Thursday, March 31, 2011

რატომ ვარ ქრისტიანი და არ ვარ ეკლესიის მრევლი?...

ყველა ჩემს წერილში ხაზს ვუსვავ იმ გარემოებას, რომ მე ვარ საზოგადოების რიგითი წევრი, რომელიც არ გამოირჩევა არც განსაკუთრებული განათლებითა და გონების გამჭრიახობით და ასევე არც განსაკუთრებული უვიცობითა და გონებადახშულობით, ანუ მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ისეთი როგორიც არის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა. ასე რომ, ჩემისთანა პიროვნების შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე ორმაგად საინტერესო უნდა იყოს, ერთის მხრივ, როგორც კონკრეტული სუბიექტისა, და მეორეს მხრივ, როგორც საზოგადოების უმრავლესობის წარმომადგენლისა.
გავბედე დავწერო ჩემი რელიგიასთან, ქრისტიანულ ეკლესიასთან დამოკიდებულების შესახებ, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მინდა გავერკვე საკუთარ თავში, ანუ ეს არის აღსარება საკუთარი თავის წინაშე და, რასაკვირველია, მკითხველის წინაშეც (თუკი ვინმე კითხულობს ჩემს წერილებს). მე უკვე ხანდაზმული ვარ. ჩემს ასაკში ალბათ ყველას უჩნდება ანალოგიური სურვილი.
იმისთვის რომ საკუთრივ გავიაზრო და მკითხველისთვისაც გასაგები იყოს თუ როგორ და რატომ მანდამაინც ამ სახით ჩამომიყალიბდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პირადი დამოკიდებულება, უნდა გავიხსენო რა გარემოში ვიზრდებოდი და რა განათლება მივიღე.
მე დავიბადე 1939 წელს თბილისში. თუ არ ჩავთვლით შედარებით მოკლე პერიოდით (არა უმეტეს 3 თვისა) საქართველოდან გასვლებს (სწავლის, სტაჟირების, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისა და დასვენების მიზნით), მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე თბილისში. ამ ვითარების ხაზგასმით აღნიშვნით მინდა გიჩვენოთ, რომ ჩემი მსოფლმხედველობა ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რასაკვირველია, გავლენას მსოფლიო ლიტერატურისა, რომელსაც ქართულ და რუსულ ენებზე ვეცნობოდი.
ჩემი მშობლები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში სარგებლობდნენ პატივსცემით შრომისმოყვარეობისა და პატიოსნების გამო. მათ მიაჩნდათ, რომ ასეთი შეფასება იყო უმაღლესი შეფასება, ამით ამაყობნენ და უფრთხილდებოდნენ ამ სახელს. ჩემს აღზრდაში დიდ როლს ანიჭებდნენ პირად მაგალითს, ფიქრობდნენ რომ მე ამ მაგალითს უშუალოდ ვხედავდი და არ მჭირდებოდა სიტყვიერი ახსნა-განმარტებები მოვლენებისადმი „სწორი“ დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. მით უმეტეს, ოჯახში არასდროს გვქონია საუბარი რელიგიის საკითხებზე. 
1957 წელს დავამთავრე 53-ე საშუალო სკოლა. ვსწავლობდი კარგად. მშობლები ჩემს სასწავლო პროცესში არ ერეოდნენ. არც ჰქონდათ საამისო დრო და არც არსებობდა ამის საჭიროება.  ასე იყო, თუ ისე, სკოლა წარმატებით დავამთავრე (ე.წ. ვერცხლის მედლით - რუსულ ენასა და ლიტერატურაში მივიღე შეფასება „კარგი“, დანარჩენ დისციპლინებში კი - „ფრიადი“) და გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი. 1962 წელს დავასრულე სწავლა, გავხდი ფიზიკოსი, დავიწყე მუშაობა მშობლიურ ფაკულტეტზე და 45 წელი უწყვეტად ვიმუშავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რომელიც ოჯახში და სკოლაში დაიწყო, ძირითადად სწორედ ფიზიკის ფაკულტეტზე გაგრძელდა, და მე მგონი ჯერაც არ დასრულებულა.
ამრიგად, მე ბუნებრივად ჩამოვყალიბდი ადამიანად, რომელსაც მსოფლმხედველური თვალსაზრისით ათეისტს უწოდებენ. 
ამ გრძელი შესავალის შემდეგ დროა ჩამოვაყალიბო ჩემი თეზისები მთავარ საკითხთან დაკავშირებით:
1 თეზისი - ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი საკითხია - სწამს თუ არა ღმერთი? რწმენა (ზოგადად) არის ადამიანის მსოფლმხედველობის საფუძველი. რწმენა ყალიბდება ადამიანის მთელ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მის მიერ დაგროვებულ ცოდნაზე დაყრდნობით, ამ გამოცდილებისა და ცოდნის განზოგადოებით და ეხება იმ ძირითად პრინციპებს, რომელთა უშუალოდ დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ მათი მეშვეობით მიიღება სამყაროს მეტ-ნაკლებად რეალისტური, ჰარმონიული სურათი.  რწმენის გარეშე შეუძლებელია ადამიანის არსებობა და განვითარება. რწმენა ადამიანს უჩვენებს გზას, საით უნდა იაროს, საით უნდა მიმართოს მან თავისი ძალისხმევა. ღმერთის, მიუხედავად იმისა თუ ვის როგორ ყავს იგი წარმოდგენილი, არსებობის დამტკიცება ან უარყოფა შეუძლებელია... ან გწამს, ან არ გწამს და აქ კამათი უაზროა. მაგრამ შეიძლება, რომ არაფერი არ გწამდეს? რწმენის გარეშე ადამიანი არ არსებობს. მაშასადამე ადამიანისთვის ღმერთი არის ის, რისიც მას სწამს და, როგორც ზევით აღვნიშნე, უჩვენებს გზას საით და როგორ უნდა იაროს.
2 თეზისი - ადამიანთა ერთობა არის სოციუმი, რომელიც მართალია შედგება კონკრეტული უნიკალური ინდივიდუმებისგან, მაგრამ წარმოადგენს ერთიან „ორგანიზმს“. იგი ცხოვრობს და ვითარდება მის მიერვე დაწესებული (მიღებული) კანონებითა და წესებით (მეცნიერები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს კანონები ობიექტურად არსებობს და ადამიანებს შეუძლიათ მათი აღმოჩენა). ადამიანებს (ადამიანთა საზოგადოებას) უყალიბდებათ მორალი, რაც განსაზღვრავს მათ ურთიერთდამოკიდებულებას, ცხოვრების წესს. თავის მხრივ მორალი ეფუძნება მსოფლმხედველობას, იდეოლოგიას, რაც სამყაროსა და სამყაროში ადამიანის ადგილისა და დანიშნულების  შესახებ წარმოდგენათა ერთობლიობაა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ადამიანი მისი არსებობის ყველა პერიოდში ფიქრობდა და ამ უწყვეტი ფიქრის შედეგად წარმოიშვა რელიგია, რომელიც პასუხს იძლეოდა ადამიანისთვის საინტერესო პრინციპულ კითხვებზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არეგულირებდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. დროთა განმავლობაში რელიგიური წარმოდგენები იცვლებოდა, ვითარდებოდა. უცვლელი რჩებოდა მისი ფუნქცია ადამიანთა თანაცხოვრების მოწესრიგებისა. სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა დროსა და სივრცეში სხვადასხვა რელიგიები წარმოიშვა, მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ორი ძირითადი რამ: ღმერთის რწმენა და საზოგადოების მაორგანიზებელი, მისი ცხოვრების მომწესრიგებელი ფუნქცია. საჭირო შეიქმნა ერთმორწმუნეთა  ორგანიზაციურ-სტრუქტურული გაერთიანება, თავისი იერარქიული კავშირებით. ქრისტიანულ სამყაროში ეს არის ეკლესია.
3 თეზისი - ადამიანები უფრთხილდებიან თავიანთ წარმომავლობას. ეს სავსებით გასაგებია. საზოგადოება, რომელსაც კონკრეტული ადამიანი მიეკუთვნება, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა გარკვეულ ისტორიულ ვითარებაში, იქმნებოდა თვითმყობადი კულტურა და ამ კულტურულ სივრცეში თავს კარგად გრძნობდნენ ძირითადად ის პიროვნებები, რომლებიც ამ სივრცეში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ამრიგად ადამიანისთვის საკუთარი იდენტობის განცდა და შეგნება მისი ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელია. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებთა  ქართველ ერად ჩამოყალიბებაში, ქართველთა იდენტობის საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებაში უდიდესი როლი შეასრულა ქართულმა მართლმადიდებლურმა ქრისტიანულმა ეკლესიამ. მართალია, ჭეშმარიტ ქართველთა შორის იყვნენ და არიან კიდეც სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც, მაგრამ ეს არ აკნინებს  მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის როლს. ამის უდაო დამამტკიცებელია ის გარემოება, რომ ქართველთა იმ ნაწილს, რომელიც არ ეწევა ეკლესიურ ცხოვრებას, უფრო მეტიც - ათეისტები არიან, თავი  მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიაჩნიათ. და ამას არა მარტო სიტყვიერად აღიარებენ, არამედ ადამიანთა შორის ურთიერთობის პრინციპები მართლმადიდებლურ ქრისტიანული აქვთ, და ამ პრინციპებით განსაზღვრული წესით ცხოვრობენ კიდეც. ამრიგად, ზოგადად ქართველობა და ქრისტიანობა თითქმის სინონიმებს წარმოადგენენ.
4 თეზისი - ადამიანთა საზოგადოება ვითარდება. ცოდნა თანდათანობით სულ უფრო და უფრო სწრაფად გროვდება. წარმოდგენები სამყაროს შესახებ იცვლება. ბევრი რამ, რაც არ ვიცოდით ადრე, ახლა ბავშმაც კი იცის. მეცნიერების მიღწევებს საზოგადოება ცივილიზაციის განვითარებისთვის, ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებისთვის წარმატებით იყენებს. თუმცა ამ მიღწევების უვიცმა ან უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება არნახული ზიანი მიაყენოს კაცობრიობას. კაცობრიობამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ გამორიცხოს ასეთი გამოყენების შესაძლებლობა. იმის შიშით, რომ ახალი მეცნიერული აღმოჩენის დანერგვამ შეიძლება დიდი ხიფათი შეუქმნას ადამიანებს, არ უნდა განუდგეთ მეცნიერებას. ჭეშმარიტი მეცნიერება იდეოლოგიზირებული არ არის, იგი ცდილობს ობიექტურად გამოიკვლიოს ესა თუ ის მოვლენა, პროცესი და არ მიმართავს თავის ძალისხმევას რომელიმე იდეოლოგიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. მას აინტერესებს ჭეშმარიტების დადგენა იმ ცოდნის ფარგლებში, რაც უკვე დაგროვებული აქვს კაცობრიობას, და როდესაც ეს შეუძლებელი ხდება, იგი გაბედულად ანგრევს ძველ, დრომოჭმულ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ და გვთავაზობს ახალს, უფრო პროგრესულს. ცხოვრებამ აჩვენა, რომ საკაცობრიო ცოდნის სკივრში აქტიურ ადგილს იკავებს ის მეცნიერული დებულებები, რომლებიც პრაქტიკაში (ან ექსპერიმენტულად მაინც) თავის დადასტურებას პოულობენ. სხვა დაუდასტურებელი (უარყოფილი) თეორიები დავიწყებას არ მიეცემა და განიხილება როგორც ადმიანთა გონების ვარჯიში, რამაც ხელი შეუწყო ჭეშმარიტების დადგენას. ის, რომ საზოგადოების პროგრესს საფუძველს უქმნის  მეცნიერული მიღწევები, ადასტურებს, რომ ჩვენი ცოდნა, მოპოვებული მეცნიერების მიერ, არის ჭეშმარიტი ცოდნა, თუმცა ყოველთვის უნდა დავაყოლოთ სიტყვები - მისი გამოყენების ფარგლებში, რაც უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ცოდნა ამოუწურავია და საჭიროა მისი განუწყვეტლივ შევსება და განახლება. მეცნიერება გულწრფელად აღიარებს, რომ უფრო მეტი არ იცის, ვიდრე იცის, ამავე დროს მას სჯერა, რომ ხვალ უფრო მეტი ეცოდინება, ვიდრე იცის დღეს. 
ახლა, ამ თეზისების ჩამოყალიბების შემდეგ შევეცდები ავხსნა, რატომ მიმაჩნია თავი ქრისტიანად და ამავე დროს რატომ არ ვარ ეკლესიის მრევლი:
1. მე ვარ ქართველი, ყველა თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ არაქართულ საზოგადოებაში ცხოვრებას, უფრო მგონია, რომ ვერ შევძლებ, ანუ ჩემთვის ბუნებრივ გარემოს ქართული კულტურული გარემო წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართველობა და ქრისტიანობა განუყოფელია იმ ქართველებისთვის, რომლებიც  იძულებული არ იყვნენ ისტორიული ვითარების გამო გამოეცვალათ რელიგია. მაშასადამე ვარ რა ქართველი, ვარ ქრისტიანი. უფრო მეტიც, მე ვარ ქრისტიანულად მონათლული. მოვინათლე მაშინ, როდესაც  30 წლის ასაკამდე ბევრი აღარ მაკლდა, ანუ მოვინათლე სავსებით შეგნებულად. მართალია, ნათლობას ჩემი გაქრისტიანება კი არ ჰქონდა მიზნად (როგორც უკვე მოგახსენეთ, მე დაბადებიდანვე ქრისტიანი ვარ), არამედ ეს იყო პატივისცემა ნათელ-მირონისა, რაც ადამიანთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას ამყარებს. რაც მთავარია, მე პატივს ვცემ ქრისტიანთა მიერ აღიარებულ ათ მცნებას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ადამიანთა ურთიერთობას ეხება და ვცდილობ ვიცხოვრო შესაბამისად.
  2.  ეკლესიისთვის უმთავრესი წყარო ცოდნისა არის ბიბლია (ძველი და ახალი აღთქმა). ბიბლიაში ეძებს იგი პასუხს ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე. უაღრესად დიდ პატივს ვცემ ბიბლიას, როგორც ფასდაუდებელ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, ასევე პატივსაცემია იმ ადამიანთა შრომა, რომლებმაც სცადეს თავი მოეყარათ იმ დროისთვის კაცობრიობის მიერ დაგროვებული ცოდნისთვის და წარმოედგინათ სამყაროს სურათი. მაგრამ მათი მოღვაწეობის პერიოდიდან დღემდე ძალიან დიდი დრო გავიდა და სამყაროს შესახებ წარმოდგენები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე ცოდნის ფონზე მეტისმეტად მიამიტურად ჩანს ბიბლიური წარმოდგენები სამყაროს წარმოქმნის, ადამისა და ევას შექმნის შესახებ. რასაკვირველია, ეს მიამიტობა არ შეიძლება რაიმე ნაკლად ჩავუთვალოთ ბიბლიის ავტორებს, მაგრამ დღესაც ამ აზრზე დარჩენა, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს. ბიბლიის მიხედვით ღმერთმა პირველი ადამიანი (კაცი, რატომ მანდამაინც კაცი?) შექმნა თავის მსგავსად. მაშასადამე ბიბლიის ავტორებს ღმერთი წარმოდგენილი ყავდათ ყოვლისშემძლე კაცად, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მოისურვა სამყაროს შექმნა და აისრულა კიდეც თავისი სურვილი. განსაკუთრებით საინტერესოა პირველი ქალის - ევას შექმნის ისტორია. ქალი შეიქმნა მამაკაცისთვის, და ამით განისაზღვრა მისი ადგილი და მისდამი დამოკიდებულება. ბიბლიის ავტორთა ეს შეხედულებებიც გასაგებია. ალბათ მაშინ არ იდგა დღის წესრიგში გენდერული თანასწორობის საკითხი.  ნუთუ ეკლესია ვერ უნდა გამოვიდეს დოგმების ტყვეობიდან და დღესაც უნდა ჩარჩეს საუკუნეების სიღრმეში? არ უნდა გაამდიდროს ახალი ჭეშმარიტი სიტყვით ქრისტიანთა უმთავრესი წიგნი? იგივე ითქმის გამოხატვის ფორმებზეც - ეკლესიის მსახურთა გარეგნობასა, ჩაცმა-დახურვასა, სხვადასხვა ეკლესიურ ატრიბუტიკასა და რიტუალებზე. ზოგადად რიტუალების დანიშნულება კარგად არის გააზრებული და ისინი ადამიანის რწმენის გამტკიცების, მისი სულიერი სიმშვიდის უზრუნველყოფის, ადამიანთა ურთიერთგაგების, საზოგადოებრივი ცხოვრების ჰარმონიზაციის ამოცანას ისახავენ მიზნად. მაგრამ ამ რიტუალების შესრულების ფორმა მეტისმეტად არქაული და საუბედუროდ ხშირად არაგულწრფელია. მოკლედ, ჩემში პოზიტიურ განწყობას წარმოშობს მეცნიერების სწრაფვა განახლებისკენ და უარყოფითს ეკლესიის ჯიუტი ზრუნვა უცვლელად შეინარჩუნოს დოგმები და დრომოჭმული ტრადიციები.
3. მე რომ არ მიმეღო ისეთი განათლება, რომელიც საშუალებას მაძლევს მთელ რიგ საკითხებზე (თვით ყველაზე ურთულესზეც კი) მქონდეს საკუთარი აზრი (შესაძლოა ეს აზრი მცდარიც კი იყოს, მაგრამ იგი ჩემი აზროვნების ნაყოფია), მაშინ ალბათ მთლიანად მივენდობოდი ეკლესიას, ვინაიდან მას აქვს პასუხი ისეთ კითხვებზეც კი, რომლებზეც ადამიანის გონებაში პასუხი ჯერჯერობით ვერ მოიძებნება. ეს პასუხია - ყველაფერი ღვთის ნებაა, მის მიერ არის დაგეგმილი ყველაფერი, რაც ხდება. რა გამომდინარეობს აქედან? - ადამიანმა თავი არ უნდა იმტვრიოს დღეს აუხსნელი მოვლენის ასახსნელად? იგი ბრმად უნდა მიყვეს ღვთის ნებას? იგი მართლა მონაა ღვთისა და მის მსახურებას უნდა შესწიროს ყველაფერი? ასეთი პასუხი და მისგან გამომდინარე შედეგები მიუღებელია ჩემთვის. შეუძლებელია, რომ ღმერთს ადამიანი მონად შეექმნა, მაშინ რატომ ჩაუნერგა მას თავისუფლების უსაზღვრო სიყვარული. ღმერთმა ადამიანს აზროვნების უნარი მისცა, მისცა იმისთვის, რომ მან თვითონვე იპოვოს პასუხი კითხვებზე. ასევე მისცა პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ავალდებულებს ადამიანს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და შედეგები არ გადააბრალოს ღვთის ნებას. ღვთის ჭეშმარიტი რწმენა სულაც არ მოითხოვს ეკლესიის მთელი რიგი დოგმების აუცილებლობას. ეს დოგმები არ სჭირდება რწმენის გამტკიცებას. ისინი უფრო იმისთვის არის საჭირო, რომ შენარჩუნებული იყოს ეკლესიის გავლენა მრევლზე. ზოგადად ეს გავლენა საზოგადოებისთვის სასარგებლოა და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ეკლესიის არსებობა არ სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ქრისტიანული მსოფლმხედველობის მატარებელი, მთლიანად საზოგადოებისთვის მისი არსებობა და მოღვაწეობა აუცილებელია. ეკლესიის გარეშე ქრისტიანული მორალით ცხოვრება შეუძლიათ მხოლოდ გარკვეული სპეციფიკური განათლების მქონე ადამიანებს. დანარჩენი საზოგადოებისთვის ეკლესია რწმენის წყაროა და მათი მშვიდი ცხოვრებისათვის აუცილებელი ნავსაყუდელი. ამ თვალსაზრისით ბოლშევიკების უდიდესი ცოდვა და დანაშაული საზოგადოების წინაშე არის ის, რომ ერთის მხრივ ფიზიკურად გაანადგურეს განათლებული ადამიანები, რომლებიც ათეისტებიც რომ ყოფილიყვნენ ღვთის საგმობ საქციელს არ ჩაიდენდნენ, ხოლო მეორეს მხრივ ძალმომრეობით გაავრცელეს ათეიზმი განათლების არასაკმარისი დონის მქონე უმრავლესობაში, რამაც საზოგადოებაში წარმოშვა სისასტიკე, უსამართლობა და შეუწყნარებლობა.  
 არ ვიცი შევძელი თუ არა გულწრფელად მეთქვა ყველაფერი, უფრო სწორედ გულწრფელი კი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ვთქვი თუ არა, ჯერ არ ვიცი. მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ მიუხედავად იმის, რომ ეკლესიური წარმოდგენები ღმერთზე და ადამიანის დანიშნულებაზე ჩემში „ღიმილს“ იწვევს, მე უღვთო არ ვარ. არ ვარ, რადგანაც ჩემთვის ღვთისნიერობა ადამიანის სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას ნიშნავს და მას არ სჭირდება არც რაიმე სხვა დამატებითი ნიშნები და არც ღვთის შიში, ან ეკლესიის ქადაგება. 
მაშასადამე, მე ვარ ქრისტიანი მორალით, ზნეობით, კულტურით და ამავდროულად ვარ ათეისტი სამყაროზე, სიკვდილ-სიცოცხლესა და ადამიანის ადგილსა და როლზე ჩემი შეხედულების (წარმოდგენების) მიხედვით.
ამ ჩემს დღევანდელ ნაწერს, ალბათ, მომავალშიც ხშირად წავიკითხავ. საინტერესოა, გამიჩნდება თუ არა რაიმეს დამატების, ან რაღაცის შეცვლის სურვილი? დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაც გაიზიარებს ჩემს შეხედულებებს, სხვებს კი განსხვავებული აზრები ექნებათ. ასეც უნდა იყოს. შეხედულებათა მრავალფეროვნება ბუნებრივია და საზოგადოების მოწიფულობაზე მეტყველებს.

