა  და დამკვიდრდა შეხედულება, რომ „ფული ყველაფერია, ფულით ყველაფერს მიაღწევ“. ბევრი ფულის დაგროვება ცხოვრების მიზანი გახდა. ვინაიდან საბჭოთა სახელმწიფოს კანონმდებლობაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, დიდი „ფულის შოვნა“ კანონიერი გზით კვლავ შეუძლებელი იყო, შეიქმნა  „შავი“ (ფარული) ეკონომიკა, ჩამოყალიბდა „საქმოსანთა“ კატეგორია, რომლებიც უდაოდ ნიჭიერი ბიზნესმენები იყვნენ და შეეძლოთ წარმატებული მენეჯმენტის განხორციელება, მაგრამ ყოველივე ამას ახორციელებდნენ არალეგალურად, ვინაიდან კანონმდებლობით მათი საქმიანობა აკრძალული იყო და ისინი დამნაშავეებად მოიაზრებოდნენ. ასეთმა პირობებმა ხელი შეუწყო კორუპციის საყოველთაოდ გავრცელებას. თავდაპირველად დამკვიდრდა პროტექციონიზმი და თანდათან იგი ტრანსფორმირდა კორუფციაში. ყველაზე მნიშვნელოვნად შეირყა დამოკიდებულება განათლებისადმი. სწავლა რთული და ძნელი პროცესია, საკმაოდ მძიმე შრომა სჭირდება და ადამიანისგან მოითხოვს სულიერი ძალების მაქსიმალურად დაძაბვას, ხოლო თუ შესაბამისი ნიჭიც არ მოგდევს, მაშინ ჭეშმარიტი ცოდნის მიღების პროცესი ჯოჯოხეთად გადაგექცევა. ხოდა, რა საჭიროა თავის მოკვლა ცოდნის შესაძენად, როცა „ფულით შეიძლება ყველაფრის მიღწევა“. აი ასეთმა მორალმა მოიკიდა ფეხი საზოგადოებაში და ყველა შემდგომი უბედურების სათავე გახდა. ახალგაზრდების მიზანი გახდა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომის მიღება და არა პროფესიული ცოდნის დაუფლება. თუკი დიპლომის მიღება ცოდნის გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა, რატომ უნდა დაეხარჯათ  სტუდენტური ცხოვრების უმშვენიერესი წლები ამ მძიმე შრომაზე? (რასაკვირველია, ეს ყველაზე არ ითქმის. მაშინაც იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი ქონდათ და  მათთვის სწავლის პროცესი სასიამოვნო და საინტერესო იყო.) შეიქმნა ვითარება, რომელიც „შემოსავლიანი“ თანამდებობების დაუმსახურებლად დაკავების საშუალებას იძლეოდა, უფრო სწორედ „დაუმსახურებლად“ ვერაფერსაც ვერ მიაღწევდი, მაგრამ დამსახურებად განათლება, საქმის ცოდნა და გამოცდილება კი არ ითვლებოდა, არამედ ქრთამის ოდენობა. ცხადია, კომუნისტური პარტიის წევრობა მნიშვნელოვან უპირატესობას იძლეოდა სასურველი თანამდებობის დაკავებისთვის. ამიტომ მომრავლდა კომუნისტურ პარტიაში ანგარებით და არა მსოფლმხედველობის გამო გაწევრიანებულთა რაოდენობა, რაც გახდა კომპარტიის დაუძლურების, კორუფციის ჭაობში ჩაფლობის მიზეზი. საოცარია, მაგრამ ხელოვნების, მეცნიერების წინსვლა  და მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტში არ შეწყვეტილა. როგორც ჩანს ამ კუთხით ნიჭის გამოვლენა ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ. შეიქმნა კინოშედევრები, მაგრამ ვერ ვიხსენებ ამ პერიოდის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების რეალისტურად ამსახველ ფილმებს. ერთადერთი „როცა აყვავდა ნუში“ მახსენდება, სადაც უკვე ჩანს, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად დაშვებულია ტყუილი. მართალია 80-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირის ეკრანებზე გაუშვეს თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“, რომელიც 1984 წელს იყო გადაღებული, მაგრამ მანამდე საზოგადოება აშკარად არა თუ არ გამოხატავდა პროტესტს, არამედ ეს პერიოდი საყოველთაო კეთილდეობის პერიოდად იყო მიჩნეული. საბედნიეროდ ამ დაწყებული დეგრადაციის წლებშიც გამოვლინდა ქართველი ხალხის მიძინებული ეროვნული თვითშეგნება და ავიცდინეთ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაკარგვის რეალური საშიშროება. 1978 წელს ქართველი ერი წინაღუდგა საკავშირო ხელისუფლების მცდელობას საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენის გამოცხადებას, რაც ავტომატურად გულისხმობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციიდან ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ამოღებას.
