ქართულენოვანი მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად იყენებს კომპიუტერს. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქართულ ტექსტს ინგლისური ასოებით წერს. ეს ვითარება განსაკუთრებით თვალში საცემია სოციალურ ქსელებში. თავი დავანებოთ იმას, რომ ასე დაწერილი ტექსტი ძნელი წასაკითხია. მთავარია ის, რომ იგი გამოხატავს აგდებულ, უპატივცემულო დამოკიდებულებას ქართული ენისადმი და კულტურის დაბალი დონის მაჩვენებელია. საკვირველია, მაგრამ ასე წერს მრავალი განათლებული ადამიანიც კი, რომელთაც უკულტურობას ნამდვილად ვერ დასწამებ. მაშასადამე მიზეზი სხვაა, როგორც ჩანს მათ არ აქვთ დაყენებული საკუთარ კომპიუტერზე მათთვის მოსახერხებელი ქართულენოვანი კლავიატურის დრაივერი და არც იციან როგორ დააყენონ. საკვირველია, რატომ არ აქცევენ ამ ვითარებას ყურადღებას კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები?
იძულებული ვარ მე ავიღო ეს ვალდებულება და შეძლებისდაგვარად ავუხსნა მკითხველს, როგორ უნდა მოიქცეს, რომ ქართული ტექსტი ქართული ასოებით დაწეროს.
თანამედროვე კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა ტექსტების შესაქმნელად გამოყენებული იქნეს მსოფლიოში ცნობილი ყველა ალფაბეტი. საკმაოდ მარტივია მულტილინგვური ტექსტის დაწერაც კი. საჭიროა კომპიუტერზე დაყენებული იყოს ყველა იმ ენის შესაბამისი კლავიატურის დრაივერი, რომელთა გამოყენება სჭირდება მომხმარებელს. თანამედროვე ოპერაციულ სისტემებში გათვალისწინებულია ასეთი დრაივერები. საჭიროა მხოლოდ მათი დაყენება. ინგლისური ოპერაციული სისტემის ინსტოლაციის დროს ავტომატურად დგება მხოლოდ ინგლისურენოვანი დრაივერი. სხვა დრაივერების დაყენება მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. თუ რამდენიმე დრაივერია დაყენებული, მაშინ Toolbars (დესკტორზე სულ ქვედა ზოლში, მარჯვენა მხარეს) აუცილებლად გამოჩნდება ინგლისური ენის დრაივერის ჩართვის მაჩვენებელი პიქტოგრამა EN, თუ მასზე მაუსით დააწკაპუნებთ, გაიხსნება Language bar და გამოჩნდება კომპიუტერზე დაყენებული სხვა დრაივერების პიქტოგრამებიც. თუ მათ შორის არის KA, ე.ი. ქართული კლავიატურის დრაივერიც ყოფილა დაყენებული.
თუ ეს დრაივერი ოპერაციული სისტემის სტანდარტული ქართულენოვანი კლავიატურის დრაივერია, მაშინ კლავიატურაზე ქართული ასოების განლაგება შეესაბამება ქართული საბეჭდი მანქანის კლავიატურის განლაგებას. ასე რომ ის პიროვნებები, რომლებიც მიჩვეული იყვნენ ქართული საბეჭდი მანქანის გამოყენებას, თავისუფლად გამოიყენებენ ამ დრაივერს. სამწუხაროდ, კომპიუტერის ქართველ მომხმარებელთა უმრავლესობა მიჩვეულია ქართული ტექსტის აკრეფას კლავიატურით, რომელზეც ქართული ასოები ძირითადად ემთხვევა 26 ინგლისურ ასოს, დანარჩენი 7 ასოსთვის კი გამოყენებულია პირობითად არჩეული ინგლისური მთავრული 7 ასო. ბევრი უკვე ისე მიეჩვია კომპიუტერის კლავიატურაზე ქართული ასოების ამდაგვარ განლაგებას, რომ არ სურს სტანდარტულ ქართულ კლავიატურაზე გადართვა. მათთვის ამ სიტუაციიდან გამოსავალია ან არსებულ ქართულ დრაივერზე ასოების განლაგების მათთვის სასურველი სახით შეცვლა, ან ახალი სპეციალურად ინგლისური განლაგების მქონე ქართული დრაივერის დაყენება. არსებობს შესაბამისი პროგრამა, რომლის ინსტოლაციით იქმნება ინგლისური განლაგების მქონე ქართული დრაივერი (ILGEU.msi - Keyboard Layout Creator, English Layout). ზოგიერთი მიჩვეულია რუსული ასოების განლაგების მქონე ქართული დრაივერის გამოყენებას (შესაბამისი პროგრამაც შექმნილია ILGRU.msi - Keyboard Layout Creator, Russian Layout). ამ დრაივერების საინსტოლაციო პროგრამების გადმოწერა შეიძლება ინტერნეტ მისამართიდან http://www.codexserver.com/ILKBD.aspx
მას შემდეგ რაც დააინსტოლირებთ თქვენთვის სასურველ დრაივერს, Start-დან (დესკტორზე სულ ქვედა ზოლში, უკიდურესად მარცხენა მხარეს) შეხვალთ Control Panel-ში. აირჩევთ Regional and Language…, შემდეგ - Languages და ბოლოს - Details… გამოვა ქვემოთ სურათზე ნაჩვენები ფანჯარა.
უნდა ენების ჩამონათვალში დაამატოთ Georgian (თუკი იგი არ არსებობს) და Keyboard layout/IME: -ში ჩასვათ თქვენი არჩეული დრაივერი. თუ ჩამონათვალში Georgian უკვე არსებობს, მაშინ მხოლოდ არსებული Keyboard layout/IME უნდა შეცვალოთ თქვენთვის სასურველით.
ერთი რამ კი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ოპერაციული სისტემა იყენებს საერთაშორისო სტანდარტულ ფონტებს, რომლებიც უნიკოდებზეა აგებული, ამიტომ თუ ძველი ინერციით იყენებთ არასტანდარტულ ფონტებს (მაგალითად - აკადნუსხურს, ან მსგავსს) ან ქართულ, არასაერთაშორისო ფონტებს (მაგალითად - გეო_აკადემიურს და მისთანებს), მაშინ ვისაც ეს ფონტები თავის კომპიუტერზე სპეციალურად დაყენებული არ აქვს, იგი ვერ დაინახავს თქვენს მიერ დაწერილ ქართულ ასოებს. ამიტომ დროა მივეჩვიოთ სტანდარტული საერთაშორისო უნიკოდების გამოყენებას, და თქვენს მიერ ქართულად დაწერილს ქართული ასოებით დაინახავს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მომხმარებელი.