Thursday, March 24, 2011

ობიექტურობის შესახებ.

მოვლენის როგორი აღწერა ითვლება ობიექტურად? შეიძლება თუ არა, რომ სუბიექტი იყოს ობიექტური? ვის შეუძლია განსაზღვროს იბიექტურია, თუ არ არის ობიექტური კონკრეტული მოვლენის კონკრეტული შეფასება?
მე ფილოსოფოსი არ ვარ და არ ვაპირებ ამ საკითხის ფილოსოფიური ასპექტების განხილვას, არც იმის თხრობას ვაპირებ, თუ როგორ განიხილავდნენ მას მსოფლიოს უდიდესი ფილოსოფოსები. უბრალოდ მინდა გესაუბროთ, როგორც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, რათა მან (საზოგადოებამ) იცოდეს მისი რიგითი წევრის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ძნელად მოიძებნება ადამიანთა შორის ურთიერთობაში ისეთი ქმედება, რომელიც არაობიექტურ მოქცევაზე უფრო ძლიერ ნეგატიურ განწყობას ქმნის. არაობიექტური მოქცევა თრგუნავს ადამიანს, აკარგვინებს სამართლიანობის გრძნობას, განაწყობს აგრესიულად, მოკლედ წარმოშობს ახალ სირთულეებს.
ობიექტური მოვლენა სუბიექტის წარმოსახვის პროდუქტი არ არის. იგი რეალურად ხდება და მისი აღწერისას პირველწყარო არიან ის სუბიექტები, რომლებიც შეესწრნენ ამ მოვლენას. ერთიდაიგივე მოვლენის სხვადასხვა სუბიექტის მიერ აღწერა ადვილი შესაძლებელია ყველა ნიუანსში არ დაემთხვეს ერთმანეთს, უფრო მეტიც, შეიძლება მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც კი იყოს. ეს განსხვავება არ არის მანდამაინც იმით გამოწვეული, რომ რომელიმე სუბიექტს სურს სინამდვილის დამახინჯება. განსხვავება სავსებით ბუნებრივადაც შეიძლება წარმოიშვას, იმის გამო, რომ სხვადასხვა სუბიექტი სხვადასხვა რაკურსით აკვირდებოდა მოვლენას, თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება მოვლენის სხვადასხვა ასპექტს მიაქცია, ერთს ერთი მომენტი გამოეპარა, მეორეს კი სხვა და ა.შ. ამიტომ თითოეული სუბიექტის მონაყოლი შესაძლებელია, რომ მოვლენის ობიექტურ სურათს არ იძლეოდეს. მოვლენის ობიექტური აღწერა შესაძლებელია მხოლოდ მოვლენის ყველა დამკვირვებლის ჩვენების მიუკერძოებული შეჯერებით. იგივე ითქმის იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე დამკვირვებელი ადამიანი კი არ არის, არამედ მაგალითად, ვიდეოთვალია. მაშასადამე მთავარი კრიტერიუმი მოვლენის სხვადასხვა კუთხით მიუკერძოებლად განხილვაა.
როგორც წესი, ადამიანი მხოლოდ მოვლენის აღწერით არ შემოიფარგლება და იგი ცდილობს გადმოგვცეს მოვლენის მისეული შეფასებაც. შეფასება, რასაკვირველია სუბიექტურია, იგი გამოხატავს სუბიექტის დამოკიდებულებას მოვლენისადმი. ამიტომ შეფასებებში მეტია არაობიექტურობის რისკი. თუმცა ჭკვიანი, ლოგიკურად მოაზროვნე, მიუკერძოებული ადამიანის შეფასება ობიექტურობის გაცილებით მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ასე, რომ თუ რომელიმე პროცესის შესახებ საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ, უმჯობესია „ჭკვიანი, ლოგიკურად მოაზროვნე, მიუკერძოებული“ ადამიანის შეფასება გაიზიაროთ. მაგრამ „ჭკვიანი, ლოგიკურად მოაზროვნე, მიუკერძოებული“ - ესენიც ხომ შეფასებითი კატეგორიებია. ზოგს მაჩნია, რომ ამ თვისებებით დაჯილდოებულია ერთი სუბიექტი (ან ადამიანთა ჯგუფი), სხვებს კი განსხვავებული აზრი აქვს. თქვენ ვის მიემხრობით? არჩევანის წინაშე დგახართ. არჩევანის სისწორე კი ძლიერ არის დამოკიდებული თქვენი ჭკუის გამჭრიახობასა და განათლების (ცოდნის) დონეზე. მაგრამ თუ ჭკუა გიჭრით და საკმარისი ცოდნაც გაქვთ, მაშინ საკუთარი აზრიც გექნებათ. უმჯობესია გაგაჩნდეთ საკუთარი აზრი. მოვლენის შეფასებებიც (ისევე როგორც მოვლენის, როგორც შემდგარი ფაქტის აღწერა) ყოველმხრივ შეჯერებულად, მიუკერძოებლად და საზოგადოების წინაშე  პასუხისმგებლობის სრული შეგნებით უნდა იყოს განხილული. ამრიგად, მოვლენის შეფასების ობიექტურობის დადგენა ჭკვიან, ლოგიკურად მოაზროვნე, მიუკერძოებულ და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საზოგადოებისთვის მათი აზრი უფრო მისაღები უნდა იყოს.
მინდა განსაკუთრებით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რისთვის არის საჭირო ობიექტურობა? მარტო მშრალი ობიექტურობა, ადამიანური თანაგრძნობის და მიმტევებლობის გარეშე სასარგებლოა საზოგადოებისთვის? უფრო ბედნიერს ხდის ადამიანებს? რატომ არის, რომ ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ობიექტურობა საკმაოდ ხშირად ირღვეოდა, თავს უკეთ გრძნობდნენ ჩამოსახლებულები ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არაობიექტურობა თითქმის გამორიცხულია? მაგრამ, ყველაფერი იცვლება და სამწუხაროდ, ცვლილებები ყოველთვის არ არის მიმართული უკეთესობისკენ. ვცდილობთ გადმოვიღოთ დასავლეთის ცხოვრების წესი, მაგრამ ამას ვაკეთებთ უსისტემოდ, გაუაზრებლად, ზედაპირულად. ამავე დროს ვკარგავთ იმას, რითაც გამორჩეული და საინტერესო ვიყავით. ხოდა, „ჭეშმარიტი ობიექტურობის“ ნაცვლად ფეხს იკიდებს „გულქვა ობიექტურობა“, რომლის მიზანი სულაც არ არის სამართლიანი საზოგადოების მშენებლობა.
გულქვა ობიექტურობის ერთი მაგალითი: თბილისის ერთ-ერთმა მოქალაქემ სრულად გადაიხადა ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი და აღარ ეყო თანხა „ნაგვის“ გადასახადის მთლიანად გადასახდელად - 15 ლარის ნაცვლად გადაიხადა 12 ლარი. ამის გამო მას შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. როდესაც მოქალაქემ გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ელექტროენერგიის გათიშვის გამო, „ობიექტურმა“ მერიის მოხელემ მას „დიდაქტიკური ტონით აუხსნა“, რომ „თელასის“ წარმომადგენლები სწორედ მოიქცნენ, ვინაიდან დაიცვეს ახალი დადგენილი წესი. (ნეტავ ასე იცავდნენ ყოველთვის და ყველგან დადგენილ წესსა და კანონს.)
 საოცარია „თელასის“, როგორც კომერციული კომპანის მოქმედება - კომერციული თვალსაზრისით „თელასი“ დაინტერესებულია, რომ მომხმარებლებს მეტი ელექტროენერგია მიაწოდოს. სინათლის გათიშვით მისი შემოსავალი მცირდება, ის კი მიდის ამ ზარალზე სხვა კომერციული სტრუქტურის „შემოსავლებზე ზრუნვის“ გამო. საქმე იმაშია, რომ კომერციულ მიზანშეწონილობაზე აღარავინ ფიქრობს, როდესაც ხელისუფლებისგან მიღებული აქვს ბრძანება შეასრულოს ესა თუ ის განკარგულება. აი ეს კი ნამდვილად ობიექტური შეფასებაა ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობისა.
ჭეშმარიტი ობიექტურობის გარეშე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ჭეშმარიტი ობიექტურობა გულისხმობს საკითხის, კონკრეტული ფაქტის, მოვლენის, პროცესის ყოველმხრივ სიღრმისეულად გამოკვლევას სწორი, სამართლიანი, ადამიანთა კეთილდღეობისთვის სასარგებლო  გადაწყვეტილების მისაღებად.   