ახალი ეტაპი დაიწყო 80-იანი წლების შუა პერიოდიდან, რომელიც ე.წ. „პერესტროიკის“ სახელითაა ცნობილი. 1986 წლის ჩერნობილის ტრაგედიამ მთელ მსოფლიოს, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უშუალოდ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას თვალსაჩინოდ დაანახა საბჭოთა სახელმწიფოს არაჰუმანური ხასიათი, სახელმწიფოს მზადყოფნა გაეწირა საკუთარი ხალხი და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა. კომუნისტური პარტიის ცენტრალური ხელმძღვანელობის მცდელობა, როგორმე ამოეთრიათ ჭაობში ჩაფლული საბჭოთა კავშირი უშედეგო აღმოჩნდა. უშედეგო აღმოჩნდა იმის გამო, რომ ვერ გათვალეს თავიანთი გადაწყვეტილების შედეგები, ხელიდან გაუშვეს ქვეყნის მართვის სადავეები და პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება პრაქტიკულად თვითდინებით განვითარდა. საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო ეკონომიკურ შეჯიბრს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ქვეყნის ხელმძღვანელობას, მთლიანად მოსახლეობას ნათლად გააზრებულიც კი არ ქონდა, თუ რისი მიღწევა სურდა. როცა მიზანი გამოკვეთილი არ არის, მიზნის მიღწევის გზებზე ლაპარაკიც უაზროა. ერთადერთი ის იგრძნობოდა, რომ ასე საბჭოთა კავშირის არსებობა შეუძლებელი იყო. მაგრამ რადგან უცნობი იყო ქვეყნის ტრანსფორმაცია რა მიმართულებით უნდა წასულიყო, დაიწყო ყველაფერი ძველის ნგრევა. თავდაპირველად საკავშირო ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ პროცესს წინაღდგომოდა ძველი, გამოცდილი, ძალისმიერი მეთოდებით. ამის მაგალითი იყო 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედია (ეს ტრაგედია ერთადერთი არ ყოფილა. მსგავსი სისხლისღვრა სხვაგანაც მოხდა). მაგრამ სახელმწიფოს ასეთმა რეაქციამ უფრო დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა. საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს მაღალ ჩინოსნებს აწყობდაც კიდეც ქვეყნის დაშლა სტიქიურად, იურიდიულად ყოველმხრივ გააზრებისა და შეთანხმების გარეშე, რადგან ასეთ შემთხვევაში საშუალება ეძლეოდათ უპრობლემოდ მიეთვისებინათ კომპარტიისა და სახელმწიფოს ფინანსური სახსრები. მოკლედ, საბჭოთა კავშირი დაიშალა სტიქიურად, დაჩქარებულად, გაუაზრებლად, მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველომ მიიღო ნანატრი დამოუკიდებლობა. მართალია, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა  უფრო ადრე (1991 წლის 9 აპრილი), ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად დადასტურდა (1991 წლის 26 დეკემბერი), მაგრამ ფაქტია, რომ საქართველომ დამოუკიდებლობას მიაღწია საბჭოთა კავშირის ღრმა,  შეუქცევადი კრიზისის გამო. განმეორდა ის, რაც შედეგად მოყვა მეფის რუსეთის დამხობასა და რუსეთის იმპერიის დაშლას. ამ თვალსაზრისით 1918 და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობები ძალიან გავს ერთმანეთს.
მე უკვე აღვნიშნე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მოხდა მომავალზე სერიოზული, ჭკვიანური დაფიქრების გარეშე. იყო თუ არა საქართველო დამოუკიდებლობისთვის მზად, ამ კითხვას არავინ არ სვავდა. ამ კითხვის დასმას არც ქონდა აზრი. ვინმეს რომ ეთქვა არ ვართო მზად, რა, უარს ვიტყოდით დამოუკიდებლობაზე? ცხადია, არ ვიტყოდით. მთავარი იყო დამოუკიდებლობის მოპოვება და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ხომ „გვაქვს ბორჯომის წყალი, მარტო მისგან მიღებული შემოსავლით შეიძლება ცხოვრება“. ასეთი იყო განწყობა.
ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია, რომელიც ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი იყო, და ავტომატურად ჩაითვალა ასევე ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერად. იმის გამო, რომ დისიდენტობიდან პოლიტიკაში მოსულ მოღვაწეებს არ ეყოთ ცოდნა, ჭკუა და გამოცდილება, მათ ვერ შეძლეს ახლად დაბადებული ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების სწორი გზის გამოძებნა. არც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი აღმოჩნდა ბრძენი, ხოლო დანარჩენი პასიური ნაწილი ჩუმად ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესებს, ალბათ, იმის გამო, რომ არც მათ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ და შეცდომების დაშვებას აარიდეს თავი. ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებულმა პოლიტიკურმა შეცდომებმა ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილი გახლიჩა, რასაც შედეგად მოყვა სამოქალაქო ომი, მთელი თავისი უსამართლობითა და სისასტიკით.
ასე იყო თუ ისე, პირველი პრეზიდენტი გააძევეს და საქართველოში უმაღლეს ხელისუფლად კვლავ დაბრუნდა ედუარ შევარდნაძე. იგი გამჭრიახ, გამოცდილ პოლიტიკოსად ითვლებოდა და საზოგადოებას იმედი ქონდა, რომ მოახერხებდა მდგომარეობის გამოსწორებას. მაგრამ მასაც მოუვიდა საბედისწერო შეცდომა, რის გამოც ოფიციალურად დაიწყო ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთი ფაქტობრივად გამოეყო საქართველოს. ქართული მოსახლეობა აფხაზეთიდან გამოძევებული იქნა და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად გადაიქცა. არ ვიცი, რიგითი მოსახლეობაც გამოაძევეს, თუ შეშინებულებმა თვითონ დატოვეს საკუთარი კარმიდამო, მაგრამ ფაქტია, რომ დაახლოებით 250 ათასი ლტოლვილის მამაპაპისეული სახლ-კარი კანონიერი მფლობელების მიერ მიტოვებული აღმოჩნდა. საბოლოოდ მაინც მოხერხდა შეიარაღებული დაპირისპირებების აღკვეთა.
იმ დროინდელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებაში ჩავარდა. დაიხურა და გაპარტახდა სახელმწიფო საწარმოები და ორგანიზაციები. უამრავი ხალხი დარჩა უმუშევარი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. უფრო მეტიც, ხალხმა დაკარგა ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული დანაზოგი, რომელიც მაშინდელ შემნახველ სალაროებში ქონდათ შეტანილი. ფული გაუფასურდა, იგი შეცვალა კუპონებმა და მილიონ კუპონს „კაპიკის ფასი“ ქონდა. ძირითადი საკვები პროდუქტი - პური შეზღუდული რაოდენობით ტალონებით გაიცემოდა. ხალხი დღის უმეტეს ნაწილს სურსათის რიგებში ატარებდა. ქვეყანა ჩაბნელდა - არ იყო ელექტროენერგია, ზამთარს გათბობის გარეშე ვატარებდით.  მოკლედ მეტად მძიმე ეკონომიკური ვითარება შეიქმნა. სურსათის მოსაპოვებლად ადამიანები  ყიდდნენ ყველაფერს, რაც ადრე ათეული წლების შრომით ქონდათ ოჯახში შეძენილი. გავრცელდა ქურდობა და ყაჩაღობა. გაიძარცვა და გაჩანაგდა სახელმწიფო საწარმოები. საუკეთესო მოწყობილობა-დანადგარები ჯართის სახით კაპიკებად გაქონდათ საზღვარგარეთ. ის რაც მთელი ხალხის ქონებას წარმოადგენდა უპრობლემოდ მიითვისეს პიროვნებებმა, რომელთაც აღმოაჩნდათ „მღვრიე წყალში თევზის ჭერის“ განსაკუთრებული უნარი. მართალია მოგვიანებით მოსახლეობას დაურიგეს ე.წ. ვაუჩერები, რომლებიც განსაზღვრავდა თითოეული მოქალაქის წილს საერთო სახალხო ქონებაში, მაგრამ ამ დროისთვის სახალხო ქონების მითვისება, გაფლანგვა და გაპარტახება უკვე თითქმის დასრულებული იყო და ვაუჩერის ნომინალური ღირებულება მიზერული გახდა (ადრე ამ ოდენობის ფულს, „ჯიბის ფულს“ უწოდებდნენ და დანახარჯის დათვლისას მხედველობაშიც კი არ იღებდნენ).
მშვიდობის დამყარებას შედეგად მაინც მოყვა ეკონომიკური მდგომარეობის მეტ-ნაკლები გაუმჯობესება. შემოღებული იქნა ახალი ქართული ვალუტა. დაიწყეს ხელფასების გაცემა. პურზე საბარათო სისტემა გაუქმდა. თანდათან დაიწყო პრივატიზაციის პროცესი. ამოძრავდა კერძო ბიზნესი. მოკლედ დაიწყო სოციალისტური ეკონომიკური ურთიერთობებიდან კაპიტალისტურზე გადასვლის პროცესი. ასე იყო, თუ ისე 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა გარკვეული ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ საერთო სავალალო მდგომარეობას ჯერ-ჯერობით საშველი არ უჩანდა. მომრავლდა მათხოვრები, მათ შორის ბავშვები. (მე კარგად მახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. მაშინაც თბილისი გაივსო მათხოვრებით, მაგრამ მათ შორის მე არ მინახავს ქართველი მათხოვარი, ყველა იყო ჩამოსული ომით გადამწვარ-გაჩანაგებული რესპუბლიკებიდან.) მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთო ვაჭრობაში (უფრო სწორედ ყიდვა-გაყიდვაში, რასაც კომუნისტების დროს სპეკულაციას უწოდებდნენ). ასეთ ვითარებასთან უკეთ შეგუების უნარი აღმოაჩნდათ ქალებს, კაცებმა ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ ტრესს. ოჯახის მოვლა-პატრონობის (გამოკვების) ტვირთი გადავიდა „სუსტი სქესის“ მხრებზე. ბევრმა მამაკაცმა ვერ იპოვა თავისი ადგილი ეკონომიკური ურთიერთობების ახალ სისტემაში, დარჩა უმუშევარი და უსაქმობისგან მიეძალა ალკოგოლსა და ნარკოტიკებს. თანდათან ვშორდებით რუსეთს და ვეხუტებით ამერიკას. ძირითადად ვცხოვრობთ საზღვარგარეთული დახმარებითა და ინვესტიციებით. საზღვარგარეთიდან მიღებული კრედიტები ისევ საზღვარგარეთული საქონლის შემოტანაზე იხარჯება. სოფლის მეურნეობის პროდუქციაც კი თითქმის უმეტესად საზღვარგარეთიდან შემოდის. ქართული სოფელი გაჩანაგდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თბილისისკენ დაიძრა, სადაც აღებ-მიცემობის საშუალება იყო. თბილისის ბაზრების, მეტროს სადგურებისა და სხვა ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების მიმდებარე ტერიტორიები სახელდახელოდ გადაიქცა ბაზრობებად. გასაყიდად გამოტანილი იყო ყველაფერი. ერთმანეთის გვერდით, პირდაპირ მიწაზე გაფენილ ცელოფნებზე ეყარა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მისი ნაწილები და სასურსათო პროდუქტები. ყველგან სუფევდა ანტისანიტარია.
დადგა XXI საუკუნე. სურვილი გვაქვს გავხდეთ ევროპული თანამეგობრობის წევრი. დიდ იმედებს ვამყარებთ „ნატო“-ზე, გვწამს, რომ მხოლოდ ის არის  ერთადერთი გარანტი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშვიდობიანი მშენებლობისა. დეკლარირებული გვაქვს დემოკრატიული ღირებულებები. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არის საყოველთაო კეთილდღეობის საფუძველი. მაგრამ მენტალურად ჯერ კიდევ ღრმად ვართ ჩარჩენილი სოციალისტურ წარსულში. ყველაფერს ვითხოვთ სახელმწიფოსგან. ადამიანები თავისუფალ პიროვნებებად ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, არ შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით მიხედონ საკუთარ ოჯახს. უბრალო მაგალითი, წვიმის დროს წყალი ჩამოსდის ჭერიდან, უნადგურდება ბინა, ავეჯი, ის კი იმის მაგივრად, რომ სახურავზე ავიდეს და შეაკეთოს დაზიანება, უმოქმედოთ ზის და ელოდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ერთადერთი რაც კარგად ავითვისეთ, არის სიტყვის თავისუფლება. მოიხსნა ცენზურა ბეჭდვით პრესასა და ტელევიზიაზე. სამწუხაროდ დემოკრატიის ეს შენაძენიც ვერ იქნა ეფექტურად გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. პირიქით, გარკვეულ წილად ხელი შეუწყო უზნეობის, ძალადობის მომრავლებას.