Tuesday, March 22, 2011

ადამიანის „გაორება“...

ნიჭიერი 2011 / Nichieri 2011 Part 9“-ის ერთ-ერთმა კონკურსანტმა შეასრულა, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ხალხური შემოქმედების თანამედროვე ჟანრის“ ნიმუში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს „ბაზრობების“ ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ქორწილებში და სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში. ფილარმონიის დარბაზი სავსე იყო მაყურებლით და კონკურსანტმა უკლებლივ ყველა აიყოლია, რაც ჟიურის უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ჟიურის ერთმა წევრმა თქვა კიდეც „...ბევრს არ შეუძლია მთელი ფილარმონია ფეხზე ააყენოს და აცეკვოს...“, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ თვითონ ეს სიმღერა „არასაფილარმონიეაო“, რაზეც წამყვანებმაც თავისი აზრი გამოთქვეს: „რა ვიცი კი გავერთედ დააა..., ამ ფილარმონიაში!?“. ჟიურის ერთმა წევრმა მაინც „მკაცრი განაჩენი“ გამოიტანა: „ეგ სიმღერა და შენც უნდა უნიკალურად დარჩე იქ სადაც...“, მოკლედ, არა ფილარმონიაშიო. საბოლოოდ დარბაზმა მაინც მოახდინა ზეგავლენა ჟიურიზე და მის ორ წევრს ათქმევინა „კი“. ისე, იგრძნობოდა, რომ სიმღერამ ჟიური ძალიან გაართო, უფრო სწორედ, შემსრულებელმა თავისი უშუალობით და სიმღერის ნორმალური შესრულებით ჟიურის სიმპათია დაიმსახურა, და რომ არა სიმღერის „არაფილარმონიურობა“, შეფასებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ წარმოიშვებოდა.
გულახდილად გეტყვით, რომ ზოგადად მე ეს „ხალხური შემოქმედების თანამედროვე ჟანრი“ ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა თუ გავღიზიანდი, არამედ საკმაოდ ვიხალისე კიდეც. ამ ვითარებამ დამაფიქრა, წარმოიშვა კითხვა: რა არის ამგვარი გაორების მიზეზი?  რაღაცა ადამიანში იწვევს კმაყოფილების, სიამოვნების გრძნობას და ამავე დროს ეს რაღაცა მისთვის მიუღებელია!?
ამ კითხვაზე ზუსტი, ამომწურავი პასუხი არ მაქვს. მგონია, რომ გაორების მიზეზი მენტალობაში უნდა ვეძიოთ - რაღაც ეტაპზე მენტალურად მიუღებელია ის, რაც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს და ამავე დროს არ ჩანს რა ზიანის მოტანა შეუძლია მას. რათა გაორება მოიხსნას საჭიროა, რომ დროთა განმავლობაში ან შეიცვალოს მენტალიტეტი, ან იმ რაღაცამ აღარ უნდა მოგვანიჭოს სიამოვნება. საკმაოდ ხშირად ის, რაც ადრე მოგვწონდა, შემდეგ აღარ მოგვწონს ხოლმე და ამდენად გაორების მიზეზი აღარ გვაქვს. მაგრამ არც თუ იშვიათად საჭირო ხდება მენტალიტეტის კარდინალური ცვლილება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე ორად შეიძლება ამ საკითხის გაყოფა. რაღაც მოგვწონდა და ახლა აღარ მოგვწონს, ან პირიქით, ეს ხომ სწორედაც ჩვენს მენტალიტეტში მომხდარ ცვლილებაზე მიუთითებს. ასეა თუ ისე, მენტალიტეტის შეცვლამდე მივდივართ. მაგრამ იმის ილუზია არ უნდა შეგვექმნას, რომ საბოლოოდ თავს დავაღწევთ გაორებას - აუცილებლად გამოჩნდება ახალი გაორების გამომწვევი მიზეზი. ე.ი. გარკვეულ, კონკრეტულ  საკითხებთან დამოკიდებულებაში გაორების არსებობა ადამიანის განვითარების აუცილებელი პირობაა.
ასეთი გაორება ხშირად ემართება ადამიანს, არა მხოლოდ ისეთი ტიპის მოვლენების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნიჭიერის“ ზემოთ მოყვანილ მაგალითში, არამედ ყოველთვის, როდესაც იგი გრძნობს სიამოვნებას და უჩნდება ისეთი აზრი, რომ, სხვადასხვა მიზეზის გამო ეთაკილება ან სცხვენია მისი გამომჟღავნების. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალსაჩინოა სექსთან დამოკიდებულებით გამოწვეული გაორება. სექსი თავისი ინტიმურობის გამო საჯაროდ მსჯელობისთვის უაღრესად ფაქიზი თემაა. ინტიმურობის დარღვევამ შეიძლება მძიმე შეურაცყოფა მიაყენოს ადამიანებს. რაზე შეიძლება საუბრის წარმართვა? რა კითხვებზე ელის პასუხს  საზოგადოება? სექსუალური გრძნობები იმდენად ბუნებრივად წარმოიშვება და იმდენად ბუნებრივად ვითარდება და კულმინაციით სრულდება, რომ მას არ სჭირდება რომელიმე მესამე პირის ჩარევა. მახსენდება ფილმი, (თუ არ ვცდები „ლურჯი ლაგუნა“ ერქვა, ან რაღაც ამდაგვარი), რომელიც სრულად ადასტურებს ამ აზრს. ოპონენტმა შეიძლება მიპასუხოს, რომ თვით ასეთი ფილმის არსებობა არის დასტური იმისა, რომ  სექსზე საუბარი    საჭიროა და იგი შეიძლება ისე წარიმართოს, რომ არც ინტიმურობა დაირღვეს და ამავდროულად ჯანსაღი მორალური პრინციპების დანერგვას შეუწყოს ხელი. ოპონენტის ამ აზრს სავსებით ვეთანხმები და ვრჩები იმ შეხედულებაზე, რომ დასაშვებია ისეთი განსაკუთრებით დელიკატური საუბარი, რომელიც ზემოთ აღნიშნული გაორების მოხსნაში დაგვეხმარება. მაგრამ, ვაი თუ ვერ წარვმართეთ საუბარი საჭირო ტაქტით და უფრო მეტი გაორება გამოვიწვიეთ?
როგორც იტყვიან, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო? ცივილურ საზოგადოებაში, ალბათ, არ უნდა არსებობდეს ტაბუდადებული თემები,  მაგრამ დისკუსიის დროს გამორიცხული უნდა იყოს ერთის მხრივ მკრეხელობა, ვულგარიზმი და აღვირახსნილობა, ხოლო მეორეს მხრივ ფანატიზმი და ფუნდამენტალისტური შეუწყნარებლობა.

Wednesday, March 16, 2011

კამათი წიგნისა და კომპიუტერის გარშემო...