ქვეყნის სტაბილურობა კარგია, როცა განვითარების მაღალ საფეხურზე ხარ, არ გაწუხებს ეკონომიკური პრობლემები, არ არის დარღვეული სახელმწიფოს ერთიანობა, წინ ნათელი ჰორიზონტი ჩანს და საშუალება გაქვს მტკიცე, გამოზომილი ნაბიჯებით იარო პროგრესის გზაზე. დამყაყებული, კორუფციაში ჩაფლული, უპერსპექტივო სტაბილური მდგომარეობის ატანა კი შეუძლებელია. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში (მაშინდელ მმართველ პარტიაში - მოქალაქეთა კავშირში) გამოჩნდნენ ახალგაზრდული ძალები, რომლებიც არ შეეგუენ არსებულ მდგომარეობას, გამოიყენეს მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, ჩაშალეს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა (არ მისცეს პრეზიდენტს სხდომის გახსნის საშუალება) და აიძულეს ედუარდ შევარდნაძე გადამდგარიყო პრეზიდენტის პოსტიდან. არ ვიცი, რამდენად მწვავე იყო დაპირისპირება და პრეზიდენტს რომ არ მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება, დაიღვრებოდა თუ არა ძმათა სისხლი, მაგრამ პრეზიდენტი გადადგა და ყველაფერი უსისხლოდ დასრულდა. მოხდა მშვიდობიანი, ე.წ. „ვარდების“ რევოლუცია (2003 წლის ნოემბერი). „ვარდების“ რევოლუციას სამი გამოკვეთილი ლიდერი ყავდა - მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე და მათ გაინაწილეს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები: სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ჟვანია პრემიერ-მინისტრი, ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი, იმდენად აღსავსე ურთიერთსაპირისპირო, თითქმის ერთმანეთის გამომრიცხავი სწორი, სასიკეთო და მცდარი, საზიანო გადაწყვეტილებებითა და ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებით მიღებული პოზიტიურ-ნეგატიური შედეგებით, რომ ამ პერიოდის გააზრებული შეფასება მხოლოდ შორეულ მომავალში იქნება შესაძლებელი. დღევანდელი გადასახედიდან კი გამოკვეთილად ჩანს შემდეგი:
დადებითი
·         სახელმწიფო სამსახურების მომსახურება შეუდარებლად გაუმჯობესდა, ამოიძირკვა კორუპცია, რომელიც ადრე სახელმწიფოს ამ რგოლში გაბატონებული იყო. დაინერგა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები.
·         გაიზარდა სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა ხელფასი.
·         მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ეს ითქმის ავტომაგისტრალებზე.
·         გაუმჯობესდა მთელი რიგი ქალაქებისა და დაბების იერსახე, ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, სასმელი წყლით მომარაგება. გარემონტდა ძველი და აშენდა ახალი შენობები. გაუმჯობესდა შიდა გზები, თანდათან მოწესრიგებული ხდება ტრანსპორტის მოძრაობა.
·         გაუმჯობესდა ტურისტული ბაზები. ამაღლდა ტურისტთა მომსახურების დონე.
·         დაფასდა ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგია, ამაღლდა ღვინის წარმოების კუტურა, მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნილება მაღალხარისხოვან ქართულ ღვინოზე.
·         დაინერგა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი სახელმწიფო გამოცდები.
უარყოფითი
·         სახელმწიფომ ვერ მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. დაუშვა დიპლომატიური ხასიათის შეცდომები, ჩათრეული იქნა რუსეთთან უთანასწორო ომში, რომელიც საქართველოსთვის სავალალოდ დამთავრდა.
·         მრავალპარტიულობა მხოლოდ სიტყვიერად არის დეკლარირებული, პრაქტიკულად კი ჩამოყალიბებულია ერთპარტიული სისტემა. ე.წ. „ოპონენტური პარტიები“ სინამდვილეში კონკრეტული ლიდერების გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფებია, რომელთაც ერთმანეთისგან ასხვავებს ლიდერის პიროვნება და არა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის პროგრამა. დემოკრატიულმა განვითარებამ კურსი იცვალა და ავტორიტარული რეჟიმის ნიშნები შეიძინა. ჩამოყალიბდა პოლიციური სახელმწიფო.
·         უმუშევარია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ნაწილს აქვს დროებითი შემოსავალი. ისინიც კი, რომელთაც აქვთ სამსახური, გამუდმებით სამსახურის დაკარგვის შიშს განიცდიან. „ავადსახსენებელი კომუნისტური წარსულისგან“ განსხვავებით, როდესაც მომავალი ნორმალური ცხოვრება ყველას გარანტირებული ქონდა, ახლა მოსახლეობის უმრავლესობა ხვალინდელ დღეს შიშით შეყურებს.
·         მოსახლეობაში ვერ დამკვიდრდა სამართლიანობის განცდა. ნდობას არ იმსახურებს სასამართლო. კანონმორჩილება მიღწეულია კანონდამცველი სტრუქტურების შიშით და არა კანონმდებლობის სამართლიანობის შეგნებით.  კანონები იქმნება არა საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგებისთვის, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ადმინისტრირების გაადვილების მიზნით.
·         ყალიბდება ეკონომიკური სისტემა ველური კაპიტალიზმის დამახასიათებელი ნიშნებით. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების შიდა წყაროებიდან მნიშვნელოვანი წვლილი მოდის საჯარიმო სანქციებზე, საპროცესო გარიგებებზე, მოკლედ, არასაწარმოო ხასიათის შემოსავლებზე. ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მეტად დიდ რისკთან არის დაკავშირებული კერძო ბიზნესის წამოწყება. ხშირ შემთხვევაში ასეთ მცდელობას მოსდევს გაკოტრება და ბიზნესში დაბანდებული სახსრების სრულად დაკარგვა. არც თუ იშვიათად ასეთ დღეში ვარდება არა მარტო წვრილი და საშუალო ბიზნესი, არამედ მსხვილი კორპორაციებიც კი. შედარებით განვითარდა მხოლოდ საბანკო ბიზნესი.
·         პრაქტიკულად მოისპო მეურნეობის მთელი რიგი დარგები, რომლებიც განვითარებული იყო საბჭოთა საქართველოში. ჩაკვდა მსუბუქი მრეწველობა, არადა იყო დრო, როდესაც ქართული აბრეშუმის ნაწარმი და მაუდ-კამვოლის პროდუქცია დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა. იგივე ითქმის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ წარმოებაზეც.
·         ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ მოუტანია განათლების რეფორმას და ძნელია იმის ცალსახად თქმა, რომ სწორი მიმართულება გვაქვს არჩეული.
·         განათლების რეფორმისგან განსხვავებით, რომლის შედეგების გამოვლენას დრო სჭირდება, მყისიერი შედეგი უნდა გამოეღო რეფორმას სამედიცინო სფეროში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ვერ გრძნობს, რომ მისი ჯანმრთელობის დაცვაზე ვინმე ზრუნავს. არა და ქვეყნისთვის რა შეიძლება იყოს მისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უფრო ძვირფასი?  მოსახლეობის უმრავლესობა არ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს სათანადო სახსრების უქონლობის გამო. ხოლო როდესაც იძულებულია, რომ მიმართოს, უკვე გვიანია და ის, რისი გამოსწორებაც სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებებით იქნებოდა შესაძლებელი, სავალალო შედეგით მთავრდება.