უპირველეს ყოვლისა შევთანხმდეთ, რას ვგულისხმობთ ცნებებში - წიგნი და კომპიუტერი.
თუ წიგნია გარკვეული ხერხით აკინძული პოლიგრაფიული ნაწარმი, ხოლო კომპიუტერი კი - გარკვეული ბლოკური სისტემით შექმნილი ელექტრონული მოწყობილობა, მაშინ მათ შედარებას აზრი აქვს - მეტად განსხვავებული ტექნოლოგიით შექმნილ სხვადასხვა საგანს შორის, რომელთა დანიშნულებაა გარკვეული ინფორმაციის, მხატვრული სიტყვის, ან საილუსტრაციო მასალის და ა.შ. განთავსება, რომელია უფრო ეფექტური? (რასაკვირველია, კომპიუტერს გარდა ამისა მრავალი სხვა ფუნქციის შესრულებაც შეუძლია, მაგრამ რადგან წიგნთან შედარებაზეა საუბარი, გამოვყავით მხოლოდ წიგნისთვის დამახასიათებელი ფუნქცია). ეფექტურობა შეიძლება შევადაროთ ათასნაირი სხვადასხვა კრიტერიუმით, მაგალითად ეკონომიკური კრიტერიუმით, ან გამოყენების სიმარტივითა და მოხერხებულობით, ან ნებისმიერი სხვა კრიტერიუმით.
თუ მხედველობაში გვაქვს ის, რაც „ჩადებულია“ წიგნში და კომპიუტერის მეხსიერებაში (ინფორმაცია, მხატვრული სიტყვა, ან საილუსტრაციო მასალა და ა.შ.), მაშინ ორივე, წიგნიც და კომპიუტერიც თანაბრად გამოსადეგია ადამიანისათვის და მისი ინტერესის გამომწვევი და დამაკმაყოფილებელი არის ის, რისი ამოკითხვა და ვიზუალური დათვალიერება შეუძლია ადამიანს და არა ის, თუ საიდან იღებს ამ ინფორმაციას - წიგნის ფურცლებიდან, თუ კომპიუტერის ეკრანიდან. მაშასადამე, მთავარია რას კითხულობს ადამიანი, რა ინფორმაციის მიღება, ადამიანთა შემოქმედების გაცნობა შეიძლება, ვინ არის ავტორი ამ შემოქმედებისა და ა.შ. ამ თვალსაზრისით წიგნიც და კომპიუტერიც ძირითადად თანაბრად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და მე ვერ ვხედავ მათ შორის პრინციპულ განსხვავებებს, რომელთა გამოც შესაძლებელია წიგნისა და კომპიუტერის დაპირისპირება.
იყო დრო, როდესაც არა თუ განვითარებული პოლიგრაფიული მრეწველობა არ არსებობდა, არამედ ადამიანებმა ბეჭდვაც არ იცოდნენ, მაგრამ ისინი მაინც ახერხებდნენ ადამიანთა შემოქმედებითი შრომის შედეგის ქაღალდზე გადატანას ხელნაწერის სახით, მათ წიგნად აკინძვას და გავრცელებას იმისთვის, რომ მას სხვა ადამიანები გაცნობოდნენ. ხშირად ტექსტს თან ურთავდნენ ხელით შესრულებულ ილუსტრაციებს, რაც ამდიდრებდა მასალას, უფრო ინფორმატიულს ხდიდა მას. ამ ხერხით წიგნის საჭირო რაოდენობით შექმნა მეტისმეტად შრომეტევადი საქმიანობა იყო.
როდესაც ადამიანები დადგნენ წიგნის ტირაჟის მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობის წინაშე მათ მოიფიქრეს ბეჭდვა, შექმნეს პოლიგრაფიული მრეწველობა, რომელმაც არნახულ განვითარებას მიაღწია. ერთადერთი „ნაკლი“, რომელიც მას გააჩნია არის ის, რომ მოთხოვს მნიშვნელოვან რესურსებს. მარტო ქაღალდის წარმოება, რომლის გარეშეც არ არსებობს პოლიგრაფიული ნაწარმი, უამრავი ბუნებრივი რესურსის - ხის მასალის ხარჯვას და შესაბამისად ტყის საფარის განადგურებას იწვევს. ქაღალდზე ბეჭდვა და ტირაჟირება საკმაოდ შრომატევად პროცესად დარჩა. მოკლედ პოლიგრაფიულად წიგნის შექმნა ადამიანებს საკმაოდ ძვირი უჯდება. ეკონომიკურად ჩამორჩენილ საზოგადოებაში წიგნის შეძენა ბევრს არც შეუძლია.
ძირითადი ამოცანა, რისთვისაც შეიქმნა კომპიუტერი (ადრე მას ელექრონულ გამომთვლელ მანქანას, შემოკლებით ეგმ-ს უწოდებდნენ) იყო მათემატიკური რთული გამოთვლების  ჩატარება და შედეგის სწრაფად მიღება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია მისი საშუალებით ათასნაირი ინფორმაციის, მათ შორის ტექსტებისა და გრაფიკული გამოსახულების დამახსოვრება, მრავალგზის კოპირება, ეკრანზე ჩვენება და საბეჭდი მოწყობილობით ქაღალდზე ბეჭდვა, ანუ წიგნის შექმნა. ამასთან ერთად ეს წიგნი კომპიუტერში შენახული რჩება ე.წ. ელექტრონული ვერსიის სახით. მას შემდეგ, რაც შეიქმნა კომპიუტერული ქსელები, განსაკუთრებით კი გლობალური ქსელები, შესაძლებელი გახდა კომპიუტერში შენახული წიგნების ელექტრონული ვერსიების გავრცელება გლობალურ ქსელში, ანუ პრაქტიკულად ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე შესაძლებელია წიგნების ტირაჟირება და გავრცელება. ამ თვალსაზრისით წიგნის ელექტრონული ვერსიის შექმნას უდაოდ დიდი უპირატესობა აქვს პოლიგრაფიული გზით წიგნის წარმოებასთან შედარებით. ამჟამად ნებისმიერი პოლიგრაფიული ნაწარმის შექმნა მისი ელექტრონული ვერსიის შექმნით იწყება, შემდეგ კალკაზე გადააქვთ თითოეული გვერდის ასლი და ამ კალკას იყენებენ პოლიგრაფიაში დიდი ტირაჟით ქაღალდზე საბეჭდად.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს წიგნის პოლიგრაფიულად გამოცემა საკმაოდ ძვირი უჯდება, მაინც აგრძელებენ მის გამოცემას, რადგან წიგნი გარკვეულ სიტუაციებში კვლავ შეუცვლელი რჩება. ეს განპირობებულია, ჩემის აზრით, ორი ძირითადი მიზეზით:
1. წიგნი ადამიანის მუდმივი თანამგზავრია, მისი წაღება და წაკითხვა ყველგან შეიძლება. კომპიუტერი და გლობალური კომპიუტერული ქსელი ჯერჯერობით ყველგან არ არის.
2. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია წიგნის „უნარი“ მკითხველს შეუქმნას „ინტიმური“ გარემო, რაც ანდამატივით იზიდავს მკითხველს. ამ მიზიდულობას თავს ვერ აღწევს ვერცერთი, ვინც მიეჩვია წიგნის კითხვას, ვისაც წიგნი საკუთარი ფანტაზიის გაშლის ბიძგს აძლევს და ავტორის მიერ მონათხრობს შინაგანი თვალით თავისებურად ხედავს.
კომპიუტერს ერთი „ნაკლი“ აქვს. მისი საშუალებით ათასნაირი ინფორმაციის მიღება შეიძლება, ადამიანი სულსწრაფია, ერთ საგანზე ხანგძლივად ყურადღებას ვერ აჩერებს და კომპიუტერში ერთი საკითხიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე და ა.შ. გადახტება ხოლმე. ამიტომ ითვლება, რომ ადამიანი კომპიუტერით მრავალფეროვან, მაგრამ ზერელე ინფორმაციას იღებს. მაგრამ, ეს უფრო ადამიანის ნაკლია, ვიდრე კომპიუტერისა.
ამრიგად, წიგნიც და კომპიუტერიც ადამიანისთვის უაღრესად სასარგებლოა. ისინი ერთმანეთს არ გამორიცხავენ. უფრო მეტიც, ისინი  ერთიდაიგივე მიზნის მიღწევის საშუალებას გვაძლევენ და ზოგი წიგნს აძლევს უპირატესობას, ზოგი კი კომპიუტერს. კომპიუტერის მზარდი როლის ხელოვნურად დაკნინება შეუძლებელია. მთავარია, კომპიუტერის მეხსიერებაში ჩაწერილი იყოს ისეთივე მაღალი ღირებულების შემოქმედებითი შრომის შედეგები, როგორიც აქამდე წიგნების სახით გამოიცემოდა. ეს ძირითადად ადრე გამოცემულ ნაწარმოებებს ეხება, იმ ნაწარმოებებს, რომლებმაც დროს გაუძლეს და კლასიკად იქცნენ. რაც მომავალში შეიქმნება, როგორც უკვე აღვნიშნე, მას ელექტრონული ვერსია, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ექნება.

Monday, March 14, 2011

რას ნიშნავს ცხოველთა უფლებების დაცვა?

იყო დრო, როდესაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა არავის ყურადღებას არ იქცევდა. ადამიანთა ტანის შესამოსად პრაქტიკულად ძირითადად (განსაკუთრებით ჩრდილოეთის ქვეყნებში) გამოყენებული იყო ცხოველთა ტყავი და ბეწვი. დღეს ცივილურ სამყაროში ხშირად ეწყობა ადამიანთა მრავალრიცხოვანი ჯგუფების საპროტესტო გამოსვლები, მიძღვნილი ცხოველთა უფლებების დაცვისადმი, ბუნებრივი ბეწვეულითა და ტყავით გაწყობილი ტანსაცმლის გამოყენების წინააღმდეგ და ა.შ. ადამიანთა მენტალიტეტში დამატებით ფეხს იკიდებს ახალი მორალური პრინციპი - გაუფრთხილდი ცხოველთა სამყაროს. ამ ტალღამ ჩვენს საზოგადოებამდეც მოაღწია, თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ ყველას სწორად აქვს გააზრებული ამ ახალი მორალური პრინციპის მნიშვნელობა, უფრო მგონია, რომ ბევრმა აიტაცა იგი, როგორც ახალი „მოდური მიმდინარეობა“, რომელიც ხაზს უსვავს მათ „ელიტარულობას“. ამ ჩემს ეჭვს ცხოველებზე ჭეშმარიტი მზრუნველი თავის თავზე ნუ მიიღებს, მათ მე უდიდეს პატივს ვცემ.
რას ნიშნავს ცხოველთა უფლებები? ვინ მიანიჭა მათ ეს უფლებები? ცხოველებმა თუ იციან რამე მათი უფლებების შესახებ? სთხოვეს ცხოველებმა ადამიანებს მათი უფლებების დაცვა? ამ კითხვებში ირონია ჟღერს. მაგრამ ამ ირონიას ვერ გავექცევით, თუ კარგად არ გავიაზრეთ, რას ნიშნავს ცხოველთა სამყაროს დაცვა.
რასაკვირველია, მორალურად მიუღებელია რაიმე სახის სასტიკი მოქცევა, მათ შორის ცხოველისადმი სისასტიკის გამოვლენა. მაგრამ ეს ზოგადი პრინციპია და რაიმე ჯგუფის მიმართ სასტიკი მოპყრობის ცალკე გამოყოფა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ადამიანთა საზოგადოება არ უნდა შეურიგდეს ზოგადად სისასტიკის არცერთ გამოვლინებას.
უნდა გამოიყენოს თუ არა ადამიანმა თავისი საჭიროებისათვის ცხოველური პროდუქტი? ცხადია უნდა გამოიყენოს, მაგრამ ისე ზომიერად, რომ ცხოველთა რომელიმე ჯგუფს პოპულაციის საშიში შემცირება არ დაემუქროს. მაშასადამე, ეს საკითხი ადამიანის მიერ ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების ზოგადი პრობლემის შემადგენელი ნაწილია.
ადამიანმა უნდა დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები ისე, რომ სამყაროს, სადაც იგი ცხოვრობს და მისი შთამომავლობა გააგრძელებს ცხოვრებას, ზიანი არ მიადგეს, არ განვითარდეს ისეთი შეუქცევადი პროცესები, რომ რესურსების თვითაღდგენა შეწყდეს.
ნუთუ ადმიანმა უარი უნდა თქვას თბილი ბეწვის ტანსაცმელზე და ამავე დროს არც კი დაფიქრდეს და ისე გემრიელად მიირთვას მაგალითად ხიზილალას ბუტერბროდი, ან  მინდორში მოწყვეტილი ყვავილების თაიგულით მორთოს საკუთარი ბინა? დარწმუნებული ვარ არც იატაკზე დაფენილ ნოხზე გავლისას დაფიქრდება თუ, როგორ შეიქმნა ეს ნოხი.
ცხოველებთან ზოგიერთი ადამიანის ურთიერთობა გამორჩეულია, მეტისმეტი სენტიმენტალიზმით ხასიათდება. როგორც წესი, ძირითადად ასეთი ადამიანები უაღრესად კეთილები არიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბევრს საუბრობენ ცხოველთა დაცვაზე და ამავდროულად, არც თუ იშვიათად, სასტიკად ექცევიან ადამიანებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ადამიანთა საზოგადოებაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ, უჭირთ იმ ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც ადამანთა საზოგადოებაში ცხოვრებისთვის არის აუცილებელი, და ცხოველებთან ურთიერთობაში ეძებენ გამოსავალს.
მოკლედ, გარემოს დაცვა, მათ შორის ცხოველთა „უფლებების“ დაცვა, არის დაცვა ადამიანის და მისი შთამომავლობის უფლებისა იცხოვროს ცხოვრებისათვის მაქსიმალურად შესაძლო საუკეთესო პირობებში. 

Sunday, March 13, 2011

სწავლა, სწავლა და სწავლა...

როგორც ხვდებით, მინდა ვისაუბრო განათლებაზე. სათაურად კი შევარჩიე „პროლეტარიატის დიდი ბელადის“ - ლენინის სიტყვები, არა იმიტომ, რომ როგორც ახლა იტყვიან, მისი ფანი ვარ, არამედ უბრალოდ ხაზი  გავუსვი იმ აზრს, რომ სწავლა ხანგძლივი, მუდმივი პროცესია, ადამიანი სწავლობს დაბადების დღიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
სწავლა ბუნებრივი პროცესია, რაც ნიშნავს რომ, სწავლის სურვილი ბუნებრივად იბადება და ამ პროცესში არავინ რომ არც ჩაერიოს, ადამიანი თავისითაც ისწავლის ბევრ რამეს, ყოველ შემთხვევაში იმას მაინც, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ ასე ცხოვრობს და სწავლობს ნებისმიერი ცოცხალი არსება, მაგალითად რომელიმე ცხოველი. ადამიანი კი ძირითადად იმით განსხვავდება ცხოველისაგან, რომ იგი აზროვნებს, მეტყველებს და რაც მთავარია გეგმავს თავის მომავალს, წინასწარ აზრობრივად განსაზღვრავს შესაძლო სიტუაციებს და იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს უნარი კი მას გამოუმუშავდა ადამიანთა მოდგმის ხანგძლივი არსებობის განმავლობაში ცოდნის დაგროვებით, მომავალი თაობისათვის მისი შენახვითა და გადაცემით. შეიძლება, ვინმე შემეკამათოს და მოიტანოს უამრავი მაგალითი ცხოველთა ცხოვრებიდან, რომლებიც გვიჩვენებენ როგორ ასწავლიან, მაგალითად ლომები, თავიანთ ლეკვებს სიცოცხლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. რასაკვირველია, ეს ოპონენტი რაღაც აზრით მართალი იქნება, მაგრამ მე მაინც გამოვყოფ ადამიანს იმის გამო, რომ ცოდნის შეძენისა და დაგროვების სურვილი მას არა მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების გამო უჩნდება, არამედ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და რაც მთავარია, ზოგადად შემეცნებითი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ცოდნა ადამიანისთვის მისი სულიერი სამყაროს გამდიდრების, მისი ინტელექტის ამაღლების წყაროა.
   როგორც ვთქვით, სწავლა ხანგძლივი (დაუსრულებელი) პროცესია. რასაკვირველია, ეს პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთნაირი ინტენსიობით არ მიმდინარეობს. დაბადებისას ბავშვის ტვინში მეხსიერების „უჯრედები“, თუ ასეთები უკვე არსებობს, ძირითადად ცარიელია (მე აქ კომპიუტერის მეხსიერების ანალოგიით ვხმარობ სიტყვას „უჯრედი“, თავის ტვინში რა არის პასუხისმგებელი მეხსიერებაზე, მით უფრო  როგორ ხდება რაიმე ინფორმაციის დამახსოვრება, მე არ ვიცი. მკითხველმა უნდა მაპატიოს ეს უცოდინარობა, რადგან ამჯერად მსჯელობის ძირითად საგანს ტვინი არ წარმოადგენს). ბავშვი იზრდება, იზრდება მისი ტვინი და მასში სწრაფად გროვდება ინფორმაცია. ცხადია ადამიანის ცხოვრების ამ პერიოდში ცოდნის დაგროვება შედარებით ადვილია და სწრაფად მიმდინარეობს. დროთა განმავლობაში ადამიანი ზრდასრული ხდება, მან უკვე საკმაოდ ბევრი იცის და მის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც მის მიერ დაგროვებული ცოდნა ეწინააღმდეგება ახალი ცოდნის მიღებას. (იმის გამო, რომ „ჭურჭელი გაივსო და მეტი აღარ ეტევა“, ან იმიტომ, რომ ახალი უარყოფს ძველს და წინააღმდეგობაში მოდის უკვე დაგროვილ ცოდნასთან). თუ ადამიანი ინარჩუნებს უნარს გაანალიზოს მის მიერ უკვე მიღებული ცოდნა, შეადაროს ახალ ფაქტებს და შეცვალოს, გააახლოს თავისი წარმოდგენები სამყაროს შესახებ , მაშინ იგი არ ბერდება (ასაკის მიუხედავად) და წარმატებით აგრძელებს ცოდნის დაგროვებას. ამრიგად, საბაზისო ცოდნის შეძენის პერიოდი ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდია და რაც უფრო საფუძვლიანია ამ დროს მიღებული ცოდნა, მით უფრო „ჭკვიანურად“ აზროვნებს ადამიანი და შესაბამისად მით უფრო ხანგძლივად ინარჩუნებს იგი ახალი ცოდნით ინტელექტის გამდიდრების უნარს.
ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ზრუნავს შთამომავლობაზე. ამ კუთხით ადამიანი განსაკუთრებით გამოირჩევა და პირმშოზე ზრუნვას მისი ზრდასრული ასაკის მიღწევის შემდეგაც აგრძელებს. შთამომავლობაზე ზრუნვის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა. რასაკვირველია შვილების გამოკვებას, ჩაცმა-დახურვას თავის მნიშვნელობას ვერ დავუკარგავთ, ეს აუცილებელია, მაგრამ შთამომავლობის წინაშე სრულად ვალმოხდილი ის მშობლებია, რომლებმაც შეძლეს შვილებისთვის კარგი აღზრდა-განათლების მიცემა.
შთამომავლობის აღზრდა-განათლება იმდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომ ადამიანებმა  ამისთვის შექმნეს სპეციალური დაწესებულებები  და მოიფიქრეს განათლების სისტემები, რომლებიც მათი აზრით ყველაზე ეფექტურად წარმართავს ამ სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესს.             
 განათლების ეს სისტემები თავისი ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატორულია, შედეგს საკმაოდ გვიან იძლევა, ამიტომ მისი შემუშავება მეტად ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა. ცხოვრებაში არასწორი განათლების სისტემის დანერგვას ისეთი შედეგი მოჰყვება, რომ მთელი თაობა, შესაძლოა მომდევნო თაობაც კი, არ იქნება მზად გააგრძელოს საზოგადოების ნორმალური განვითარების გზა. ამიტომ ცხადია, რომ განათლების სისტემა უნდა შეიმუშაოს საზოგადოების ყველაზე მეტად ერუდირებულმა, განათლებულმა, ინტელექტუალურმა ნაწილმა, რომელიც ამავდროულად სრულად გრძნობს მთელს პასუხისმგებლობას და რომელსაც კარგად აქვს შესწავლილი ეს პრობლემა. ყოვლად დაუშვებელია ეს საკითხები გადაწყვიტონ დილეტანტებმა, მით უფრო თანამდებობის პირებმა, რომელთაც შესაბამისი თანამდებობა, როგორც წესი, დროებით უკავიათ შექმნილი პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე.
 სისტემა რასაკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ პედაგოგმა კარგად ასწავლოს და მოსწავლემ ადვილად ისწავლოს. აღზრდა-განათლების პროცესის მთავარი სუბიექტები კი მოსწავლე და მასწავლებელია.
ბავშვი სკოლაში მისვლამდე იზრდება ან მხოლოდ ოჯახურ გარემოში, ან შესაძლოა საბავშვო ბაღშიც დაჰყავთ. სკოლამდელი აღზრდის ძირითადი დანიშნულებაა მოამზადოს ბავშვი გარე სამყაროსთან (მათ შორის სხვა ბავშვებთან და უფროსებთან) ურთიერთობისთვის. (მე აქ არ ვიხილავ ბავშვის ორგანიზმის ფიზიკურად გაძლიერებას, შემზადებას იმისთვის რომ მომავალში გაუძლოს მოსალოდნელ ფიზიკურ დატვირთვებს. ეს თავისთავად ცხადია, უაღრესად მნიშვნელოვანია).  რა უნდა ჩავუნერგოთ თავიდანვე ბავშვს იმისთვის რომ იგი მზად იყოს სამყაროსთან ხალისიანი, ინტერესით სავსე ურთიერთობისთვის? ჩემის აზრით უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად:
1. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს არ განუვითარდეს უსაფუძვლო შიშის გრძნობა, უსაფუძვლო შიში შევუცვალოთ ინტერესით შიშის გამომწვევი ფაქტორის მიმართ. აქ ზომიერების დაცვა არის საჭირო. ზოგადად შიში ორგანიზმის დაცვის ფუნქციას წარმოადგენს და შიშის გრძნობა ადამიანმა არ უნდა დაკარგოს, მაგრამ ამავე დროს უნდა კარგად მიხვდეს რა არის შიშის გამომწვევი მიზეზი, შესძლოს დაძლიოს შიში და იმოქმედოს ისე, რომ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ზიანი. გაუაზრებლად უშიშრად ჩართვა სახიფათო პროცესში არ არის საუკეთესო გამოსავალი.
2. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს ქონდეს სურვილი სხვებს უჩვენოს თუ რა შეუძლია მას, როგორი ახალი რამ ისწავლა, რაც ცოტა ხნის წინ არ იცოდა. ამ პროცესმა მას სიამოვნება უნდა აგრძნობინოს. ამავე დროს უნდა შევაჩვიოთ ყურადღებით და ინტერესით დააკვირდეს სხვა ბავშვების მოქმედებებს და ვაგრძნობინოთ ჩვენ, უფროსებს რა მოგვეწონა და რა არა. ძალდატანება აბსოლუტურად გამორიცხულია. მხოლოდ უდიდესი მოთმინებითა და მონდომებით შეიძლება ამ მიზნის მიღწევა.
3. უნდა შევაჩვიოთ დამოუკიდებლად მიღოს გადაწყვეტილება და შეასრულოს მიღებული გადაწყვეტილება. ცხადია, თავდაპირველად უმარტივესი სიტუაცია უნდა შევუქმნათ დამოუკიდებელი მოქმედებისთვის და შეიძლება თანდათან და თანმიმდევრულად გავართულოთ სიტუაციები.
4. ყოველმხრივ უნდა ავარიდოთ და დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან. პატარა ასაკში ძნელია ახსნა იმისა, თუ რატომ არის ძალადობა მავნე, და რათა ძალადობამ დაღი არ დაასვას მის ფსიქიკას, უმჯობესია ბავშვი საერთოდ მოვარიდოთ მას. თუ წინა სამ ამოცანას წარმატებით გადავჭრით, მაშინ იგი ასევე წარმატებით გაუმკლავდება იმ სახის ძალადობებს, რომელიც შეიძლება მის მიმართ გამოიყენოს მისსავე ასაკის ბავშმა და თან გაუმკლავდება ისე, რომ მის ფსიქიკას ზიანი არ მიადგება.
შეიძლება კიდევ არის ისეთი რამ, რაც საჭიროა გათვალისწინებული იქნეს სკოლამდელი ბავშვის აღზრდისთვის. ვინც თვლის, რომ მე რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა, გთხოვთ გვითხრათ. ამ საკითხზე ყველას აზრი ძვირფასია საზოგადოებისთვის.