·         სახელმწიფოს ყურადღების გარეთ დარჩა მეცნიერება. არა და საქართველოს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი გააჩნდა ყოველთვის, რაც განპირობებული იყო სამეცნიერო საქმიანობის პრესტიჟულობით, დაფასებით, ქართველების მიდრეკილებით ცოდნის შეძენისა და სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისადმი. ასეთი ვითარების გამო მრავალი მაღალი რანგის ქართველი მეცნიერი მოღვაწეობს საზღვარგარეთ. გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები საერთო საკაცობრიო კუთვნილებას წარმოადგენს და რაღა საქართველომ უნდა გაიღოს სახსრები ამ მიღწევებისთვის,  მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მეცნიერების მიღწევებიც წარმოადგენს პროდუქტს, რომლის გაყიდვა შეიძლება. თუ კი შენს მოქალაქეებს კარგად შეუძლიათ აკეთონ ის, რისი გაყიდვაც შეიძლება, რატომ არ უნდა შეუწყო ხელი? უმჯობესია ყველანი ხელზე მოსამსახურეებად გადავიქცეთ და ტურისტების მომსახურებით მოვახერხოთ ცხოვრება? განსაკუთრებით გული მწყდება იმაზე, რომ საქართველოს სრულად შეეძლო განევითარებინა კომპიუტერული ტექნიკის წარმოება და ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. საქართველოში არის დარიშხანის საბადოები, ფუნქციონირებდა სამეცნიერო-ტექნიკური დაწესებულება „მიონი“, სადაც დამუშავებული და ათვისებული ქონდათ ნახევარგამტარული კრისტალების აგების (აშენების) ტექნოლოგია, ანუ შეეძლოთ მიკროპროცესორების შექმნა, თბილისში მუშაობდა მმართველ-გამომთვლელი ელექტრონული მანქანების ქარხანა, რომლის პროდუქცია საზღვარგარეთ იგზავნებოდა და გამოყენებული იყო პროგრამულად მართული ჩარხების მშენებლობაში. ასეთი ჩარხმშენებელი ქარხანა თბილისშიც იყო. საქართველოში იყო  მსოფლიო მასშტაბის ძლიერი მათემატიკური სკოლა, თბილისში მუშაობს ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მოკლედ არსებობდა ყველა პირობა კომპიუტერული ტექნიკის წარმოების სრული ციკლის გასამართავად. ჩვენ კი ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენეთ.
კიდევ მრავალი გამოუყენებელი შესაძლებლობების ჩამოთვლა შეიძლება, ალბათ. მე, ერთმა კონკრეტულმა მოქალაქემ, ცხადია ბევრი რამ არ ვიცი. სხვებმა შეავსონ ის, რაც მე გამომრჩა.
თუ არ დავკონკრეტდებით და ზოგად ტენდენციას ჩაუფიქრდებით, დავინახავთ, რომ იკვეთება ქართული იდენტობის დამახასიათებელი დადებითი თვისებების ამოძირკვის საშიში ტენდენცია, ყოველმხრივ იზღუდება მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავების შესაძლებლობა. პრიორიტეტად მიჩნეულია საქართველოს ტერიტორიის გადაქცევა უცხოელთათვის მოსაწონ, სასიამოვნო ადგილად, ხოლო მოსახლეობისა კი ამ უცხოელთა მომსახურე პერსონალად. ევროპასთან და  ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპირობო დაკავშირება და რუსეთთან ხიდების დაწვა თვითმიზანი არ უნდა იყოს. მიზანი არის საქართველოს კეთილდღეობა და გარე სამყაროსთან ურთიერთობა, დასავლური ღირებულებების დამკვიდრება არის ამ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტი. ხელისუფლებას ალბათ გულწრფელად სჯერა, რომ რასაც აკეთებს საქართველოს საკეთილდღეოდ აკეთებს, ალბათ გალამაზებულ ქალაქებში გავლისას ან პომპეზურ გასართობ ღონისძიებებზე დასწრებისას, სიამოვნების, სიხარულისა და სიამაყის გრძნობა ეუფლება.  ალბათ იგივეს გრძნობს მოქალაქეთა ის ნაწილიც, რომელსაც არ აწუხებს ეკონომიკური პრობლემები და რომლისთვისაც „ცხოვრება მშვენიერია“.  მაგრამ, დაფიქრდით ხელისუფალნო, მარტო თქვენთვის ხომ არ გაალამაზეთ გარემო? ხომ არ დაუკარგეთ მოსახლეობის უმრავლესობას ცხოვრების მშვენიერების აღქმის უნარი? როდესაც უამრავი სასიცოცხლო პრობლემა გიღრღნის ტვინს, გარემო ფერმკრთალდება, სინანულის ცრემლსა და აგრესიის სურვილს უფრო იწვევს, ვიდრე მშვენიერებით აღტაცებას. დროა ხელისუფლების ყველა მცდელობა მიმართული იყოს მთელი მოსახლეობის (და არა მხოლოდ მისი მცირე ნაწილის) კეთილდღეობის ამაღლებისკენ. ჯერჯერობით კი ხელისუფლების ძირითადი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა. მერწმუნეთ რომ, თუ მოსახლეობას ზრუნვას არ მოაკლებთ, ხელისუფლებას სპეციალური ზრუნვის გარეშეც შეინარჩუნებთ.