სკოლამდელი აღზრდის შემდეგ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი აღზრდა-განათლებისა - სკოლის პერიოდი. ამ პერიოდში საზოგადოება გაცილებით უფრო ღრმად ერთვება მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, ვიდრე ამას ადგილი აქვს სკოლამდელ აღზრდაში. სასკოლო ასაკში ოჯახთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება სკოლა, ზოგიერთ შემთხვევაში (ხოლო უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში ალბათ უმეტეს შემთხვევაშიც) ოჯახის როლი მინიმუმამდე დაეცა და მოსწავლის აღზრდა-განათლების წარმართვა მთლიანად სკოლას დაეკისრა. დაირღვა ის ბალანსი, რომელიც არსებობდა და რომლის დროსაც აღზრდა-განათლების კუთხით ოჯახი და სკოლა ერთმანეთს ავსებდა და აკონტროლებდა. აღნიშნული ვითარების გამო განსაკუთრებით გაიზარდა მასწავლებლის როლი და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.
მასწავლებელი სასწავლო პროცესის მთავარი ფიგურა ყოველთვის იყო. ძველად, როცა ასე საყოველთაო არ იყო სასკოლო განათლების მიღება, მასწავლებლობას კისრულობნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც სათანადო ცოდნასათან ერთად პედაგოგობის ნიჭი, მისწრაფება ჰქონდათ. როდესაც სასკოლო განათლება საყოველთაო გახდა, განსაკუთრებით როცა სავალდებულო გახდა სრული საშუალო განათლების მიღება, საჭირო გახდა მასწავლებელთა რაოდენობის მკვეთრი გაზრდა. თავდაპირველად სკოლებში  ჯერ კიდევ  საკმარისი რაოდენობით იყვნენ მოწოდებით პედაგოგები და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სკოლაში სამუშაოდ განაწილებული ახალგაზრდა მასწავლებლებს ყავდათ მაგალითის მიმცემნი. თანდათან სკოლებში მომრავლდენ მასწავლებლები, რომლებიც უმაღლესი სასწავლების დამთავრების შემდეგ სკოლაში მასწავლებლად მიდიოდნენ არა პედაგოგობის მისწრაფების გამო, არამედ იმიტომ, რომ სხვა სამსახურს ვერ პოულობდნენ. მახსოვს უკვე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული საუკეთესო კურსდამთავრებულებს სამუშაოდ ანაწილებდნენ სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში, ხოლო სკოლაში მასწავლებლად კი ძირითადად უშვებდნენ სუსტ სტუდენტებს. ამასთან ერთად, თუ მოწოდებით პედაგოგის პროფესიონალიზმზე დაბალი ხელფასი არ ახდენდა გავლენას, „ახალი ყაიდის ძალად მასწავლებლები“ მათი შრომის ანაზღაურების „პროპორციულად“ ახორციელებდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობას. სკოლაში მამაკაც პედაგოგთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა, ხოლო რაოდენობა ქალებისა, რომელთაც სკოლაში მუშაობა იმიტომ უნდოდათ, რომ სახლში დიასახლისებად არ დარჩენილიყვნენ, საგრძნობლად გაიზარდა. ყოველივე ამან გამოიწვია სკოლის კურსდამთავრებულთა ცოდნის დონის დაქვეითება. უმაღლესი სასწავლებლები გაივსო ნაკლებად მომზადებული პირველკურსელებით, შედეგად აქაც დაეცა მოთხოვნის დონე და მივიღეთ არასათანადო დონის ახალგაზრდა სპეციალისტები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სკოლას დაუბრუნდა უკვე მასწავლებლებად. მოკლედ როგორც იტყვიან დაიწყო „ჯაჭვური რეაქცია“.   საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლაში მოსწავლე აღარც კი სწავლობს და იმ სასკოლო საგნებში, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით ითვლება მისთვის პრიორიტეტულად, ემზადება რეპეტიტორებთან. ამ კრიტერიუმს კი წარმოადგენს უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალი. ამრიგად სკოლის დანიშნულება ტრანსფორმირდა და ახალგაზრდისთვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიცემის ნაცვლად გადაიქცა ფარატინა ქაღალდის - ატესტატის დადგენილ ვადაში გაცემის მოვალეობად. ძველად ამ დოკუმენტს სიმწიფის ატესტატი ეწოდებოდა, არ ვიცი, ახლაც ასე ჰქვია თუ არა, მაგრამ ამგვარად მიღებული დოკუმენტი რომ სიმწიფეს ვერ დაადასტურებს, დარწმუნებული ვარ.
ეს სავალალო მდგომარეობა, რასაკვირველია ზოგადსტატისტიკურ გასაშუალებულ სურათს შეესაბამება. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს უაღრესად განათლებული ბავშვები, შეიძლება ითქვას ასაკის შეუფერებლად განათლებულიც კი, მაგრამ ეს ჩვენი განათლების სისტემის, მისი მნიშვნელოვანი რგოლის - საშუალო სკოლის დამსახურება არ არის. ეს ფაქტი უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რომ ვისაც ძლიერ წყურია სწავლა, ის ამას როგორმე მოახერხებს. მაგრამ ასეთი ახალგაზრდები ხომ უმცირესობას წარმოადგენენ, დანარჩენი უმრავლესობის უფლება - მიიღონ ნორმალური განათლება კი დარღვეულია.
ამ სიტუაციის წარმოშობისა და დამკვიდრების მიზეზები ჩვენმა საზოგადოებამ თავის თავში უნდა ეძებოს. ჩემის აზრით ეს მიზეზებია:
1. მშობელთა სურვილი, რომ მათი შვილების მომავალი ცხოვრება იყოს ია-ვარდით მოფენილი, რომ მათ არ მოუწიოთ მძიმე შრომა და ბრძოლა საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის. ეს სურვილი სავსებით გასაგებია და როგორ შეიძლება მის გამო რაიმე საძრახისი ითქვას მშობლებზე.   მაგრამ ამ სურვილის რეალიზაციის დროს იბადება უამრავი მაგრამ... აღმოჩნდა, რომ სწავლა ადვილი არ არის. საჭიროა სისტემატური, დაძაბული შრომა ცოდნის მისაღებად. მათ შვილს კი უჭირს, არ უნდა ენერგიის დახარჯვა, ან უბრალოდ ნიჭი არ ყოფნის. იმის ნაცვლად, რომ დაეხმარონ შვილს მისთვის ყველაზე ოპტიმალური ცხოვრების გზის პოვნაში, ისეთისა სადაც იგი ყველაზე უკეთ და ადვილად გამოავლენდა თავის უნარს და შრომა მისთვის სასიამოვნო და შემოქმედებითი პროცესი იქნებოდა, ეს მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილმა დაუმსახურებლად მიიღოს რომელიმე   „პრესტიჟული“ სპეციალობის დიპლომი, თითქოს დიპლომი უცილობლად უზრუნველყოფს გარანტირებულ კეთილდღეობას.
2. საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება პროფესიებისადმი. ჩვენში ძალიან გავრცელებულია პროფესიების დაყოფა „პრესტიჟულ“ და „არაპრესტიჟულ“ პროფესიებად. საზოგადოებას კი ნორმალური ცხოვრებისთვის ყველა პროფესია სჭირდება, და აქედან გამომდინარე ყველა პროფესიის ადამიანი იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას, იმიტომ რომ იგი ასრულებს საზოგადოებისთვის საჭირო საქმეს. ყველამ უნდა აირჩიოს ის საქმიანობა, რომელსაც იგი თავისი ცოდნიდან და უნარიდან გამომდინარე ყველაზე უკეთ შეასრულებს. ზოგიერთს კი (ეს ზოგიერთი არც ისე ცოტაა) მანდამაინც უნდა იყოს „პრესტიჟული“ პროფესიის წარმომადგენელი და ავიწყდება, რომ სჯობს იყოს რომელიმე თუნდაც „არაპრესტიჟული“ დარგის კარგი სპეციალისტი, ვიდრე ცუდი სპეციალისტი „პრესტიჟულ“  სპეციალობაში.
3. საზოგადოების ფასეულობათა სისტემაში ისეთმა ღირებულებებმა შემოაღწია, რომლებიც ჯერჯერობით ბოლომდე გააზრებული და როგორც იტყვიან შესისლხორცებული არ გვაქვს, ამიტომ ბევრ რამეს მიბაძვით, და რაც კიდევ უარესია, მხოლოდ საჩვენებლად, „შოუსა“ და „პიარისთვის“ ვაკეთებთ და არა ადამიანთა ნამდვილი კეთილდღეობისთვის. ეს მავნე ზეგავლენას ახდენს მოზარდებზე და ხელს უშლის მათი აღზრდა-განათლების საქმეს.   
მოკლედ, ჩვენს მენტალიტეტში რაღაც-რაღაცეები შესაცვლელი გვაქვს. მაგალითად, სავსებით გაუმართლებელი და არაპრაქტიკულია საზოგადოების განწყობა, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა მიიღოს უმაღლესი განათლება. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მზად უნდა იყოს შრომითი საქმიანობისთვის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, ნაწილმა უნდა აითვისოს რაიმე პრაქტიკული პროფესია, საჭირო სამეურნეო საქმიანობისთვის ან მომსახურების სფეროსთვის, და მხოლოდ იმ ნაწილმა, რომელსაც აქვს შესაბამისი ნიჭი და სურვილი გაიღრმავოს ცოდნა, უნდა გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საშუალო სკოლაში სათანადო დონეზე წარიმართება სასწავლო პროცესი. ხოლო რაც შეეხება საყოველთაო უმაღლეს განათლებას, იგი, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის „მავნებელი“ არ არის, თუკი ჭეშმარიტად განათლების მიღების მიზნით განხორციელდება. ვერავითარი ღონისძიებები, მანდატურთა სამსახურის შემოღების მსგავსი, ვერ უშველის სკოლას, თუ ვერ მოხერხდა სკოლაში ჭეშმარიტი პედაგოგის დაბრუნება (პედაგოგის და არა მხოლოდ თანამდებობით მასწავლებლის).  მანდატურთა სამსახურმა, რასაკვირველია, სკოლაში წესრიგის დაცვას ხელი შეუწყო, მაგრამ ამ ტიპის სამსახური სწავლების ხარისხის ამაღლების გარანტიას არ იძლევა და მენტალიტეტში ამტკიცებს ადამიანის თვისებას შეასრულოს დადგენილი წესები მხოლოდ იმიტომ, რომ მას ფხიზელი თვალი უთვალთვალებს. სკოლას სჭირდება ჭეშმარიტი პედაგოგი, და მანდატურის გარეშეც  ავტომატურად დამყარდება სასწავლო პროცესისთვის საჭირო წესრიგი.
ამჯერად უმაღლესი განათლების შესახებ არაფერს ვიტყვი, ვინაიდან განათლების სისტემის ძირითადი ნაკლი ცუდი სასკოლო განათლებაა, და უმაღლეს სასწავლებლის პრობლემებს  ვერ მოვაგვარებთ, თუ უპირველესად სკოლას არ მოვუარეთ.
ბოდიშს ვუხდი საშუალო სკოლის პედაგოგებს, რომლებიც არ იმსახურებენ იმ შეფასებებს, რაც ზოგადად განათლების თანამედროვე  მდგომარეობით არის განპირობებული. ისინიც რომ არ გვყავდეს მდგომარეობის გამოსწორების იმედსაც დავკარგავდით.

Friday, March 11, 2011

ქალისა და კაცის შესახებ...

სამყაროში - ობიექტურ რეალობასა თუ ჩვენს შეგრძნებებსა, წარმოდგენებსა და შეფასებებში ყველაფერი ( ან თითქმის ყველაფერი) წყვილ-წყვილად არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია დადებითი და უარყოფითი ელექტრული მუხტის არსებობა. სკოლაში ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების, ზოგადად მატერიისა და ანტიმატერიის შესახებაც კი ესაუბრებიან მოსწავლეებს. ცოცხალ ორგანიზმებში მდედრისა და მამრის არსებობა ეჭვს არ იწვევს. სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველაფერი დაწყვილებულია, ერთმანეთის გარეშე მათი არსებობა წარმოუდგენელია. თუ არ გინახავს სიკეთე, ვერ გაიგებ რა არის ბოროტება, და პირიქით. რათა ამ წყვილებისთვის სახელების შერჩევა გაადვილებულიყო ადამიანებმა მარტივი გამოსავალი იპოვეს და წყვილში ერთ-ერთის სახელს დაუმატეს წინსართი „ანტი“ მეორე მეწყვილეს სახელის დასადგენად.  ზოგადად „ანტი“ საწინააღმდეგოს, დაპირისპირებულის აღმნიშვნელია. რატომ გამოიყენეს ადამიანებმა ეს წინსართი წყვილში ერთ-ერთი მეწყვილეს სახელისთვის. ხომ არ ფიქრობენ, რომ მეწყვილეებს შორის აუცილებლად დაპირისპირება უნდა არსებობდეს?  მეტად პოპულარული და საკმაოდ დასაბუთებული თეორიაც კი არსებობს, რომლის მიხედვითაც სამყაროს განვითარების მიზეზია დაპირისპირებულთა ერთიანობა და ბრძოლა.
განსაკუთრებულია მდედრისა და მამრის წყვილი. არის კი ეს წყვილი ისეთი, რომ მეწყვილეებს შორის დაპირისპირება უნდა არსებობდეს. ზოგადად დაპირისპირება წარმოიშვება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ინტერესების შეუთანხმებლობას. მდედრსა და მამრს კი საერთო ინტერესი აქვთ, ეს არის შთამომავლობის შექმნის, დაცვის და განვითარების ინტერესი. ეს ინტერესი არის მუდმივი და ძირითადი, განმსაზღვრელი მათი არსებობისა და ყველა სხვა ინტერესი, რომელთა გამოც შეიძლება მათ შორის წარმოიშვას წინააღმდეგობა დროებითია, წარმავალია და ძირითად ინტერესთან შედარებით იმდენად უმნიშვნელოა, რომ გავლენას არ ახდენს მათ ერთიანობაზე. განსხვავებით ნაწილაკისა და მისი მეწყვილე ანტინაწილაკის შეერთებისა, რაც ანიჰილაციით მთავრდება (ისინი გაქრებიან, გარდაიქმნებიან გამოსხივების ენერგიაში) მდედრისა და მამრის „შეერთება“ სიცოცხლის გაგრძელების საწინდარია. ქალი და კაცი ადამიანთა მოდგმის მდედრი და მამრია და ზემოთ თქმული მათაც სრულად შეეხება.
ქალი და კაცი ბუნებაში გარდაუვალი აუცილებლობით შეიქმნა, დაუშვებელია (შეუძლებელია) რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება. მეტისმეტად მიამიტურია ბიბლიური წარმოდგენა იმის შესახებ, რომ პირველი ქალი პირველი კაცის ნეკნიდან შეიქმნა. (ბიბლიაში ეს ნაწილი ალბათ კაცის დაწერილია და რატომღაც მას სურდა კაცის უპირატესობის ჩვენება ქალთან შედარებით). მაგრამ ამ წყვილის ძირითადი ინტერესის რეალიზაციისთვის (გამრავლებისთვის) ქალი და კაცი ერთმანეთის სრული კოპიო არ არის. მიუხედავად იმის, რომ ორივე ადამიანია, მათ შორის არის ბიოლოგიური განსხვავება და ეს განსხვავება განაპირობებს მათ ფუნქციას სიცოცხლის გამრავლების, გაგრძელების ციკლში (ამ განსხვავებებს არ ჩამოვთვლი, საზოგადოებისთვის ალბათ ისინი ცნობილია). ეს განსხვავებები არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მომავალი თაობის ჩასახვისა და ამ ქვეყნად მოვლინებისთვის. სხვა ყველაფერში კაცი და ქალი იდენტურია. მაგალითად თავის ტვინი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, როგორც მეცნიერები ამბობენ მათ ერთნაირი აქვთ.
მიუხედავად ამისა, ქალსა და კაცს შორის განსხვავება ყველგან იგრძნობა. განსხვავებულია მაგალითად მათი ფიზიკური შესაძლებლობები. კაცების რეკორდები სპორტის ნებისმიერ სახეობებში გაცილებით მაღალი დონისაა ქალების რეკორდებთან შედარებით. თუმცა ჩემი დაკვირვებით ქალი უფრო გამძლეა, ვიდრე კაცი. ხშირად მინახავს, რომ როდესაც პატარა ბავშვს უნდა, რომ იგი ხელში აიყვანონ, მამა ცოტა ხნით აიყვანს და სწრაფად გადაულოცავს დედას და მერე მთელი დრო ბავშვს დედა ატარებს. უფრო ხშირად მინახავს როგორი დატვირთულები მიდიან ფეხით სახლში დიასახლისები, მამაკაცები კი ნაკლებად. რასაკვირველია, კაცი უფრო ძლიერია, მას შეუძლია ასწიოს ტვირთი, რომელსაც ქალი ვერც კი დაძრავს, მაგრამ ქალს შეუძლია შედარებით მცირე ტვირთი ატაროს უფრო დიდხანს, ვიდრე კაცს. როგორც ჩანს, ზოგადად მათ ერთნაირი ენერგია გააჩნიათ და განსხვავდებიან ამ ენერგიის ხარჯვის სიჩქარით, ანუ  როგორც ფიზიკოსები იტყვიან - სიმძლავრით. თუ ფიზიკურ შესაძლებლობებში შეიმჩნევა გარკვეული განსხვავება, ამას ვერ ვიტყვით გონებრივ შესაძლებლობებზე. მართალია, რაოდენობრივი თვალსაზრისით უფრო მეტი მნიშვნელოვანი შედეგი გონებრივი შრომისა კაცებს ეკუთვნით, მაგრამ ეს, ალბათ, სხვა მიზეზებით არის განპირობებული და კაცთა გონებრივ უპირატესობაზე არ მიუთითებს. ასევე მართალია, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ არსებობს ე.წ. „ქალური ლოგიკა“, რომელიც ლოგიკის ზოგად კანონებს არ შეესაბამება და კაცებისთვის ხშირად გაუგებარია, მაგრამ ეს კაცების პრობლემაა და სავსებით არ აკნინებს ქალებს.
ასეა თუ ისე, ქალსა და კაცს შორის ობიექტური განსხვავება არსებობს და ეს ასეც უნდა იყოს. ისინი ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან ჰარმონიას. რა არის ამაში ცუდი? რატომ უნდა დაემგვანონ ისინი ერთმანეთს? ამ ბოლო დროს არც თუ იშვიათად ძნელია გაარჩიო ზოგიერთი სუბიექტი ქალია, თუ კაცი. ზოგიერთი ქალი ცდილობს ყველაფერში მიბაძოს კაცს (მაგალითად, შტანგისტები,  სხვადასხვა ორთაბრძოლების მონაწილეები და რა ვიცი, კიდევ რა „არაქალური“ საქმიანობით დაკავებულები). ხოლო ფილმებში ხომ აუცილებელი გახდა პერსონაჟად ისეთი ქალის გამოყვანა, რომელიც არა თუ ჩამორჩება კაცს სისასტიკეში, მოწინააღმდეგის დაჩაგვრაში და თვით ადამიანის მოკვლაშიც კი, არამედ სჯობნის კიდეც მას. არ მესმის, რაში სჭირდებად ეს ქალებს? არც კაცები აკლებენ და მათ შორისაც მომრავლნენ ისეთები, რომლებიც ცდილობენ ქალებად წარმოგვიდგნენ. ორივე მისწრაფება, თუ მიდრეკილება არაბუნებრივია, პათოლოგიურია და ადამიანთა მოდგმის განვითარებას არაფრით არ უწყობს ხელს.
მოდი, ჯერჯერობით თავი დავანებოთ პათოლოგიებს და ვისაუბროთ ნორმალურ, ჩვეულებრივ ადამიანებზე. ადამიანზე უფრო სრულყოფილი, დახვეწილი, ლამაზი არსება ბუნებაში არ მეგულება. საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ლამაზი და მშვიდი, ან გოროზი და მკაცრი პეიზაჟი, ან ცხოველის, ფრინველის, თუნდაც ქვეწარმავლის გრაციოზული მოძრაობა, მაგრამ ლამაზი ადამიანის სხეული, მისი მეტყველი სახე ყველაფერს ჯობია (განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ქალია. შესაძლოა ეს ჩემთვის არის „განსაკუთრებით“, ალბათ იმიტომ, რომ კაცი ვარ, თუმცა ვაღიარებ, რომ მამაკაცის ზომიერად დაკუნთული სხეული და მისი სახის ვაჟკაცური გამომეტყველებაც მომაჯადოებელია. მიუხედავად იმისა, რომ მოქანდაკეთა დიდი უმრავლესობა კაცია, მათ შემოქმედებაში  ქალისა და კაცის ქანდაკებები თითქმის თანაბარი რაოდენობით გვხვდება). თუ ამ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, მაშინ ასეთი ადამიანის მარტო ცქერა აღარ გაკმაყოფილებს და მასთან ურთიერთობის დაუოკებელი სურვილი გიჩნდება. საბედნიეროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სამყაროს აღქმით და ამიტომ როგორც იტყვიან „ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს კი...“ , საბედნიეროდ იმიტომ ვთქვი, რომ აღნიშნულის გამო კონკურენცია მცირდება და ყველას (ან თითქმის ყველას) უჩნდება შანსი იპოვოს თავისი გულის სწორი. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ კაცს იზიდავს ქალი, ხოლო ქალს კაცი და ეს ისევე ბუნებრივია, როგორც საპირისპირო ნიშნის მუხტების მიზიდვა ელექტროობაში. აღნიშნულის გამო ადამიანები (განსაკუთრებით ქალები) ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე, ზრუნავენ ინტელექტის ამაღლებაზე (ვფიქრობ, ძირითადად იმ მიზნით, რომ მოსაწონი იყვნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლისთვის, თუმცა რასაკვირველია, არ უნდა გამოვრიცხოთ  მათი სურვილი კეთილშობილების მწვერვალის მიღწევისა ).
მაშ დავრჩეთ ისეთები როგორც ბუნებამ გაგვაჩინა და ერთმანეთს პატივი ვცეთ სწორედ იმისთვის, რომ ბუნებრივები ვართ, ვცდილობთ ჩვენში განვავითაროთ, გავაკეთილშობილოთ, გავალამაზოთ ის, რისვისაც და როგორიც გავჩნდით და ვირწმუნოთ, რომ არაბუნებრივი, გაუაზრებლად მოგონილი, ფუნქციონალურად უსარგებლო ცვლილება ვერ გაამდიდრებს ჩვენს ყოფას. მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უცვლელად დავტოვოთ.
მოდით დავფიქრდეთ იმაზე, რა არის შესაცვლელი.
გამოვიდეთ იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა სარგებლობს ერთნაირი უფლებებით. ცხადია, ქალსა და კაცს შორის არსებული განსხვავების გამო რიგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქალებისთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება, მაგალითად, ქალების უფლებები ორსულობის დროს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, კაცების მიმართ დისკრიმინაციას არ ნიშნავს. კაცებსაც რომ შეეძლოთ ორსულობა, ორსულთა უფლებები მათზეც გავრცელდებოდა. მაშასადამე, იქნებ ჯობდეს შესაბამის კანონში სულაც არ იყოს ნახსენები ქალი და სუბიექტი, რომელზედაც ვრცელდება ეს კანონი იყოს ორსული ადამიანი? თუ ამ აზრს განვაზოგადებთ და ყველაფერს ასე მივუდგებით, მაშინ საერთოდ არ იქნება საჭირო ქალთა ცალკე გამოყოფა და ქალი და კაცი ყოველთვის და ყველაფერში თანასწორი იქნება.
ამ ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ძალადობის მსხვერპლთა დაცვას. რატომღაც ისეა გამოყვანილი, რომ ყოველთვის მოძალადეა კაცი და მსხვერპლია ქალი, ან მოძალადეა მშობელი (მათ შორის დედაც) და მსხვერპლია ბავშვი. შესაძლოა სტატისტიკურად უმრავლესობას ასეთი ფაქტები წარმოადგენენ, მაგრამ ეს სტატისტიკური შედეგი ხომ წინასწარვე განსაზღვრულია, ვინაიდან კვლევის საგანს ძირითადად ასეთი ხასიათის ფაქტები წარმოადგენდნენ. რომ გამოეკვლიათ ზოგადად, უფრო ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა, მაგალითად, საბავშვო ბაღში ბავშვების თამაშის დროს, ან სკოლაში, ან ციხეში, ნებისმიერ სხვა ადგილას, რა, ვერ იპოვიდნენ შესაბამის ფაქტებს? მაშასადამე აქცენტის გაკეთება საჭირო იმაზე კი არ არის, რომ ქმარმა დაჩაგრა ცოლი, არამედ იმაზე, რომ ჩვენს სინამდვილეში ზოგადად მრავლად აქვს ადგილი ძალადობას და საზოგადოება უნდა განეწყოს ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მოძალადე (საზოგადოების ეს განწყობა განსაკუთრებით მძაფრი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული უსამართლო ძალადობის ფაქტის მიმართ). არ არის სწორი ქალების გამოყოფა, როგორც ძალადობის მსხვერპლისა. არანაკლებ და შესაძლოა უფრო მძიმე ძალადობის მსხვერპლი ხდება ხშირად კაციც. ამრიგად არც ამ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანთა დაყოფა ქალებად და კაცებად.
რამდენიმე სიტყვა „ქალური“ და „კაცური“ პროფესიების შესახებ. ზოგადად პროფესიების ამდაგვარი დაყოფა, რასაკვირველია მიუღებელია. ქალსაც და კაცსაც აქვს უფლება აირჩიოს ნებისმიერი პროფესია. მაგრამ რეალურად მაინც არსებობს სამუშაოთა სახეობები, რომლებსაც არ ასრულებენ ქალები, ასევეა კაცებისთვისაც. მაგალითად, მე არ გამიგონია, რომ  ქალი მეშახტედ მუშაობდეს. ასევე არ მინახავს, რომ კაცი მანიკურის კეთებით ირჩენდეს თავს. რა მოხდა მერე? რა აუცილებელია, რომ ქალი იყოს მეშახტე, ან კაცი იყოს მანიკურის გამკეთებელი? სამწუხარო ის არის, რომ ზოგიერთ პროფესიაში, სადაც თანაბრად საჭიროა ქალისა და კაცის შრომა, მთელი ტვირთი ქალების მხრებზე გადავიდა და კაცი თანდათან ჩამოშორდა ამ პროფესიას. მხედველობაში მაქვს სკოლის პედაგოგის პროფესია. სკოლაში პედაგოგთა დიდი უმრავლესობა ქალებია, დარღვეულია ბალანსი, რომელიც სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი აღზრდისთვის აუცილებელი იყო. შესაძლებელია, რომ თანამედროვე სკოლის სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედაც ამ ბალანსის დარღვევაა.
როგორც ცხოვრებამ გვიჩვენა, ზოგადად ქალი მამაკაცზე უფრო სიცოცხლისუნარიანია და გაჭირვებას მეტად უძალიანდება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, და ძალიან ხშირად დღემდე, ქალის თავდადებულმა შრომამ გადაარჩინა მრავალი ოჯახი ჩვენში. ოჯახის მთელი ტვირთი მათ „სუსტ“ მხრებზე გადანაწილდა და ისინიც ოჯახისადმი საოცარი ერთგულებით ეწევიან ჭაპანს, მაშინ როდესაც სასოწარკვეთილი კაცები ალკოჰოლით იყუჩებენ გრძნობებს. ეს არანორმალური, არაბუნებრივი მდგომარეობაა. კაცი ყოველთვის იყო ოჯახის მზრუნველი მამა, მისი იმედი ყოველთვის ჰქონდა ოჯახის წევრებს, და კაცთა გარკვეული ნაწილის დღევანდელი მდგომარეობა მძიმე სინანულის გრძნობას ბადებს. შეუძლებელია ასეთ ვითარებასთან შეგუება. ჩვენი საზოგადოება უდიდეს დანაკარგებს განიცდის იმის გამო, რომ სათანადოდ არ არის გამოყენებული კაცის შესაძლებლობები. სამწუხაროდ არ ჩანს, რომ ახლო მომავალში ამ მიმართულებით მდგომარეობა გამოსწორდება, ვინაიდან ყველგან ვხედავთ, რომ მოზარდებში აქტიურობით მხოლოდ გოგონები გამოირჩევიან, ათ აქტიურ გოგონაზე შეიძლება ერთი ბიჭი მოდიოდეს. ასეთი თანაფარდობა გოგონებისა და ბიჭების საერთო რაოდენობაში, რასაკვირველია, არ არის. ესეც ალბათ იმის გამოა, რომ ოჯახში კაცის როლი დაეცა. ბავშვები ყოველივე ამას ყურადღებით  აკვირდებიან. გოგონებს გამოაქვთ დასკვნა, რომ საჭიროა მომავალი ცხოვრებისთვის კარგად მოემზადონ, ბიჭები კი ვეღარ ხედავენ მამისგან კაცურ მაგალითს და ზედმეტად მოკრძალებული, უფრო უარესი, ცხოვრებისადმი ინდიფერენტული იზრდებიან. საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქალსა და კაცს შორის აღსდგეს ფუნქციების ისეთი განაწილება, რომელიც ყველაზე ეფექტურია. ისევე როგორც ყველაფერში, აქაც საჭიროა ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნება. ოპტიმალური ბალანსი გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საშუალება აკეთოს ის, რითიც ყველაზე მეტი სარგებლობა მოაქვს საზოგადოებისთვის. იგივე ითქმის კონკრეტულ ოჯახზეც. არ არსებობს ოჯახში „ქალისა“ და „კაცის“ საქმე. მეუღლეებმა ფუნქციები ისე უნდა გადაინაწილონ, რომ მოუწიოთ იმის კეთება, რაც უკეთ შეუძლიათ და რითიც მეტი სარგებლობა მოაქვთ ოჯახისთვის, რასაკვირველია, საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეხიდონ ერთმანეთს და შეცვალონ კიდეც ერთმანეთი. მაგალითად, ქმარი თუ პროფესიით მზარეულია, ხოლო ცოლი კი, ვთქვათ, ფინანსისტი, გაუგებარია ოჯახში სადილი რატომ უნდა მოამზადოს ცოლმა, ხოლო ოჯახის ფინანსები კი გაანაწილოს ქმარმა? თუ მეუღლეებს შესწევთ უნარი ყოველმხრივ გაანალიზონ საკუთარი შესაძლებლობები და ურთიერთშეთანხმებით იპოვონ საკუთარ ოჯახში ფუნქციების ოპტიმალური განაწილების სქემა, მაშინ მათი ოჯახი ერთ-ერთი წარმატებული და სამაგალითო იქნება. თუ ეს უნარი არ შესწევთ, მაშინ უმჯობესია ტრადიციულად დადგენილი წესებით იცხოვრონ, ვინაიდან ამ წესების ჩამოყალიბება და განვითარება ადამიანთა მოდგმის დასაბამიდან ხდება და ასეთი ოჯახისათვისის ის ყველაზე უფრო გამოსადეგია.
მოკლედ მე ყოველნაირად ვცდილობ დავასაბუთო, რომ უფლებრივი თვალსაზრისით,  საზოგადოებაში თანაცხოვრების წესებისა და კანონების მიხედვით არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის, ორივე საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრია, მათ შორის არსებული განსხვავება ბუნებრივია, არ ანიჭებს რაიმე უპირატესობას ქალს ან კაცს და მთლიანად საზოგადოებისთვის სასარგებლო და აუცილებელია. თუ ჩვენი მენტალიტეტი სხვა შეხედულებებს გვკარნახობს, უნდა შევცვალოთ მენტალიტეტი.

Thursday, March 10, 2011

ვიდაოთ, თუ არ ვიდაოთ გემოვნებაზე?

საყოველთაოდ არის ცნობილი გამოთქმა - გემოვნებაზე არ დაობენ. მოდით დავფიქრდეთ, რატომ წარმოიშვა ეს გამოთქმა და მართლაც არ უნდა ვიდაოთ გემოვნებაზე? ადამიანები პრაქტიკულად ყველაფერზე დაობენ, და რა არის გემოვნება ამისთანა, რომ მასზე არ უნდა ვიდაოთ.
ადამიანის გემოვნება ყალიბდება და ვითარდება, იხვეწება მასზე სამყაროს ზემოქმედებით და ამის შედეგად მასში გარკვეული ემოციების გამოწვევით. თუ ემოცია სასიამოვნოა, მაშინ ადამიანს მოსწონს ის, რამაც ეს ემოცია გამოიწვია. თუ არა და პირიქით. ამავე დროს მისი გონება ქვეშეცნეულად იმასაც აანალიზებს სასარგებლოა, თუ საზიანო მისთვის ამა თუ იმ ემოციის გამომწვევი მიზეზი. მაშასადამე მოსწონს თუ არ მოსწონს ადამიანს ესა თუ ის საგანი, მოვლენა, აზრი და ა.შ. დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღიქვამს იგი ამ საგანს, მოვლენას თუ აზრს. თანდათან მისი გონება ახარისხებს, აჯგუფებს საგნებს, მოვლენებს, აზრებს იმის მიხედვით თუ რამდენად ძლიერ სასიამოვნო ან პირიქით არასასიამოვნო ემოციებს იწვევენ ისინი მასში. ასე უყალიბდება მას გემოვნება. მაშ გემოვნება არის შეფასებათა გარკვეული სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას გარემო სამყაროსთან. რაც უფრო მეტის მნახველია ცხოვრებაში ადამიანი, მით უფრო ფართოა მის მიერ სამყაროს აღქმათა სპექტრი, რის გამოც მისი გემოვნება დროთა განმავლობაში ვითარდება, იხვეწება, მდიდრდება.
ერთიდაგივე მოვლენა ერთნაირ ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა ადამიანზე? ადამიანები, რასაკვირველია ბევრი რამით გვანან ერთმანეთს (ამიტომაც მიეკუთვნებიან სხვადასხვა სუბიექტები ცოცხალ ორგანიზმთა გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც ადამიანებს ვუწოდებთ), მაგრამ თითოეული პიროვნება ამავე დროს მატარებელია გამორჩეული ნიშნების, რომელთა გამოც წარმოადგენენ კიდეც კონკრეტულ, ერთადერთ და განუმეორებელ სუბიექტს. ასე რომ სავსებით მოსალოდნელია, რომ ერთიდაგივე მოვლენამ მათში სხვადასხვა ემოცია გამოიწვიოს. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფერებს განსხვავებულად აღიქვავენ (მაგალითად დალტონიკები) და ეს სავსებით გასაგებად აიხსნება ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით. ან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბგერებს აღიქვამენ სიხშირეთა გაცილებით ფართო დიაპაზონში, ვიდრე სხვები. მოკლედ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზოგიერთი თვალს ვერ აშორებს მხატვრულ ტილოს, რომელსაც გულგრილად ჩაუარეს სხვებმა, ან ვიღაც სულგანაბული უსმენს ბგერებს, რომელიც სხვებს არც კი ესმის. გთხოვთ მომიტევოთ თუ მეტისმეტად უხეშად წარმოვადგინე ადამიანებს შორის რეალური განსხვავების არსებობა, მაგრამ ამით თვალსაჩინოდ ჩანს თუ როგორი განსხვავებული შეიძლება იყოს სამყაროს აღქმა ადამიანთა მიერ და აქედან გამომდინარე განსხვავებულია მათი გემოვნება.
მაშასადამე, განსხვავება ადამიანთა გემოვნებაში გარდაუვალია, ამასთან ვერცერთი ადამიანი ვერ დაამტკიცებს, რომ მისი გემოვნება სჯობს სხვისას. მართალია, სხვადასხვა დროს ადამიანთა უმრავლესობას ჭეშმარიტად ან მიმბაძველობით უფრო მეტად მოსწონს ხოლმე რაღაც გარკვეული საგნები ან შეხედულებები და ისინი გარკვეული დროით დომინანტური ხდებიან (ასე იბადება მოდა), მაგრამ ეს ფაქტი გემოვნებაში განსხვავების არსებობას არ გამორიცხავს. ვინაიდან კამათი იმის შესახებ, რატომ მოსწონს ერთს ერთი, მეორეს კი სხვა რამ, უაზროა (მოსწონს და რა ქნას? იმ ფაქტს, რომ სიამოვნება განიცადა ვერ უარყოფს, მაშასადამე მოსწონს), ამიტომ ადამიანებმა ნახეს საუცხოო გამოსავალი და შეთანხმდნენ, რომ გემოვნებაზე არ იდაონ. თუმცა ძალიან ხშირად ასეთი კამათი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე და ის რაც არ მოსწონდათ ან ნაკლებად მოსწონდათ კამათამდე, ახლა კამათის შედეგად უფრო მეტად მოსწონთ, ან პირიქით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გემოვნების დახვეწა აღზრდით, განმარტებებით, ცოდნის დაგროვებით შესაძლებელია. უდაოა, რომ განათლება, ინტელექტის ამაღლება ხელს უწყობს გემოვნების დახვეწას, თუმცა ისეთ გემოვნებას, რომლის გამოც ამ გემოვნების მქონე ადამიანი აჯადოებს სხვებს, განსაკუთრებული ნიჭიც სჭირდება. ზოგს ბუნებით აქვს მომადლებული ეს ნიჭი, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ნიჭს, მასაც სჭირდება გაფურჩქვნა.
მოდით ამ საკითხს სხვა მხრიდან შევხედოთ და გავარკვიოთ რა დასკვნა შეიძლება განვაზოგადოთ. ადამიანები შეთანხმდენ იმაში, რომ მათ შეიძლება სხვადასხვა გემოვნება ჰქონდეთ და ამ განსხვავების გამო არ ხდებიან ერთმანეთის მტრები. რატომ არ შეიძლება ეს გავავრცოთ ზოგადად განსხვავებულ მოსაზრებებზე, შეხედულებებზე (მათ შორის ისეთზე, რომელიც შეეხება პოლიტიკას)? თუ შევთანხმდებით, რომ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი და აზრთა განსხვავებულობის გამო მათ უფლებებში განსხვავება არ წარმოიშვება, ხომ უფრო ცივილური, ჰარმონიული საზოგადოება გვექნება? ვირწმუნოთ, რომ უფრო ჭკვიანური, სამართლიანი და სასარგებლო მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე, მოვლენაზე გაგვიჩნდება განათლების გაღრმავებით, ინტელექტის ამაღლებით და თუ მოვახერხებთ სხვების დარწმუნებასაც ამ მოსაზრებების განხორციელების სარგებლიანობაში, ნამდვილად შევუწყობთ ხელს ჩვენი საზოგადოების წინსვლას.

Wednesday, March 9, 2011

მოსაზრება მორალისა და კანონმდებლობის საფუძვლების შესახებ.

ქრისტიანული მორალი ეფუძნება ათ მცნებას, რომელთა შორის პირველი ოთხი რელიგიური დატვირთვისაა, ხოლო მომდევნო ექვსი განსაზღვრავს ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანთა საზოგადოებაში თანაცხოვრების ისეთ პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების მშვიდ ცხოვრებას და პიროვნების უსაფრთხო არსებობას.
ათი მცნება
  1.  მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
  2.  არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
  3.  არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
  4.  მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
  5.  პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
  6.  არა კაც-ჰკლა.
  7.  არ იმრუშო.
  8.  არ იპარო.
  9.  არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
  10.  არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა
ამ დებულებებმა საუკუნეებს გაუძლო და არა მგონია მომავალშიც შეიცვალოს.
დადგა დრო, როდესაც საზოგადოებამ სრულად გაიაზრა, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე ღირებული არის კონკრეტული პიროვნება, და მისი ინდივიდუალობა მთელი საზოგადოებისთვის ძვირფასია, საზოგადოების განვითარების საწინდარია. ეს გახდა საფუძველი იმისთვის, რომ საზოგადოებაში თანაცხოვრების წესებისა და კანონების დადგენასთან ერთად დიდი მნიშვნელობა მოიპოვა პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების პრინციპების შემუშავებამ.
 ერთ-ერთი ძირითადი უფლება ადამიანისა, რომელიც ცივილურ საზოგადოებაში საყოველთაოდ უპირველეს უფლებად არის აღიარებული არის სიცოცხლის უფლება, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შექმნილი საზოგადოებაში ცხოვრების ისეთი პირობები, რომ მის სიცოცხლეს არაფერი არ ემუქრებოდეს. მაშასადამე მორალური კოდექსი და მითუმეტეს კანონები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ წინააღმდეგობაში არ  მოდიოდეს პიროვნების სიცოცხლის უფლებასთან.
განვიხილოთ რომელიმე კონკრეტული ვირტუალური მაგალითი, მაგალითად - ქურდობა. ათი მცნების მე-8 მუხლი ღაღადებს: „არ იპარო“. სახელმწიფო კანონმდებლობის სისხლის სამართლის კოდექსშიც შესულია სათანადო მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ სასჯელს ქურდობის დროს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ქურდობისათვის სასჯელის საჭიროებას. მე ქურდულ სამყაროს არ ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ ისინიც იზიარებენ ამ დებულებებს. ქურდების მიერ ქურდობის ფაქტის საგულდაგულო დამალვის მცდელობა ამაზე მიუთითებს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები. მაგრამ ახლა მე თემას გადაუხვიე, რადგანაც ზოგადად ქურდობის განხილვას არ ვაპირებდი. მე მინდა განვიხილო მშიერი ადამიანის მიერ საკვების მოპარვა, ან ტანსაცმლის მოპარვა იმ პირის მიერ, რომელსაც ძალიან სცივა, რადგან მას არა აქვს საჭირო ჩასაცმელი. შიმშილმა ან ყინვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, შეიძლება მისი დაღუპვაც კი გამოიწვიოს.
ზემოთ მოყვანილ მაგალითში ორი ფაქტი ფიქსირდება: ერთი ქურდობა, და მეორე ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამ ვითარების გამო უნდა გავაკეთოთ ერთადერთი სწორი დასკვნა: საზოგადოება ვალდებულია შექმნას ცხოვრების ისეთი პირობები, რომ კონკრეტული პიროვნება არ იყოს მშიერი და ტიტველ-შიშველი. მაშინ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ქურდობას არავინ არ ჩაიდენს და კანონიც არ დადგება დილემის წინაშე - დასაჯოს თუ არ დასაჯოს ქურდი. როგორ შევქმნათ ასეთი პირობები? საზოგადოებას უნდა გააჩნდეს ფონდები იმ პირთა საარსებო მინიმუმით უზრუნველსაყოფად, რომელთაც თვითონ არ შეუძლიათ, ან არ სურთ საკუთარი თავის რჩენა. საზოგადოებამ უნდა უპატრონოს ყველას, ვისაც თვითონ არ შეუძლიათ გამოკვება და მათზე ვერ ან არ ზრუნავენ მათი ოჯახის წევრები. ცხადია ესენი არიან ბავშვები, მოხუცები, ინვალიდები.
ჩვენს სინამდვილეში, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ იმ კატეგორიის ადამიანებზე ზრუნვა, რომელთა შესახებ ზემოთ ვსაუბრობდით, სახელმწიფოს მოვალეობაა. რასაკვირველია ეს აზრი სწორეა. ადამიანთა შრომით იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტი და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს სათანადო მუხლები გაჭირვებულთა მოვლა-პატრონობისთვის. მას შემდეგ, რაც რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც ბედნიერება ხვდა წილად და ანაზღაურებული სამუშაო აქვს, გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, უმეტეს შემთხვევაში რჩება მხოლოდ საკუთარი ოჯახის სარჩენი მინიმალური სახსრები. ასე რომ ბიუჯეტში მის მიერ შეტანილი წვლილით მას სრულად აქვს მოხდილი გაჭირვებულთა დახმარების საზოგადოებრივი ვალდებულება. მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში უკვე საკმაო რაოდენობით არის შეძლებულ მოქალაქეთა ფენა, რომლებსაც თანდათან უგროვდება ჭარბი შემოსავლები და სამწუხაროდ ხშირად მათი ხარჯვა განცვიფრებას იწვევს, როდესაც კონტექტიდან ამოვარდნილი არ არის საზოგადოების უმრავლესობის მდგომარეობა. ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის შეძლებულთა ფენაში უნდა დამკვიდრდეს მორალი: დაეხმარე მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. მაშინ მთლიანად საზოგადოებაშიც ბუნებრივად ფეხს მოიკიდებს მორალი, რომლის მიხედვითაც საზოგადოების  შეძლებულ ფენას მიაგებენ სათანადო პატივისცემას.
მინახავს სატელევიზიო გადაცემები, რომლებშიც ნაჩვენები იყო სახელმწიფო მოხელეების, რომელიმე პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების სტუმრობა ბავშთა სახლებში ან მოხუცებულთა თავშესაფრებში და მათთვის გადაცემული საჩუქრები. რასაკვირველია ეს კარგია, მაგრამ პრობლემას იგი არ წყვეტს, რადგან ყველა ასეთი აქცია ერთჯერადია და არა სისტემატური, გეგმიური ღონისძიება. როგორც ზემოთ ვთქვი, საჭიროა სისტემატურად განახლებადი მიზნობრივი ფონდების შექმნა და გაჭირვებულთა სისტემატური და არა ეპიზოდური დახმარება. რადგან ამ ტიპის სატელევიზიო გადაცემებზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა ჟურნალისტებს უსაყვედურო იმის გამო, რომ მათი გადაცემიდან ხშირად ისე ჩანს, რომ თითქოს ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელემ საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები „ჩამოარიგა“ და მისი მადლიერი უნდა იყოს დასაჩუქრებულებიც და ჩვენ მაყურებლებიც ვალდებული ვართ სათანადოთ შევაფასოთ მისი დამსახურება საზოგადოების წინაშე. სინამდვილეში კი ეს საჩუქრები ჩვენი საერთო სახსრებით არის შეძენილი და სახელმწიფო მოხელე ცდილობს საკუთარი პიარისთვის გამოიყენოს აღნიშნული სტუმრობა. 
ზემოთ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მორალური კოდექსი და მითუმეტეს კანონები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ წინააღმდეგობაში არ  მოდიოდეს პიროვნების სიცოცხლის უფლებასთან, ზოგადია და ეხება არა მხოლოდ ქურდობას, ან  სიცოცხლის უფლებას, არამედ ზოგადად საზოგადოებისა და კონკრეტული პიროვნების ურთიერთობის ყველა ასპექტს.